ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ნიკოლაი ბერდიაევის წიგნიდან: „ყოფიერება, თავისუფლება, ღმერთი“.
მე დეკომრატიისა და სოციალიზმის სულიერი ფუძემდებლური პრინციპები მაინტერესებს და, ამდენად, ჩემი კვლევის საგნად ვხდი არა ნახევრად დემოკრატიისა და ნახევრად სოციალიზმის მრავალფეროვან ფორმებს, არამედ ამ ტიპების ზღვრულ გამოხატულებებს, მათ „იდეას“. დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის არსებობს სხვადასხვა გარდამავალი ფორმები, მათი შეხამება და კომბინაციები. არსებობს უამრავი პარტია, რომლებიც საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატიულს უწოდებს, მაგრამ მართლები იყვნენ ბოლშევიკები, როდესაც გააუქმეს სახელწოდება „სოციალ-დემოკრატიული“ და საკუთარ თავს კომუნისტები უწოდეს, ანუ „კომუნისტურ მანიფესტს“ დაუბრუნდნენ. მარქსი კომუნისტი იყო. ის არ იყო სოციალ-დემოკრატი და არასოდეს ყოფილა დემოკრატი. პათოსი მისი არსებითად ანტიდემოკრატიულია. „მეცნიერული“ სოციალიზმი წარმოიქმნა და ევროპის ხალხების აზრსა და ცხოვრებაში შევიდა არა როგორც დემოკრატიული მოძღვრება. ასევე არადემოკრატიული და ანტიდემოკრატიული იყო სენ-სიმონის უტოპიური სოციალიზმი, რომელიც წარმოადგენდა რეაქციას საფრანგეთის რევოლუციაზე და დიდწილად ჟ. დე მესტრის მოძღვრების სულიერი მონათესავე გახლდათ. დემოკრატია და სოციალიზმი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. რუსი კომუნისტები მართლები არიან ამის მტკიცებისას. ჟორესის ტიპის დემოკრატიული სოციალიზმი, დასაბუთებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის ფარგლებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტ სოციალიზმს. ეს ნახევრად სოციალიზმია, რომელიც არ გამოხატავს სოციალისტურ იდეას. ჩვენი სოციალისტ-რევოლუციონერები და მენშევიკებიც, როგორც ჩანს, მემარცხენე დემოკრატები უფრო არიან, ვიდრე სოციალისტები.
დემოკრატიას ფორმალური ხასიათი აქვს, მან თავად არ იცის საკუთარი არსი და დასამტკიცებელი პრინციპის ფარგლებში არანაირი არსი არ გააჩნია. დემოკრატიას არ სურს იცოდეს, რისთვის ხდება ერის ნების გამოხატვა და არ სურს, ერის ნება რაიმე უმაღლეს მიზანს დაუქვემდებაროს. იმ წუთს, როდესაც დემოკრატია გააცნობიერებს მიზანს, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ერის ნება, იგი მოიხვეჭს ღირსეულ საგანს საკუთარი ნებისთვის და პოზიტიური არსით შეივსება. მან ეს მიზანი, ეს საგანი, ეს არსი თავად ნების გამოხატვის ფორმალურ პრინციპზე მაღლა უნდა დააყენოს, საზოგადოების ფუნდამენტად უნდა აქციოს, მაგრამ დემოკრატიამ იცის ნების გამოხატვის მხოლოდ ფორმალური პრინციპი, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებს და არ სურს, რომ იგი რაიმეს დაუქვემდებაროს. დემოკრატია გულგრილია ერის ნების მიმართულებისა და შინაარსისადმი და არავითარი კრიტერიუმი არ გააჩნია ამ მიმართულების (რომელშიც ერის ნება ცხადდება) ჭეშმარიტებისა თუ სიყალბის დასადგენად ერის ნების ხარისხის განსაზღვრისათვის. ერის მმართველობა უსაგნოა, იგი არ არის მიმართული რაიმე ობიექტისადმი. დემოკრატია