პოლიტიკური ჰორიზონტი

ერთ-ერთი თავი ოსვალდ შპენგლერის წიგნიდან: „გადაწყვეტილებათა წლები“.

თავი I:

აქვს კი თეთრი რასის თუნდაც ერთ ადამიანს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება პლანეტის ირგვლივ? იმ საფრთხეების მასშტაბზე, რომელიც თეთრ ხალხებს თავზე ჩამოაწვა და ემუქრება მათ? მე ვლაპარაკობ არა ჩვენი ქალაქების განათლებული და გაუნათლებელი ბრბოს შესახებ, გაზეთების ამ მკითხველთა, საარჩევნო უფლებების მქონე ამ ცხოველთა ხროვის შესახებ, სადაც ამომრჩეველნი და არჩეულნი უკვე კარგა ხანია დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ლაპარაკია თეთრკანიანი ერების წამყვან ფენებზე, თუკი ასეთები ჯერ კიდევ სრულად არ განადგურებულან, სახელმწიფო მოღვაწეებზე, თუკი ასეთები ჯერ კიდევ არიან, პოლიტიკისა და ეკონომიკის, არმიისა და აზრის ნამდვილ წინამძღოლებზე. იხედება კი ვინმე ამ წლების იქით, თავისი სამყაროს ნაწილის, თავისი ქვეყნის, თავისი საქმიანობის იქით?

ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. დადგა უდიდესი ისტორიული ეპოქა არა მხოლოდ დასავლეთ ევროპის ფაუსტური კულტურისათვის, მისი საოცარი დინამიკით, არამედ მთელი მსოფლიო ისტორიისათვის, დიადი და გაცილებით საშინელი, ვიდრე ცეზარისა და ნაპოლეონის დრო. მაგრამ რაოდენ ბეცნი არიან ადამიანები, რომელთა თავზეც ბობოქრობს ეს მძლავრი ბედისწერა, რომელიც მიმოფანტავს, აღაზევებს ან ანადგურებს მათ. მათგან ვინ ხედავს და ესმის ის, რაც მათ თავსა და მათ ირგვლივ ხდება? იქნება მოხუცი ბრძენი ჩინელი ან ინდუსი მოცული ათასწლოვანი ტრადიციის აზრით, თავის ირგვლივ მდუმარედ მოცქირალი? მაგრამ როგორი უფხო, როგორი შეზღუდული, როგორი უმნიშვნელოა ყოველივე ის, რაც ვლინდება მსჯელობებსა და საქმეებში დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში! ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთის მცხოვრებთაგან ვის ესმის ნამდვილად ის, რაც ხდება ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს ოკეანის სხვადასხვა მხარეს? როგორი წარმოდგენა აქვს ინგლისის საშუალო კლასის წარმომადგენელს იმის შესახებ, თუ რა მზადდება იქითა მხარეს, კონტინენტზე, რომ აღარაფერი ვთქვათ საფრანგეთის პროვინციის ადამიანებზე? რა არის ყველა მათგანისათვის ცნობილი იმ მიმართულების შესახებ, რომელშიდაც მიემართება მათი საკუთარი ბედი? ამიტომაც ხდება ისეთი სასაცილო ლოზუნგების წამოყენება, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისის გადალახვა, ხალხთა შორის ურთიერთგაგება, ეროვნული უსაფრთხოება და თვითკმარობა, რათა კეთილდღეობისა და განიარაღების მეშვეობით „გადაილახოს“ კატასტროფები, რომლებმაც მოიცვა რამდენიმე თაობა.

