ერთ-ერთი თავი სვამი ვივეკანანდას წიგნიდან: „მედიტაცია და მისი მეთოდები“.
მედიტაციას ხაზს უსვამს ყველა რელიგია. გონების მედიტაციის მდგომარეობას იოგები აცხადებენ უმაღლეს მდგომარეობად, რომელშიც გონება არსებობს. როდესაც გონება შეისწავლის გარე ობიექტს, მასთან იგივდება, კარგავს საკუთარ თავს. ძველი ინდოელი ფილოსოფოსის შედარება რომ გამოვიყენოთ: ადამიანის სული ბროლის ნატეხს ჰგავს, მაგრამ ის იღებს იმის ფერს, რაც მის ახლოსაა. სულმა უნდა მიიღოს იმისი ფერი, რასაც შეეხება… ეს არის სირთულე. ეს არის მონობა. ფერი იმდენად ძლიერია, რომ ბროლი საკუთარ თავს ივიწყებს და იმ ფერთან იგივდება. დავუშვათ, წითელი ყვავილი არის ბროლთან ახლოს და კრისტალი იღებს ამ ფერს და თავს ივიწყებს, ფიქრობს, რომ წითელია. ჩვენ სხეულის ფერი მივიღეთ და დავივიწყეთ, რანი ვართ. ყველა სირთულე, რაც ამას მოჰყვება, გამომდინარეობს ამ ერთი მკვდარი სხეულიდან. ჩვენი შიშები, ყველა საზრუნავი, შფოთვა, უბედურებები, შეცდომები, სისუსტეები, ბოროტებანი ეჯახება ერთ დიდ შეცდომას – იმ რწმენას, რომ ჩვენ სხეულები ვართ. ჩვეულებრივი ადამიანი იღებს უახლოესი ყვავილის ფერს. ჩვენ იმაზე მეტად არ ვართ სხეულები, ვიდრე ბროლია წითელი ყვავილი.
მიმდინარეობს მედიტაცია. ბროლმა იცის, რა არის, იღებს საკუთარ ფერს. სწორედ მედიტაცია გვაახლოებს ჭეშმარიტებასთან უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერი. …
ინდოეთში ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ინგლისურად ამბობენ: „How do you do?“ (ანუ როგორ ხარ?). ინდური მისალმებაა: „საკუთარ თავზე ამაღლებული ხარ?“ მაშინ, როდესაც სხვა რამეზე ამაღლდები, შესაძლოა, გაუბედურდეთ. სწორედ ამას ვგულისხმობ მედიტაციაში – სული ცდილობს, ამაღლდეს საკუთარ თავზე. ეს მდგომარეობა, უდავოდ, სულის ყველაზე ჯანსაღი მდგომარეობაა, როცა ის ნეტარებით აღვსილი ფიქრობს თავზე.
არა, ჩვენი ყველა სხვა მეთოდი – ამაღელვებელი ემოციების, ლოცვების და ამ ყველაფრის მეშვეობით – ნამდვილად ამ საბოლოო მიზნისკენ ისწრაფის. აგზნებული სული ცდილობს საკუთარ თავზე ამაღლებას. მიუხედავად იმისა, რომ ემოცია შეიძლება მომდინარეობდეს რაიმე გარეგანიდან, გონება კონცენტრირებულია.
მედიტაციაში სამი ეტაპია. პირველს ეწოდება [დჰარანა] – გონების კონცენტრირება ობიექტზე. ვცდილობ ჩემი გონება ამ ჭიქას მივაპყრო, გონებიდან ყველა სხვა საგანს განვდევნი ამ ჭიქის გარდა. მაგრამ, გონება შფოთავს… როცა ძლიერდება და ასე ძლიერ აღარ მერყეობს, ამას ეწოდება [დჰიანა], მედიტაცია. და მაშინ, ჩნდება უფრო მაღალი მდგომარეობა, როდესაც იკარგება განსხვავება მინასა და ჩემს შორის – [სამადჰი ანუ შთანთქმა]. გონება და ჭიქა ერთმანეთს ემსგავსება. ვერანაირ განსხვავებას ვეღარ ვხედავ. ყველა გრძნობა ჩერდება და ყველა ენერგია, რომელიც სხვა გრძნობების სხვა არხებით მოქმედებდა, [გონებაშია ფოკუსირებული]. მაშინ ეს ჭიქა მთლიანად გონებას ემორჩილება.
