ადამიანის ევოლუცია

ავტორი: ოშო

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ოშოს წიგნიდან: „ცნობიერების მზე“.

1969 წელს, ბიოლოგთა მსოფლიო კონფერენციაზე, ბრიტანეთის ბიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ბედკანმა გააკეთა განცხადება, რომლითაც მე მინდა დავიწყო ჩემი დღევანდელი ლექცია. ამ განცხადებით მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა. კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის ევოლუცია არ ნიშნავს თითქოს მასში რაღაც ახალი ჩნდება. უბრალოდ ადამიანში ქრება ძველი დაბრკოლებები. ადამიანის ევოლუციაში არაფერი არ ჩნდება. უბრალოდ, მასში დაფარული ვლინდება მხოლოდ. თუ თქვენ ადამიანს ცხოველს შეადარებთ, მიხვდებით, რომ ადამიანს ცხოველზე მეტი არაფერი აქვს. უფრო მეტიც, ნაკლები აქვს. დაბრკოლებები, რომელიც აქვს ცხოველს, გაითქვიფა ადამიანში. მასში გამოვლინდა ის, რაც ცხოველში მთვლემარე მდგომარეობაშია.

თუ შეადარებთ თესლს და მის ყვავილს, დაინახავთ, რომ ყვავილს თესლზე მეტი არაფერი აქვს, პირიქითაც კი – ნაკლები აქვს. თითქოს ძალიან წინააღმდეგობრივი სიტუაციაა და მაინც, ეს სწორედ ასეა. დაბრკოლებები, რომლებიც იყო თესლში, გაითქვიფა და ყვავილი გაიშალა.

ცხოველებთან შედარებით მცენარეებს კიდევ უფრო მეტი დაბრკოლებები აქვთ. თუ ეს დაბრკოლებები აღარ იქნება, მცენარეები ცხოველებად იქცევიან. თუ ცხოველებს ჩამოშორდება ეს დაბრკოლებები, ისინი ადამიანები გახდებიან. და თუ ადამიანში გაქრება ყველა დაბრკოლება, მაშინ რაც დარჩება, მას ღმერთი შეიძლება ვუწოდოთ. თუ ყველა დაბრკოლება გაქრება, მაშინ სრულად იჩენს თავს ის, რაც მთვლემარე მდგომარეობაშია. ჩვენ შეგვიძლია ამ ენერგიას დავარქვათ სული, ან ღმერთი, ან კიდევ რაღაც სხვა. შეგვიძლია ამ მოვლენას სახელი საერთოდ არ დავარქვათ და ესეც ნორმალური იქნება. ადამიანში აქამდე არსებობს დაბრკოლებები და ამიტომ მასაც ასევე აქვს ზრდის შესაძლებლობა. ბრიტანეთის ბიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ბედკანს სულიერებასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ის ზუსტად იმას აცხადებს, რასაც ბუდა ამტკიცებდა გასხივოსნების შემდეგ ორი ათას ხუთასი წლის წინ. იმ დღეს, როცა ბუდა გასხივოსნდა, ადამიანებმა მას ჰკითხეს: „რას მიაღწიეთ თქვენ?“ ბუდამ უპასუხა: „მე ვერაფერს ვერ მივაღწიე. უბრალოდ, გამოვლინდა ის, რაც ჩემში იყო. და მე ის შევიცანი. მე ვერაფერს ვერ მივაღწიე, მაგრამ ჩავწვდი იმას, რასაც უკვე წარმოვადგენდი, თუმცა ვერ ვაცნობიერებდი, რადგან მეძინა. ახლა კი გამოღვიძებული ვარ“. და, კიდევ, ბუდამ მათ უთხრა: „მე მინდა გითხრათ, რომ ჩემში იყო უმეცრება და ის გაქრა. იყო სისულელეები და ესეც გაქრა, და ახლა, როცა მე ჭეშმარიტებას მივაღწიე, ვხვდები, რომ ის უკვე იყო ჩემში, მაგრამ მე ვერ ვაცნობიერებდი.