მაგრამ ახლა მე ვლაპარაკობ გერმანიაზე, რომელსაც ისე, როგორც არცერთ სხვა ქვეყანას, არ ემუქრება გარემოებათა ქარიშხალი. ეჭვის ქვეშაა დაყენებული თვით მისი არსებობის საკითხი… ისეთი სიბეცე და ხმაურიანი უგვანობა ბატონობს აქ, რომ პროვინციული შეხედულებები ამოტივტივდება მყისიერად, როდესაც საუბარია უდიდეს პრობლემებზე! გვთავაზობენ ჩვენი სასაზღვრო ბოძების აქეთა მხარეს მესამე რეიხის ან საბჭოების სახელმწიფოს დაფუძნებას, არმიის ან საკუთრების გაუქმებას, თავის დახსნას ეკონომიკური ლიდერების ან სოფლის მეურნეობისაგან, მივცეთ ცალკეულ მხარეებს რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა ან მოვახდინოთ მათი ლიკვიდირება, ნება მივცეთ წარმოებისა და მმართველობის ძველ ბატონებს, კვლავ უხელმძღვანელონ 1900-იან სტილში ან, ბოლოს და ბოლოს, მოვახდინოთ რევოლუცია, გამოვაცხადოთ დიქტატურა, რომლისთვისაც დიქტატორი მოიძებნება – ოთხი დუჟინი ადამიანი თავს უკვე დიდი ხანია, ამისათვის მზად გრძნობს – და ყველაფერი მშვენივრად და კარგად იქნება.

მაგრამ გერმანია კუნძული არაა. არცერთი სხვა ქვეყანა, მოქმედი თუ მოჭირვებული, ისე არაა მსოფლიოს ბედთან იმგვარი დონით დაკავშირებული, როგორც გერმანია. მას ამისათვის გასწირავს თვით გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი საზღვრების უკმარისობა. XVIII და XIX საუკუნეებში იგი იყო „ცენტრალური ევროპა“, XX საუკუნეში იგი კვლავ, როგორც XIII საუკუნის შემდეგ, გახდა „აზიასთან“ მოსაზღვრე და ახლა არავინ ისე არ საჭიროებს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური აზროვნების შეზღუდულობის გადალახვას, როგორც გერმანელები. ყოველივე, რაც ხდება შორს, გადმოიცემა გერმანიის სიღრმეში.

მაგრამ ჩვენი წარსული შურს იძიებს ამ 700 წლის მანძილზე ყოველგვარი სიდიადის კვალის, იდეებისა და მიზნების გარეშე პატარა პროვინციულ სახელმწიფოებად უბადრუკი დაქუცმაცებულობისათვის. ეს არ ანაზღაურდება ორი თაობის განმავლობაში. ბისმარკის ქმნილება თავის თავში შეიცავდა დიდ შეცდომას, ვინაიდან მოზარდი თაობა არ იყო მზად ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფორმის ვითარებისათვის. მას ხედავდნენ, მაგრამ არ ესმოდათ, ვერ შეძლეს ახალი ჰორიზონტების, პრობლემებისა და ვალდებულებათა გაცნობიერება. მათთან ერთად არ ცხოვრობდნენ; და საშუალო გერმანელი კვლავ უყურებდა თავის დიდ ქვეყანას განცალკევებულად და შეზღუდულად, ანუ უფხოდ, ვიწროდ, შტერულად, თავისი მიყრუებული ადგილიდან.