საჭიროა ამის გაცნობიერება. ეს არის უზარმაზარი პიესა, რომელსაც იოგები თამაშობენ. … თავისთავად ცხადად მიიჩნიეთ, რომ გარეგანი ობიექტი არსებობს. მაშინ ჩვენს გარეთ მყოფი რამ ნამდვილად არ არის ის, რასაც ვხედავთ. ჭიქა, რომელსაც ვხედავ, რა თქმა უნდა, არ არის გარეგანი ობიექტი. იმ გარე ჭიქას არ ვიცნობ და ვერც ვერასოდეს შევიცნობ. რაღაც ახდენს შთაბეჭდილებას ჩემზე. მაშინვე ვგზავნი რეაქციას მისკენ და ჭიქა ამ ორივეს შერწყმის შედეგია. მოქმედება გარედან – X. მოქმედება შიგნიდან – Y. მინა არის XY. როდესაც უყურებთ X-ს, უწოდეთ მას გარე სამყარო, Y-ს კი – შიდა სამყარო… თუ ცდილობთ, განასხვავოთ თქვენი გონება და სამყარო – ასეთი განსხვავება არ არსებობს. სამყარო არის თქვენი და სხვა რაღაცის კომბინაცია.
…ავიღოთ სხვა მაგალითი. ტბის გლუვ ზედაპირზე ქვებს ისვრით. ყოველ ჩაგდებულ ქვას მოჰყვება რეაქცია. ის ტბაში პატარა ტალღებით იფარება. ზუსტად ასევე, გარეგანი საგნები ჰგავს გონების ტბაში ჩავარდნილ ქვებს. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ გარეგანს…; ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ტალღას. … ამ, გონებაში აღმოცენებულმა ტალღებმა, ბევრი რამ გამოიწვია გარეთ. ჩვენ არ განვიხილავთ იდეალიზმისა და რეალიზმის [ღირსებებს]. თავისთავად ცხადად მიგვაჩნია, რომ საგნები არსებობს გარეთ, მაგრამ ის, რასაც ვხედავთ, განსხვავდება გარეთ არსებული საგნებისგან, რადგან ვხედავთ იმას, რაც არსებობს გარეთ, და მასთან ერთად – საკუთარ თავს. დავუშვათ, ჭიქას მოვაკლებ ჩემს წვლილს. რა დარჩება? თითქმის არაფერი. ჭიქა გაქრება. თუ გამოვრიცხავ ჩემს წვლილს მაგიდიდან, რა დარჩება მაგიდიდან? რა თქმა უნდა, არა ეს მაგიდა, რადგან ის იყო გარეგანისა და ჩემი წვლილის ნაზავი. საწყალი ტბა იძულებულია, ტალღა გამოისროლოს ქვისკენ ნებისმიერ დროს, როცა მასში [ქვას] აგდებენ.
გონებამ უნდა შექმნას ტალღა ნებისმიერი შეგრძნების მიმართ. დავუშვათ, … შეგვიძლია გონების შეკავება. ერთბაშად ბატონებად ვიქცევით. უარს ვამბობთ ყველა ამ ფენომენში ჩვენს მონაწილეობაზე… თუ არ შევიტან წვლილს, ეს უნდა შეწყდეს. მუდამ თვითონ ქმნით ამ მონობას. როგორ? თქვენი წვლილის შეტანით. ყველანი ვაწყობთ ჩვენს საწოლებს, ვჭედავთ საკუთარ ჯაჭვებს. … როცა შეწყდება გაიგივება ამ გარე ობიექტსა და ჩემს თავს შორის, მაშინ შევძლებ ჩემი წვლილის მოკლებას, და ეს ნივთი გაქრება.
