ცნობიერება და არაცნობიერი

ერთ-ერთი თავი ზიგმუნდ ფროიდის წიგნიდან: „ეგო და Id“.

ფსიქიკის გამიჯვნა ცნობიერად და არაცნობიერად ფსიქოანალიზის ფუნდამენტური წინაპირობაა და ის შესაძლებლობას აძლევს ფსიქოანალიზს, გაიგოს მენტალური ცხოვრების პათოლოგიური პროცესები, რომლებიც იმდენადვე გავრცელებულია, რამდენადაც მნიშვნელოვანი, და მოუძებნოს მათ ადგილი მეცნიერების ჩარჩოებში. კიდევ ერთხელ, თუმცა სხვა სიტყვებით რომ გამოვთქვათ, ფსიქოანალიზს არ ძალუძს ფსიქიკურის არსის მოთავსება ცნობიერებაში, მაგრამ ვალდებულია, განიხილოს ცნობიერება, როგორც ფსიქიკურის თვისება, რომელიც შესაძლოა მყოფობდეს სხვა თვისებებთან ერთად ან შესაძლოა არ მყოფობდეს.

თუკი მე დავუშვებ, რომ ფსიქილოგიით დაინტერესებული ყველა ადამიანი წაიკითხავს ამ წიგნს, იმისთვისაც უნდა ვიყო მზად, რომ ჩემი ზოგი მკითხველი უკვე აქ შეწყვეტს კითხვას და მეტად წინ აღარ წაიწევს, რადგან აქ ჩვენ ფსიქოანალიზის პირველ თეზისს ვხვდებით. ფილოსოფიაში განსწავლულ ადამიანთა უმეტესობისთვის ფსიქიკურის იდეა, რომელიც იმავდროულად ცნობიერი არ არის, იმდენად მიუწვდომელია გონებისთვის, რომ ეს მათ უაზრობად ეჩვენებათ და ლოგიკა მას უბრალოდ უარყოფს. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ასეთ ადამიანებს არასოდეს შეუსწავლიათ ჰიპნოზისა და სიზმრის შესაბამისი ფენომენები, რომლებიც, პათოლოგიურ გამოვლინებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აუცილებელს ხდიან ასეთ შეხედულებას. ცნობიერების მათ ფსიქოლოგიას არ შესწევს სიზმრებისა და ჰიპნოზის პრობლემების გადაჭრის უნარი.

„იყო გაცნობიერებული“,1 უპირველეს ყოვლისა, წმინდად აღწერილობითი ცნებაა, რომელიც ყველაზე უშუალო და განსაზღვრულ აღქმას ეფუძნება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფსიქიკური ელემენტის (მაგალითად, იდეის) გაცნობიერება, როგორც წესი, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ხდება. პირიქით, ცნობიერების მდგომარეობა, ჩვეულებრივ, ერთობ წარმავალია; იდეა, რომელიც გაცნობიერდება ახლა, აღარ არის ასეთი წამის შემდეგ, თუმცა კი შესაძლოა კვლავ იქცეს ასეთად კონკრეტულ პირობებში, რომელთა შექმნა ერთობ იოლია. შუალედში რა იყო იდეა, არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ლატენტური იყო, რის ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ, რომ მას შესწევს უნარი, იქცეს ცნობიერად ნებისმიერ წამს. ან, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ის არაცნობიერი იყო, ეს კვლავ მართებული აღწერა იქნება. აქ „არაცნობიერი“ თანხვდება „ლატენტურსა და ცნობიერად ქცევის უნარის მქონეს“. ფილოსოფოსები უდავოდ შეგვეკამათებიან: „არა, „არაცნობიერის“ ცნება აქ არ უნდა გამოიყენებოდეს; მანამ, სანამ იდეა ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის სრულებით არ იყო ფსიქიკური“. ამ ეტაპზე მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სიტყვიერი დისკუსიის გარდა არანაირ სარგებელს არ მოიტანდა.