ეს კუთხური აზროვნება დაიწყო იმ დროიდან, როდესაც შტაუფენების დინასტიის იმპერატორები, თავიანთი ინტერესებით, გადაჭიმული ხმელთაშუა ზღვის საზღვრებს იქით და განზაზე, გაბატონებულნი შელდიდან ნოვგოროდამდე – ქვეყნის შიგნით არასაკმარისი რეალური პოლიტიკური მხარდაჭერის შედეგად – სხვებმა, უფრო საფუძვლიანად ორგანიზებულმა სამეფოებმა, შეავიწროვეს. მას შემდეგ ადამიანები ჩაიკეტნენ თავიანთ ურიცხვ მამულებსა და ადგილობრივ ინტერესებში, უპირისპირებდნენ მსოფლიო ისტორიას თავიანთ ჰორიზონტს და ოცნებობდნენ, შიმშილობდნენ და მიათრევდნენ თავიანთ უბადრუკ არსებობას რაღაცნაირი ციური იმპერიისათვის (Reich), რამაც „გერმანული იდეალიზმის“ სახელწოდება მიიღო. მსგავს წვრილმან, შიდაგერმანულ აზროვნებას მიეკუთვნება თითქმის ყოველივე, რაც შეეხება პოლიტიკურ იდეალებსა და უტოპიებს, ამოსულს ვაიმარის სახელმწიფოს ჭაობიანი ნიადაგიდან, ყველა ინტერნაციონალისტური, კომუნისტური, პაციფისტური, ულტრამონტანური, ფედერალისტური და „არიული“ ფანტაზიები Sacrum Imperium-ზე, საბჭოების სახელმწიფოსა და მესამე რეიხზე. ყველა პარტია ფიქრობს და იქცევა ისე, რომ თითქოს გერმანია ერთადერთი იყოს დედამიწაზე. პროფკავშირები ვერ იცქირებიან სამრეწველო რაიონების იქით. კოლონიალური პოლიტიკა სძულდათ მათ იმიტომ, რომ იგი ვერ იწერებოდა კლასობრივი ბრძოლის სქემაში. თავიანთი დოქტრინირებული შეზღუდულობის გამო მათ არ ესმოდათ ან არ სურდათ, გაეგოთ, რომ 1900-იან წლების ეკონომიკური იმპერიალიზმი იყო სწორედ წინაპირობა მუშის არსებობისა, ვინაიდან უზრუნველყოფდა პროდუქტთა გასაღებასა და ნედლეულის მოპოვებას. ეს ყოველივე დიდი ხნით ადრე ნათელი გახდა ინგლისელი მუშისათვის. გერმანული დემოკრატია, ფრანგული გავლენის საზღვრებს იქით, გაიტაცა პაციფიზმმა და განიარაღებამ. ფედერალისტებს სურდათ, ისედაც პატარა ქვეყანა გადაექციათ ძველი სახეობის ჯუჯა სახელმწიფოების აცმად და ამით შესაძლებლობა მიეცათ, უცხო ძალებისათვის ერთმანეთის წინააღმდეგ მიემართათ ისინი. ნაციონალ-სოციალისტები იმედოვნებენ, მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს სურვილების წინააღმდეგ ააგონ თავიანთი ზეციური ციხე-სიმაგრეები ისე, რომ არ შეხვდეთ, სულ მცირე, ჩუმი, მაგრამ მეტად მგრძნობიარე წინააღმდეგობა გარედან.

თავი II:

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რაციონალიზმის ეპოქაში, რომელიც დაიწყო XVIII საუკუნეში და სწრაფად უახლოვდება თავის დასასრულს XX საუკუნეში. ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ მის ქმნილებებს, დამოუკიდებლად იმისა, ვიცით და გვსურს თუ არა ეს ჩვენ. ეს გამოთქმა ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ვინ იცის, რა არის მასთან დაკავშირებული? ესაა ფესვებს მოკლებული, უკვე სულის ძლიერი ინსტინქტებით ვერმოძრავი, ქალაქური ქედმაღლობა, რომელიც ზემოდან დასცქერის წარსულ სისხლსავსე აზროვნებასა და ძველ გლეხურ გვართა სიბრძნეს. ესაა დრო, როდესაც ყველას შეუძლია კითხვა და წერა და ამიტომაც სურთ, თქვან თავიანთი სიტყვა, მიიჩნევენ რა, რომ ყველაფერი სხვაზე კარგად ესმით. ეს სული შეპყრობილია წარმოდგენებით, თავისი დროის ამ ახალი ღმერთებით და ცდილობს სამყაროს კრიტიკას: ის არაფრად არ ვარგა, ჩვენ უკეთესად შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, მაშ, მოდი, შევთხზათ უკეთესი სამყაროს პროგრამა! ყველაფერი იოლია, როდესაც ადამიანს გონება აქვს. მაშინ იგი თავისთავად განხორციელდება. სხვათა შორის, მას ჩვენ „კაცობრიობის პროგრესს“ ვუწოდებთ. თუკი რაიმეს აქვს სახელწოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ადგილი აქვს. ვინც ამაში დაეჭვებულია, იგი წარმოადგენს შეზღუდულს, რეაქციონერსა და ეროტიკოსს, უკიდურეს შემთხვევაში, ადამიანს – დემოკრატიულ სათნოებათა არმქონეს: მოვიცილოთ იგი გზიდან! ამგვარად სინამდვილისადმი შიში გადაილახება სულიერი ქედმაღლობით, კუდაბზიკობით – ყოველგვარ ცხოვრებისეულ საქმეებში დაეჭვების გამო, სულიერი სიღატაკისა და პატივის უკმარისობით; დაბოლოს, ცხოვრებისაგან მოწყვეტილი უგუნურების გამო, ვინაიდან არ არსებობს ფესვებმოწყვეტილ ქალაქურ გონებაზე უფრო სულელური რამ. ინგლისურ კონტორებსა და კლუბებში მას common sense-ს (ჯანსაღ აზრს) უწოდებენ, ფრანგულ სალონებში – esprit-ს, გერმანელ მეცნიერთა სენაკებში – წმინდა გონებას. ფილისტერთა უფხო ოპტიმიზმი წარმოშობს უკვე არა იმდენად ისტორიის ელემენტარული ფაქტებისადმი შიშს, არამედ მათდამი ზიზღს. თითოეულ ყოვლისმცოდნეს სურს, ჩააშენოს მათში თავისი გამოცდილებისათვის უცხო სისტემა, გახადოს ისინი თავისი გონების ხელქვეითი, ვინაიდან იგი უკვე აღარ განიცდის მათ, არამედ მხოლოდ შეიცნობს მათ. ეს დოქტრინერული მიდრეკილება თეორიებისადმი გამოცდილების უკმარისობის გამო ლიტერატურულად გამოიხატება პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემათა ურიცხვ მონახაზებსა და უტოპიებში, პრაქტიკულად – რაიმეს ორგანიზებისადმი ვნებაში. ეს უკანასკნელი ხდება აბსტრაქტული თვითმიზანი და მივყავართ ბიუროკრატიასთან, რომელიც მუშაობს რა ფუჭად, იშლება თავისთავად ან ანადგურებს მთელ სასიცოცხლო წესრიგს. არსებითად რაციონალიზმი სხვა არაფერია, თუ არა კრიტიკა, ხოლო კრიტიკოსი შემოქმედის საპირისპიროა, იგი შლის და ადგენს: მისთვის უცხოა ჩასახვა და დაბადება. ამიტომაც მისი პროდუქტი ჩანს ხელოვნური, უსიცოცხლო და რეალურ ცხოვრებასთან შეჯახებისას მომაკვდავი. ყველა ეს მეთოდური და აბსურდული სისტემები და ორგანიზაციები წარმოიქმნა ქაღალდზე. ეს დაიწყო რუსოსა და კანტის დროს ფილოსოფიური, თანდათან საყოველთაობის დამკარგავი იდეოლოგიით; შემდეგ XIX საუკუნეში მივყავართ მეცნიერულ კონსტრუირებასთან საბუნებისმეტყველო, ფიზიკური, დარვინისტული მეთოდების დახმარებით – სოციოლოგიასთან, პოლიტეკონომიასთან და მატერიალისტურ ისტორიოგრაფიასთან – ხოლო XX საუკუნეში გადაგვარდა ტენდენციური რომანებისა და პარტიული პროგრამების შეთხზვად.

თუმცა არ არის საჭირო თავის მოტყუება: იდეალიზმიცა და მატერიალიზმიც თანაბრად მიეკუთვნება ამ მიმდინარეობას და ორივე მთლიანად რაციონალისტურია.