მერე ვიტყვი: „აი, ეს ჭიქა“, სხვა რამეზე გადავიტან გონებას და ის გაქრება… თუ ძალგიძთ თქვენი წვლილის ამოღება, წყალზე გავლასაც შეძლებთ. რატომღა უნდა დაგახრჩოს? რაღას დაგიშავებთ? აღარ არის სირთულეები. ბუნების ყველა ფენომენში თქვენ შეგაქვთ მინიმუმ ნახევარი წვლილი, თავად ბუნებას კი – მეორე ნახევარი. თუ თქვენი ნახევარი ამოღებულია, ეს უნდა შეწყდეს.
… ყველა ქმედებას მოსდევს შესაბამისი საპასუხო ქმედება. … თუ კაცი დამარტყამს და დამჭრის, ეს იქნება მისი ქმედებები და ჩემი სხეულის რეაქცია. … დავუშვათ, იმდენად ვფლობ სხეულს, რომ შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო თუნდაც იმ ავტომატურ ქმედებას. შესაძლებელია ასეთი ძალაუფლების მიღწევა? წიგნებში ნათქვამია, რომ შესაძლებელია. … თუ ანაზდად მოხდება [ასე], ეს სასწაულია. თუ ამას მეცნიერულად შეისწავლით, ეს არის იოგა.
მე მინახავს გონების ძალით განკურნებული ადამიანები. არსებობენ სასწაულმოქმედები. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ლოცულობს და ადამიანი იკურნება. სხვა ვინმე კი იტყვის: „სულაც არა, მხოლოდ გონების ძალით განიკურნა. ეს ადამიანი მეცნიერია. იცის, რაზე ამბობს“.
მედიტაციის ენერგია გვაძლევს ყველაფერს. თუ გსურთ გაბატონდეთ ბუნებაზე, [შეგიძლიათ ეს მოახერხოთ მედიტაციის საშუალებით]. ამჟამად, მედიტაციის ენერგიის მეშვეობით აღმოაჩენენ ყველა სამეცნიერო ფაქტს. ისინი სწავლობენ საგანს და ივიწყებენ ყველაფერს, საკუთარ ვინაობასაც კი, შემდეგ კი დიადი მიგნება გაიელვებს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის შთაგონება. შთაგონება არ არის იმაზე მეტი, ვიდრე ამოსუნთქვა; არასოდეს არავის არაფრისთვის მიუღწევია არაფრის სანაცვლოდ.
უმაღლესი ე.წ. შთაგონება იყო იესოს მოღვაწეობა. მრავალი საუკუნის განმავლობაში იგი ბევრს მოღვაწეობდა წინა სიცოცხლეებში. ეს იყო მისი ადრინდელი შრომის შედეგი – დაძაბული ჯაფისა. … სულ სისულელეა შთაგონებაზე საუბარი. ასე რომ ყოფილიყო, წვიმასავით მოვიდოდა. შთაგონებული ადამიანები აზროვნების ნებისმიერი მიმართულებით მხოლოდ იმ ერებში მოდიან, რომელთაც აქვთ ზოგადი განათლება და [კულტურა]. შთაგონება არ არსებობს. … ყველაფერი, რასაც შთაგონებად ასაღებენ, არის შედეგი, რომელიც გამომდინარეობს გონებაში უკვე არსებული მიზეზებიდან. ერთხელაც გაელვებად მოდის შედეგი! მათი წარსული შრომა იყო [მიზეზი].