ბედკანის და ბუდას განცხადებას შორის არავითარი განსხვავება არ არის. მაგრამ ბედკანი ლაპარაკობდა ბიოლოგიურ სახეობაზე, ადამიანის გარსზე, ბუდა კი – ინდივიდუალობაზე, რომელიც ადამიანის მიღმაა გასული. მედიტაციის პროცესს თქვენ სადღაც ახალ სამყაროში კი არ გაჰყავხართ, არამედ უბრალოდ იმ სამყაროში შეჰყავხართ, სადაც მრავალი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდით. მედიტაციის პროცესი თქვენ არაფერს არ გმატებთ, მას მხოლოდ მიაქვს ის, რაც არასწორია. ის ჩენჩოს ჩამოთლის.

ვიღაცამ სკულპტორი კომპლიმენტით შეამკო – აქაოდა რა მშვენიერი ქანდაკება გააკეთეო. მან უპასუხა: „მე ის არ გამომიქანდაკებია. მე უბრალოდ ქვას გვერდით ჩავუარე და ამ მომენტში იმ ქვიდან ქანდაკებამ თავისკენ მიმიხმო. მე ქვიდან მხოლოდ ზედმეტი ნაწილები ჩამოვთალე და მასში გამოჩნდა ქანდაკება. მე არაფერი არ დამიმატებია, უბრალოდ შევამცირე ის, რაც იყო“.

თუ ადამიანს ჩამოვათლით ყველაფერს, რაც მასში არასწორია, მაშინ თავს იჩენს ის, რაც ადრე დაფარული იყო. ღმერთი ადამიანისაგან არაფრით არ განსხვავდება. ის არის სახელი ადამიანში დაფარული ენერგიისა. მაგრამ ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში შეიძლება ვთქვათ, რომ ოქროში ბევრი თიხაა შერეული. და თუ თიხას მოვაშორებთ, ოქრო დარჩება.

იგივე შეიძლება ითქვას მედიტაციის შესახებ. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თქვენ უკვე, აქ და ახლა, ხართ ის, რასაც მიაღწევთ, მედიტაციების საშუალებით ზრდის უმაღლეს საფეხურზე. მედიტაცია თქვენ არაფერს არ დაგიმატებთ, მხოლოდ მოგაცილებთ რაღაცას. ის არასწორ რამეებს ჩამოგათლით. მედიტაცია მოგაშორებთ ყველაფერს ზედმეტს და სრულად გამოვლინების საშუალებას მისცემს იმას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არაფერი ახალი არ დაემატება, მხოლოდ დაბრკოლებები ჩამოშორდება. ექსპერიმენტები, რომელთა ჩატარებას ჩვენ ვაპირებთ მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ამ დაბრკოლებების ჩამოსაშორებლად, ძალიან ქმედითი და ეფექტურია. ყველა, ვინც მზად არის ის პატიოსნად შეასრულოს, აუცილებლად კარგ შედეგს მიიღებს. თქვენ უნდა გაიგოთ თუ რას ვგულისხმობ მე სიტყვაში „პატიოსნად“.

ამ სიტყვაში მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს სათანადოდ გამოიკვლევენ. მათ აუცილებლად კარგი შედეგი ექნებათ. ისინი კი, ვინც მთელი ძალით არ შეეცდებიან, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწენ. ასეთი ხალხისაგან შედეგებს არ შეიძლება ველოდოთ. მე თქვენგან რაღაც განსაკუთრებულ უნარებს არ მოვითხოვ. არა, თქვენ ვალდებული არ ხართ პროფესიონალები იყოთ. მე თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა: უსიტყვოდ შეასრულოთ ყველაფერი, რასაც მე გეტყვით მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში. ჩემი ნათქვამის შესრულება კი ძნელი სულაც არ იქნება, პირიქით, ძალიან ადვილი იქნება. პატარა ბავშვებსაც კი შეეძლება მათი შესრულება. ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ, რომ რაღაც ისეთი სიძნელეები შეგხვდებათ, რომელთაც თავს ვერ გაართმევთ. არა. თუ ასეთი სიძნელეები გაჩნდება კიდეც, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი არ იქნებით. თვითონ ტექნიკა კი მარტივია. მისი გაგება შეუძლია პატარა ბავშვსაც კი, რომელსაც ესმის რას ეუბნებით. მე აგიხსნით როგორ ჩაატაროთ ექსპერიმენტი. ის ძალიან ადვილია.

ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, ძალიან ადვილია. ძნელი და რთულად ჩასაწვდომი სწორედ ის არის, რაც უმნიშვნელოა. ყველა სიმართლე მარტივია. რთულია ის, რაც სიმართლე არ არის.