გულგრილი რჩება კეთილისა და ბოროტისადმი. იგი ტოლერანტულია, რადგან გულგრილია, რადგან მას დაკარგული აქვს სიმართლის რწმენა, იგი უძლურია აირჩიოს სიმართლე. დემოკრატია სკეპტიკურია. იგი სკეპტიციზმისა და ურწმუნობის საუკუნეში ჩნდება, როდესაც ხალხს დაკარგული აქვს ჭეშმარიტების მყარი კრიტერიუმები და უძლურია აღიაროს რომელიმე აბსოლუტური ჭეშმარიტება. დემოკრატია არის უკიდურესი რელატივიზმი, იგი ყოველივე აბსოლუტურის უარყოფაა. დემოკრატიამ არ იცის ჭეშმარიტება და ამიტომ ჭეშმარიტების გამოაშკარავებას იგი უმრავლესობას ანდობს. რაოდენობის ძალაუფლების აღიარება, საყოველთაო არჩევნების თაყვანისცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჭეშმარიტების არ სწამთ და იგი არ იციან. ის, ვინც იცის ჭეშმარიტება და სწამს მისი, არ აძლევს მას საჯიჯგნად რაოდენობრივ უმრავლესობას. დემოკრატიას საერო ხასიათი აქვს და ის ეწინააღმდეგება მთელ საკრალურ საზოგადოებას, რადგან ფორმალურად იგი უშინაარსო და სკეპტიკურია. ჭეშმარიტება საკრალურია და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული საზოგადოება არ შეიძლება იყოს სეკულარული. სეკულარული დემოკრატია ნიშნავს საზოგადოების ონტოლოგიური საფუძვლებიდან გადახრას, ადამიანთა საზოგადოების გადახრას ჭეშმარიტებისგან. მას სურს პოლიტიკურად იმგვარად მოაწყოს ადამიანთა საზოგადოება, თითქოს ჭეშმარიტება საერთოდ არ არსებობდეს. ეს არის წმინდა დემოკრატიის ძირითადი წინაპირობა; და სწორედ ესაა დემოკრატიის ძირეული სიყალბე. დემოკრატიული იდეის საფუძვლად ადამიანის ჰუმანისტური თვითდამკვიდრება დევს. ადამიანთა საზოგადოებას ადამიანის ნება უნდა ხელმძღვანელობდეს და ყველაფერი უნდა განადგურდეს, რაც ხელს უშლის ადამიანის ამ ნების გამოხატვას და მის საბოლოო ბატონობას. ამით ხდება საზოგადოების სულიერი საფუძვლების უარყოფა, რომლებიც უფრო ღრმად დევს, ვიდრე ადამიანის ნების ფორმალური გამოხატვა, და ამიტომ ინგრევა საზოგადოების მთელი იერარქიული სტრუქტურა. დემოკრატია არის ფსიქოლოგიზმი, რომელიც ყოველგვარ ონტოლოგიზმს უპირისპირდება.
დემოკრატიის წინაპირობა უკიდურესი ოპტიმიზმია. დემოკრატიული საზოგადოების სკეპტიციზმი ოპტიმისტურია და არა პესიმისტური. დემოკრატია არ ვარდება სასოწარკვეთაში ჭეშმარიტების დაკარგვისგან. მას მიაჩნია, რომ უმრავლესობის ნების გამოხატვას, ხმათა მექანიკურ დათვლას ყოველთვის დადებით შედეგამდე მივყავართ. ერის ნების ფორმალურ გამოხატვას გარკვეულ ჭეშმარიტებამდე მივყავართ, ის რაიმე სახის სარგებელს ქმნის. დემოკრატიის საფუძვლად დევს წინაპირობა ადამიანის ბუნების თანდაყოლილი სიკეთისა და კეთილგონიერების შესახებ. დემოკრატიის სულიერი მამა ჟან-ჟაკ რუსო იყო და მისი ოპტიმისტური ხედვა ადამიანის ბუნების შესახებ დემოკრატიულ იდეოლოგიებს გადაეცა. დემოკრატია არ არის მზად იცოდეს ადამიანის ბუნების რადიკალური ბოროტება. იგი თითქოს არ ითვალისწინებს იმას, რომ ერის ნება შესაძლოა ბოროტისკენ იყოს მიმართული, რომ უმრავლესობა შესაძლოა ტყუილისა და სიყალბის მხარეს იდგეს, სიმართლე და ჭეშმარიტება კი მცირე უმრავლესობას