აგრეთვე, ამაში ჩანს მედიტაციის ენერგია – აზროვნების ინტენსივობა. ეს ადამიანები თავიანთ სულებს იფორიაქებენ. დიადი ჭეშმარიტებანი ზედაპირზე ამოდის და ვლინდება. ამიტომ, მედიტაციის პრაქტიკა შეცნობის უდიდესი სამეცნიერო მეთოდია. არ არსებობს ცოდნა მედიტაციის ზემოქმედების გარეშე. მხოლოდ დროებით შეგვიძლია განვიკურნოთ მედიტაციით უცოდინრობისგან, ცრურწმენისგან და ა.შ. [დავუშვათ] ერთმა კაცმა მითხრა, „თუ ამ შხამს დალევ, მოკვდები!“, ღამით კი სხვა კაცი მოდის და მეუბნება: „წადი, დალიე საწამლავი!“ და მე არ ვკვდები, [აი, რა ხდება:] ჩემმა გონებამ მედიტაციისგან ამოჭრა (ამოკვეთა) იდენტურობა საწამლავსა და ჩემს თავს შორის მხოლოდ ამ დროისთვის. თუ სხვა დროს [დავლევ] შხამს – მოვკვდები.
თუ მე ვიცი მიზეზი და მეცნიერულად ავიმაღლებ თავს [მედიტაციის ამ მდგომარეობამდე], ნებისმიერის გადარჩენას შევძლებ. ასე წერია წიგნებში; მაგრამ, თქვენ უნდა შეაფასოთ, ეს რამდენად მართალია. მე მეკითხებიან: „თქვენ, ინდოელები, რატომ არ აღწევთ წარმატებას ასეთ რამეებში? მუდმივად აცხადებთ, რომ ყველა სხვა ადამიანს სჯობნიხართ. იოგას პრაქტიკით ხართ დაკავებული და ამას სხვებზე სწრაფად აკეთებთ. თქვენ უკეთ ხართ მომზადებული. გააკეთეთ ეს! თუ დიდებული ხალხი ხართ, დიდებული სისტემა უნდა გქონდეთ. თქვენ მოგიწევთ, დაემშვიდობოთ ყველა ღმერთს. დაე, მათ იძინონ, სანამ დიდ ფილოსოფოსებს განიხილავთ. თქვენ უბრალო ჩვილები ხართ, ისეთივე ცრუმორწმუნეები, როგორც ყველა დანარჩენი მსოფლიოში. და თქვენი ყველა მისწრაფება წარუმატებელია. თუ გაქვთ პრეტენზია, ადექით და იყავით გაბედული და მთელი სამოთხე, რასაც კი უარსებია, თქვენი იქნება. არსებობს მუშკის ირემი სხეულში სურნელით და მან არ იცის, სად მოდის ეს კეთილსურნელება. შემდეგ, მრავალი დღის შემდეგ, აღმოაჩენს მას საკუთარ თავში. ყველა ეს ღმერთი და დემონი ადამიანებშია. გონების, განათლებისა და კულტურის მეშვეობით გაარკვიე, რომ ეს ყველაფერი შენშია. აღარ არიან ღმერთები და ცრურწმენები. თქვენ გსურთ იყოთ რაციონალურნი, იოგები, ნამდვილად სულიერნი“.
[მე ვპასუხობ: თქვენთანაც] ყველაფერი მატერიალურია. რა არის იმაზე მატერიალური, ვიდრე ტახტზე მჯდარი ღმერთი? თქვენ ზემოდან უყურებთ იმ ღატაკ კაცს, რომელიც თაყვანს სცემს გამოსახულებას. არც თქვენ ხართ უკეთესი. და თქვენ, ოქროს თაყვანისმცემლებო, რანი ხართ? გამოსახულების თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს თავის ღმერთს, რაღაცას, რასაც ხედავს. მაგრამ ამასაც კი არ აკეთებთ. არც სულს ეთაყვანებით და არც რაიმეს, რისი გაგებაც ძალგიძთ. … სიტყვის თაყვანისმცემლებო! „ღმერთი არის სული!“ ღმერთი სულია და მას სულითა და რწმენით უნდა სცეთ თაყვანი. სად ცხოვრობს სული? ხეზე? ღრუბელზე? რას გულისხმობთ იმაში, რომ ღმერთი ჩვენია? თვითონ ხართ სული! ეს არის პირველი ფუნდამენტური რწმენა, რომელიც არასოდეს არ უნდა დათმოთ. მე ვარ სულიერი არსება. ის სულშია. იოგას მთელი ეს უნარები და მედიტაციის ამ სისტემის და ყველაფრის მიზანი მხოლოდ მისი იქ აღმოჩენაა.