მაგრამ ჩვენ ძალიან უცნაური ადამიანები ვართ! თუ რაღაც ძალიან ძნელად და რთულად გვეჩვენება, ვფიქრობთ, რომ სწორედ ის იქნება სიღრმისეული ჭეშმარიტება, ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება. მაგრამ ეს ასე არ არის. ცხოვრების ყველა სიმართლე ისეთი მარტივია, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია. ძნელია არასიმართლე, რადგან ის რომ მარტივი იყოს, მაშინვე მიხვდებოდნენ, რომ ის სიმართლე არ არის. ტყუილს რთული გზების გავლა უწევს რომ არ ამხილონ, სიმართლე კი ღიაა და შიშველი. რაც არის, სწორედ ის უნდა იყოს. მას არ სჭირდება სახის დამალვა თუ გამომეტყველების შეცვლა. ამიტომ, ყველაფერი, რაც კი ძნელი თქმულა ამქვეყნად, ძირითადად სიმართლე არ არის. ის ყველაფერი კი, რაც სიმართლეა სამყაროში, უბრალო და გულწრფელია. ყველა სიტყვა, რომელიც უპანიშადებში, ბჰაგავად გიტაში, ყურანსა თუ ბიბლიაში წერია, ბუდას ან მაჰავირას მიერ წარმოთქმული უკიდურესად მარტივია.

ექსპერიმენტი, რომლის შესახებ მე უნდა მოგიყვეთ, ძალიან მარტივია. მას გასაოცარი შედეგები მოაქვს. ამ ექსპერიმენტში ოთხი სტადიაა, რომელთაგან თითოეული ათ წუთს გრძელდება. თქვენ პირველ სამ სტადიაზე რაღაც უნდა აკეთოთ, მეოთხე სტადიაზე კი არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ. თქვენ ღმერთის ენერგიის გამოვლენას უნდა დაელოდოთ. ექსპერიმენტის პირველ სტადიაზე, ათი წუთის განმავლობაში სწრაფად უნდა ისუნთქოთ. ეს ათი წუთი ლამის მჭედლის საბერველივით უნდა ისუნთქოთ. სუნთქვა რაც შეიძლება ხშირი და ღრმა უნდა იყოს. ფილტვები ისე გამოიყენეთ, თითქოს საბერველი იყოს. ასეთი სუნთვის შედეგად ჩვენში, თავდაპირველად, მთვლემარე სიცოცხლის ენერგია გაიღვიძებს. შეიძლება თქვენ არ იცით, რომ ენერგიას არა მხოლოდ თქვენში ძინავს, არამედ სიცოცხლის ყველა ფორმაში და ის სხვას არაფერია, თუ არა ელექტრობა. ენერგია, რომლითაც ჩვენი სხეული ფუნქციონირებს, ასევე ელექტრობაა. სწორედ ეს ორგანული ელექტრობაა სასიცოცხლო ძალა. რაც უფრო მეტ ჟანგბადს იღებს ეს ელექტრო სისტემა, მით უფრო აქტიური ხდება ჩვენი ცნობიერება. ამიტომ არის, რომ ადამიანი ჟანგბადის გარეშე კვდება, მაგრამ მაშინაც კი, თუ ადამიანი სასიკვდილო სარეცელზეა, მისი ცხოველქმედება შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს გარკვეული დროის განმავლობაში ჟანგბადის ბალიშის საშუალებით.