მაგრამ, ჩვენ აქ არაცნობიერის ცნებას, ანუ კონცეფციას, სხვა მხრიდან მივუახლოვდით, იმ კონკრეტული გამოცდილების გათვალისწინებით, რომელშიც მენტალური დინამიკა როლს თამაშობს. ჩვენ დავადგინეთ, ანუ, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით დაგვეშვა, რომ არსებობს უკიდურესად ძლიერი მენტალური პროცესები ანუ იდეები (აქ კი რაოდენობრივი, ანუ ეკონომიკური ფაქტორი პირველად დგება კითხვის ქვეშ), რომლებსაც ძალუძთ ყველა იმ ეფექტის წარმოქმნა მენტალურ ცხოვრებაში, ჩვეულებრივი იდეები რომ ქმნიან (იმ ეფექტების ჩათვლით, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა იქცნენ ცნობიერად, როგორც იდეები), თუმცა კი ისინი ცნობიერად არ იქცევიან. აქ არ განვიცდით აუცილებლობას, დეტალურად გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ იყო ახსნილი მანამდე. საკმარისია იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე ფსიქოანალიტიკური თეორია გამოდის სცენაზე და ამტკიცებს, რომ მიზეზი, თუ რატომ არ იქცევიან ასეთი იდეები ცნობიერად, იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული ძალა უპირისპირდება მათ, და რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში ისინი შესაძლოა ცნობიერად ქცეულიყვნენ, შესაბამისად კი ცხადი შეიქნებოდა, თუ რა მცირედ განსხვავდებიან ისინი სხვა ელემენტებისგან, რომლებიც, საყოველთაო აღიარებით, ფსიქიკურად ითვლება. ის ფაქტი, რომ ფსიქოანალიზის ტექნიკაში აღმოჩენილ იქნა საშუალება, რომლის მეშვეობით უკუმოქმედი ძალა შესაძლოა გატანილ იქნას, ხოლო განსახილველი იდეები ცნობიერად იქცნენ, ამ თეორიას შეუდავებლად აქცევს. მდგომარეობა, რომელშიც იდეები იმყოფებოდნენ, სანამ ცნობიერად იქცეოდნენ, ჩვენ მიერ განდევნად იწოდება, და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ძალა, რომელიც განდევნას აწესებს და ინარჩუნებს, აღქმულია, როგორც წინააღმდეგობა ფსიქოანალიტიკური სამუშაოს დროს.

ამგვარად, არაცნობიერის კონცეფციას ჩვენ განდევნის თეორიიდან ვიღებთ. განდევნილი ჩვენთვის – არაცნობიერის პროტოტიპია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ორი სახის არაცნობიერი გვაქვს: ერთი, რომელიც ლატენტურია, მაგრამ ცნობიერად ქცევის უნარი შესწევს; და მეორე, რომელიც განდევნილია და რომელსაც თავისთავად და დამატებითი ძალისხმევის გარეშე არ ძალუძს ცნობიერად ქცევა. ფსიქიკური დინამიკის ასეთი გაგება არ შეიძლება გავლენას არ ახდენდეს ტერმინოლოგიასა და აღწერაზე. ლატენტურს, რომელიც არაცნობიერი მხოლოდ აღწერილობითი და არა დინამიკური აზრით არის, ჩვენ წინარეცნობიერს ვუწოდებთ; ამგვარად, ახლა ჩვენ სამი ცნება გვაქვს: ცნობიერი (ცნ), წინარეცნობიერი (წცნ) და არაცნობიერი (აცნ), რომელთა აზრი მხოლოდ აღწერილობითი აღარ არის. წცნ, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო ახლოს არის ცნ-თან, ვიდრე აცნ., ხოლო, ვინაიდან ჩვენ აცნ-ს ფსიქიკური ვუწოდეთ, ნაკლები გაუბედაობით უნდა ვუწოდოთ ლატენტურ წცნ-საც ფსიქიკური. მაგრამ, ნაცვლად ამისა, რატომ არ უნდა დავრჩეთ თანხმობაში ფილოსოფოსებთან და თანმიმდევრულად გავმიჯნოთ, როგორც წცნ, ისე აცნ – ცნობიერი ფსიქიკურისგან? ასეთ შემთხვევაში ფილოსოფოსები შემოგვთავაზებდნენ, რომ წცნ და აცნ აღგვეწერა, როგორც „ფსიქოიდის“ ორი სახეობა ან საფეხური, და თანხმობა დამკვიდრდებოდა. მაგრამ, ამას მოყვებოდა უსასრულო პრობლემები გადმოცემასთან მიმართებით, ხოლო ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ ის, რომ „ფსიქოიდთა“ ეს ორი სახეობა თითქმის ყველა სხვა მიმართებით თანხვდება იმას, რაც საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც ფსიქიკური, უკანა პლანზე იქნებოდა გადაწეული წინასწარ შექმნილი აზრის გამო, რომელიც საწყისს იღებს პერიოდიდან, როდესაც ეს ფსიქოიდები, ან მათი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მაინც, ჯერ კიდევ უცნობი იყო.

ახლა კი ჩვენ კომფორტულად შეგვიძლია მანიპულირება ამ სამი ცნებით (ცნ, წცნ და აცნ) თუ არ დაგვავიწყდება, რომ აღწერილობითი აზრით არსებობს ორი სახის არაცნობიერი, ხოლო დინამიკური აზრით – ერთადერთი. გადმოცემის მიზნებიდან გამომდინარე ეს განსხვავება ზოგ შემთხვევაში შესაძლოა უგულვებელყოფილ იქნას, თუმცა, სხვა შემთხვევებში ის, რასაკვირველია, აუცილებელია. იმავდროულად, ჩვენ მეტად თუ ნაკლებად უკვე მივეჩვიეთ არაცნობიერის ამ ორაზროვნებას და არცთუ ურიგოდ ვართმევთ მას თავს. რამდენადაც მე მესმის, ამ ორაზროვნების თავიდან არიდება შეუძლებელია; განსხვავება ცნობიერსა და არაცნობიერს შორის საბოლოოდ აღქმის საკითხია, რასაც უნდა გაეცეს პასუხი: „კი“ ან „არა“, ხოლო თვით აღქმის აქტი არაფერს გვეუბნება იმ მიზეზის შესახებ, თუ რატომ არის ან არ არის საგანი აღქმული. არავის აქვს პრეტენზიის უფლება, რადგან რეალური ფენომენი არაერთმნიშვნელოვნად გამოხატავს დინამიკურ ფაქტორს.2

თუმცა, ფსიქოანალიტიკური მუშაობის განმავლობაში ეს განსხვავებებიც არაადეკვატური და პრაქტიკული მიზნებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს ჩვენთვის არაერთი გზით გახდა ცხადი, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი შემდეგია: ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შეხედულება იმის შესახებ, რომ ყოველ ინდივიდში მენტალური პროცესების გამართული ორგანიზაცია არსებობს. მას ჩვენ „მე“-ს ანუ ეგოს ვუწოდებთ. ცნობიერება სწორედ ამ ეგოს არის შეპირაპირებული. ეს „მე“ ანუ ეგო აკონტროლებს მოტორიკისადმი მიდგომას ანუ გაღიზიანების განმუხტვას გარე სამყაროში. ეს მენტალური ორგანოა, რომელიც მის ყველა შემადგენელ პროცესს უწევს მეთვალყურეობას და ღამით დასაძინებლად მიემართება, თუმცა, ამ დროსაც კი ცენზურას უქვემდებარებს სიზმრებს. ეგოდან მომდინარეობს აგრეთვე განდევნა, რისი საშუალებით ადგილი აქვს მცდელობას გონების კონკრეტული ტენდენციები არა მხოლოდ ცნობიერებიდან იქნას გამორიცხული, არამედ ქმედითობისა და აქტივობის სხვა ფორმებიდანაც. ფსიქოანალიზში ასეთი ტენდენციები, რომლებიც გამორიცხულ იქნენ, ეგოსთან დაპირისპირებაში არიან, ხოლო ფსიქოანალიზი ეჯახება ამოცანას წინააღმდეგობის მოხსნისა, რომელსაც ეგო გვიჩვენებს განდევნილთან საკუთარი თავის დამოკიდებულებასთან მიმართებით. ახლა ჩვენ ფსიქოანალიზის განმავლობაში ვხედავთ, რომ, როდესაც პაციენტს კონკრეტულ ამოცანებს ვთავაზობთ, ის სირთულეს ეჩეხება; მისი ასოციაციები წარუმატებლობას განიცდიან, როდესაც ისინი განდევნილს უნდა მიუახლოვდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ვამცნობთ მას, რომ მასზე წინააღმდეგობა დომინირებს, თუმცა ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი და თუნდაც თავისი უსიამოვნო შეგრძნებებიდან მიხვდეს, რომ მასში ახლა წინააღმდეგობა მუშაობს, მას არ ეცოდინება, თუ რა არის ეს და ვერც მის აღწერას შეძლებს. მაგრამ, ვინაიდან შეუძლებელია არსებობდეს ეჭვი იმასთან მიმართებით, რომ ეს წინააღმდეგობა მისი ეგოსგან მოდის და მასვე ეკუთვნის, ჩვენ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ჩვენ შევეჩეხეთ რაღაცას თვით ეგოში, რომელიც ასევე არაცნობიერია და რომელიც ზუსტად განდევნილის მსგავსად მოქმედებს, ანუ რაღაცას, რაც ძლიერ ეფექტს ქმნის, თუმცა თვითონ არაცნობიერია და სპეციალურ სამუშაოს მოითხოვს, რათა ცნობიერად იქცეს. ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის თვალთახედვით ამ აღმოჩენის შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უსასრულო გაურკვევლობასა და სირთულეში აღმოვჩნდებით, თუკი გამოხატვის ჩვეული ფორმების ერთგულებას შევინარჩუნებთ და, მაგალითად, შევეცდებით ნევროზი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის კონფლიქტიდან ვაწარმოოთ. აუცილებელია ამ ანტითეზისის ნაცვლად სხვა გამოვიყენოთ, რომელსაც გონების სტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ჩვენი ცოდნიდან ავიღებთ – ანტითეზისი გამართულ ეგოსა და განდევნილს შორის, რომელიც გადახრილია მისგან.3