თავი III:

ჩვენ ყველანი რისკს ვწევთ მსოფლიოს თანამედროვე სიტუაციის არასწორი შეფასებისას. ამერიკაში სამოქალაქო ომის (1865), საფრანგეთ-პრუსის ომისა (1870) და ვიქტორიანული ეპოქის დროიდან მოყოლებული თეთრკანიან ხალხებთან 1914 წლამდე გრძელდებოდა იმდენად დაუჯერებელი მშვიდი მდგომარეობა, უსაფრთხოება, მშვიდობიანი და უზრუნველი პროგრესირებული ყოფა, რომ მსგავსს ვერ ვნახავთ ვერცერთ საუკუნეში. ვინც იგი გამოიარა ან გაუგონია სხვებისაგან ამის შესახებ, იგი მაშინვე ვარდება ცდუნებაში, რომ მიიჩნიოს იგი ნორმალურად, ხოლო უწესრიგო თანამედროვეობა განიხილოს, როგორც ამგვარი ბუნებრივი მდგომარეობის დარღვევად, და დაელოდოს, როდის „დადგება კვლავ აღმავლობა“. მაგრამ ეს არ მოხდება. ამგვარი აღარასოდეს არ განმეორდება. ადამიანებისათვის უცნობია ამგვარი დაუჯერებელი ხანგრძლივი მდგომარეობის მიზეზები: ის ფაქტი, რომ მუდმივმა და სულ უფრო გაზრდილმა არმიებმა ომები გახადეს იმდენად წინასწარ განუსაზღვრელი, რომ ვერცერთი სახელმწიფო მოღვაწე ვერ იღებდა მისი დაწყების გადაწყვეტილებას; ის ფაქტი, რომ ტექნიკური მრეწველობა იმყოფება ციებ-ცხელებით მოძრაობაში, რომელიც სწრაფად უნდა დასრულებულიყო, ვინაიდან ეფუძნებოდა პირობათა გამალებულ გაქრობას; დაბოლოს, ის ფაქტი, რომ შედეგად დროის რთული პრობლემების გადაწყვეტა სულ უფრო შორი მომავლისაკენ გადაიდებოდა და გადადიოდა შვილებსა და შვილიშვილებზე, როგორც მომდევნო თაობის ცუდი მემკვიდრეობა. ეს კი გრძელდება იქამდე, ვიდრე სავსებით არ დაკარგეს რწმენა მსგავსი პრობლემების არსებობაზე, თუმცა კი ისინი სულ უფრო საშიშ ხასიათს იღებდნენ.

ცოტას ძალუძს, აიტანოს ხანგრძლივი ომი სულიერი დაშლის გარეშე, მაგრამ ხანგრძლივ მშვიდობას ვერავინ ვერ იტანს. ამ მშვიდობიანმა დრომ 1870 წლიდან 1911 წლამდე და მასზე მოგონებებმა ყველა თეთრკანიანი ადამიანი გახადა გამაძღარი, ხარბი, გულგრილი და ტანჯვის გადატანის უუნარო. შედეგები ჩანს უტოპიურ წარმოდგენებსა და მოთხოვნებში, რომლებითაც დღეს გამოდის ყველა დემაგოგი, დროისადმი პრეტენზიებით, სახელმწიფოსა და პარტიებისადმი, უპირველეს ყოვლისა, „სხვებისადმი“ და არც ახსენდებათ შესაძლებლობის საზღვრები, ვალდებულებები, საკუთარ წვლილსა და ყოველგვარ საკუთარ სიკეთეზე უარის თქმა.

ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ საშინელ დროში, ყველაზე უდიდესში იმათ შორის, რაც ოდესმე განუცდია ან განიცდის მომავალში დასავლური კულტურა.