დარჩეს. დემოკრატიაში არ არსებობს იმის გარანტია, რომ ერის ნება სიკეთისა და თავისუფლებისკენ იქნება მიმართული და არ ისურვებს გაანადგუროს ყველა სახის თავისუფლება უკვალოდ. საფრანგეთის რევოლუციის დროს რევოლუციურმა დემოკრატიამ, რომელმაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დეკლარაციით დაიწყო, 1793 წელს არანაირი თავისუფლება არ დატოვა, მან თავისუფლება უკვალოდ აღმოფხვრა. ადამიანის ნება, ნება ერისა ბოროტში დევს და, როდესაც ეს თვითდამკვიდრებადი ნება, რომელიც არაფერს ემორჩილება და არ არის გასხივოსნებული, ავტოკრატულად განსაზღვრავს ადამიანთა საზოგადოებების ბედს, იგი ადვილად ხვდება ჭეშმარიტების დევნის, ყველა სიმართლის უარყოფისა და სულის თავისუფლების დაშრეტის გზაზე. დემოკრატია გაჩნდა თავისუფლების პათოსიდან, აღიარებიდან თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებებისა და, შესაბამისად, დემოკრატიის არსს სინდისისა და არჩევანის თავისუფლების დამკვიდრება წარმოადგენს. დემოკრატიის დამცველები იმ ფაქტზე მიუთითებენ, რომ დემოკრატია სულიერად რეფორმაციის ეპოქის ინგლისში დაიბადა რელიგიური საზოგადოებების მიერ სინდისის თავისუფლების დეკლარირებით, მაგრამ თავისუფლების ფორმალურად უშინაარსო და ნეგატიური გაგება საკუთარ თავში შეიცავდა შხამს, რომელიც ანადგურებდა ისტორიულ დემოკრატიებს და მათში სულის თავისუფლების მარცხს ამზადებდა. რუსო სინდისის თავისუფლებას პრინციპულად უარყოფდა. რობესპიერი მას პრაქტიკულად ანადგურებდა. თვითმპყრობელ ერს შეუძლია ძალადობა ერის სინდისზე, შეუძლია ნებისმიერი სახის თავისუფლების წართმევა. ტოკვილი და მილი, რომლებსაც დემოკრატიის მტრებს ვერ ვუწოდებთ, დიდი შეშფოთებით საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც დემოკრატიას ახლავს თან, საფრთხეების შესახებ ადამიანის თავისუფლებისა და ინდივიდუალობისთვის. დემოკრატია მისი ფესვებით ინდივიდუალისტურია, მაგრამ მის ფატალურ დიალექტიკას ანტიინდივიდუალიზმამდე, ადამიანის ინდივიდუალობის ნიველირებამდე მივყავართ. დემოკრატია თავისუფლებისმოყვარეა, მაგრამ იგი არ წარმოიქმნება ადამიანის სულისა და ინდივიდუალობის პატივისცემისგან; ეს არის ჭეშმარიტებისადმი გულგრილთა თავისუფლებისმოყვარეობა. დემოკრატია ფანატიკური მხოლოდ რევოლუციის სტიქიაშია. მშვიდობიან, ჩვეულებრივ ყოფაში მისთვის უცხოა ყველა სახის ფანატიზმი და იგი ათასობით მშვიდობიან და შეუმჩნეველ საშუალებას პოულობს ადამიანის ინდივიდუალობის ნიველირებისა და სულის თავისუფლების ჩასაქრობად. შესაძლოა სულის ჭეშმარიტი თავისუფლება მეტად იმ დროს ვლინდებოდა, როდესაც ინკვიზიციის კოცონები ბობოქრობდა, ვიდრე თანამედროვე ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რესპუბლიკებში, რომლებიც სულსა და რელიგიურ სინდისს უარყოფენ. ფორმალურმა, სკეპტიკურმა თავისუფლებისმოყვარეობამ ბევრი შეძლო ადამიანის ინდივიდუალობის თავისებურების მოსასპობად. დემოკრატია თავისთავად და უცილობლად არ გულისხმობს სულისა და არჩევანის თავისუფლებას, ასეთი თავისუფლება მეტად შეიძლება არადემოკრატიულ საზოგადოებებში ვლინდებოდეს.
