ერთ-ერთი თავი ზიგმუნდ ფროიდის წიგნიდან: „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან“.
სქესობრივი ლტოლვის საყოველთაოდ მიღებული თეორია უმეტესწილად პოეტურ ზღაპარს ჰგავს ადამიანის დანაწილების შესახებ ქალად და მამაკაცად, რომლებიც ცდილობენ კვლავ გაერთიანდნენ სიყვარულში, რის გამოც დიდ მოულოდნელობას ვხვდებით, როდესაც ვიგებთ, რომ არსებობენ მამაკაცები, რომელთა სექსუალურ ობიექტს არა ქალი, არამედ მამაკაცი წარმოადგენს, და ასევე გვხვდებიან ქალები, რომელთა სექსუალური ობიექტი არა მამაკაცი, არამედ ქალია. ასეთ ადამიანთა სექსუალობას გადაგვარებულს უწოდებენ ან, უმჯობესია ვთქვათ, ინვერტირებულს, ხოლო თავად ფაქტს – ინვერსიას. ასეთ ადამიანთა რაოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა სირთულეებთან გახლავთ დაკავშირებული.
ა. ინვერსია
ინვერტირებულთა საქციელი
ეს ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაგვარად იქცევიან.
ა) ისინი აბსოლუტურად ინვერტირებულნი არიან ანუ მათი სქესობრივი ობიექტი მხოლოდ და მხოლოდ მათივე სქესის მატარებელი უნდა იყოს, როდესაც საპირისპირო სქესი არამც თუ არ აღძრავს მათში სქესობრივ ლტოლვას, არამედ გულცივებს ტოვებს და დროდადრო სქესობრივ სიძულვილსაც კი იწვევს. სიძულვილის წყალობით ასეთ მამაკაცებს არ ძალუძთ ნორმალური სქესობრივი აქტის ჩატარება ან მისი ჩატარებისას არანაირ სიამოვნებას განიცდიან.
ბ) ისინი ამფიგენურად ინვერტირებულნი არიან (ფსიქოსექსუალური ჰერმაფროდიტები) ანუ მათი ობიექტი შესაძლოა ეკუთვნოდეს როგორც თავიანთ, ასევე საპირისპირო სქესს და ინვერსია, შესაბამისად, არ ატარებს განსაკუთრებულობის ხასიათს.
გ) ისინი შემთხვევით ინვერტირებულნი არიან ანუ გარკვეული გარემო პირობების არსებობისას, რომელთა შორის უნდა დავასახელოთ ნორმალური სქესობრივი ობიექტის მიუწვდომლობა და მიბაძვა, მათ შესაძლოა სქესობრივ ობიექტად თავისივე სქესის პიროვნება აირჩიონ და ასეთი სქესობრივი აქტით მიიღონ სიამოვნება.
ინვერტირებულები განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენენ საკუთარი სქესობრივი ლტოლვის თავისებურებათა მიმართ. ერთნი ინვერსიას თავისთავად გასაგებად აღიქვამენ, მსგავსად იმისა, როგორი დამოკიდებულებაც აქვს ნორმალურ ადამიანს საკუთარი ლიბიდოსადმი, და ენერგიულად იცავენ მის თანაბარუფლებიანობას ნორმალურის გვერდით. სხვები კი აღშფოთებულნი არიან საკუთარი ინვერსიის ფაქტით და მას ავადმყოფურ აკვიატებად მიიჩნევენ.
სხვა ვარიაციები დროით ურთიერთობებს ეხება. ინვერსიის განსაკუთრებულობა ინდივიდში დიდი ხანია არსებობს, მას შემდეგ, რაც მას მეხსიერება გააჩნია, ან მან თავი იჩინა მხოლოდ კონკრეტულ პერიოდში, სქესობრივ სიმწიფემდე ან მას შემდეგ. ეს ხასიათი მთელი ცხოვრების განმავლობაშია შენარჩუნებული ან დროებით ქრება ან ცალკეულ ეპიზოდს წარმოადგენს ნორმალური განვითარების გზაზე. მან შესაძლოა გვიანდელ ასაკშიც იჩინოს თავი ნორმალური სქესობრივი ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის დასრულების შემდეგ. ასევე შენიშნულია პერიოდული რხევა ნორმალურ და ინვერტირებულ სექსუალურ ობიექტებს შორის. განსაკუთრებით საინტერესო ის შემთხვევებია, როდესაც ლიბიდო ინვერსიის აზრით იცვლება მას შემდეგ, რაც მტანჯველი გამოცდილება იქნა მიღებული ნორმალურ სქესობრივ ობიექტთან.