თუმცა, არაცნობიერის ჩვენი კონცეფციისთვის ჩვენი აღმოჩენის შედეგები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დინამიკური შეხედულებები გვაიძულებენ პირველი შესწორება შევიტანოთ; მეორისკენ გონების სტრუქტურის ჩვენეული გაგება მიგვიძღვება. ჩვენ ვაღიარებთ, რომ აცნ არ თანხვდება განდევნილს; კვლავაც სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ყველაფერი, რაც განდევნილია, აცნ-ია, მაგრამ ყველაფერი, რაც აცნ-ია, განდევნილი არ არის. ეგოს ნაწილი – და მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაწილი – შესაძლოა იყოს აცნ და უდავოდ არის აცნ.4 ხოლო ეს აცნ, რომელიც ეგოს ეკუთვნის, არ არის წცნ-ის მსგავსად ლატენტური, რადგან, ასე რომ იყოს, მისი აქტივირება ცნ-ად ქცევის გარეშე ვერ მოხდებოდა, ხოლო ცნობიერად მისი ქცევის პროცესი ესოდენ დიდ სირთულეებს არ გადაეყრებოდა. როდესაც ვხვდებით აუცილებლობას მესამე არაცნობიერის პოსტულირებისა, რომელიც განდევნილი არ არის, უნდა ვაღიაროთ, რომ არაცნობიერად მყოფობის თვისება ჩვენთვის მნიშვნელობას ჰკარგავს. ის იქცევა თვისებად, რომელსაც შესაძლოა მრავალი მნიშვნელობა ჰქონდეს, თვისება, რომელსაც ჩვენ ვერ ვაქცევთ, როგორც ამას ვისურვებდით, საფუძვლად შორს მიმავალი და გარდაუვალი დასკვნებისა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვუფრთხოდეთ ამ მახასიათებლის უგულვებელყოფას, რადგან ცნობიერად მყოფობის ან უმყოფობის თვისება საბოლოოდ ჩვენი უკანასკნელი შუქურაა სიღრმისეული ფსიქოლოგიის წყვდიადში.

შენიშვნები:

