ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ვლადიმირ სოლოვიოვის წიგნიდან: „ფილოსოფია Ι ხელოვნება“.
ხე, რომელიც ბუნებაში იზრდება, და იგივე ხე, რომელიც ტილოზეა მშვენივრად დახატული, ერთგვარ ესთეტიკურ შთაბეჭდილებას ქმნის, ერთგვარ ესთეტიკურ შეფასებას ექვემდებარება და მის გამოსახატავად ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე სიტყვა ამაოდ არ გამოიყენება. მაგრამ ყველაფერი რომ ამ მოჩვენებითი და ზედაპირული ერთგვაროვნებით შემოიფარგლებოდეს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა შეკითხვის დასმა და კითხულობდნენ კიდეც: რა საჭიროა სილამაზის ასეთი გაორება? ბავშვური გართობა ხომ არ არის სურათზე იმის გამეორება, რასაც უკვე აქვს მშვენიერი არსებობა ბუნებაში? ჩვეულებრივ, ამაზე უპასუხებენ (მაგ., ტენი თავის „ხელოვნების ფილოსოფიაში“), რომ ხელოვნება სინამდვილის თვით საგნებსა და მოვლენებს კი არ აჩვენებს, არამედ მხოლოდ იმას, რასაც მათში ხელოვანი ხედავს, ჭეშმარიტი ხელოვანი კი მათში მხოლოდ მათ ტიპურ, დამახასიათებელ ნიშნებს ხედავს. ბუნებრივ მოვლენათა ესთეტიკური ელემენტი მას შემდეგ, რაც ხელოვანის ცნობიერებასა და წარმოსახვას გაივლის, ყველა მატერიალური შემთხვევითობისგან იწმინდება და, ამგვარად, ძლიერდება და უფრო მკვეთრად წარმოდგება. ბუნებაში, მის ფორმებსა და ფერებში გაღვრილი სილამაზე სურათზე კონცენტრირებული, შესქელებული, ხაზგასმულია. ამ განმარტებით საბოლოოდ დაკმაყოფილება უკვე მარტო იმიტომ არ შეიძლება, რომ ხელოვნების მთელი რიგი მნიშვნელოვანი დარგების მიმართ ის საერთოდ გამოუყენებელია. მაგალითად, რომელი ბუნებრივი მოვლენებია ხაზგასმული ბეთჰოვენის სონატებში? ცხადია, რომ ხელოვნებისა და ბუნების ესთეტიკური კავშირი უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია. ის მართლაც იმ მხატვრული საქმის გაგრძელებასა და არა განმეორებაში მდგომარეობს, რომელიც ბუნებამ დაიწყო და ასევე იმავე ესთეტიკური ამოცანის შემდგომ და უფრო სრულ გადაწყვეტაში.
ბუნებითი პროცესის შედეგი არის ადამიანი ორობითი საზრისით: პირველ რიგში, როგორც ყველაზე მშვენიერი,1 და, მეორეც, როგორც ყველაზე ცნობიერი ბუნებითი არსება. ამ უკანასკნელი სახით ადამიანი თვითონ იქცევა შედეგიდან სამყაროული პროცესის შემოქმედად და მით უფრო სრულყოფილად შეესაბამება მის იდეალურ მიზანს – სამყაროს სულიერი და მატერიალური, იდეალური და რეალური, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებისა და ელემენტების სრულ ურთიერთშეღწევასა და თავისუფალ სოლიდარობას. მაგრამ შესაძლოა იკითხონ, რატომ წარმოგვიდგება მთელი სამყაროული პროცესი, რომელიც ბუნებამ დაიწყო და რომელსაც ადამიანი განაგრძობს, სწორედ ესთეტიკური მხრით, როგორც რაღაც მხატვრული ამოცანის გადაწყვეტა? ხომ არ აჯობებს, მიზნად სიმართლისა და სიკეთის განხორციელება, უმაღლესი გონებისა და ნების ზეიმი ვაღიაროთ? თუკი ამის პასუხად შევახსენებთ, რომ სილამაზე მხოლოდ გრძნობითი ფორმებით სწორედ იმ იდეალური შინაარსის განსახიერებაა, რომელსაც სიკეთე და ჭეშმარიტება ეწოდება, ეს ახალ შედავებას წარმოშობს. მკაცრი მორალისტი იტყვის, რომ სიკეთე და ჭეშმარიტება ესთეტიკურ განსახიერებას არ საჭიროებს. სიკეთის კეთება და ჭეშმარიტების ცოდნაა ყველაფერი, რაც საჭიროა.
