ამონარიდი გახლავთ პირველი თავი მაჰათმა განდის წიგნიდან: „ჯანმრთელობის გასაღები“.
ბრაჰმაჩარია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ცხოვრების ისეთ წესს, რომელსაც ღმერთის ჩაწვდომისაკენ მივყავართ. ეს სრულიად შეუძლებელია თვითშეზღუდვის გარეშე. თვითშეზღუდვა ნიშნავს ყველა გრძნობისაგან თავშეკავებას, მაგრამ ჩვეულებრივ ყოფაში ბრაჰმაჩარია გაგებულია, როგორც კონტროლი სასქესო ორგანოებზე და თესლის გადმოღვრაზე სექსუალური ინსტინქტების სრული დამორჩილების საშუალებით. ამას ბუნებრივად აკეთებს ადამიანი, რომელიც მიჩვეულია თვითშეზღუდვას ყველა სხვა სფეროშიც. მხოლოდ მაშინ, როცა მეორე ბუნებად იქცევა, ბრაჰმაჩარიას დაცვას უდიდესი სარგებლობა მოაქვს კაცისა და ქალისათვის. ასეთი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი მრისხანებისა და მხურვალე ვნებებისაგან. თუმცა ჩვენ ცხოვრებაში უფრო ხშირად ვაწყდებით ეგრეთ წოდებულ ბრაჰმაჩარიებს, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს მათი ერთადერთი მიზანი ცუდი ხასიათის დემონსტრირება იყოს.
ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ეს ადამიანები არ იცავენ ბრაჰმაჩარიას ჩვეულებრივ წესებს და მთელი ძალით მხოლოდ იმისკენ ისწრაფვიან, რომ თავი დააღწიონ თესლის გადმოღვრას. ჩვეულებრივ ისინი ამის მიღწევას ვერ ახერხებენ. ამ ამაო მცდელობას ზოგიერთი მათგანი ლამის გაგიჟებამდე მიჰყავს, სხვებს კი ავადმყოფური გარეგნობა აქვთ. ზოგი მათგანი ვერ ახერხებს თავი შეიკავოს თესლის გადმოღვრისაგან, სხვები ამას აღწევენ და მიაჩნიათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიეს და ამით შეუძლიათ შემოიფარგლონ. მაგრამ მხოლოდ ის, რომ სექსუალური ურთიერთობისგან თავი შეიკავო, ბრაჰმაჩარიას არ ნიშნავს. სანამ თვით სურვილი არ არის დაძლეული, სანამ ადამიანი არ განთავისუფლებულა ვნებებისაგან, ის საკუთარ თავს ბრაჰმაჩარიად ვერ მიიჩნევს. თესლის გადმოღვრის არარსებობა ბრაჰმაჩარიას უშუალო შედეგია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჭეშმარიტ ბრაჰმაჩარი არის რაღაც განსაცვიფრებელი. მისი ლაპარაკი, მისი აზრები, მისი ქცევები მოწმობს, რომ მას სასიცოცხლო ძალა და ენერგია გააჩნია.
ასეთი ბრაჰმაჩარი ქალების საზოგადოებას არ გაურბის. ის არ ესწრაფვის ქალების გვერდით ყოფნას, მაგრამ არც იმას ცდილობს, თავი აარიდოს მათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი სთხოვენ დახმარებას, რომელზეც შეიძლება მათი თვით სიცოცხლეც კი იყოს დამოკიდებული. არავის არ აქვს უფლება, დაამახინჯოს ჩემი სიტყვები და გამოიყენოს ისინი, როგორც არგუმენტი სექსუალური გარყვნილების სასარგებლოდ. მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ ადამიანი, რომელიც ბოლომდე დაამარცხებს ხორციელ სურვილებს, წყვეტს კაცებისა და ქალების ერთმანეთისაგან გარჩევას. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. იცვლება მისი თვით წარმოდგენა სილამაზის შესახებ. ის ვეღარ არჩევს გარეგნულ ფორმას. სულიერად მშვენიერი კაცი თუ ქალი ბრაჰმაჩარის თვალში გარეგნულადაც მშვენიერი იქნება. ამიტომ ქალი, რომელსაც ყველა ლამაზად მიიჩნევს, ბრაჰმაჩარის აღტაცებას ან ფიზიკურ აღგზნებას არ გამოიწვევს. ამ ქალის სქესობრივი ორგანოებიც კი მისთვის სხვანაირად გამოიყურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთმა კაცმა იმდენად დაიმორჩილა თავისი სექსუალური ლტოლვა, რომ მას ერექცია აღარ აქვს. თუმცა ის ამით არ ხდება იმპოტენტი (რომელსაც ლტოლვა მაინც აქვს) იმის გამო, რომ მისი სასქესო ჯირკვლები წყვეტენ თესლის გადმოღვრას. მის შემთხვევაში ხდება სექსუალური ლტოლვის სუბლიმირება და ის იქცევა სასიცოცხლო ძალად, რომელიც მთელ მის არსებას მსჭვალავს. ზოგიერთი ჩემი კორესპონდენტი, რომლებიც სქესობრივი უძლურებისაგან იტანჯებიან, მწერდნენ, რომ, თუმცა ძლიერ უნდოდათ ერექცია ჰქონოდათ, ამას ვერ ახერხებდნენ, თესლის გადმოსვლა კი მაინც ხდებოდა. მათი იმპოტენციის მიზეზი სასქესო ჯირკვლების სეკრეციის არქონაა. ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მაგრამ იმ მამაკაცის იმპოტენცია, რომლისთვისაც ეს მიზანი იყო და რომელმაც დაძლია თავისი სექსუალური ლტოლვა და სქესობრივი ჯირკვლების სეკრეცია სასიცოცხლო ძალად გარდაქმნა, სრულიად სხვა საქმეა. სწორედ ამ მდგომარეობისაკენ უნდა ვისწრაფოდეთ. თუმცა სიმართლე ის არის, რომ ასეთი ბრაჰმაჩარის პოვნა საკმაოდ ძნელია.
მე ბრაჰმაჩაერის აღთქმა 1906 წელს დავდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი პირველი ნაბიჯები ამ გზაზე 36 წლის წინ გადავდგი. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურ ბრაჰმაჩარიას მივაღწიე – ისეთს, როგორც მე ის წარმომიდგენია, თუმცა მაინც მგონია, რომ მნიშვნელოვან წარმატებამდე მივედი. თუ უფლის ნება იქნება, მე სრულყოფილებას ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში მივაღწევ. ასეა თუ ისე, მე ძალისხმევას არ ვაკლებ და სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები. ჩემი აზრით, არ არის დასანანი, 36 წელი ზნეობრივი სრულყოფისთვის დაკარგო. რაც უფრო მაღალია დასახული მიზანი, მით უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო მისი მიღწევისათვის. ამ დროის განმავლობაში მე კიდევ უფრო განმიმტკიცდა ჩემი აზრები ბრაჰმაჩარიის აუცილებლობის შესახებ. ზოგიერთმა ჩემმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ჯერჯერობით არ იმსახურებენ იმას, რომ ისინი მკითხველის სამსჯავროზე იქნან გამოტანილი. იმედი მაქვს, რომ საამისოდ ისინი ოდესმე მზად იქნება. ასეთი წამოწყების წარმატებამ შეიძლება ბრაჰმაჩარიას პრაქტიკა გააადვილოს.
მაგრამ ბრაჰმაჩარია, რომელზეც მე მინდა ამ თავში ვილაპარაკო, თესლის გადმოღვრაზე უარის თქმით შემოიფარგლება. ბრაჰმაჩარიის სრულყოფილი ნაყოფი შეუძლებელია მივიღოთ მხოლოდ სექსუალური გრძნობებისაგან თავშეკავებით. თუმცა სრულყოფილ ბრაჰმაჩარიას ვერავინ მიაღწევს ისე, თუ ეს საფეხური გავლილი არ ექნება.
იდეალური ჯანმრთელობა შეუძლებელია ბრაჰმაჩარიას პრაქტიკის გარეშე, რაც საკუთარ თავში სექსუალური აქტივობის შეწყვეტას მოიცავს. ტყუილად წახალისება სეკრეციის ფლანგვისა, რომელსაც ადამიანური არსება შეუძლია ჩასახოს, სულ ცოტა ღრმა უმეცრებას მოწმობს. სრული გაცნობიერება იმ ფაქტისა, რომ თესლი მხოლოდ და მხოლოდ მოდგმის გასაგრძელებლად არის განწესებული და არა ტკბობისათვის, ეხმარება ადამიანს ყველა ცხოველური ლტოლვა დაძლიოს. როცა ნათლად გაიაზრებენ, რომ მაცოცხლებელი სითხე ამაოდ არ უნდა იკარგებოდეს, კაცები და ქალები შეძლებენ თავი დააღწიონ სექსუალურ ლტოლვას. და მაშინ ქორწინება სრულიად სხვა აზრს შეიძენს, ახლანდელი ოჯახური ცხოვრება კი ყველას საზიზღრად მოეჩვენება. ქორწინება ქმრისა და ცოლის ორმხრივ სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. შეიძლება ითქვას, რომ ქორწინებაში მყოფი წყვილი ბრაჰმაჩარიის გზას ადგას, თუ მას სექსუალური კავშირი მხოლოდ ბავშვის გაჩენის მიზნით აქვს. ასეთი ურთიერთობა შეუძლებელია, თუ ორივე მხარეს არ ექნება ამის სურვილი. ისინი არასდროს არ შევლენ ინტიმურ კავშირში, თუ ბავშვის გაჩენას არ მოინდომებენ. თუ ცოლქმრული ურთიერთობები მთლიანად მოვალეობის გრძნობას იქნება დაქვემდებარებული, მაშინ არც ქმარსა და არც ცოლს არ გაუჩნდება სურვილი, კვლავ და კვლავ ამაოდ გაიმეოროს ეს პროცესი.