  1. ორიგინალშია „Bewusst sein“ (ორ სიტყვად). „Bewusstsein“ ჩვეული გერმანული ცნებაა, რაც „ცნობიერებას“ ნიშნავს, მაგრამ მისი წარმოდგენა ორი სიტყვით იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ „Bewusst“ თავისი ფორმით პასიური მიმღეობაა – „იყო გაცნობიერებული“. – [მთრ. შენ.].
  2. ეს ჯერჯერობით შეგვიძლია შევადაროთ ჩემს ნაშრომს „შენიშვნა არაცნობიერზე ფსიქოანალიზში“ (1912). ამ ეტაპზე განხილვას იმსახურებს არაცნობიერის კრიტიკოსთა ახალი ხედვა. ზოგი მკვლევარი, რომელიც უარს არ ამბობს ფსიქოანალიზის ფაქტების აღიარებაზე, მაგრამ არ სურს არაცნობიერის მიღება, სირთულიდან გამოსავალს პოულობს ფაქტში, რომელსაც არავინ ეწინააღმდეგება, რომ ცნობიერებაში (რომელიც განხილულია, როგორც ფენომენი) შესაძლებელია მრავალი გრადაციის განსხვავება ინტენსივობისა და სიცხადის მიხედვით. ზუსტად ისევე, როგორც არსებობს პროცესები, რომლებიც უკიდურესად ცხადად, თვალსაჩინოდ და ხელშესახებად ცნობიერია, ასევე განვიცდით ჩვენ სხვა პროცესებს, რომლებიც მხოლოდ სუსტად, თითქმის შეუმჩნევლად ცნობიერია. ამტკიცებენ, რომ პროცესები, რომლებიც ყველაზე სუსტად ცნობიერია, ისეთებია, რომლებისთვის ფსიქოანალიზს „არაცნობიერის“ შეუფერებელი სახელის მინიჭება სურს. თუმცა, ესენიც (არგუმენტი გრძელდება) ცნობიერია ანუ „ცნობიერებაშია“ და შესაძლოა სრულად და ერთობ ცნობიერად იქცნენ, თუ საკმარისი ყურადღება დაეთმობათ.
    იმდენად, რამდენადაც არგუმენტების მეშვეობითაა შესაძლებელი გავლენის მოხდენა მსგავსი საკითხების გადაწყვეტაზე, რომლებიც პირობითობასა ან ემოციურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, შემდეგი შენიშვნა უნდა გავაკეთოთ. ცნობიერების სიცხადის გრადაციებზე მინიშნება არანაირად არის საბოლოო და მეტი მტკიცებულებითი ღირებულება არ გააჩნია, ვიდრე ასეთ ანალოგიურ გამონათქვამებს: „განათებაში იმდენად ბევრი გრადაციაა – ყველაზე კაშკაშა და თვალისმომჭრელი შუქიდან ყველაზე ბუნდოვან ციმციმამდე, რომ ისეთი რამ, როგორც წყვდიადი, საერთოდ არ არსებობს“, ან „არსებობს სიცოცხლისუნარიანობის განსხვავებული ხარისხები, შესაბამისად, ისეთი რამ, როგორც სიკვდილი, არ არსებობს“. ასეთ მტკიცებებს შესაძლოა გააჩნდეთ გარკვეული აზრი, მაგრამ პრაქტიკული დანიშნულებით ისინი უსარგებლოა. ამის დანახვა ადვილია, თუ შევეცდებით მათგან კონკრეტული დასკვნების გაკეთებას, როგორიცაა „შესაბამისად, არ არსებობს შუქის ანთების აუცილებლობა“, ან „შესაბამისად, ყველა ორგანიზმი უკვდავია“. გარდა ამისა, თუ ცნებას „ის რაც შეუმჩნეველია“ მოვაქცევთ ცნების „ის რაც ცნობიერია“ ქვეშ, ნიშნავს, რომ გავანადგურებთ გონების შესახებ უშუალო და სარწმუნო ერთადერთ ცოდნას. და საბოლოოდ, ცნობიერება, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი, ჩემთვის გაცილებით უფრო აბსურდულია, ვიდრე მენტალური, რომელიც არაცნობიერია. დაბოლოს, აშკარაა, რომ ეს მცდელობა შეუმჩნეველისა და არაცნობიერის გატოლებისა განხორციელებულია ჩართული დინამიკური პირობების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენენ ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისის ჩამოყალიბებისას. რადგან, ის ორ ფაქტს უგულვებელყოფს: პირველი, ეს უკიდურესად რთულია, ხოლო ამ სახის შეუმჩნეველზე საკმარისი ყურადღების კონცენტრაცია დიდ ძალისხმევას მოითხოვს; და მეორე, რომ როდესაც ეს მიიღწევა, აზრს, რომელიც მანამდე შეუმჩნეველი იყო, ცნობიერება არ აღიარებს, არამედ ხშირად მისადმი სრულიად უცხო და დაპირისპირებულია და მყისვე უარიყოფა მის მიერ. შესაბამისად, არაცნობიერისგან თავშესაფრის ძიება იმაში, რაც თითქმის ან სრულიად შეუმჩნეველია, საბოლოოდ მხოლოდ წინასწარ შექმნილი დაჯერებულობის წარმოებულია, რომელიც ფსიქიკურისა და ცნობიერის იგივეობას ერთხელ და სამუდამოდ დადგენილად განიხილავს. – [მთრ. შენ.].
  3. შდრ. „სიამოვნების პრინციპს მიღმა“ (1920). – [ავტ. შენ.].
  4. ეს ჩამოყალიბებული იყო არა მხოლოდ ნაშრომში „სიამოვნების პრინციპს მიღმა“, არამედ უფრო ადრეც, „არაცნობიერში“ (1915). – [მთრ. შენ.].
Scroll to Top