მთელი ამ ათი წუთის განმავლობაში თქვენ ისეთი ძალით უნდა შეისუნთქოთ და ამოისუნთქოთ, რომ ჰაერი მთლიანად გამოდიოდეს თქვენი ფილტვებიდან და მის ადგილს სუფთა ჰაერი იკავებდეს. ჟანგბადის პროპორცია თქვენს სხეულში აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ეს თავისთავად ხდება. და სუნთქვის რიტმი ისეთი ინტენსიური უნდა იყოს, რომ სხეულში მთვლემარე ენერგიამ გაიღვიძოს. ექსპერიმენტის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ, ადამიანების სულ ცოტა სამოცი პროცენტის სხეული ვიბრაციას იწყებს. თქვენ ძალიან მკაფიოდ იგრძნობთ, რომ თქვენში რაღაცამ ვიბრირება და აღმასვლა დაიწყო. იოგა ამას კუნდალინის უწოდებს. და თუ მეცნიერებს შევეკითხებით, ისინი ამას სხეულის ელექტრობას ეძახიან. ისინი გვეტყვიან, რომ ეს სხეულის ელექტრობაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ადამიანი, რომელზეც მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარეს და მისი სხეულის ელექტრობამ მეცნიერები განაცვიფრა. ელექტრობას მის ორგანიზმში უფრო მაღალი მუხტი აქვს. ვიდრე ჩვეულებრივ. ეს ადამიანი სპეციალურ ექსპერიმენტებს ატარებდა სუნთქვაზე, შემდეგ კი ხელისგულზე ნათურას იდებდა და მის კოლბაში სპირალი ინთებოდა. შვეციაში ჯერ კიდევ ცოცხალია ქალი, რომლის შეხება არავის არ შეუძლია. ის დღემდე გაუთხოვარია, იმიტომ, რომ მასზე შეხებით ადამიანი ისეთივე შოკს იღებს, როგორ დენის დარტყმისას. ზოგიერთი ადამიანის სხეულში ელექტრო მუხტი მომატებულია. შეიძლება ეს ჰორმონალურ დარღვევებთან იყოს დაკავშირებული. ყველა შემთხვევაში, შედეგი საოცარია. თუმცა ელექტრობა ყველა ადამიანის სხეულშია. ექსპერიმენტის მონაწილეთა სამოცი პროცენტი შედეგებს პირველივე დღეს დაინახავს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შედეგი მონაწილეთა ასმა პროცენტმა იგრძნოს. რატომაც არა. მაგრამ, ჩვეულებრივ, ადამიანების ორმოცი პროცენტი ექსპერიმენტში მთლიანად არ ერთვება და ცდებს ფორმალურად უდგება. ასეთი დასკვნა საკუთარი დაკვირვებით გავაკეთე და ამიტომ ვამბობ სამოც პროცენტს. მაგრამ მე თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ იმ სამოც პროცენტში მოხვდეთ და არა ორმოც პროცენტში.

სულ რაღაც ხუთი წუთის შემდეგ, იგრძნობთ, რომ თქვენს სხეულებში ვიბრაცია დაიწყო, რომ რაღაც ზემოთ მოიწევს თქვენში. იგრძნობთ, რომ მთელი თქვენი სხეული ახალი ენერგიით ივსება. ექსპერიმენტის მეათე წუთზე უკვე ძლიერ ხართ დამუხტული. მთელი სხეული ენერგიის ნაკადად იქცევა. რა თქმა უნდა, ასეთ ექსპერიმენტს თავისი შედეგები ექნება. როცა სხეულში ვიბრაციის ტალღები ჩაირბენს, სხეული დაიწყებს კანკალს, მოძრაობას, ცეკვას.

ექსპერიმენტის მეორე ნაწილიც ასევე ათ წუთს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც სხეულს საშუალება უნდა მიეცეს შეუფერხებლად ვიბრირებდეს, ცეკვავდეს – ნებისმიერ რამეს აკეთებდეს. თქვენ კათარზისს განიცდით. ჩვენ ყველანაირად ვთრგუნავთ ჩვენს სხეულებს. ჩვენი გონებაც ასევე მრავალმხრივ არის დათრგუნული. ადამიანი, რომელსაც სურს მედიტაციაში ჩაიძიროს, პირველ რიგში ამ დათრგუნულობისგან უნდა განთავისუფლდეს. ჩვენ ვთრგუნავთ მრისხანებას, ვთრგუნავთ სურვილებს, ვთრგუნავთ შფოთვას. საკუთარ გონებაში ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვთრგუნავთ. ჩვენ უფლებას არ ვაძლევთ საკუთარ თავს ვიტიროთ, როცა ტირილი გვინდა, ვიცინოთ, როცა სიცილი გვინდა, არ ვყვირით, როცა გვინდა ვიყვიროთ, არ ვცეკვავთ, როცა გვინდა ვიცეკვოთ. და ეს ყველაფერი დათრგუნული გვაქვს. უამრავი სახის დათრგუნვაა გონებაში, ისევე, როგორც სხეულში. თუ ამ დათრგუნვებს არ მოვიშორებთ, გონება საკმარისად მსუბუქი არ იქნება საიმისოდ, რომ მედიტაციას მიეცეს. ამიტომ, მეორე სტადიაზე, ათი წუთის განმავლობაში, სრულად უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს სხეულთან და მას სრული თავისუფლება მივცეთ. თუ სხეულს უნდა იცეკვოს, ნება მიეცით მას იცეკვოს, თუ სხეულს უნდა იყვიროს, ნება მიეცით მას იყვიროს, და თუ ტირილი უნდა, დაე იტიროს. რაც არ უნდა მოინდომოს თქვენმა სხეულმა (ოღონდ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის და არა სხვა სხეულების მიმართ) მიეცით მას სრული თავისუფლება. იყავით მისი მეგობარი.

