გამოცხადება

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ანი ბეზანტის წიგნიდან: „მორალის საფუძვლები“.

აუცილებელია თუ არა, რომ მორალი და რელიგია თანაარსებობდნენ? შესაძლოა ერთი ისწავლებოდეს მეორის გარეშე? – ეს განმანათლებლებისათვის პრაქტიკულ კითხვას წარმოადგენს. ფრანგები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობდნენ იმ თვალსაჩინო კატეხიზმოთი, რომელიც ბოროტების გასახანგრძლივებლად მოგვეცა. განათლების გარდა, მოცემული კითხვა იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებსაც მორალი ემყარება (საფუძველი, რომელზედაც მორალის პრინციპები დგას) – გაუძლებს თუ არა ყველა ცხოვრებისეულ განსაცდელს – მრავალი წელია აქტუალურია, და რომელზედაც პასუხი მაშინ გვექნება, თუ გვეცოდინება მიზეზი, რატომ არის რაიმე სწორი ან არასწორი.

რელიგიები, რომლებიც დაფუძნებულია გამოცხადებაზე, შთაგონებაში პოულობენ საკუთარი მორალის საფუძველს, რაც მათთვის ჭეშმარიტია, რადგან ამ ყველაფერს აღნიშნული გამოცხადების მაუწყებელი ასე მიუთითებთ, ხოლო ის, რაც არასწორია – მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ მისგანაა აკრძალული. ამავდროულად, სწორისა და არასწორის გარჩევა ღმერთის, რშის ან წინასწარმეტყველის მოძღვრების მიხედვით ხდება და თვით ჭეშმარიტება ეფუძნება იმ კანონმდებლის ნებას, რომელიც [წმინდა] წერილშია ნახსენები.

ყველა გამოცხადებას აქვს ორი უარყოფითი მხარე მორალის საფუძველში. ის უძრავი, მუდმივი და, აქედან გამომდინარე, არაპროგრესულია. იმ დროს, როდესაც ადამიანი პროგრესირებს, განვითარების გვიანდელ ეტაპზე აღნიშნულ გამოცხადებაში შთაგონებული მორალი არქაული და შეუსაბამო ხდება. წიგნი უკვე დაწერილია და ის აღარ შეიცვლება; ბევრი რამ რელიგიათა წმინდა წიგნებში ახალ გარემოსა და დროსთან მიმართებით შეუსაბამო ხდება, ჩამორჩენილი, და ეს კიდევ უფრო გამძაფრებულია იმ დროებაში, რომელშიც სინდისის აღქმა მეტად გაცხადებულია და აშკარა, ვიდრე ეს მანამდე გახლდათ.

ფაქტია, რომ იმ გამოცხადებაში, რომელშიც შესამჩნევად ამორალური მოწოდებები გვხვდება, ასევე ვაწყდებით საოცარი ბრწყინვალების სამკაულივით, ძვირადღირებული ქვებივით ფასდაუდებელ პოეზიასა და მარგალიტებრ ჭეშმარიტებას, რაც სრულიად არ გვეხმარება ჭეშმარიტების ამოცნობაში. თუ მხოლოდ ველურებისათვის გვხვდება ღირსეული ზნეობრივი სწავლებანი წმინდა წერილებში, რომლებიც ასევე შეიცავს იშვიათ და ფასდაუდებელ მცნებებს ნამდვილ ნეტარებაზე, დაპირისპირება ნათელსა და ბნელს შორის მხოლოდ ზნეობრივ ქაოსს წარმოქმნის. ჩვენ არ შეგვიძლია, მივმართოთ განსჯას ან გონივრულ ახსნას, რამეთუ ეს ყოველივე ავტორიტეტის წინაშე მდუმარე და უძლური უნდა იყოს ერთი და იმავე მიზეზით… „ასე ამბობს უფალი!“ – და აბათილებს ყველა მოსაზრებასა თუ არგუმენტს.

