ხსნა (ინდივიდუალური და სოციალური)

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ბერტრან რასელის წიგნიდან: „რატომ არ ვარ ქრისტიანი“.

ტრადიციული რელიგიის ერთ-ერთი დეფექტი მისი ინდივიდუალიზმია, რაც ასევე მასთან ასოცირებულ მორალსაც უკავშირდება. ტრადიციულად რელიგიური ცხოვრება იყო რაღაც, მსგავსი დიალოგისა სულსა და ღმერთს შორის. ღმერთის ნების მორჩილება სათნოებად ითვლებოდა; ეს კი კონკრეტული ინდივიდისთვის იყო შესაძლებელი, მიუხედავად საზოგადოების მდგომარეობისა. პროტესტანტულმა სექტებმა განავითარეს „ხსნის მოპოვების“ იდეა, თუმცა ის მუდამ არსებობდა ქრისტიანულ მოძღვრებაში. ცალკეული სულის ასეთ ინდივიდუალიზმს გააჩნდა თავისი ღირებულება ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ჩვენ უმალ სოციალური კეთილდღეობის კონცეფცია გვჭირდება. წინამდებარე თავში მსურს, განვიხილო, როგორ აისახება ეს მართებული ცხოვრების ჩვენ კონცეფციაზე.

ქრისტიანობა რომის იმპერიის მოსახლეობის იმ ნაწილში წარმოიქმნა, რომელიც სრულად მოისაკლისებდა პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომელთა ეროვნული სახელმწიფოები განადგურებული იყო და გაერთიანებული უზარმაზარ უპიროვნო მანქანაში. ქრისტიანული ეპოქის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ადამიანებს, ვინც ქრისტიანულ რჯულზე ექცეოდა, არ შეეძლოთ იმ სოციალურ ან პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზემოქმედება, რომლებშიც ისინი არსებობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი მათ ბიწიერებაში.

ასეთ გარემოებებში ბუნებრივი იყო, მათ მიეღოთ რწმენა იმისა, რომ ინდივიდი შესაძლოა, სრულყოფილი იყოს ამ არასრულყოფილ სამყაროში, რომ მართებულ ცხოვრებას არაფერი აქვს საერთო ამ სამყაროსთან. ის, რასაც მე ვგულისხმობ, შესაძლოა, ცხადი პლატონის „სახელმწიფოსთან“ შედარებით გახდეს. როდესაც პლატონი მართებული ცხოვრების აღწერას ცდილობდა, ის აღწერდა მთელ საზოგადოებას და არა ცალკეულ ინდივიდს; ამას სამართლიანობის განსაზღვრისათვის აკეთებდა, რაც არსებითად სოციალური კონცეფციაა. მისთვის სახელმწიფოს სამოქალაქო მდგომარეობა ჩვეული ამბავი იყო, ხოლო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავისთავად ნაგულისხმევად განიხილავდა. ბერძნების მიერ თავისუფლების დაკარგვასთან ერთად იწყება სტოიციზმის აღზევება, რაც, მსგავსად ქრისტიანობისა, მაგრამ პლატონისგან განსხვავებით, მართებული ცხოვრების ინდივიდუალისტურ კონცეფციას ამკვიდრებს.

ჩვენ, დიად დემოკრატიათა მკვიდრები, შესაბამის მორალს თავისუფალ ათენში უფრო უნდა ვპოულობდეთ, ვიდრე დესპოტურ რომში. ინდოეთში, რომლის პოლიტიკური ვითარება ძალიან ჰგავს ქრისტეს დროინდელ იუდეაში არსებულს, ჩვენ ვხედავთ განდის, რომელიც იესოს მსგავს მორალს ქადაგებს, რისთვისაც პილატე პონტოელის ქრისტიანიზებული მემკვიდრეების მიერ ისჯება. მაგრამ მეტად რადიკალური ინდოელი ნაციონალისტები ინდივიდუალური ხსნით არ კმაყოფილდებიან, მათ ეროვნული ხსნა სურთ. ამისათვის მათ დასავლეთის თავისუფალ დემოკრატიათა მსოფლმხედველობა შეითვისეს. მე მსურს, ყურადღება გავამახვილო ასეთი მსოფლმხედველობის რამდენიმე ასპექტზე, რომლებიც ქრისტიანული გავლენის წყალობით ჯერ კიდევ საკმარისად გაბედული არ არის და ინდივიდუალური ხსნის რწმენითაა შეზღუდული.