მონაწილეთა დაახლოებით სამოცი პროცენტი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მათში ბევრი რამ ხდება. ადამიანთა უმრავლესობაში ეს მოხდება სპონტანურად, მათგან დამოუკიდებლად. მაგრამ ისინი, ვინც ამ ბუნებრივ პროცესს ვერ იგრძნობს, უნდა მიხვდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთ შინაგან სამყაროში შეაღწიონ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად თრგუნავენ საკუთარ თავს. მე მათ ვურჩევდი არ ენერვიულათ. მაშინაც კი, თუ მათში არაფერი არ ხდება, ისინი მაინც უნდა შეეცადნონ ხარისხიანად შეასრულონ დავალება ათი წუთის განმავლობაში და თუ შეძლებენ იცეკვონ, დაე იცეკვონ. ეს მეთოდის, რიტმის ან ტექნიკის საკითხი არ არის. თუ მათ უნდათ რომ იყვირონ, მაშინ ასეც უნდა მოიქცნენ. ხვალ ისინი შეიტყობენ იმის შესახებ, რომ რაღაცას მაინც მიაღწიეს, რომ მათგან სპონტანურად დაიწყო გამოსვლა მთელმა მათმა სიმწარემ. ამ ათწუთიანი ვარჯიშის შედეგები ძალიან შთამბეჭდავია. ცეკვის, სიმღერის, თრთოლვის ათი წუთის შემდეგ ისეთ სიმსუბუქეს იგრძნობთ, მთელ თქვენ ცხოვრებაში არასდროს რომ არ გიგრძვნიათ.

ელექტრობა, რომელიც თქვენს სხეულში იღვიძებს პირველ სტადიაზე, დაგეხმარებათ იმაში, რომ იცეკვოთ, იყვიროთ, იმღეროთ და იცინოთ. თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ ამ პროცესს. ნურაფერს ნუ შეაკავებთ, დაე ყველაფერი სპონტანურად გამოვიდეს თქვენგან. მაშინაც კი, თუ ხელები ოდნავ გიკანკალებთ, განათავისუფლეთ ისინი, რათა მათგან გამოთავისუფლდეს ყველა დათრგუნული იმპულსი. ამ ექსპერიმენტის წყალობით თქვენ ოთხი დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეიძინოთ გაცილებით უფრო მდიდარი გამოცდილება, ვიდრე ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრების ოთხ წელიწადში შეიძენდით.

მეორე სტადიის შემდეგ თქვენი სხეული უწონობას იგრძნობს. ის თითქოს მსუბუქ ფოთლად იქცა და ფრენა შეუძლია. თქვენ გაორებული შეგრძნება გექნებათ. პირველი სტადიის შემდეგ სხეული გრძნობს, რომ ენერგიით არის სავსე. მეორე სტადიის შემდეგ კი ენერგია ისევე დარჩება, სხეული კი მსუბუქი, უწონო გახდება. მეორე სტადიის დამთავრების შემდეგ თქვენ ნათლად გააცნობიერებთ, რომ სხეული კი არ ხართ, არამედ უბრალოდ ენერგია.