ამ შედავების პასუხად დავუშვათ, რომ სიკეთე არა მხოლოდ ვინმეს პირად ცხოვრებაში, არამედ მთელი საზოგადოების ცხოვრებაშია განხორციელებული, განხორციელებულია იდეალური საზოგადოებრივი მოწყობა, სრული სოლიდარობა და საყოველთაო ძმობა მეფობს. ეგოიზმის შეუღწევადობა აღმოფხვრილია. ყველა ნახულობს საკუთარ თავს თითოეულში და თითოეული – ყველაში. მაგრამ თუ ეს საყოველთაო ურთიერთშეღწევადობა, რომელშიც ზნეობრივი სიკეთის არსი მატერიალური ბუნების წინაშე ჩერდება, თუ სულიერი საწყისი, რომელმაც გაიმარჯვა ადამიანური ფსიქიკური ეგოიზმის შეუღწევადობაზე, ვერ ახერხებს ნივთიერების შეუღწევადობის, ფიზიკური ეგოიზმის გადალახვას, მაშინ გამოდის, რომ სიკეთის თუ სიყვარულის ძალა საკმარისად ძლიერი არ არის, მაშინ ეს ზნეობრივი საწყისი ბოლომდე და სრულიად გამართლებულად ვერ განხორციელდება. მაშინ ჩნდება კითხვა: თუ მატერიალური ყოფიერების ბნელი ძალა საბოლოოდ ზეიმობს, თუ ის გადაულახავია კეთილი საწყისისთვის, მასში ხომ არ არის ყოველივე არსებულის ნამდვილი ჭეშმარიტება და ის, რასაც ჩვენ სიკეთეს ვუწოდებთ, მხოლოდ სუბიექტური მოჩვენება ხომ არაა? მართლაც, შეიძლება თუ არა სიკეთის ზეიმის შესახებ საუბარი, როდესაც ყველაზე იდეალურ ზნეობრივ საწყისებზე მოწყობილი საზოგადოება შეიძლება მყისვე დაიღუპოს რომელიმე გეოლოგიური ან ასტრონომიული გადატრიალების შედეგად? მატერიალური ყოფიერებისგან ზნეობრივი საწყისის უპირობო ჩამოშორება დამღუპველი უკანასკნელისთვის კი არა, პირველისთვის არის. სამყაროში ზნეობრივი წესრიგის თვით არსებობა გულისხმობს მატერიალურ წესრიგთან მის კავშირს და გარკვეულ კოორდინაციას მათ შორის. მაგრამ თუ ეს ასეა, ხომ არ უნდა ვეძებოთ ეს კავშირი ყოველგვარი ესთეტიკის მიღმა, ადამიანური გონების პირდაპირ მბრძანებლობაში ბუნების ბნელ ძალებზე და ნივთიერებაზე სულის უპირობო ბატონობაში? როგორც ჩანს, ამ მიზნისკენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება, როდესაც გამოყენებითი მეცნიერებების წარმატებათა წყალობით ჩვენ არა მხოლოდ სივრცესა და დროს, არამედ, როგორც დღეს ოპტიმისტები ფიქრობენ, თვით სიკვდილსაც დავამარცხებთ, მაშინ სამყაროში ზნეობრივი სიცოცხლის არსებობა (მატერიალურ საფუძველზე) საბოლოოდ უზრუნველიყოფა, თუმცა ესთეტიკურ ინტერესთან ყოველგვარი მიმართების გარეშე, ასე რომ, იმ დროსაც ძალას შეინარჩუნებს განცხადება, რომ სიკეთე სილამაზეს არ საჭიროებს. მაგრამ იქნება ასეთ შემთხვევაში მთლიანი თვით სიკეთე? ის ხომ არა ერთის მეორეზე გამარჯვებას, არამედ ყველას სოლიდარობას გულისხმობს? შეიძლება ამ ყველას რიცხვიდან ბუნებითი სამყაროს არსებებისა და მოღვაწეების გამორიცხვა? მაშასადამე, ვერც მათ ვერ შევხედავთ, როგორც მხოლოდ ადამიანური არსებობის საშუალებებსა და იარაღებს, მაშასადამე, ისინიც დადებითი ელემენტის სახით უნდა შევიდეს ჩვენი ცხოვრების იდეალურ მოწყობაში. თუკი ზნეობრივი წესრიგი სიმყარისთვის მატერიალურ ბუნებას უნდა ეყრდნობოდეს, როგორც თავისი არსებობის გარემოსა და საშუალებას, მაშინ მთლიანობისთვის ის ყოფიერების მატერიალურ საფუძველს უნდა შეიცავდეს, როგორც ეთიკური მოქმედების დამოუკიდებელ ნაწილს, რომელიც აქ ესთეტიკურად იქცევა, რადგან საგნობრივი ყოფიერების შემოყვანა ზნეობრივ წესრიგში მხოლოდ განათლებითა და გასულიერებით, ანუ მხოლოდ სილამაზის ფორმით შეიძლება. ამგვარად, სილამაზე მატერიალურ სამყაროში სიკეთის აღსრულებისთვისაა საჭირო, რადგან მხოლოდ ის ანათებს და იმორჩილებს ამ სამყაროს ბოროტ წყვდიადს.2
მაგრამ სამყაროული განათლების საქმე უკვე სრულიად ჩვენ გარეშე ხომ არ არის? ბუნებითმა სილამაზემ უკვე შემოახვია სამყაროს თავისი სხივმოსილი საბურველი, უშნო ქაოსი უძლურად შრიალებს კოსმოსის მწყობრ სახეში და მის მოშორებას ვერც ციურ მნათობთა უსაზღვრო სივრცეში ვერ ახერხებს და ვერც მიწიერ ორგანიზმთა ვიწრო წრეში. ჩვენი ხელოვნება მხოლოდ იმის შესახებ ხომ არ უნდა ზრუნავდეს, რომ სილამაზით მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები შემოსოს და გრძნობით ხატებში განასახიეროს ადამიანური სიცოცხლის ჭეშმარიტი საზრისი? მაგრამ ბუნებაში ბნელი ძალები მხოლოდ დამარცხებულია, ისინი სამყაროულ საზრისს არ დაურწმუნებია, თვით ეს გამარჯვებაც ზედაპირული და არასრულია, ბუნების სილამაზე კი მხოლოდ ბოროტ სიცოცხლეზე შემოხვეული საბურველია და არა ამ სიცოცხლის გარდაქმნა. ამიტომ ადამიანი, თავისი გონიერი ცნობიერებით, ბუნებითი პროცესის არა მხოლოდ მიზანი უნდა იყოს, არამედ შექცეული, იდეალური საწყისის მხრიდან ბუნებაზე სრული და ღრმა ზემოქმედების საშუალებაც. ჩვენ ვიცით, რომ ამ საწყისის რეალიზაციას უკვე ბუნებაში აქვს განსხვავებული ხარისხის სიღრმეები, ამასთან, დადებითი მხარის ყოველ ჩაღრმავებას შეესაბამება უარყოფითის ჩაღრმავება და შინაგანი გაძლიერება. თუკი არაორგანულ ნივთიერებაში ცუდი საწყისი მხოლოდ სიმძიმისა და უძრაობის სახით მოქმედებს, ორგანულ სამყაროში ის უკვე სიკვდილისა და გახრწნის სახით ვლინდება (ამასთან, სიმახინჯე აქაც ისე ცხადად არ ზეიმობს მცენარეთა განადგურებაში, როგორც ცხოველთა სიკვდილსა და გახრწნაში, მათთან კი უმაღლესებში მეტად, ვიდრე უდაბლესებში), ადამიანში კი ფიზიკური მხარით, უფრო რთული და გაძლიერებული გამოვლენის გარდა, გამოხატავს თავის უღრმეს არსს, როგორც ზნეობრივი ბოროტება. მაგრამ აქვეა მასზე საბოლოო გამარჯვებისა და უხრწნელ და მარადიულ სილამაზეში ამ გამარჯვების სრულყოფილი ხორცშესხმის შესაძლებლობა.