მართებული ცხოვრება, როგორც ჩვენ გვესმის ის, მრავალი სოციალური პირობის არსებობას გულისხმობს, რომელთა გარეშე ის ვერ განხორციელდება. ჩვენ ვთქვით, რომ მართებული ცხოვრება სიყვარულით შთაგონებული და ცოდნით მიმართულია. აუცილებელი ცოდნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობდეს, თუ მთავრობები და მდიდარი ადამიანები ცოდნის მოხვეჭასა და გავრცელებას შეუწყობენ ხელს. მაგალითად, სიმსივნური დაავადებების გავრცელების ტემპი საგანგაშოა. რა უნდა მოვუხერხოთ ამას? ცოდნის უკმარობის მიზეზით მოცემულ წუთს ამ კითხვას ვერავინ გასცემს პასუხს; ხოლო ცოდნა რთულად რომ თავისთავად წარმოიშვას, მას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. გავიმეორებ, რომ მეცნიერების, ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების ცოდნა მისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსურველისთვის; ამას სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტთა შეთანხმებული მოქმედება სჭირდება, რელიგიური მოქცევის გზით იგი ვერ მიიღწევა. გარდა ამისა, არსებობს საგარეო ვაჭრობა, რომლის გარეშე ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი შიმშილის პირას აღმოჩნდებოდა. ხოლო თუ ვიშიმშილებთ, მცირედნი თუ ვიცხოვრებთ მართებულად. მეტი მაგალითის მოტანის აუცილებლობა არ არსებობს. მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ მართებულ და უმართებულო ცხოვრებას შორის, ყველა განსხვავების მიუხედავად, სამყარო ერთიანია, ხოლო ადამიანი, რომელიც თავს აჩვენებს, თითქოს მისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს, ცნობიერი ან არაცნობიერი პარაზიტია.

ინდივიდუალური ხსნის იდეა, რომლითაც ადრეული ქრისტიანები ინუგეშებდნენ თავს პოლიტიკური მორჩილების საკომპენსაციოდ, შეუძლებლად იქცევა, როგორც კი ჩვენ მართებული ცხოვრების ვიწრო კონცეფციას გავცდებით. ორთოდოქსული ქრისტიანული კონცეფციის თანახმად, მართებული ცხოვრება არის სათნო ცხოვრება, ხოლო სათნოება ღმერთის ნების მორჩილებაში მდგომარეობს, თვით ღმერთის ნება კი თითოეულ ადამიანს სინდისის მეშვეობით უმჟღავნდება.

მთელი ეს კონცეფცია უცხო ძალის დესპოტიზმისადმი ადამიანის მორჩილებას გულისხმობს. მართებული ცხოვრება სათნოებაზე გაცილებით მეტია, მაგალითად, ის გონებას მოიცავს. რაც შეეხება სინდისს, ის ყველაზე მცდარი მეგზურია, რადგან ყმაწვილობის ასაკში გაგონილ მცნებათა ბუნდოვანი მოგონებებისგან შედგება, ასე რომ, ის არასოდესაა დედაზე ან ძიძაზე მეტად ჭკვიანი. იმისათვის, რომ ადამიანმა მართებული ცხოვრებით იცხოვროს ამ სიტყვის ყოვლისმომცველი გაგებით, მას უნდა გააჩნდეს საფუძვლიანი განათლება, მეგობრები, სიყვარული, შვილები (თუკი სურს), საკმარისი შემოსავალი გაჭირვებისა და სადარდებლის ასარიდებლად, ჯანმრთელობა და საინტერესო სამუშაო. ყველა ეს ფაქტორი სხვადასხვა ხარისხით არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, მათ კი ხელს უწყობს ან ხელს უშლის პოლიტიკური მოვლენები. მართებული ცხოვრებით ცხოვრება მხოლოდ მართებულ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სხვაგვარად ეს შეუძლებელია.