ადამიანი მტაცებელია. ამას ყოველთვის გავიმეორებ. სათნოებათა და სოციალური ეთიკის ყველა ნიმუში, რომელთაც სურთ, იყვნენ ან იქცნენ ამაზე უფრო მაღლად, წარმოადგენენ მხოლოდ მტაცებლებს ჩამსხვრეული კბილებით, რომლებიც ვერ იტანენ სხვებს თავდასხმების გამო, რომლებსაც თვითონ კეთილგონივრულად გაურბიან. შეხედეთ მათ: ისინი იმდენად სუსტნი არიან, რომ ომის შესახებ წიგნის კითხვაც კი არ შეუძლიათ, მაგრამ გამორბიან ქუჩაში, თუკი მოხდა უბედური შემთხვევა, რათა აღაგზნონ თავიანთი ნერვები სისხლითა და ყვირილით, და თუკი ისინი ამის შემძლენიც არ არიან, მაშინ ამით ტკბებიან კინოში და ილუსტრირებული გამოცემებით. თუკი მე ვუწოდებ ადამიანს მტაცებელს, ამით ვის ვამცირებ, ადამიანს თუ ცხოველს? ვინაიდან უდიდესი მტაცებლები სრულყოფილი ფორმის კეთილშობილი ქმნილებები არიან.

ისინი გაჰყვირიან: „არა ომი!“ მაგრამ სურთ, წარმართონ კლასობრივი ბრძოლა. ისინი ბრაზობენ, როდესაც სიკვდილით სჯიან მანიაკს, მაგრამ განიცდიან ფარულ სიამოვნებას თავიანთი პოლიტიკური მოწინააღმდეგის სიკვდილის გამო. განა ისინი ოდესმე შეეწინააღმდეგნენ ბოლშევიკების მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას? არა, ბრძოლა არის ცხოვრების ძველი ფაქტი და თავად ცხოვრება და ყველაზე უფრო საცოდავი პაციფისტიც კი თავის სულისაგან ბოლომდე ვერ ახერხებს მისგან გამოწვეული სიამოვნების მოსპობას. სულ მცირე, იგი თეორიულად გახარებული იქნებოდა პაციფიზმის ყველა მოწინააღმდეგეზე გამარჯვებითა და განადგურებით.

რაც უფრო ღრმად შევდივართ ფაუსტური სამყაროს ცეზარიზმის ეპოქაში, მით უფრო ნათელი ხდება, თუ ვინაა ზნეობრივად წინასწარ განსაზღვრული, გახდეს ისტორიულ მოვლენათა სუბიექტი და ვინ – ობიექტი. სამყაროს გამაუმჯობესებლების დამწუხრებული სვლა, რომელიც, დაწყებული რუსოსაგან, ტლანქად მიიწევდა ამ საუკუნეების მანძილზე, დასრულდა და თავისი არსებობის ერთადერთ ძეგლად დატოვა ნაბეჭდი ქაღალდების მთები. მათ ადგილზე ცეზარები მოდიან. კვლავ შედის თავის მარადიულ უფლებებში დიდი პოლიტიკა, როგორც შესაძლებლის ხელოვნება, ყოველგვარი სისტემებისა და თეორიებისაგან დაშორებული, როგორც უნარი, საქმის ცოდნით გამოიყენოს ფაქტები და მსგავსად გაწაფული მხედრისა მართოს ქვეყანა დეზების მეშვეობით.

ამიტომ აქ ვაპირებ მხოლოდ, ვაჩვენო, თუ როგორ ისტორიულ მდგომარეობაში იმყოფება გერმანია და მსოფლიო, და ეს მდგომარეობა როგორი აუცილებლობით გამომდინარეობს ადრეულ საუკუნეთა ისტორიისაგან – იმისათვის, რათა გარდაუვლად მივიდეთ განსაზღვრულ ფორმებსა და გადაწყვეტილებამდე. ეს ბედისწერაა. უარს ვამბობთ რა მასზე, ამით ჩვენვე უარვყოფთ საკუთარ თავს.

Scroll to Top