ვარიაციათა ეს რიგები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს. უკიდურეს ფორმებთან მიმართებით ყოველთვის შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ინვერსია უკვე ძალიან ადრეული ასაკიდან არსებობდა და რომ ინდივიდი ეგუება ამ თავისებურებას.
მრავალი ავტორი იტყოდა უარს ერთ ჯგუფში გაეერთიანებინა აქ ჩამოთვლილი შემთხვევები და უპირატესობას მიანიჭებდა განსხვავებათა ხაზგასმას ჯგუფის შიგნით, ნაცვლად ყველა ჯგუფისათვის საერთოს მინიშნებისა. ეს დამოკიდებულია ინვერსიისადმი მათ უპირატეს შეხედულებაზე. თუმცა, რაოდენ მართებულიც არ უნდა იყოს ასეთი დაყოფა, მაინც აუცილებელია ვაღიაროთ, რომ არსებობს მრავალი გარდამავალი საფეხური და, ამდენად, დაჯგუფების აუცილებლობა თავისთავად ხილული ხდება.
შეხედულება ინვერსიაზე
ინვერსიის პირველი შეფასება ის შეხედულება იყო, რომ იგი ნერვული დეგენერაციის თანდაყოლილ ნიშანს წარმოადგენს. ეს სავსებით შეესაბამებოდა იმ ფაქტს, რომ ექიმი-დამკვირვებლები პირველად მას ნერვულ ავადმყოფებში შეხვდნენ ან ისეთებში, რომლებიც ავადმყოფების შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ასეთი დახასიათება ორ მინიშნებას შეიცავს, რომლებიც ერთიმეორისგან დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ: თანდაყოლილობა და დეგენერაცია.
დეგენერაცია
დეგენერაციასთან მიმართებით წარმოიშობა წინააღმდეგობა, რაც ზოგადად უკავშირდება ამ სიტყვის უადგილოდ გამოყენებას. ჩვეულებად იქცა დეგენერაციას მიაკუთვნონ ყველა სახის ავადმყოფური გამოვლენა, რასაც უშუალოდ ტრავმატული ან ინფექციური წარმომავლობა არ გააჩნია. მანიანის მიერ შემუშავებული დაყოფა დეგენერატებისა საშუალებას გვაძლევს ნერვული მოქმედების სრულყოფილ გამოვლენაშიც კი არ გამოვრიცხოთ დეგენერაციის ცნების გამოყენება. ასეთ პირობებში უპრიანია კითხვის დასმა, საერთოდ რა აზრი და რა ახალი შინაარსი დევს სიტყვა „დეგენერაციის“ შეფასებაში. უფრო მიზანშეწონილად გვეჩვენება, საერთოდ არ ვისაუბროთ დეგენერაციის შესახებ, როდესაც: 1) სახეზე არ გვაქვს ნორმიდან რამდენიმე მძიმე გადახვევა; 2) შრომის- და სიცოცხლისუნარიანობა ზოგადად მძიმედ არ არის ხელყოფილი.
მრავალი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ინვერტირებულები არ წარმოადგენენ დეგენერატებს ამ გაგებით:
- ინვერსიას ვხვდებით ადამიანებში, რომლებსაც ნორმიდან სხვა სერიოზული გადახრა არ შეენიშნებათ.
- ასევე იმ პირებში, რომელთა შრომისუნარიანობა არ არის დარღვეული და რომლებიც შესაძლოა მაღალი ინტელექტუალური განვითარებითა და ეთიკური კულტურით გამოირჩეოდნენ.
