საკუთარ სახელთა დავიწყება

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ზიგმუნდ ფროიდის წიგნიდან: „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“.

1898 წელს ჟურნალში „Monatsschrift für Psychiatrie und Neurologie“ გამოვაქვეყნე მცირე სტატია სათაურით „გულმავიწყობის ფსიქიკური მექანიზმის საკითხისათვის“, რომლის შინაარსს აქ ვიმეორებ და განვიხილავ როგორც საწყის პუნქტს შემდგომი მსჯელობისთვის. მასში მე საკუთარი ცხოვრებიდან აღებულ მაგალითზე დავუქვემდებარე ფსიქოლოგიურ ანალიზს უკიდურესად გავრცელებული მოვლენა საკუთარ სახელთა დროებითი დავიწყებისა, და მივედი დასკვნამდე, რომ ეს საკმაოდ ჩვეულებრივი და პრაქტიკულად არცთუ მნიშვნელოვანი სახეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის – გახსენების უნარის – დარღვევისა, უშვებს განმარტებას, რომელიც საკმაოდ სცდება ჩვეულებრივ შეხედულებათა ფარგლებს.

თუ მეტისმეტად არ ვცდები, ფსიქოლოგი, რომელსაც დაუსვამენ კითხვას, რით აიხსნება ესოდენ გავრცელებული უუნარობა, გაიხსენო არსებითად ნაცნობი სახელი, უმალ იმაზე უბრალო მინიშნებით შემოიფარგლება, რომ საკუთარი სახელები ზოგადად უფრო იოლად გვისხლტება მეხსიერებიდან, ვიდრე ჩვენი მეხსიერების ნებისმიერი სხვა შემადგენელი. ის მოიტანს რიგს მეტად ან ნაკლებად სანდო ვარაუდებისა, რომლებიც საკუთარი სახელების ამ თავისებურ უპირატესობას ასაბუთებს. მაგრამ აზრი სხვა მიზეზობრივი დამოკიდებულების არსებობის შესახებ მისთვის უცხო იქნება.

პირადად ჩემთვის მოცემული ფენომენის მეტი ყურადღებით შესწავლის საბაბი გახდა ცალკეული შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა ყოველთვის არ იყო სახეზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში საკმარისი სიცხადით ვლინდებოდა. ეს ხდებოდა სახელდობრ იმ შემთხვევებში, როდესაც დავიწყებასთან ერთად ადგილი ჰქონდა მცდარ გახსენებას. სუბიექტს, რომელიც მეხსიერებიდან ამოვარდნილი სახელის გახსენებას ცდილობს, თავში განსხვავებული სახელები მოსდის, სახელ-ჩამნაცვლებლები, ხოლო თუ ამ სახელების გაცნობიერება მყისიერად ხდება როგორც მცდარებისა, ისინი მაინც ჯიუტად ბრუნდება აკვიატების სახით. მთელი პროცესი, რომელსაც საძიებელი სახელის აღდგენასთან უნდა მივყავდეთ, თითქოს გადაჩოჩებულია და ერთგვარ ჩანაცვლებასთან მივყავართ.

ვაკვირდები რა ამ მოვლენას, იქიდან გამოვდივარ, რომ გადაჩოჩება სულაც არ წარმოადგენს ფსიქიკური თვითნებობის აქტს, რომ ის, პირიქით, ხორციელდება კანონზომიერ და გამოთვლას დაქვემდებარებულ ფარგლებში. სხვა სიტყვებით, მე ვვარაუდობ, რომ ჩამნაცვლებელი სახელი ან სახელები ერთგვარ, აღმოჩენად დამოკიდებულებაშია საძიებელ სიტყვასთან, და ვფიქრობ, რომ თუ ამ დამოკიდებულების მიგნება მოხერხდება, სახელთა დავიწყების ფენომენსაც მოეფინება შუქი.