მოდი განვიხილოთ ორი ფართოდ გავრცელებული და მიღებული საკრალური ტექსტი, რომლებიც ავთენტური და ავტორიტეტულია პატივსაცემი რელიგიებისათვის. ისინი ამ წერილებს იღებენ, როგორც გამოგზავნილს ღვთაებრივი მასწავლებლისაგან ანდაც გასხივოსნებული ადამიანისაგან, რომელიც გვევლინება ერთ შემთხვევაში მოსეს, მეორე შემთხვევაში კი – მანუს სახით. ჩემთვის უდავოდ ცნობილია, რომ ორივე შემთხვევაში ვეხებით წიგნებს, რომლებიც შეიცავს ავტორთა ტრადიციებს, რაც მოცემულ წინადადებებშიცაა ასახული ამდენი საუკუნის შემდეგაც კი.

გარკვევა ამ წიგნების ძაფივით ჩახლართულ შინაარსში მოითხოვს უმაღლეს აკადემიურ მოსწრებასა და უსაზღვრო მოთმინებას; მხოლოდ მცირე რაოდენობა ადამიანებისა თუ არის აღჭურვილი ამხელა შრომის გასაწევად. გავკადნიერდეთ და უგულებელვყოთ უმაღლესი კრიტიციზმის ნაშრომი, მივიღოთ წიგნის შინაარსი ისეთად, როგორიც ის არის, და წამოჭრილი ობიექტურობა მორალის საფუძვლად მაშინვე გამოჩნდება.

ამგვარად, ერთსა და იმავე წიგნში ჩვენ ვკითხულობთ: „შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ გულში შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. „როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს უცხო და ხიზანი თქვენთან, და გიყვარდეთ იგი, ვითარცა საკუთარი თავი, რამეთუ თქვენც უცხონი იყავით ეგვიპტის ქვეყანაში“. „მაშ, განიწმინდენით და იყავით წმიდები“. მრავალი ღირებული პასაჟი შეიძლება მოვიხმოთ, სადაც მორალურობა მჟღავნდება… მაგრამ ასევე ვკითხულობთ: „თუ იდუმალ წაგაქეზებს ძმა შენი, შვილი დედისა შენისა, გინა ვაჟი შენი, გინა თუ ასული შენი, ანუ შენ თანა მწოლიარე ცოლი, ანუ მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივით გყავს, და გეტყვის შენ: მოდი, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს – რომელთაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა… ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნურც დაგენანება იგი, ნურც შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ, არამედ ფრიად მოჰკალ იგი… პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი – მთელი ერისა“. „ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო“. კაცისათვის დასაშვებია ომში მოიტაცოს ქალი და „იყოს ქმარი მისი, ხოლო იგი – ცოლი მისი. უკეთუ ქალს მისთვის აღფრთოვანება და სიამოვნება არ მოაქვს, ქმარს უფლება აქვს, უარი თქვას მასზე“. მსგავსი მოწოდებები მრავლად გვხვდება; სწორედ ამგვარი სწავლებების გამო დაიფერფლა ევროპა და გაიჟღინთა სისხლით. კაცობრიობა განვითარდა და ამიტომაც აღარ უსმენს და აღარ ითვალისწინებს ასეთ სწავლებებს; ხოლო ეკლექტური მუშაობა გამოცხადების შესახებ ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს. ეს კი ძალიან კარგია, მაგრამ ეს ხსენებული მოცემულ გამოცხადებას ანადგურებს, როგორც საფუძველს. ქრისტიანები გასცდნენ და გაუსწრეს საკუთარი გამოცხადების ყველაზე დაბალ საფეხურს, თუმცა კი იმას ვერ იაზრებენ, რომ აღორძინებისას თავიდან მოსაშორებლად ფესვები გადაუჭრეს თავიანთივე ავტორიტეტს.