მეორე სტადიაზე, მონაწილეები, რომლებიც ღრმად ჩაიძირნენ ამ გამოცდილებაში, გამაოგნებელ მოვლენას განიცდიან, ანუ, ისინი იგრძნობენ, რომ სხეულისაგან განცალკევებული არიან. თუ თქვენ მთლიანად განთავისუფლდებით თქვენი სხეულისაგან, მაშინ შეწყვეტთ საკუთარი თავის გაიგივებას მასთან. ეს უკვე დღესვე შეიძლება მოხდეს. ერთადერთი პირობა წარმატებისთვის ის არის, რომ სრულად ენდოთ საკუთარ თავს და არაფრის გამოსვლას არ უნდა შეუშალოთ ხელი მისგან. არ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რას იტყვის ვიღაც თქვენზე როცა ცეკვავთ ან ყვირით. რაც თქვენში ხდება, ნება მიეცით მას მოხდეს. ნუ წუხხართ ამაზე. და მაშინ, ამ ათი წუთის განმავლობაში, თქვენ საკუთარი გამოცდილებით შეიცნობთ იმას, რომ თქვენ არსებობთ სხეულისგან განცალკევებით, რაც ხშირად გაგიგონიათ და წაგიკითხავთ. თქვენ დაინახავთ სხეულის ცეკვას თქვენგან განცალკევებით, თქვენ გახდებით მოწმე იმისა, რომ სხეული ტირის. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ნათლად გააცნობიეროთ, რომ მოწმე ხართ იმისა, თუ როგორ ტირის ვიღაც სხვა და არა თქვენ. სწორედ ეს გაცნობიერებაა აუცილებელი კარი მედიტაციაში ღრმად შესვლისათვის. ამ პირობის გარეშე მედიტირებას ვერავინ შეძლებს.

მესამე სტადიაზე, როცა თქვენ უკვე შეგრძნობილი გაქვთ თქვენი სხეულისგან განცალკევებული არსებობა, ბუნებრივი იქნება გაგიჩნდეთ ასეთი შეკითხვა: „ვინ ვარ მე?“ მანამ, სანამ ჩემი თავი სხეულად მიმაჩნდა, მე ვსუნთქავდი და უცებ მივხვდი, რომ სხეული ჩემგან განცალკევებით სუნთქავს. და მე ვინღა ვარ? მესამე სტადიაზე ჩვენ საკუთარ თავს ვკითხავთ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ.

პირველ სტადიაზე თქვენ ხშირად და ღრმად სუნთქავთ. მეორე სტადიაზე აცნობიერებთ, მეორე ათი წუთის განმავლობაში აცნობიერებთ თქვენს სხეულს, მესამე სტადიაზე კი დაჟინებით სვამთ შეკითხვას: „ვინ ვარ მე?“ და ეს შეკითხვა თქვენ უნდა დასვათ მთელი თქვენი არსებით, თავიდან ფეხის წვერებამდე. და ეს შეკითხვა თქვენში ექოდ გაიჟღერებს: ვინ ვარ მე? ელექტრობის ტალღები, ამ მომენტისთვის გამოღვიძებულნი, დაიჭერენ თქვენს შეკითხვას და დაიწყებენ ვიბრაციებით არეკვლას მთელ თქვენს სხეულში. ვინ ვარ მე? თქვენ ეს შეკითხვა ისე სწრაფად უნდა დასვათ, რომ ამ ორ „ვინ ვარ მე“-ს შორის შუალედი საერთოდ არ იყოს. თქვენ ეს შეკითხვა ისეთი ძალით უნდა დასვათ, რომ არ დარჩეს დრო ან ენერგია სხვა რამეზე ფიქრისათვის. და ასე, კიდევ ათი წუთის განმავლობაში, თქვენში მხოლოდ ეს შეკითხვა ჟღერს. ინტენსიური კვლევის ხუთი წუთის შემდეგ ექსპერიმენტის ზოგიერთი მონაწილის მიერ ეს შეკითხვა ხმამაღლა დაისმება. ამაზე ნერვიულობა არ ღირს.