- თუ არ მივაქცევთ ყურადღებას საექიმო გამოცდილების პაციენტებს და შევეცდებით უფრო ფართო წრე მოვიცვათ, ორი მიმართულებით შევხვდებით ფაქტებს, რომლებიც გამორიცხავს ინვერსიაზე, როგორც დეგენერაციის ნიშანზე შეხედულებას.
ა) უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძველ ხალხებში კულტურის უმაღლეს საფეხურზე ინვერსია გავრცელებულ მოვლენას, თითქმის ინსტიტუტს წარმოადგენდა, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებთან იყო დაკავშირებული;
ბ) ის ფართოდაა გავრცელებული მრავალ ველურ და პრიმიტიულ ტომში, როდესაც დეგენერაციის ცნება, ჩვეულებრივ, მაღალი ცივილიზაციის მიმართ გამოიყენება (ბლოხი). თვით ევროპის ცივილიზებულ ერებს შორისაც კი კლიმატსა და რასას უდიდესი გავლენა აქვს ინვერსიის გავრცელებასა და მისადმი დამოკიდებულებაზე.
თანდაყოლილობა
სავსებით გასაგებია, რომ თანდაყოლილობას მიაწერენ მხოლოდ პირველ, ყველაზე უკიდურეს კლასს ინვერტირებულებისა, რის საფუძველს ამ ადამიანთა მტკიცება წარმოადგენს, რომ მათ ცხოვრების არცერთ პერიოდში გამოუვლენიათ სქესობრივი ლტოლვა სხვა მიმართულებით. უკვე თავად ფაქტი ორი სხვა კლასის არსებობისა, განსაკუთრებით კი მესამის, ქმნის სირთულეს მისი დაკავშირებისა ინვერსიის თანდაყოლილ ხასიათთან. ამიტომ ამ შეხედულების დამცველები მომხრენი არიან აბსოლუტურად ინვერტირებულთა ჯგუფი გამოყონ ყველა დანარჩენისგან, რის შედეგს ინვერსიაზე განმაზოგადებელი შეხედულების უარყოფა წარმოადგენს. ამ შეხედულების მიხედვით ინვერსიას მთელ რიგ შემთხვევებში თანდაყოლილი ხასიათი აქვს, როდესაც სხვა შემთხვევებში ის შესაძლოა სხვა მიმართულებით განვითარებულიყო.
აღნიშნული შეხედულების საპირისპიროს წარმოადგენს თვალსაზრისი, რომლის შესაბამისად ინვერსიას სქესობრივი ლტოლვის შეძენილი ბუნება გააჩნია. ეს თვალსაზრისი შემდეგს ეფუძნება: 1) მრავალ ინვერტირებულში შესაძლოა აღმოვაჩინოთ ადრეული ბავშვობის სექსუალური შთაბეჭდილება, რომლის გრძელვადიან შედეგს ჰომოსექსუალური გადახრა წარმოადგენს; 2) სხვებთან მიმართებით შესაძლოა შევნიშნოთ ცხოვრების გარეგნულად ხელშემწყობი და უკუქმედებითი გავლენა, რასაც ადრე თუ გვიან ინვერსიის ფიქსაციამდე მივყავართ (მხოლოდ ერთი სქესის გარემოში ურთიერთობა, ერთობლივი სამხედრო ლაშქრობა, პატიმრობა, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის საშიშროებები, ცელიბატი, სქესობრივი უძლურება და ა.შ.); 3) რომ ინვერსია შესაძლოა შეწყვეტილ იქნეს ჰიპნოზური ჩაგონების მეშვეობით, რაც გასაკვირი იქნებოდა მისი თანდაყოლილი ხასიათის შემთხვევაში.