ამასთანავე, შეგვიძლია მაგალითი მოვიყვანოთ წმინდა ინდური ლიტერატურიდან, რომელიც მანუს ინსტიტუტს უკავშირდება. აქ ვხვდებით კეთილშობილურ წესებზე დამყარებულ მცნებებს, სადაც მორალის არსი და ფარდობითი ბუნება ფილოსოფიურად არის ჩამოყალიბებული; „წმინდა კანონი ასე ემყარება ქცევის წესს“ – და ის გვეუბნება, რომ მოქმედება გახლავთ სამომავლო სულიერი ზრდის წინაპირობა. გარდა კითხვებისა ზოგადი მორალის შესახებ, რომელთაც მოგვიანებით დავუბრუნდებით, ნება მიბოძეთ, განვიხილო ქალების განსხვავებული შეხედულებები, როგორც ეს ასახულია „სმრტი“-ში. არ არსებობს უფრო ბრძნული მეგზური, ვიდრე „სმრტი“ გვევლინება; ეს კი უამრავ ასპექტში იკვეთება და ამას მეოთხე თავში განვიხილავთ. ქორწინების კანონთან მიმართებით მანუ გვეუბნება: „დაე, ორმხრივმა ერთგულებამ სიკვდილამდე გასტანოს!“ მამის შესახებ კი გვიცხადებს: „არცერთმა კარგმა მამამ თავისი ქალიშვილის სანაცვლოდ უმცირესი საზღაურიც არ უნდა მიიღოს; კაცი, რომელიც სიხარბის გამო საზღაურს იღებს, შთამომავლობის გამყიდველია“. სახლზე კი ამბობს: „ქალებს პატივი უნდა სცენ მათმა მამებმა, ქმრებმა, ძმებმა, ძმადნაფიცებმა, რომელთაც მისთვის ბედნიერება სურთ. იქ, სადაც ქალები დაფასებულნი არიან, მისაღებია დევებისათვის; ხოლო იქ, სადაც ქალებს არ აფასებენ, ყველა წმინდა რიტუალი უნაყოფო და ფუჭია“. „ოჯახში, სადაც ქმარი კმაყოფილია ცოლით და ცოლი – ქმრით [გაითვალისწინეთ თანასწორობა], ბედნიერება აუცილებლად იქნება მუდმივი“. საკვები სახლეულში, პირველ რიგში, უნდა დაურიგდეს „ახალდაქორწინებულ ქალებს, ჩვილებს, ავადმყოფებსა და ორსულებს“. მიუხედავად ამისა, როგორც ამბობენ, იმავე მანუს ქალებზე ყველაზე დაბალი და უხეში წარმოდგენა გააჩნია: „ქალის ბუნებაა, შეაცდინოს მამაკაცები; ამიტომ, ბრძენი არასოდეს არის დაცული ქალთან მიმართებით… იგი არ უნდა იჯდეს განმარტოებულ ადგილას დედასთან, დასთან ან ქალიშვილთან, ვინაიდან გრძნობები ძალზე ძლიერია და მათ შეუძლიათ, ყველაზე მცოდნე კაციც კი აკონტროლონ. ქალმა არასოდეს არ უნდა იმოქმედოს „დამოუკიდებლად, თუნდაც საკუთარ სახლში“, იგი უნდა დაემორჩილოს მამას, ქმარს ან (ქმრის გარდაცვალების შემდეგ) ვაჟებს. ქალებმა მათ მისცეს ატრიბუტები – „უწმინდური სურვილები, რისხვა, უსინდისობა, ბოროტება და ცუდი ყოფა-ქცევა“. შუდრას მსახური „უმცროს ვაჟად უნდა ჩაითვალოს“; მონებს უნდა უყურებდე, „როგორც კაცის ჩრდილს“, და, თუ ადამიანი შეურაცხყოფილი და შეწუხებულია მისით, „წყენის გარეშე უნდა მიიღოს ეს“. თუმცაღა ყველაზე საშინელი სასჯელები დაწესებულია შუდრებისათვის გარკვეული წმინდა რიტუალების დარღვევისათვის.