იმ მაგალითში, რომელზეც ჩემი ანალიზი ავაგე ზემოაღნიშნულ სტატიაში, დავიწყებული იყო სახელი მხატვრისა, რომელმაც ცნობილი ფრესკები შექმნა იტალიური ქალაქის ორვიეტოს ტაძარში. ნაცვლად საძიებელი სახელისა – „სინიორელი“ – ამეკვიატა ორი სხვა – „ბოტიჩელი“ და „ბოლტრაფიო“; ეს ჩამნაცვლებელი სახელები მყისვე უარვყავი როგორც მცდარი, ხოლო როდესაც მე ნამდვილი სახელი მითხრეს, უმალ და მერყეობის გარეშე ვაღიარე ის. მე შევეცადე დამედგინა, რა სახის გავლენისა და რა ასოციაციური გზების წყალობით განიცადა ამ სახელის აღდგენამ მსგავსი გადაჩოჩება („სინიორელი“-ს ნაცვლად – „ბოტიჩელი“ და „ბოლტრაფიო“), და შემდეგ დასკვნებამდე მივედი:

ა) მიზეზი იმისა, თუ რატომ გასხლტა ჩემი მეხსიერებიდან სახელი „სინიორელი“ არც ამ სახელის თავისებურებაში უნდა ვეძებოთ და არც იმ დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ ხასიათში, რომელშიც უნდა ფიგურირებდეს ის. თავისთავად ეს სახელი ჩემთვის ნაკლებ ცნობილი არ იყო, ვიდრე მისი ერთ-ერთი ჩამნაცვლებელი სახელი („ბოტიჩელი“), და გაცილებით უკეთ, ვიდრე მეორე სახელ-ჩამნაცვლებელი („ბოლტრაფიო“); ამ უკანასკნელის შესახებ მე თითქმის არაფერი ვიცოდი, შესაძლოა მხოლოდ ის, რომ ეს მხატვარი მილანის სკოლას ეკუთვნოდა. რაც შეეხება კავშირს, რომელშიც ეს სახელი იმყოფებოდა, მას არაფრის მთქმელი ხასიათი გააჩნდა და არანაირ ხელჩასაჭიდს არ მაძლევდა საკითხის გასარკვევად: მე ცხენებით მივდიოდი ჩემთვის უცნობ ბატონთან ერთად რაგუზადან (დალმაცია) ჰერცეგოვინაში; ჩვენ იტალიაში მოგზაურობის შესახებ ავლაპარაკდით და მე ვკითხე ჩემს თანამგზავრს, თუ იყო ნამყოფი ორვიეტოში და თუ ჰქონდა ნანახი ცნობილი ფრესკები… NN.

ბ) ჩემი მეხსიერებიდან თემის გაუჩინარების განმარტება მე მხოლოდ მას შემდეგ შევძელი, რაც აღვიდგინე თემა, რომელიც უშუალოდ უსწრებდა მოცემულ საუბარს. მაშინ კი მთელი ეს ფენომენი ჩემ წინაშე წარმოდგა როგორც ამ წინამორბედი თემის შემოჭრა შემდგომი საუბრის თემაში და ამ უკანასკნელის დარღვევა. უშუალოდ მანამ, სანამ ჩემს თანამგზავრს ორვიეტოში ყოფნის შესახებ ვკითხავდი, მე მას ვესაუბრებოდი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მცხოვრები თურქების ადათ-წესების შესახებ. ჩემი ერთი კოლეგის მონათხრობის საფუძველზე, რომელსაც იმ მხარეში ჰქონდა პრაქტიკა, მე მას მოვუყევი, თუ როგორი ღრმა ნდობა აქვთ მათ ექიმის მიმართ და რაოდენი მორჩილებით იხრიან ქედს ბედისწერის წინაშე. როდესაც მათ აუწყებ, რომ ავადმყოფი უიმედოა, ისინი გპასუხობენ: „ბატონო (Herr), რა სალაპარაკოა? ვიცი, მისი გადარჩენა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, შენ მას გადაარჩენდი“. აქ, ამ საუბარში, ჩვენ უკვე ვხვდებით ასეთ სიტყვებსა და სახელებს – „ბოსნია“, „ჰერცეგოვინა“ (Herzegowina), Herr (ბატონი), რომლებიც ასოციაციურ ჯაჭვში ჩაბმას ექვემდებარება, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს სახელებს „Signorelli“ (Signor – ბატონი), „ბოტიჩელი“ და „ბოლტრაფიო“.