ამ თვალსაზრისით შეგვიძლია საერთოდ ეჭვქვეშ დავაყენოთ თანდაყოლილი ინვერსიის შესაძლებლობის უდავობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო დეტალური გამოკითხვა იმ შემთხვევებში, რომლებიც თანდაყოლილ ინვერსიას მიეკუთვნება, სავარაუდოდ, ასევე გამოავლენდა ადრეული ბავშვობის განცდას, რამაც ლიბიდოს მიმართულობა განსაზღვრა. ეს განცდა არ არის შენარჩუნებული ადამიანის ცნობიერ მეხსიერებაში, მაგრამ შესაბამისი ზემოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია მის შესახებ მოგონების გამოხმობა. ამ ავტორთა აზრით ინვერსია უნდა მივაკუთვნოთ სქესობრივი ლტოლვის კერძო შემთხვევას, რაც ცხოვრების ზოგიერთი გარეგანი პირობითაა წინასწარგანსაზღვრული.
ეს ერთი შეხედვით ფესვგამდგარი შეხედულება საფუძველს კარგავს იმ საპირისპირო აზრის შემთხვევაში, რომ მრავალი ადამიანი უდავოდ განიცდის მსგავს სექსუალურ გავლენას (ასევე სიყმაწვილეში: ცდუნება, ერთობლივი ონანიზმი), თუმცა ამის შედეგად არ იქცევიან ინვერტირებულებად ან არ იქცევიან ასეთებად სამუდამოდ. ამგვარად ჩნდება ვარაუდი, რომ ალტერნატივა – თანდაყოლილი თუ შეძენილი ინვერსია – ან არასრულია, ან სრულ შესაბამისობაში არ არის ინვერსიისას არსებულ გარემოებებთან.
ინვერსიის ახსნა
არც ის დებულება, რომ ინვერსია თანდაყოლილია და არც მისი საწინააღმდეგო განმარტავს ინვერსიის არსს. პირველ შემთხვევაში უნდა გავარკვიოთ, რა არის მასში თანდაყოლილი, თუკი ყველაზე უხეშ ახსნას არ მივიღებთ, რომ ადამიანს უკვე დაბადებისას გააჩნია სქესობრივი ლტოლვა კონკრეტული სექსუალური ობიექტისადმი. საწინააღმდეგო შემთხვევისას ჩნდება კითხვა, საკმარისია კი მრავალგვარი შემთხვევითი გავლენა, რათა ინვერსიის წარმოშობა განიმარტოს იმის გარეშე, რომ თავად ინდივიდში რაღაც არ მიემართება ამ გავლენის შესაბამისად? ამ უკანასკნელი მომენტის უარყოფა, ჩვენი მინიშნებების თანახმად, დაუშვებელია.
ბისექსუალობა
სქესობრივი ინვერსიის ასახსნელად ფრენკ ლიდსტონის, კირნანისა და შევალიეს დროიდან მოყოლებული იყენებენ შეხედულებას, რომელიც ახალ წინააღმდეგობას წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისისადმი. ამ თვალსაზრისის თანახმად ადამიანი შეიძლება იყოს: ან ქალი ან მამაკაცი. მაგრამ მეცნიერება იცნობს შემთხვევებს, რომლებშიც სქესობრივი ნიშნები თითქოს წაშლილია, რის გამოისობით სქესის განსაზღვრა გართულებულია: თავდაპირველად ანატომიის სფეროში. ამ ადამიანთა გენიტალიები ქალისა და მამაკაცის ნიშნებს აერთიანებს (ჰერმაფროდიტიზმი). იშვიათ შემთხვევებში ორივე სასქესო აპარატი თანაბრადაა განვითარებული (ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი). უფრო ხშირად ორგვარ ანომალიასთან გვაქვს საქმე.
საინტერესო ამ გადახრებში ის არის, რომ ისინი მოულოდნელად გვიადვილებს არანორმალური წარმონაქმნის გაგებას. ანატომიური ჰერმაფროდიტიზმი გარკვეული ხარისხით ნორმას ეკუთვნის. ნორმალური აგებულების ქალისა და მამაკაცის ყოველ ინდივიდში არსებობს საპირისპირო სქესის აპარატის ჩანასახები, რომლებიც უფუნქციო რუდიმენტული ორგანოების სახითაა შენარჩუნებული ან რომლებიც გარდაიქმნა და საკუთარ თავზე სხვა ფუნქციები აიღო.