დღეისთვის ერთობ გავრცელებულია ძველი აღდგენილი შეხედულება, რომელიც ზნეობრივ ბოროტებას ბნელ და არაცნობიერ ფიზიკურ (ხორციელ) სიცოცხლესთან აიგივებს, ხოლო ზნეობრივ სიკეთეს – ცნობიერების გონიერ სინათლესთან, რომელიც ადამიანში ვითარდება. ის, რომ გონების სინათლე თავისთავადი სიკეთეა, უდავოა. მაგრამ ვერც ფიზიკურ სინათლეს ვერ ვუწოდებთ ბოროტებას. ერთისა და მეორის ცოდნა შესაბამის სფეროებში ერთნაირია. ფიზიკურ სინათლეში3 სამყაროული იდეა (დადებითი ყოვლადერთობა, ყველას სიცოცხლე ერთმანეთისთვის ერთში) მხოლოდ ასახვით რეალიზდება: ყველა საგანი და მოვლენა იღებს ერთმანეთისთვის ყოფნის შესაძლებლობას (იხსნება ერთმანეთისთვის) ურთიერთასახვაში საერთო უწონადი გარემოს საშუალებით. მსგავსად აისახება გონებაში ყოველივე არსებული საერთო განყენებული ცნებების საშუალებით, რომლებიც საგნების შინაგან ყოფიერებას კი არ გადმოგვცემს, არამედ მხოლოდ მათ ზედაპირულ ლოგიკურ სქემებს. შესაბამისად, გონივრულ შემეცნებაში ჩვენ სამყაროული იდეის მხოლოდ ასახვას ვხვდებით და არა მის ჭეშმარიტ მყოფობას შემმეცნებელსა და შესამეცნებელში. თავისი ნამდვილი რეალიზაციისთვის სიკეთე და ჭეშმარიტება სუბიექტში შემოქმედებით ძალად უნდა იქცეს, რომელიც არა მხოლოდ ასახავს, არამედ გარდაქმნის კიდეც სინამდვილეს. ისევე, როგორც ფიზიკურ სამყაროში სინათლე სიცოცხლედ იქცევა და მცენარეებისა და ცხოველების მაორგანიზებელი საწყისი ხდება, რათა არა მხოლოდ აირეკლებოდეს სხეულებიდან, არამედ მათში ხორცსაც ისხამდეს, არც გონების სინათლეს შეუძლია მხოლოდ შემეცნებით შემოფარგვლა და სიცოცხლის ცნობიერ საზრისს მხატვრულად უნდა ასახიერებდეს ახალ, მისთვის უფრო შესაბამის სინამდვილეში. რასაკვირველია, ამის გაკეთებამდე, სილამაზეში შექმნის დაწყებამდე ან არაიდეალური სინამდვილის იდეალურ სინამდვილედ გარდაქმნამდე მათ შორის განსხვავების ცოდნაა საჭირო – ცოდნა არა მხოლოდ განყენებულ რეფლექსიაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ხელოვანისთვის დამახასიათებელ უშუალო გრძნობაში.
შენიშვნები:
- აქ მე სილამაზეს ვგულისხმობ ზოგადი და ობიექტური აზრით, სახელდობრ, რომ ადამიანის გარეგნობას უფრო სრულყოფილი (უფრო იდეალური) შინაგანი შინაარსის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე სხვა ცხოველებს.
- სილამაზის, როგორც მატერიის, არსებობის იდეალური მიზეზის შესახებ იხ. ჩემი სტატიები „მთლიანი ცოდნის“ შესახებ („სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალი“, 1877 და 1878).
- თავისთავად იგულისხმება, რომ მე აქ სინათლის შესახებ ადამიანისა და ცხოველების მზერითი შეგრძნებების აზრით კი არ ვსაუბრობ, არამედ უწონო გარემოს მოძრაობის აზრით, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს მატერიალურ სხეულებს, რაზედაც არის დამოკიდებული მათი ობიექტური ყოფიერება ერთმანეთისთვის ჩვენი სუბიექტური შეგრძნებებისგან დამოუკიდებლად. სიტყვა სინათლე აქ სიმოკლისთვის გამოიყენება, რადგან ამავეს მიეკუთვნება სხვა დინამიკური მოვლენებიც: სითბო, ელექტრობა და ა.შ. ამასთან, ჩვენ აქ ფიზიკის მეცნიერების ამა თუ იმ ჰიპოთეზებთან საქმე არ გვაქვს: ჩვენთვის ხსენებულ მოვლენათა ნიშნებსა და წონადი ნივთიერების ნიშნებს შორის უდავო ფაქტობრივი განსხვავება საკმარისია.