დემოკრატია ჩნდება, როდესაც ერის ნების ორგანული ერთიანობა ირღვევა, როდესაც ხდება საზოგადოების ატომიზება, როდესაც კვდება ეროვნული რწმენა, რომელიც ხალხს ერთ მთლიანობად აქცევს. იდეოლოგია, რომელიც ერის ნების უზენაესობასა და ავტოკრატიას აღიარებს, ჩნდება მაშინ, როდესაც ერის ნება უკვე აღარ არსებობს. დემოკრატია არის ადამიანთა საზოგადოებების არსებობის კრიტიკული და არა ორგანული ეპოქის იდეოლოგია. დემოკრატია მიზნად სწორედ ერის დაშლილი ნების აღდგენას ისახავს, მაგრამ ადამიანის პიროვნება მისთვის არის განყენებული ატომი და ამიტომ ადამიანთა გაერთიანების ამოცანა მხოლოდ მექანიკურია. დემოკრატიას მხოლოდ მექანიკურად შეუძლია დააჯამოს ყველას ნება, მაგრამ აქედან საერთო ნების, ერის ორგანული ნების მიღება შეუძლებელია. ერის ორგანული ნება არ შეიძლება გამოხატული იყოს არითმეტიკულად, მისი მიგნება შეუძლებელია ხმათა დათვლით. ეს ნება გვხვდება ერის მთელ ისტორიულ ციკლში, მისი კულტურის ნირში და, უპირველეს ყოვლისა, იგი გამოხატულებას პოულობს ერის რელიგიურ ცხოვრებაში. ორგანული რელიგიური ნიადაგის, რელიგიურ რწმენათა ერთიანობის გარეშე არ არსებობს ერის ერთიანი, საერთო ნება. როდესაც ერის ნება სუსტდება, ეს ერი ატომებად იშლება, ატომებიდან კი შეუძლებელია ერთიანობის აღდგენა. რჩება მხოლოდ უმრავლესობისა და უმცირესობის მექანიკური ჯამი. ადგილი აქვს პარტიათა ბრძოლას, ბრძოლას სოციალურ კლასებს შორის და შედეგად ამ ბრძოლაში იქმნება ტოლქმედი. დემოკრატია სწორედ ამ ბრძოლის ასპარეზია, ინტერესებისა და მიმართულებების შეჯახებაა. მასში ყველაფერი მყიფე და არამდგრადია, არ არსებობს ერთიანობა და სტაბილურობა. ეს მუდმივი გარდამავალი მდგომარეობაა. დემოკრატია ქმნის პარლამენტს, წარმონაქმნთაგან ყველაზე არაორგანულს, პოლიტიკურ პარტიათა დიქტატურის ორგანოს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველაფერს მოკლევადიანი ხასიათი აქვს, ყველაფერი მიისწრაფვის რაღაცისკენ, რაც სცდება დემოკრატიის ფარგლებს. ჭეშმარიტი ონტოლოგიური ყოფა დემოკრატიის მიღმაა. დემოკრატია ზემდეტად ყოვნდება არჩევანის თავისუფლების ფორმალურად უშინაარსო მომენტზე. მონარქისტები და სოციალისტები სხვადასხვა მხრიდან ღრღნიან დემოკრატიულ საზოგადოებათა ყოფას და მოითხოვენ, რომ საბოლოოდ გაკეთდეს არჩევანი, რომ შინაარსი მიგნებულ იქნას. დემოკრატია აღიარებს ერის სუვერენიტეტსა და თვითმპყრობელობას, მაგრამ ხალხს არ ცნობს. დემოკრატიებში არ არის ერი. ადამიანთა ის ამოგლეჯილი თაობა ისტორიული დროის ძალიან მცირე მონაკვეთისა, ხაზგასმით თანამედროვე თაობა, თანაც არასრულად, მხოლოდ მისი ნაწილი, რომელმაც თავი ისტორიული ბედ-იღბლის გამგებლად წარმოიდგინა, არ შეიძლება ერად იქნეს წოდებული. ერი არის დიდი ისტორიული მთლიანობა, მასში შედის ყველა ისტორიული თაობა, არა მხოლოდ არსებული, არამედ გარდაცვლილიც, ჩვენი მამები და პაპები. რუსი ერის ნება არის ნება ათასწლოვანი ერისა, რომელმაც წმ. ვლადიმერის დროს მიიღო