ამ დიდი ხნის წინ ცნობილი ანატომიური ფაქტებიდან გამომდინარე შეხედულება იმის დაშვებაში მდგომარეობს, რომ არსებობს საწყისი ბისექსუალური წინასწარგანწყობა, რომელიც განვითარებასთან ერთად მონოსექსუალობაში გადადის საპირისპირო სქესის უმნიშვნელო ნარჩენით.
სავსებით ბუნებრივი იყო ამ შეხედულების გადატანა ფსიქიკის სფეროზე და ინვერსიის მრავალი სახეობის გაგება, როგორც ფსიქიკური ჰერმაფროდიტიზმის გამოვლენისა. საკითხის გადასაწყვეტად არ კმაროდა მხოლოდ ინვერსიის თანხვედრა ჰერმაფროდიტიზმის მენტალურ და სომატურ ნიშნებთან.
ეს მოლოდინი არ გამართლდა. კავშირი სავარაუდო ფსიქიკურ და ადვილად დამტკიცებად ანატომიურ ჰერმაფროდიტიზმს შორის ესოდენ მჭიდროდ არ წარმოგვიდგება. ხშირად ინვერტირებულებთან სქესობრივი ლტოლვის დასუსტებასა და ორგანოთა ანატომიურ ანომალიას ვხვდებით. ეს მოვლენა ხშირად გვხვდება, მაგრამ არც ყოველთვის და არც შემთხვევათა უმეტესობაში. ამგვარად, გვიწევს იმის აღიარება, რომ ინვერსია და სომატური ჰერმაფროდიტიზმი ზოგადად ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული.
შემდგომ ამისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ე.წ. მეორად და მესამეულ ნიშნებს და ხაზს უსვამდნენ, რომ მათ ხშირად ვხვდებით ინვერტირებულებთან. ამაშიცაა ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორეული და მესამეული სქესობრივი ნიშნები ზოგადად ხშირად გვხვდება საწინააღმდეგო სქესთან და ამგვარად მინიშნებას გვაძლევს ორსქესიანობაზე, თუმცა სქესობრივი ობიექტი არანაირ ცვლილებას განიცდის ინვერსიის აზრით.
ფსიქიკური ჰერმაფროდიტიზმი მეტად სხეულებრივ ფორმებს მიიღებდა, თუ სქესობრივი ობიექტის ინვერსიის პარალელურად ადგილი ექნებოდა, სულ ცოტა, სხვა მენტალურ თვისებათა ცვლილებებს, ხასიათის თვისებებსა და მიდრეკილებებს, რაც სხვა სქესისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ ხასიათის მსგავს ინვერსიას გარკვეული რეგულარობით შესაძლოა შევხვდეთ მხოლოდ ინვერტირებულ ქალებში. მამაკაცებში ინვერსიას უკავშირდება სრული მენტალური სიმამაცე. თუკი მენტალური ჰერმაფროდიტიზმის არსებობას დავიჟინებთ, აუცილებელი იქნება დავამატოთ, რომ სხვადასხვა სფეროებში მის გამოვლენას მხოლოდ უმნიშვნელო საპირისპირო პირობითობა ახლავს. იგივე ეხება სომატურ ორსქესიანობას. ალბანის მიხედვით, ორგანოთა ერთეული ანომალიები და მეორადი სქესობრივი ჩვევები საკმაოდ ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გვხვდება.