რატომ ვამბობ ამ ყველაფერს ახლა? სანამ ადგილმდებარეობას არ განსაზღვრავთ, ვერ ილაპარაკებთ. მას უჩენთ ადგილს ზეცასა და მთელ მსოფლიოში, გარდა მართებული ადგილისა.
მე სული ვარ და ამიტომ, ყველა სულის სული ჩემს სამშვინველში უნდა იყოს.
ვისაც ის სხვაგან ჰგონია, უმეცარია. ამიტომ, ის აქ, ამ სამოთხეში უნდა ვეძებოთ; მთელი სამოთხე, რომელსაც ოდესმე უარსებია, [ჩემშია]. ის ბრძენები, ვინც ეს იციან, მზერას შიგნით მიმართავენ და ყველა სულის სულს მიაგნებენ საკუთარ სულში. ეს არის მედიტაციის სფერო. შეიტყვეთ სიმართლე ღმერთისა და თქვენი სულის შესახებ და ამით მიაღწიეთ განთავისუფლებას. … ყველანი მიისწრაფით სიცოცხლისკენ, ჩვენ კი ვხვდებით, რომ ეს სისულელეა. არის რაღაც თვით სიცოცხლეზე ბევრად უფრო ამაღლებული. ეს ცხოვრება არასრულფასოვანია, მატერიალურია.
და საერთოდ, რატომ უნდა ვიცხოვრო? მე რაღაც უფრო აღმატებული ვარ, ვიდრე სიცოცხლეა. ცხოვრება ყოველთვის მონობაა. ჩვენ ყოველთვის ვიბნევით. … ყველაფერი მონობის უწყვეტი ჯაჭვია. რაღაცას იღებ და ვერავინ გასწავლის სხვას. სწორედ გამოცდილებით [ვსწავლობთ]. … იმ ახალგაზრდას ვერავინ დაარწმუნებს, რომ ცხოვრებაში რაიმე სირთულე შეხვდება. მოხუცს კი ვერ დაარწმუნებთ, რომ ცხოვრებაში დაბრკოლება არ არსებობს. მას დიდი გამოცდილება აქვს. ამაშია განსხვავება.
ეს ყველაფერი მედიტაციის ძალით უნდა ვაკონტროლოთ, ეტაპობრივად. ფილოსოფიურად ვიხილეთ, რომ ყველა ეს დანაწევრება – სული, გონება, მატერია და ა.შ. – [რეალურად] არ არსებობს. … ერთადერთი რამ არსებობს. შეუძლებელია, ბევრი იყოს. სწორედ ეს იგულისხმება მეცნიერებასა და ცოდნაში. უმეცრება მრავალმხრივ ხედავს. ცოდნა აცნობიერებს ერთ რამეს. … ბევრის დაყვანა ერთამდე მეცნიერებაა. … მთელი სამყარო ვლინდება, როგორც ერთი მთლიანი. ამ მეცნიერებას ვედანტას მეცნიერება ეწოდება. მთელი სამყარო ერთიანია. ეს ერთადერთი აღწევს ამ მოჩვენებით მრავალფეროვნებაში…
ახლა გვაქვს ყველა ეს ვარიაცია და ვხედავთ მათ – მათ ვუწოდებთ ხუთ ელემენტს: მყარს, თხევადს, აირისებრს, მანათობელს და ეთერულს. ამის შემდეგ, არსებობის მდგომარეობა გონებრივია და ამ სულიერის მიღმაა.