ესაა არისტოკრატული იდეალის ფუნდამენტური ხარვეზი. ცალკეული მართებული რამ, მაგალითად, ხელოვნება, მეცნიერება და მეგობრობა შესაძლოა ვითარდებოდეს კიდეც არისტოკრატულ საზოგადოებაში. საბერძნეთში ეს მონობის საფუძველზე არსებობდა; ჩვენს საზოგადოებაში იგი ექსპლუატაციას ეფუძნება. მაგრამ სიყვარული, თანაგრძნობის ან კეთილგანწყობის ფორმით, არისტოკრატულ საზოგადოებაში თავისუფლად ვერ იარსებებს. არისტოკრატმა უნდა დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ მონა, პროლეტარი ან ფერადკანიანი დაბალი სინჯისაა, ხოლო მის ტანჯვას მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. დღეისთვის გამოწკეპილი ინგლისელი ჯენტლმენი იმდენად სასტიკად სცემს აფრიკელებს, რომ ისინი გაუსაძლისი ტანჯვისგან რამდენიმე საათში კვდებიან. თუნდაც ეს ჯენტლმენები კარგი განათლების მქონე, არტისტული და ბრწყინვალე მოსაუბრეები იყვნენ, მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი მართებული ცხოვრებით ცხოვრობენ.

ადამიანის ბუნება გარკვეულ საზღვრებს უწესებს თანაგრძნობას, მაგრამ არა ამ ხარისხით. დემოკრატიული მიმართულების ქვეყნებში ასე მხოლოდ მანიაკი იქცევა. შეზღუდული თანაგრძნობა, რაც არისტოკრატულ იდეალს უკავშირდება, არის კიდეც მისი გაკიცხვის მიზეზი. ხსნა არისტოკრატული იდეალია, რადგან ის ინდივიდუალისტურია. ამავე მიზეზით პიროვნული ხსნის იდეა, როგორც უნდა იყოს ინტერპრეტირებული და გაფართოვებული, მართებული ცხოვრების განსაზღვრებისთვის არ გამოდგება.

ხსნის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ იგი რაიმე რევოლუციური ცვლილების შედეგს წარმოადგენს, როგორც ეს წმინდა პავლეს მოქცევის შემთხვევაში მოხდა. შელის ლექსები ამ კონცეფციის ილუსტრაციაა, რომელიც საზოგადოებებმა გამოიყენეს. დგება მომენტი, როცა ყველა მოქცეულია, „ბელადები“ გარბიან და „სამყაროს დიადი ეპოქა ხელახლა იწყება“. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ პოეტი უმნიშვნელო ფიგურაა, ვის იდეებსაც არანაირი ხილული შედეგი არ მოჰყვება. მაგრამ მე მჯერა, რომ რევოლუციის ბელადთა უმეტესობას შელის მსგავსი იდეები ჰქონდა. მათ მიაჩნდათ, რომ ტანჯვა, სისასტიკე და დეგრადაცია ტირანების, მღვდელმსახურების, კაპიტალისტებისა და გერმანელების მიერ იყო გამოწვეული და თუ ბოროტების საწყისები აღმოიფხვრებოდა, შეიცვლებოდა ადამიანის მსოფლმხედველობა და შემდეგ ყველა ბედნიერად ვიცხოვრებდით. ამ შეხედულებებით ისინი მზად იყვნენ, „დაეწყოთ ომი ომის დასასრულებლად“. შედარებით იღბლიანები ისინი იყვნენ, ვინც დამარცხდა ან დაიღუპა; ვისაც ბედმა არ გაუღიმა და ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა, დაცინვისა და სასოწარკვეთილების საგნად იქცა მათი ნათელი იმედების უსაფუძვლობის გამო. ამ იმედების უმთავრესი წყარო კი იყო ქრისტიანული დოქტრინა რევოლუციური მოქცევისა, როგორც გზა ხსნისაკენ.

იმის თქმა როდი მსურს, რომ რევოლუციები არასოდესაა აუცილებელი, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ისინი არ წარმოადგენს ყველაზე მოკლე გზას ოქროს საუკუნისკენ. არ არსებობს მოკლე გზა მართებული ცხოვრებისკენ, იქნება ის ინდივიდუალური თუ სოციალური. მართებული ცხოვრების მისაღწევად ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ინტელექტი, თვითკონტროლი და თანაგრძნობა. ეს რაოდენობრივი საკითხია, თანდათანობითი ზრდის, ადრეული წვრთნისა და განათლების. მხოლოდ მოუთმენლობა წარმოშობს უცაბედი გაუმჯობესების რწმენის შესაძლებლობას. თანდათანობითი ზრდა, რაც შესაძლებელია, და მისი მიღწევის მეთოდები მომავლის მეცნიერების საგანს წარმოადგენს. მაგრამ რაღაც უკვე დღესაა ცნობილი და სწორედ ამ საკითხს განვიხილავ უკანასკნელ ნაწილში.

Scroll to Top