ბ) ვთვლი, რომ ბოსნიელი თურქების ადათების შესახებ საუბარმა შეძლო შემდეგი აზრის მდინარების შეცვლა იმის წყალობით, რომ მე მისგან ყურადღება მანამ გადავიტანე, სანამ ბოლომდე გავიაზრებდი. საქმე იმაშია, რომ ჩემი თანამგზავრისთვის მსურდა კიდევ ერთი ამბავი მომეთხრო, რომელიც ჩემს მეხსიერებაში პირველს უკავშირდებოდა. ბოსნიელი თურქები ამქვეყნად ყველაზე მეტად სექსუალურ სიამოვნებას აფასებენ და დაავადებათა შემთხვევაში, რომლებიც მას შეუძლებლად აქცევს, სასოწარკვეთაში ცვივიან, რაც მკვეთრ კონტრასტშია სიკვდილისადმი მათ ფატალურ გულგრილობასთან. ერთ-ერთმა პაციენტმა როგორღაც უთხრა ჩემს კოლეგას: „იცი, ბატონო (Herr), თუ ეს აღარ გაქვს, ცხოვრება ყველანაირ ფასს კარგავს“. მე თავი შევიკავე ამ დამახასიათებელი თვისების შესახებ საუბრისგან, არ მსურდა რა უცხო ადამიანთან ერთგვარად უხერხულ თემას შევხებოდი. მაგრამ იმავე დროს მე კიდევ უფრო მეტი გავაკეთე: ჩემი ყურადღება კიდევ უფრო დავაშორე იმ აზრთა მომდევნო განვითარებას, რომლებიც მზად იყო ჩემს გონებაში წარმოსაქმნელად თემასთან – „სიკვდილი და სექსუალობა“ კავშირში. იმ მომენტში მე ვიმყოფებოდი შთაბეჭდილების ქვეშ ცნობისა, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე, ტრაფუაში (Тгafоi) ყოფნისას მივიღე: ერთ-ერთმა ჩემმა პაციენტმა, რომლის მკურნალობას დიდი ძალისხმევა დავახარჯე, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე განუკურნებელი სქესობრივი დაავადების გამო. მე ზუსტად ვიცი, რომ ჰერცეგოვინაში ჩემი ვიზიტისას ეს სამწუხარო ამბავი და ყველაფერი, რაც მასთან იყო დაკავშირებული, ჩემს ცნობიერებაში არ ამოტივტივებულა. მაგრამ თანხვედრა ბგერებისა Тгafоi-Boltraffio მაიძულებს ვივარაუდო, რომ იმ მომენტში, მიუხედავად იმისა, რომ განზრახ მივმართე ყურადღება სხვა მხარეს, მოცემულმა მოგონებამ მაინც მოახდინა ზემოქმედება.

გ) ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მე უკვე აღარ ძალმიძს ჩემი მეხსიერებიდან სახელ „სინიორელის“ გაუჩინარება უბრალო შემთხვევითობად განვიხილო. მე აქ კონკრეტული მოტივის არსებობა უნდა ვაღიარო. არსებობდა კონკრეტული მოტივები, რომლებმაც ჩემი აზრების (თურქთა ადათების შესახებ) გადმოცემისგან შემაკავებინა თავი, მათვე მიბიძგეს ჩემი ცნობიერებიდან ამ მონათხრობთან დაკავშირებული აზრების გამორიცხვისკენ, რომლებიც, თავის მხრივ, ასოცირებული იყო ტრაფუადან მიღებულ ცნობასთან. ამგვარად, მე რაღაცის დავიწყება მსურდა და განვდევნე ეს რაღაც. რასაკვირველია, მე სრულებით არ მსურდა ორვიეტოელი მხატვრის სახელის დავიწყება, არამედ სრულიად სხვა რამისა, მაგრამ ამ სხვა რამემ მოახერხა ასოციაციურად დაკავშირებოდა ამ სახელს; ამგვარად ჩემი ნებისმიერი აქტი მიზანს ასცდა, და იმ დროს, როდესაც განზრახვით მსურდა ერთი რამის დავიწყება, დავივიწყე, ჩემი ნების წინააღმდეგ, სხვა რამ. გახსენების უსურველობა ერთის წინააღმდეგ იყო მიმართული, გახსენების შეუძლებლობამ სხვაზე იჩინა თავი. რასაკვირველია, უფრო მარტივი იქნებოდა, თუ უსურველობაცა და შეუძლებლობაც ერთსა და იმავე ობიექტზე იჩენდა თავს. ამ თვალსაზრისით ჩამნაცვლებელი სახელები უკვე არცთუ ნებისმიერად წარმომიდგება. ისინი გარკვეული სახის კომპრომისს ქმნის: იმასაც მახსენებს, რისი გახსენებაც მსურდა, და იმასაც, რაც დამავიწყდა; ამგვარად, ისინი გვიჩვენებს, რომ ჩემი განზრახვა რაღაცის დავიწყებისა არც წარმატებით დასრულდა და არც წარუმატებლად.