არა, სული კი არ არის ერთი რამ, გონება – სხვა რამე, ეთერი კი – სხვა და ა.შ. ეს ერთადერთი არსებობაა, რომელიც ჩნდება ყველა ამ ვარიაციებში. უკან დასაბრუნებლად, მყარი უნდა გახდეს თხევადი. როგორც [განვითარდნენ ელემენტები], ისევე უნდა დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას. მყარი გახდება თხევადი, ეთერირებული.
ეს არის მაკროკოსმოსის და უნივერსალურის იდეა. არსებობს გარე სამყარო და უნივერსალური სული, გონი, ეთერი, გაზი, ნათელი, თხევადი, მყარი. ასევეა გონებასთან დაკავშირებით. მე ზუსტად იგივე ვარ მიკროსამყაროში. მე ვარ სული; მე ვარ გონება; მე ვარ ეთერი, მყარი, თხევადი, აირი. მე მსურს, ჩემს სულიერ მდგომარეობას დავუბრუნდე. ადამიანმა უნდა იცხოვროს სამყაროს ცხოვრებით ერთ ხანმოკლე სიცოცხლეში. ამრიგად, ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი ამ ცხოვრებაში. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მას ექნება ენერგია, იცხოვროს მთელი ცხოვრების განმავლობაში. …
ჩვენ ყველანი ვიბრძვით. … თუ აბსოლუტს ვერ მივაღწევთ, სადღაც მაინც ხომ მივალთ და უკეთ ვიქნებით ახლანდელთან შედარებით.
მედიტაცია მდგომარეობს ამ პრაქტიკაში: [ყოველი ნივთი განზავდება საბოლოო რეალობაში – სულში]. მყარი დნება და იქცევა თხევადად, ეს – გაზად, გაზი – ეთერად, შემდეგ – გონებად, გონება კი დადნება. ყველაფერი სულია.
ზოგი იოგი ამტკიცებს, რომ ეს სხეული გახდება თხევადი და ა.შ. ამტკიცებენ, რომ შეძლებთ, მას ნებისმიერი რამ გაუკეთოთ – შეამციროთ იგი, ან გაზივით გაუშვათ ამ კედლის გამჭოლ. არ ვიცი. მე არასოდეს მინახავს, ვინმეს ეს გაეკეთებინოს, მაგრამ ეს წერია წიგნებში. ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ არ დავუჯეროთ წიგნებს. შესაძლოა, ზოგიერთმა ჩვენგანმა შეძლოს ამის გაკეთება ამ ცხოვრებაში. ეს გამონათებასავით მოდის ჩვენი წარსული მუშაობის შედეგად. ვინ იცის, მაგრამ აქ არიან ძველი იოგები, რომელთაც სულ ცოტაღა დარჩათ გასაკეთებელი მთელი სამუშაოს დასასრულებლად. ივარჯიშეთ ამაში!
მედიტაცია, მოგეხსენებათ, წარმოსახვის პროცესის წყალობით მოდის. თქვენ გაივლით ელემენტების განწმენდის ყველა ამ პროცესს – ერთს გადაადნობთ მეორედ, მერე მეორეს – უფრო ამაღლებულად, ამას – გონებად, მერე მას – სულად და შემდეგ სულად იქცევით.
სული მუდამ თავისუფალია, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე. რა თქმა უნდა, ღვთის წყალობით. ბევრი ღმერთი ვერ იარსებებს. ეს განთავისუფლებული სულები საოცრად ძლევამოსილნი არიან, თითქმის ყოვლისშემძლენი. [მაგრამ] ვერავინ არის ღმერთივით ყოვლისშემძლე. ერთმა [განთავისუფლებულმა სულმა] რომ თქვას: „ამ პლანეტას ამ გზით წავიყვან“, მეორემ კი – „მე სხვა გზით წავიყვანო“, [ეს დაბნეულობას გამოიწვევდა].
ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას! ინგლისურად იმიტომ ვამბობ: „მე ვარ ღმერთი!“, რომ უკეთესი სიტყვა არ მაქვს. სანსკრიტზე ღმერთი ნიშნავს აბსოლუტურ არსებობას, ცოდნას და სიბრძნეს, უსასრულო თვით-მანათობელ ცნობიერებას. ადამიანს არ ნიშნავს. ეს უპიროვნოა.