წმინდა შედეგი გახლავთ ის, რომ უძველესი გამოცხადებები, რომლებიც მოცემულია გარკვეული ასაკისა და კონკრეტული სოციალური პირობებისათვის, ხშირად არ შეიძლება და არ უნდა განხორციელდეს საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობაში. ხანდახან შეუძლებელია უძველესი დოკუმენტების გადამოწმება, რადგან ისინი არ მომდინარეობს იმათგან, ვის სახელებსაც ატარებენ; ასე რომ, არ არსებობს გარანტია იმისა, ჩვენ პირვანდელ ტექსტს ვკითხულობთ თუ არა… და უდიდესი შანსია, რომ ჩვენ წინ გაყალბებული, შეცვლილი ან სულ სხვა სახის დოკუმენტი იყოს წარმოდგენილი. საბოლოოდ, ყოველი გამოცხადება გონიერების საზღვრებზე უნდა გახლდეთ გატარებული და ფაქტობრივად ასეც არის პრაქტიკაში. ყველაზე „ორთოდოქსული“ ბრაჰმანაც კი ჰინდუიზმში უგულებელყოფს შასტრას ყველა ბრძანებას, რომელიც მისთვის მიუღებელი ან თუნდაც მოუხერხებელია, და იგი იყენებს იმათ, რაც შესაფერისია თავისი „არაორთოდოქსული“ მოყვასის დასაგმობად და გასაკიცხად.

ანტიკური ხანის არცერთ რელიგიაში არ განიხილება გამოცხადებები, როგორც სრულიად სავალდებულო მისაღები ფენომენი; ამის ნაცვლად არასასურველი სპექტრი ღიად უარყოფილია და არასასიამოვნო ასპექტები გონივრულად აღმოიფხვრება. რთულია მორალის დაფუძნება გამოცხადებაზე… თუმცა რელიგიურ ლიტერატურაში ბევრი რამ არის სუფთა, ამაღლებული, შთამაგონებელი და უმაღლესი ზნეობის ნაწილი; ეს არის კაცობრიობის ბრძენთა და წმინდანთა ავთენტური გამონათქვამები. ბრძენთა მიერ მოცემული ეს მცნებები პატივისცემით უნდა იქნეს მიღებული და გამოყენებული, როგორც ზნეობრივი სახელმძღვანელოები ახალგაზრდებისა და უსწავლელთათვის. ისინი შეიცავს მორალურ ჭეშმარიტებებს, რომელთაგან ზოგიერთის გადამოწმება შეუძლია ყველას, ვინც ზნეობრივად განვითარებული გახლავთ, ზოგიერთის გადამოწმება კი მხოლოდ მათ ძალუძთ, ვინც მიაღწიეს პირვანდელი მასწავლებლების დონეს.

შენიშვნები:

  1. კატეხიზმო – ქრისტიანული რელიგიის პრინციპების შეჯამება კითხვა-პასუხის სახით, რომელიც გამოიყენება რელიგიური სწავლებისათვის.
  2. რში – ჰინდუიზმში ღვთაებრივად შთაგონებული პოეტი ან ბრძენი, რომელსაც წმინდანად მოიხსენებენ.
  3. იგივ. მანავა დჰარმა სჰასტრა – არქეტიპული ადამიანის სიმბოლო ჰინდუისტურ ტრადიციაში.
  4. სმრტი – ჰინდუისტურ ტრადიციაში გარკვეული ლიტერატურული კორპუსი.
  5. დევა – ვედური პერიოდის არსებების – რომლებიც ინდურ რელიგიაში კეთილგანწყობილ, ხოლო ზოროასტრიზმში ბოროტ არსებებად გვევლინებიან – კლასის წევრი.
  6. იგივ. შუდრა/სუდრა (მუშათა/მშრომელთა კლასი) – ოთხიდან ერთ-ერთი ჰინდური სოციალური კასტა, ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი.
  7. იგულისხმება ტრადიციული მიმართულების მიმდევარი.
  8. ერთგვარი წესებისა და პრინციპების სახელმძღვანელო ჰინდუიზმში.
Scroll to Top