თავდაპირველად შეკითხვა: „ვინ ვარ მე?“ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ. თუ ის გარეთ გამოდის ყვირილად გამოდის, დაე გამოვიდეს, ნუ შეაკავებთ არავითარი საშინელება არ ხდება. ნახევარი საათის შემდეგ თქვენი სხეული დაიღლება, თქვენი ძალები მიილევა, თქვენი გონების ენერგიის დონე დაქვეითდება. ეს სამი სტადია ენერგიის სამ სახეს გახარჯავს და, ოცდაათი წუთის შემდეგ თქვენ მიაღწევთ დაძაბულობის პიკს. თქვენ ეს ყველაფერი ოცდაათ წუთში უნდა გააკეთოთ იმდენად ენერგიულად, რომ დაყვირება რომ მოგინდეთ, ამის გაკეთება ვერ შეძლოთ. თუ განაგრძობთ კითხვის დასმას: „ვინ ვარ მე?“ ნელა, თითქოს გვამი იყოთ, მაშინ თქვენ სათანადო ძალას მოუყრით თავს. წყალი დუღს და ორთქლად იქცევა 100 გრადუს ტემპერატურაზე. წყალი არავითარ შემთხვევაში არ ადუღდება 98 გრადუსზე და არც 99 გრადუსზე. თქვენ ღმერთს ვერ ეტყვით რატომ ასეთი სიჯიუტე სულ რაღაც ერთი გრადუსის გულისთვისო. „აი უკვე 99 გრადუსზე ავიდა. გთხოვ, ააორთქლო ეს ხომ მხოლოდ ერთი გრადუსის საქმეა. რატომ ასეთი წუწურაქობა მხოლოდ ერთი გრადუსისათვის?“ მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ერთადერთ გრადუსს დიდი მნიშვნელობა აქვს. წყალი მხოლოდ ას გრადუსზე აორთქლდება. თუ თქვენ თუნდაც ოთხმაცდაცხრამეტ გრადუსზე შეჩერდებით, ის არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს დუღილს, შემდეგ კი თანდათან გაცივდება.

ზუსტად ასევე, ყოველ ადამიანში არსებობს უმაღლესი წერტილი, რომლისგანაც სასიცოცხლო ენერგია მაღლა იწყებს მოძრაობას, რომლისგანაც იწყება რევოლუცია, მუტაცია. თუ თქვენ ვერ მიაღწევთ ას გრადუსს, რომლის დროსაც ადამიანი ითქვიფება და ღმერთი იწყება, ისევ ნოლ გრადუსამდე დაეცემით და მთელი ძალისხმევა ამაოდ ჩაივლის. ის უაზრო გახდება. ამიტომ მე გთხოვთ, პატიოსნად და გულმოდგინეთ შეასრულოთ ყველაფერი, რასაც გეტყვით. ყურადღებით დააკვირდით რა მოხდება. ოთხი დღის განმავლობაში თქვენ საკუთარ თავს გამოიკვლევთ და პირად გამოცდილებას შეიძენთ. იმ მონაწილეებს, რომლებიც ყველაფერს ზუსტად შეასრულებენ ნდობა გაუჩნდებათ. საჭირო არ არის ნდობა წინასწარვე გქონდეს. არ გთხოვთ, თავიდანვე გჯეროდეთ, რომ რასაც მე ვიტყვი უეჭველად ისე მოხდება. თქვენ უბრალოდ ცნობად მიიღეთ, რომ ეს კაცი ამას გეუბნებათ და იფიქრეთ „მოდი ექსპერიმენტში მივიღებ მონაწილეობას, ვნახოთ რა მოხდება“. თუ მართლა ისე მოხდება, როგორც ის ამბობს, ხომ კარგი, თუ არა და გავიგებ, რომ ის ცდებოდა“. მაგრამ იცოდეთ, რომ თუ თქვენ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც საჭიროა, შედეგი აუცილებლად იქნება, ისევე, როგორც წყალი აუცილებლად დუღდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ის არ დუღს იმის გამო, რომ ვიღაცას სჯერა ეს ასე მოხდება. თქვენ შეიძლება ურწმუნო ხართ, თქვენ შეიძლება ათეისტი ხართ, მაგრამ წყალი 100 გრადუსზე მაინც იდუღებს და ორთქლად იქცევა.

მედიტაცია, რომლის შესახებაც მე გელაპარაკებით, მთლიანად მეცნიერული ფენომენია. თქვენ შეიძლება იყოთ ურწმუნო, ათეისტი, შეიძლება უარყოფდეთ სულის არსებობას, უარყოფდეთ რელიგიას – მე ეს ყველაფერი ოდნავაც არ მიშლის ხელს. თქვენ არაფრის რწმენა არ გჭირდებათ. თქვენ ჩაატარებთ კვლევას და ექსპერიმენტის პროცესში თვითონვე აღმოაჩენთ, რომ შინაგანად შეიცვალეთ. ნდობა – ეს მედიტაციის შედეგია და არა წინასწარი პირობა მისთვის.