…მე არასოდეს ვარ რამა [არასდროს ვარ ერთიანი იშვარასთან, ღმერთის პიროვნულ ასპექტთან], მაგრამ მე ვარ [ერთიანი ბრაჰმანთან, უპიროვნო, ყოვლისმომცველ არსებობასთან]. აი, თიხის უზარმაზარი მასა. ამ თიხისგან მე გავაკეთე პატარა [თაგვი], შენ კი – პატარა [სპილო]. ორივე თიხისგანაა. თუ დაადნობ ორივეს, ისინი არსებითად ერთი იქნება.
„მე და მამაჩემი ერთნი ვართ“. [მაგრამ თიხის თაგვი ვერასოდეს იქნება ერთი მთლიანი თიხის სპილოსთან.]. სადმე ვჩერდები; ცოტაოდენი რამ ვიცი, თქვენ – ცოტა მეტი; სადმე გაჩერდებით. არსებობს ერთი სული, რომელიც ყველაზე დიადია. ეს არის იშვარა, იოგას უფალი [ღმერთი, როგორც შემოქმედი, თავისი თვისებებით]. ის არის ინდივიდუალური. ის ყოვლისშემძლეა. ის ყველას გულში სუფევს. ის არ არის სხეული. მას არ სჭირდება სხეული. ყველაფერს, რასაც მიიღებთ მედიტაციის პრაქტიკით და ა.შ., შეგიძლიათ მიიღოთ იშვარაზე, იოგების უფალზე მედიტაციით. …
იგივეს მიაღწევთ დიად სულზე ან სიცოცხლის ჰარმონიაზე მედიტირებით. მათ ობიექტურ მედიტაციებს უწოდებენ. ასე რომ, თქვენ იწყებთ მედიტაციას გარე, ობიექტურ საგნებზე, გარეთ ან შიგნით. თუ გრძელ წინადადებას შეარჩევთ, ეს საერთოდ არ იქნება მედიტაცია. ეს, უბრალოდ, გონების მოკრების მცდელობაა გამეორებით. მედიტაცია ნიშნავს გონების მიმართვას საკუთარი თავისკენ. გონება აჩერებს [აზრის ყველა ტალღას] და სამყარო ჩერდება. თქვენი ცნობიერება ფართოვდება. ყოველი მედიტაციის დროს ინარჩუნებთ ზრდას. … თანდათან მეტი და მეტი იმუშავეთ და მოვა მედიტაცია. არც სხეულს იგრძნობთ და არც სხვა რამეს. ერთი საათის შემდეგ რომ გამოხვალთ, იგრძნობთ, რომ ყველაზე მშვენივრად დაგისვენიათ ცხოვრებაში.
მხოლოდ ამ ერთადერთი საშუალებით ასვენებთ თქვენს სისტემას. ყველაზე ღრმა ძილის შედეგადაც კი ვერ დაისვენებთ ასე. გონება ღრმა ძილშიც კი აგრძელებს ბორგვას. თქვენი ტვინი მხოლოდ იმ რამდენიმე წუთში [მედიტაციის დროს] თითქმის ჩერდება. მხოლოდ ცოტაოდენი სიცოცხლისუნარიანობა ნარჩუნდება. სხეულს ივიწყებთ. შესაძლოა, ნაჭრებად რომ დაგჭრან, საერთოდ ვერ იგრძნოთ. ასეთ სიამოვნებას გრძნობთ ამ დროს. საოცრად მსუბუქი ხდებით. ასე სრულყოფილად ვისვენებთ მედიტაციის დროს.