ქრისტიანობა, რომელიც აერთიანებდა რუსეთს მოსკოვის დიდი მთავრების დროს, რომელმაც იპოვა გამოსავალი შფოთიანი ეპოქიდან, გაჭრა ფანჯარა ევროპაში პეტრე დიდის დროს, შვა დიადი წმინდანები და მოღვაწეები და პატივს სცემდა მათ, შექმნა დიადი სახელმწიფო და კულტურა და დიადი რუსული ლიტერატურა. ეს არ არის ჩვენი თაობის ნება, რომელიც მოწყვეტილია წინა თაობებს. თანამედროვე თაობის გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, მისი თვითდამკვიდრება და გარდასულ თაობებზე განდიდება არის სწორედ დემოკრატიის ძირეული სიყალბე. ეს არის წყვეტა წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის, ეს არის მარადიულობის უარყოფა, თაყვანისცემა დროის გამანადგურებელი ნაკადისა. რუსეთის ბედის განსაზღვრისას შესმენილ უნდა იქნეს მთელი რუსი ერის ხმა, ყველა მისი თაობისა და არა მხოლოდ არსებულის. ამიტომაც ერის საერთო, ორგანული ნება მოიცავს ისტორიულ გადმოცემებსა და ტრადიციებს, ისტორიულ მეხსიერებას მარადისობაში გადასული თაობების შესახებ. დემოკრატიას არ სურს ამის ცოდნა და ამიტომ იგი არ ცნობს ერის ნებას და ცნობს მხოლოდ ერთი მუჭა თანამედროვეების ნებათა მექანიკურ ჯამს. დემოკრატიის კრიზისი კარგა ხანია დაწყებულია. პირველი იმედგაცრუება საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა, რომელმაც ვერ განახორციელა საკუთარი დაპირებები. უახლესი დემოკრატიები გზაჯვარედინზე დგანან მტანჯველ უმწეობასა და უკმაყოფილებაში. ისინი შიდა უთანხმოებებით არიან გათანგულნი. დემოკრატიულ საზოგადოებებში არაფერია ორგანული და მდგრადი, არაფერს სცხია მარადიულობის სული. ისინი თავისუფლებისმოყვარენი არიან კეთილისა და ბოროტის, სიცრუისა და ჭეშმარიტებისადმი გულგრილობის თვალსაზრისით. ჩნდება ეჭვი საყოველთაო საარჩევნო სამართალთან მიმართებით, რომელიც სრულიად მექანიკურია და ადამიანს განიხილავს, როგორც უთვისებო ატომს. გამოსავალს ეძებენ კორპორაციულ წარმომადგენლობასა და შუასაუკუნეობრივ საამქარო საწყისთან დაბრუნებაში. ასე ფიქრობენ ორგანული ერთიანობის მოპოვებას, სადაც ადამიანი მოგლეჯილი ატომი აღარ იქნება. დემოკრატიაში იმედგაცრუება და მისი კრიზისი დაკავშირებულია მის უშინაარსო და ფორმალურ ხასიათთან. იწყება ერის ნების არსის მტანჯველი ძიება, ძიება ერის ჭეშმარიტი, მართალი, წმინდა ნებისა. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ერის ნება, ანუ ყველას ნება, ფორმალურად იყოს გამოხატული და რაოდენობრივმა უმრავლესობამ განსაზღვროს საზოგადოების ბედი ამ ნების მიმართულების მიხედვით, არამედ ის, თუ საით არის მიმართული ერის ნება, ანუ მნიშვნელოვანია ამ ნების ხარისხი. სოციალიზმი პესიმისტურად აკრიტიკებს დემოკრატიას, ნიღბავს მის უშინაარსობას და კონკრეტულ ხარისხობრივ არსზე გადადის. სოციალიზმმა იცის რჩეული ერი, რომელსაც სოციალური სიმართლის დამკვიდრება სურს, რომელსაც საგნობრივი მიმართულება გააჩნია. სოციალიზმი ამკვიდრებს საწყისს, რომელიც დიამეტრულად ეწინააღმდეგება დემოკრატიას.