დ) ერთობ ცხადია ის კავშირი, რომელიც საძიებელ სახელსა და განდევნილ თემას შორის ჩამოყალიბდა („სიკვდილი და სექსუალობა“, მასვე ეკუთვნის სახელები: „ბოსნია“, „ჰერცეგოვინა“ და „ტრაფუა“). შემდეგი სქემა (1898 წლის სტატიიდან) ნათელს მოჰფენს ამ კავშირს:

სახელი „Signorelli“ ორ ნაწილად დაიყო. ბოლო ორი მარცვალი („elli“) უცვლელადაა აღდგენილი ერთ-ერთ სახელ-ჩამნაცვლებელში („Boticelli“), ხოლო პირველი ორი იტალიურიდან გერმანულად თარგმნას დაექვემდებარა („Signor-Herr“) და ამ სახით შეაბიჯა მთელ რიგ შეუღლებებში იმ სიტყვასთან, რომელიც განდევნილ თემაში ფიგურირებდა („Herr“, „Herzegowina“), ამის წყალობით კი აღდგენისათვის დაკარგული აღმოჩნდა. ჩანაცვლება იმგვარად მოხდა, თითქოს გადაჩოჩება მომხდარიყოს სიტყვათშეთანხმების – „ბოსნია და ჰერცეგოვინა“ გასწვრივ, ამასთან, გადაჩოჩებას ადგილი ჰქონდა ამ სიტყვათა აზრისა და ცალკეულ მარცვალთა აკუსტიკური გამიჯვნისგან დამოუკიდებლად. ფრაზის ცალკეული ნაწილები მექანიკურად დაიყო იმის მსგავსად როგორც ეს რებუსის შედგენის დროს ხდება. მთელი ეს პროცესი, რომლის შედეგად სახელი „სინიორელი“ ორი სხვა სახელით ჩანაცვლდა, მთლიანად ცნობიერების გარეთ მიმდინარეობდა. თუ ერთი და იმავე მარცვლების (უფრო სწორედ კი ასოთშეთანხმებების) თანხვედრას არ გავითვალისწინებთ, სხვა არანაირი კავშირი, რომელიც ამ ორ თემას – განდევნილსა და მომდევნოს – გააერთიანებდა, პირველ ხანებში არ აღმოჩენილა.

შესაძლოა ზედმეტი არ იყოს იმის აღნიშვნა, რომ ზემომოტანილი განმარტება არ ეწინააღმდეგება ფსიქოლოგებს შორის გავრცელებულ თვალსაზრისს გახსენებისა და დავიწყების აქტის შესახებ, როგორც ფსიქიკურ ელემენტთა გარკვეული დამოკიდებულებითა და მდებარეობით განპირობებულს. ჩვენ ამ ჩვეულ, დიდი ხნის წინ აღიარებულ მომენტებს ზოგი შემთხვევისთვის მხოლოდ დავუმატეთ კიდევ ერთი მოტივი; გარდა ამისა კი გავარკვიეთ მცდარი გახსენების მექანიზმი. რაც შეეხება იმ „წინასწარგანწყობას“, რომლის შესახებაა ჩვეულებრივ საუბარი, იგი ჩვენს შემთხვევაშიც აუცილებელია, რადგან სხვაგვარად განდევნილი ელემენტი საერთოდ ვერ შეძლებდა ასოციაციური კავშირის დამყარებას საძიებელ სახელთან და ამგვარად მის მოქცევას განსადევნის წრეში. შესაძლოა საუბარი რომ რომელიმე სხვა სახელის შესახებ ყოფილიყო, რომელიც მეტად მოსახერხებელი იქნებოდა გასახსენებლად, ამ მოვლენას არც კი ჰქონოდა ადგილი. რადგან სავსებით სავარაუდოა, რომ დათრგუნული ელემენტი გამუდმებით გარეთ მიისწრაფვის რაიმე სხვა გზით, მაგრამ ამას მხოლოდ იქ ახერხებს, სადაც საამისოდ კეთილსასურველი პირობებია. მეორე მხრივ, დათრგუნვა შესაძლოა მოხდეს ფუნქციონალური დარღვევის გარეშეც, ანუ, როგორც ჩვენ სრული უფლებით ვამბობთ, სიმპტომთა გარეშე.