ახლა გიამბობთ მედიტაციაზე სხვადასხვა ობიექტებზე. არსებობს მედიტაციები ხერხემლის სხვადასხვა ცენტრზე. [იოგების მიხედვით, ზურგის სვეტში არის ორი ნერვი, სახელად იდა და პინგალა. ამ მთავარი არხების საშუალებით მოძრაობს აფერენტული და ეფერენტული დინებები.]. ღრუ [არხი სახელად სუშუმნა] გადის ხერხემლის შუაგულში. იოგები ამტკიცებენ, რომ ეს ზოლი დახურულია, მაგრამ მედიტაციის ძალით ის უნდა გაიხსნას. ენერგია უნდა გაიგზავნოს ქვემოთ [ხერხემლის ძირისკენ] და კუნდალინი ამოვა. სამყარო შეიცვლება. …
ათასობით ღვთაებრივი არსება დგას თქვენს გარშემო. მათ ვერ ხედავთ, რადგან ჩვენი სამყარო განისაზღვრება ჩვენი გრძნობებით. ამის ნახვა მხოლოდ გარედან შეგვიძლია. ვუწოდოთ მას X. ამ X-ს ვხედავთ ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის შესაბამისად. ავიღოთ გარეთ მდგარი ხე. მოვიდა ქურდი და რა მოეჩვენა ღეროს ნაცვლად? პოლიციელი. ბავშვმა უზარმაზარი მოჩვენება დაინახა. ჭაბუკი ელოდა თავის მიჯნურს და რა ნახა? თავისი საყვარელი. მაგრამ ხის ღერო არ შეცვლილა. იგივე დარჩა. ეს არის თვით ღმერთი და ჩვენი სისულელით ვხედავთ მას ადამიანად, მტვრად, მუნჯად, საბრალოდ.
ისინი, ვინც მსგავსად არიან შექმნილნი, ბუნებრივად გაერთიანდებიან და იცხოვრებენ იმავე სამყაროში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენ იმავე ადგილას ცხოვრობთ. ყველა სამოთხე და ყველა ჯოჯოხეთი სწორედ აქ არის. მაგალითად: აიღეთ დიდი წრიული [სიბრტყეები], რომლებიც ერთმანეთს კვეთენ გარკვეულ წერტილებში. … ამ სიბრტყეზე ერთ წრეში შეგვიძლია შევეხოთ სხვა [წრეს] გარკვეული წერტილით. თუ გონება ცენტრს მიაღწევს, თქვენ იწყებთ გაცნობიერებას ყველა სიბრტყეში. მედიტაციისას ზოგჯერ სხვა სიბრტყეს ეხები და ხედავ სხვა არსებებს, უსხეულო სულებს და ა.შ. იქ მედიტაციის ძალით აღწევთ. ეს ენერგია ცვლის და აუმჯობესებს ჩვენს გრძნობებს. თუ დაიწყებთ მედიტაციას ხუთი დღის განმავლობაში, იგრძნობთ ტკივილს [ცნობიერების] ამ ცენტრებში და სმენაც [უფრო გაფაქიზდება]. …ამიტომ აქვს ყველა ინდურ ღმერთს სამი თვალი. სწორედ ეს არის ფსიქიკური თვალი, რომელიც იხსნება და გიჩვენებთ სულიერ ნივთებს.
როდესაც კუნდალინის ეს ენერგია ხერხემლის ერთი ცენტრიდან მეორესკენ ადის, ის ცვლის გრძნობებს და თქვენ იწყებთ ამ სამყაროს სხვაგვარად ხილვას. ეს სამოთხეა. ლაპარაკი არ შეგიძლიათ. შემდეგ კუნდალინი ქვედა ცენტრებისკენ ეშვება. კვლავ ადამიანი ხართ მანამ, სანამ კუნდალინი ტვინს არ მიაღწევს, ყველა ცენტრის გავლის შემდეგ მთელი ხილვა ქრება და თქვენ ვერაფერს [აღიქვამთ], გარდა ერთი არსებობისა. თქვენ ხართ ღმერთი. ყველა სამოთხეს, ყველა სამყაროს ქმნით მისგან. ის არის ერთადერთი არსებობა. სხვა არაფერი არსებობს.