ბისექსუალობის შესახებ მოძღვრება მისი ყველაზე უხეში ფორმით შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული ინვერტირებულ მამაკაცთა ერთ-ერთი დამცველის მიერ: ქალის ტვინი მამაკაცის სხეულში. თუმცა, ჩვენთვის უცნობია „ქალის ტვინის“ ნიშნები. ფსიქოლოგიური პრობლემის ანატომიურით ჩანაცვლება ტოლძალოვნად უძლური და გაუმართლებელია. კრაფტ-ებინგის მიერ შემოთავაზებული განმარტება მეტად გამომსახველობითად გვეჩვენება, ვიდრე ულრიხისა, თუმცა არსებითად მისგან არაფრით განსხვავდება. კრაფტ-ებინგს მიაჩნია, რომ ბისექსუალური მიდრეკილება ინდივიდს აჯილდოვებს, როგორც ქალისა და მამაკაცის ტვინის ცენტრებით, ისე სომატური სასქესო ორგანოებით. ეს ცენტრები ვითარდება მხოლოდ სქესობრივი სიმწიფის პერიოდში და, უმეტესწილად, აგებულებით მათგან დამოუკიდებელი სასქესო ჯირკვლების გავლენით. მაგრამ ქალისა და მამაკაცის „ცენტრებისადმი“ იგივე გამოიყენება, რაც ქალისა და მამაკაცის ტვინისადმი და, გარდა ამისა, ჩვენთვის უცნობია, უნდა ვივარაუდოთ თუ არა ტვინის განსაზღვრული ნაწილების („ცენტრების“) არსებობა სქესობრივი ფუნქციებისთვის, როგორც ეს მეტყველების შემთხვევაშია.
ორი შეხედულება მაინც ინარჩუნებს ძალმოსილებას მთელი ამ მსჯელობის შემდეგ: რომ ინვერსიის ასახსნელად აუცილებელია ბისექსუალური მიდრეკილების გათვალისწინება, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, რაში გამოიხატება ეს მიდრეკილება, გარდა ანატომიური ფორმისა, და რომ საქმე აქ ეხება დარღვევებს, რომლებიც სქესობრივი ლტოლვის განვითარებასთანაა კავშირში.
ინვერტირებულთა სქესობრივი ობიექტი
ფსიქიკური ჰერმაფროდიტიზმის თეორია მიიჩნევს, რომ ინვერტირებულთა სექსობრივი ობიექტი ნორმალურთა ობიექტის საპირისპიროა. ინვერტირებულ მამაკაცს არ ძალუძს წინ აღუდგეს ხიბლს, რომელიც გონებისა და სხეულის მამაკაცური თვისებებიდან მომდინარეობს, ის თავად აღიქვამს საკუთარ თავს ქალად და მამაკაცს ეძებს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მართებულია ინვერტირებულთა მთელი რიგის მიმართ, ეს მაინც არ წარმოადგენს ინვერსიის საერთო ნიშანს. ეჭვგარეშეა, რომ ინვერტირებულ მამაკაცთა დიდი რაოდენობა ინარჩუნებს მამაკაცურობის ფსიქიკურ ხასიათს, ფლობს საპირისპირო სქესის მხოლოდ რამდენიმე მეორად ნიშანს და სქესობრივ ობიექტში არსებითად ქალის ფსიქიკურ ნიშნებს ეძებს. ეს რომ სხვაგვარად ყოფილიყო, სრულიად გაუგებარი იქნებოდა, რატომ ახდენს მამაკაცური პროსტიტუცია, სთავაზობს რა საკუთარ თავს ინვერტირებულებს – ახლაც და ძველ დროსაც – გარეგნული ფორმებით ქალების სამოსისა და მანერების კოპირებას. ასეთი მიბაძვა ხომ შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ინვერტირებულთა იდეალისთვის. ბერძნებში, ვისთანაც ინვერტირებულებს შორის ყველაზე ვაჟკაცურ მამაკაცებს ვხვდებით, ცხადია, რომ არა ბიჭის მამაკაცური ხასიათი, არამედ მისი სხეულის სიახლოვე ქალის ტიპთან, ისევე, როგორც მისი მენტალური ქალური თვისებები, გაუბედაობა, თავშეკავებულობა, გარეგანი დახმარებისა და დამოძღვრის მოთხოვნილება აღაგზნებდა სიყვარულს მამაკაცში. როგორც კი ბიჭი წამოიზრდებოდა, ის უკვე აღარ წარმოადგენდა სექსუალურ ობიექტს მამაკაცისთვის, არამედ თავად იქცეოდა ბიჭების მოყვარულად. შესაბამისად, სექსუალურ ობიექტს ამ და სხვა მრავალ შემთხვევაში წარმოადგენს არა იგივე სქესი, არამედ ორივე სქესის ნიშნების გაერთიანება, კომპრომისი გონების მისწრაფებას შორის, რომელსაც სურს მამაკაცი და სურს ქალი – სხეულის (გენიტალიების) მამაკაცურობის შენარჩუნების პირობით, ანუ, ასე ვთქვათ, საკუთარი ბისექსუალური ბუნების ანარეკლისა.