ყველა იმ პირობის გაერთიანებით, რომლის დროს ადგილი აქვს სახელების დავიწყებასა და მცდარ გახსენებას, ჩვენ ვიღებთ: 1) გარკვეულ წინასწარგანწყობას, რომელიც კეთილსასურველია დავიწყებისთვის; 2) მანამდე მცირე ხნით ადრე მომხდარ დათრგუნვას და 3) შესაძლებლობას, გარეშე ასოციაციური კავშირი იქნეს დამყარებული შესაბამის სახელსა და დათრგუნულ ელემენტს შორის. თუმცა ამ უკანასკნელ პირობას რთულად თუ მივანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან მოთხოვნები, რომლებიც ასოციაციური კავშირისთვისაა წაყენებული, იმდენად მცირეა, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში მათი დადგენა შესაძლებელია. სხვა საკითხი – და გაცილებით უფრო ღრმა საკითხი – ესაა: მართლაც საკმარისია თუ არა ერთი გარეშე ასოციაცია იმისათვის, რომ განდევნილმა ელემენტმა შეძლოს ხელი შეუშალოს საძიებელი სახელის აღდგენას, და ხომ არ არის საჭირო სხვა, ორ თემას შორის მეტად ინტიმური კავშირი. ზედაპირული დაკვირვებისას ეს უკანასკნელი მოთხოვნა ზედმეტად გვეჩვენება და უბრალო მომიჯნავეობა დროში, რომელიც შინაგან კავშირს არ გულისხმობს, საკმარისად მიგვაჩნია. თუმცა უფრო გულდასმითი შესწავლისას სულ უფრო ხშირად ირკვევა, რომ გარეშე ასოციაციით დაკავშირებული ელემენტები ასევე ფლობს გარკვეულ კავშირს თავისი შინაარსითაც, რისი აღმოჩენა ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება სახელთან სინიორელი მიმართებით.

ღირებულება დასკვნებისა, რომლებთანაც ჩვენი ანალიზის შედეგად მივედით, რასაკვირველია, იმაზეა დამოკიდებული, წარმოადგენს თუ არა მოცემული მაგალითი („სინიორელი“) ტიპურსა თუ ცალკეულს. მე, ჩემი მხრივ, ვამტკიცებ, რომ სახელთა დავიწყებისა და მცდარი გახსენების პროცესი გამუდმებით მიმდინარეობს ჩვენ გარშემო ზუსტად ისე, როგორც მოცემულ შემთხვევაში. თითქმის ყოველთვის, როდესაც მე მეძლეოდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი ამ მოვლენას საკუთარ თავზე, მისი ახსნა სწორედ ამ გზით შემეძლო: როგორც აქტისა, რომელიც განდევნითაა მოტივირებული. კიდევ ერთი შეხედულება უნდა მოვიხმო, რომელიც ჩვენი დაკვირვების ტიპურ ხასიათს ადასტურებს. ვფიქრობ, არ გვაქვს საფუძველი, პრინციპულად განვასხვაოთ დავიწყების ის შემთხვევები, რომლებიც სახელთა მცდარ აღდგენასთანაა დაკავშირებული, და უბრალო დავიწყების შემთხვევები, რომელსაც თან არ ახლავს ჩამნაცვლებელი სახელები. რიგ შემთხვევებში ეს ჩამნაცვლებელი სახელები თვითნებურად ამოტივტივდება ხოლმე; სხვა შემთხვევებში მათი მოხმობა ყურადღების დაძაბვით შეიძლება, ასეთ დროს კი ისინი განდევნილ ელემენტსა და საძიებელ სახელს შორის იმგვარივე კავშირს ამჟღავნებს, როგორც სპონტანური წარმოქმნისას. ამოტივტივებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ორ მომენტს აქვს: ერთი მხრივ, ყურადღების გამახვილებას, მეორე მხრივ კი, ერთგვარ შინაგან პირობას, რომელიც უკვე თვით ფსიქიკური მასალის თვისებებთანაა კავშირში: ეს შესაძლოა იყოს სიმსუბუქის ის ხარისხი, რომლითაც ორივე ელემენტს შორის შინაგანი ასოციაცია წარმოიქმნება. ამგვარად, მარტივი დავიწყების (ჩამნაცვლებელ სახელთა გარეშე) შემთხვევათა უმრავლესობა შეგვიძლია იმავე რიგში ჩავრთოთ, რომლისთვისაც „სინიორელის“ მაგალითია ტიპური. ვფიქრობ, საკმარისად ფრთხილად მოვიქცევი, თუ დაკვირვებათა რეზიუმეს სახით ვიტყვი: საკუთარ სახელთა ჩვეულებრივ დავიწყებასთან ერთად გვხვდება შემთხვევები გულმავიწყობისა, რომლებიც დათრგუნვითაა მოტივირებული.

Scroll to Top