მე მინდა კიდევ რაღაც გითხრათ, სანამ ექსპერიმენტის ჩატარებას დავიწყებდეთ. იმ მონაწილეებმა, რომლებიც ავად არიან, ან სუსტად გრძნობენ თავს, ვარჯიშები დამჯდარ მდგომარეობაში უნდა შეასრულონ, დანარჩენები კი ფეხზე უნდა ადგნენ. ვინც ფეხზე იდგება, შედეგს უფრო მალე მიიღებს, დამჯდარ მდგომარეობაში მყოფებს კი ამისთვის მეტი დრო დასჭირდებათ. ისე უნდა დავდგეთ ერთმანეთის მიმართ, რომ ჩვენ შორის საკმარისი მანძილი იყოს. აქ ყველა დაეტევით. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ცეკვისას ერთმანეთს არ შეეჯახოთ. და თუ ეს ხანდახან მაინც მოხდება, ამაზე საერთოდ ნუ იღელვებთ.

და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ – სანამ ექსპერიმენტს დავიწყებდეთ, გთხოვთ, თვალები დახუჭოთ და ისინი დახუჭული უნდა დარჩეს ორმოცი წუთის განმავლობაში. ასეთი უნდა იყოს თქვენი პირველი მტკიცე გადაწყვეტილება. ეს განაწესი პატიოსნად უნდა შეასრულოთ. თუ თვალებს ერთხელ მაინც გაახელთ, ვარჯიშის მთელი ეფექტი დაიკარგება. ამით თქვენს მთელ დაგროვილ ენერგიას გაფლანგავთ. თქვენი შინაგანი ენერგია ძირითადად თვალებიდან გაიფანტება, ამიტომ თვალები დახუჭული უნდა გქონდეთ მთელი ორმოცი წუთის განმავლობაში. თვალების გახელა მანამდე არ შეიძლება, სანამ მე არ მოგცემთ ამის უფლებას. თქვენ გარშემო იტირებენ, იყვირებენ, იცეკვებენ და შეიძლება თქვენც ასე მოიქცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ნუ გაღელვებთ. შეიძლება მოგინდეთ იმის შეხედვა, თუ რა ხდება თქვენ ირგვლივ. ჩვენ ხომ ასე სწრაფად ვერ გამოვდივართ ბავშვობიდან. შინაგანი ბავშვი არ კვდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენი სხეული იცვლება. მან შეიძლება მოინდომოს გაიგოს რას აკეთებს მისი მეზობელი. ამის გამო მე ოპერატორი მოვიწვიე. დღეს ის ფილმს გადაიღებს ჩვენ შესახებ, საღამოს კი, ჩვენ შეგვეძლება ვნახოთ ეს ფილმი და გავიგოთ ვინ რას აკეთებდა. ასე შეძლებთ დაიკმაყოფილოთ თქვენი ცნობისმოყვარეობა. ასე რომ, ახლა ნუ დაინტერესდებით იმით, ვინ რას აკეთებს. ამას თქვენ საღამოს ფილმში ნახავთ.

ჩვენ აქ უსაქმურ ხალხს არ შემოვუშვებთ. თუ ვინმე მხოლოდ იმისთის არის მოსული, რომ გაერთოს, მას ბანაკს დავატოვებინებთ. მათ შეუძლიათ სადღაც უკანა ეზოში გავიდნენ. აქ სეირის სანახავად მოსულთაგან ვერავინ დარჩება. ყველამ, ვინც მედიტაციის ექსპერიმენტში მონაწილეობას არ აპირებს, უნდა დაგვტოვოს. მათი აქ ყოფნა ხელისშემშლელი იქნება სხვებისათვის. ასე რომ ისინი ვალდებულნი არიან წავიდნენ. როცა მედიტაციას ეწევით მთელი ატმოსფერო დამუხტულია და ერთი გარეშე პირიც კი, რომელიც მონაწილეთა შორის დგას, ხელს უშლის მათ, აზიანებს და წყვეტს ენერგიის ჯაჭვს. ასეთი ადამიანები ჩვენ არ გვჭირდება. ამრიგად, ადამიანები, რომელთაც არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტში, აქ არ დარჩებიან. დაე წყნარად წავიდნენ აქედან. გაიტანეთ აქედან ყველა სკამი, იმიტომ, რომ ვინმე შეიძლება მათ დაეჯახოს და წაიქცეს. შეკრიბეთ სკამები და გაიტანეთ აქედან.

Scroll to Top