უფრო განსაზღვრულია ურთიერთობა ქალებს შორის, სადაც აქტიურად ინვერტირებულნი, განსაკუთრებით კი მათი ნაწილი, მამაკაცის სომატურ და მენტალურ თვისებებს ფლობს და სექსუალური ობიექტებისგან ქალურობას მოითხოვს, თუმცა ურთიერთობები აქაც საკმაოდ მრავალფეროვანია.
ინვერტირებულთა სექსუალური მიზანი
მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, იმაში მდგომარეობს, რომ ინვერსიის დროს სექსუალურ მიზანს არ შეიძლება ერთგვაროვანი ვუწოდოთ. მამაკაცებთან სქესობრივი ურთიერთობა per anum სულაც არ თანხვდება ინვერსიას. მასტურბაცია ასევე ხშირად წარმოადგენს განსაკუთრებულ მიზანს, ხოლო სექსუალური მიზნების შეზღუდვა – ხშირად მხოლოდ გრძნობათა გადმოღვრით შემოფარგლული – აქ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ჰეტეროსექსუალური სიყვარულისას. ინვერტირებულთა სექსუალური მიზნები ქალებშიც სხვადასხვაგვარია. განსაკუთრებული უპირატესობა, როგორც ჩანს, ენიჭება პირის ლორწოვანი გარსის შეხებას.
დასკვნები
თუმცაღა ვხვდებით, რომ ჩვენს ხელთ არსებული მასალის საფუძველზე ძალგვიძს დამაკმაყოფილებელი ახსნა მოვუძებნოთ ინვერსიის წარმოქმნას, იმავდროულად, შევნიშნავთ, რომ მოცემული კვლევისას მივუახლოვდით შეხედულებას, რომელსაც ჩვენთვის შესაძლოა უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე ზემოთ დასახული ამოცანის ამოხსნაა. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ სექსუალური ლტოლვისა და სექსუალური ობიექტის კავშირი მეტისმეტად მჭიდროდ გვქონდა წარმოდგენილი. არანორმალურად მიჩნეული შემთხვევები გვიჩვენებს, რომ სექსუალურ ლტოლვასა და სექსუალურ ობიექტს შორის არსებობს კავშირი, რომელიც შესაძლოა ვერ შევამჩნიოთ ნორმალური ფორმების ერთგვაროვნებისას, რომელთა დროს ლტოლვა თითქოსდა დაბადებით ობიექტსაც დაჰყვება. ეს გვაიძულებს აზრებში შევასუსტოთ კავშირი ლტოლვასა და ობიექტს შორის. სქესობრივი ლტოლვა, სავარაუდოდ, დასაწყისიდან არ არის დამოკიდებული ობიექტზე და მისი წარმოშობა ობიექტის მიმზიდველობას არ უნდა მივაწეროთ. უსაფუძვლო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ამ შესანიშნავი ცდების წყალობით ინვერსიის შესახებ მოძღვრება ახალ საფუძვლებს იძენს, და ასევე ნაადრევი იქნებოდა მათგან ჰომოსექსულიზმისგან ზოგადი „განკურნების“ გზების მოლოდინი. ფლისმა სავსებით მართებულად შენიშნა, რომ ეს ექსპერიმენტული ცდები სრულებით არ აუფასურებს მოძღვრებას უმაღლეს ცხოველთა თანდაყოლილი ბისექსუალური მიდრეკილების შესახებ. მეტად საგულისხმოდ მეჩვენება, რომ ამ მიმართულების შემდგომი კვლევები ნავარაუდევი ბისექსუალობის პირდაპირ მტკიცებულებებს გვიბოძებს.
ბ. ცხოველები და სქესობრივად უმწიფარი ინდივიდები, როგორც სექსუალური ობიექტები
იმ დროს, როდესაც ადამიანები, რომელთა სექსუალური ობიექტი არ ეკუთვნის ნორმალურად შესაბამის სქესს, ანუ ინვერტირებულები, დამკვირვებელს შესაძლოა სხვა მხრივ სავსებით სრულყოფილ ინდივიდთა ჯგუფად მოეჩვენოს, შემთხვევა, როდესაც სექსუალურ ობიექტებად სქესობრივად უმწიფარ პირებს (ბავშვებს) ირჩევენ, ერთეულ გადახრებად წარმოდგება. ბავშვები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში წარმოადგენენ სექსუალურ ობიექტს; უმეტესწილად ისინი ამ ფუნქციას იძენენ მაშინ, როდესაც ზარმაცი და იმპოტენტად ქცეული ინდივიდი ან იმპულსური (გადაულახავი) ლტოლვა არ იძლევა მოცემულ წუთს შესაბამისი ობიექტის დაუფლების საშუალებას. და, მაინც, ის ფაქტი, რომ სქესობრივი ლტოლვისთვის ამდენი ვარიაცია და ობიექტის ესოდენი დაპატარავებაა დასაშვები, შუქს ჰფენს მის ბუნებას. შიმშილი, რომელიც გაცილებით უფრო მჭიდროდაა მიბმული საკუთარ ობიექტს, ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაუშვებდა. იგივე შენიშვნაა მართებული ცხოველებთან სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, რაც არცთუ იშვიათად გვხვდება სოფლის მოსახლეობას შორის, ამასთან, სქესობრივი ლტოლვა სცდება ჯიშის საზღვრებს.
ესთეტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, იბადება სურვილი, რომ აღნიშნული მივაწეროთ სულით ავადმყოფობას ისევე, როგორც სქესობრივი ლტოლვის გადახრის სხვა უხეში შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის სწორი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ უკანასკნელთ არ აღენიშნებათ სქესობრივი ლტოლვის სხვა დარღვევები, რომლებსაც ჯანმრთელთა ფენებსა და მთელ რასებში ვხვდებით. ასე და ამგვარად, ბავშვების ბოროტად გამოყენება საზარელი სიხშირით გვხვდება მასწავლებლებსა და ძიძებს შორის, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ ყველაზე მეტად ხელშემწყობი პირობები ექმნებათ საამისოდ. სულით ავადმყოფებში შესაბამის გადახრას მხოლოდ გაძლიერებული ფორმით ვხვდებით ან, რასაც მომეტებული მნიშვნელობა ენიჭება, იგი განსაკუთრებულად იქცა და დაიკავა ნორმალური სექსუალური დაკმაყოფილების ადგილი.
სექსუალურ ვარიაციათა ეს ნიშანდობლივი დამოკიდებულება სკალაზე ჯანმრთელობიდან სულით ავადმყოფობამდე, დამაფიქრებელია. მე მეჩვენება, რომ განსამარტი ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ სქესობრივი ცხოვრების მენტალური მოძრაობანი ისეთებს მიეკუთვნება, რომლებიც ნორმის ფარგლებშიც ყველაზე ცუდად ექვემდებარება უმაღლესი გონებრივი აქტივობის კონტროლს. ის, ვინც, რაგინდ ურთიერთობის ჩარჩოებში არანორმალური იყოს სოციალური ან ეთიკური გაგებით, ჩემი გამოცდილების თანახმად, ასეთივეა სექსუალურ ცხოვრებაშიც. მაგრამ მრავალი არანორმალურია სექსუალურ ცხოვრებაში და სხვა სფეროებში, რომლებიც არ ჩამორჩნენ ადამიანის კულტურულ განვითარებას, რომლის სუსტ ადგილს სექსუალობა წარმოადგენს. როგორც მსჯელობის ზოგადი შედეგი, შევჩერდეთ შეხედულებაზე, რომ მრავალრიცხოვან პირობათა გავლენის ქვეშ ინდივიდების გასაოცრად დიდ რაოდენობაში სექსუალური ობიექტის რაობა და ღირებულება მეორე პლანზე გადადის. ნუთუ რაიმე სხვა წარმოადგენს არსებითსა და მუდმივს სექსუალურ ლტოლვაში?