ჩემი სიტყვები ისე არ უნდა მიიღოთ, როგორც ანბანური ჭეშმარიტება. მკითხველმა უნდა გაიგოს, რომ, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, მე საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას ვეყრდნობი. ვიცი, რომ ჩემი აზრები საყოველთაოდ მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. სულიერი სრულყოფისათვის ჩვენ ნაწილობრივ იძულებული ვართ, გაბატონებული აზრი უარვყოთ და მის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ. უდიდესი აღმოჩენები მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა საყოველთაოდ მიღებული გამოცდილება და შეხედულებები ეჭვქვეშ იქნა დაყენებული. უბრალო ასანთის გამოყენება ყველა მაშინდელ გამოცდილებას ეწინააღმდეგებოდა, ელექტრობის გამოგონებამ კი მაშინ არსებული ყველა გამოცდილება არარაობად აქცია.
ის, რაც სამართლიანია ფიზიკურ სამყაროსთან მიმართებით, ეხება სულიერ სრულყოფასაც. ძველ დროში არ არსებობდა ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, როგორიც არის ცოლქმრობა. კაცები და ქალები განურჩევლად შედიოდნენ ერთმანეთთან სქესობრივ კავშირში ცხოველების მსგავსად. თვითშეზღუდვა მათთვის სრულიად უცხო იყო. მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავიანთ გარშემომყოფებს აღემატებოდნენ, უარყვეს ის ვნებები, სხვებისგან დაუფარავად რომ იკმაყოფილებდნენ და თვითკონტროლის კანონი აღმოაჩინეს. ჩვენი ვალია თვითკონტროლის კანონის ფარული შესაძლებლობები გამოვიკვლიოთ. ამდენად, ჩემი აზრი იმის შესახებ, რომ ნებისმიერმა კაცმა და ქალმა ცოლქმრული ურთიერთობები ჩემ მიერ აღწერილ დონემდე ასწიონ, არ უნდა იქნას უგულებელყოფილი, როგორც სრული უტოპია. ადამიანების ცხოვრებამ ნორმალური სახე რომ მიიღოს, თვითშეზღუდვა სექსუალურ ურთიერთობებში ნორმად უნდა იქცეს.
სქესობრივი ჯირკვლები გამუდმებით გამოყოფენ თესლს. ეს სეკრეცია გამოყენებული უნდა იქნას გონებრივი, ფიზიკური და სულიერი ენერგიის გაზრდისათვის. ის, ვინც ამ ხელოვნებას დაეუფლება, აღმოაჩენს, რომ მას ძალიან ცოტა საკვები სჭირდება ჯანმრთელობის სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად. თუმცა მას სავსებით კარგად შეეძლება ფიზიკური სამუშაოს შესრულება. ზუსტად ასევე, მას ადვილად ვერ დაღლის გონებრივი ძალისხმევის გაღება. ის ნელ-ნელა დაბერდება, სწორედ ისე ბუნებრივად, როგორც მწიფე ხილი თუ დამჭკნარი ფოთლები ვარდება ხიდან. ასეთი ბრაჰმაჩარი, როცა მისი წასვლის დრო დადგება, ისე გადავა სხვა სამყაროში, რომ ყველა თავის უნარს შეინარჩუნებს. თუმცა ასაკთან ერთად მისი სხეული აუცილებლად განიცდის ფიზიკურ ცვეთას, მისი გონება არა მხოლოდ არ შესუსტდება, არამედ პირიქით, უფრო ნათელი და გამჭრიახი გახდება. თუ, რაც ზემოთ ვთქვით, ყველაფერი მართალია, მაშინ ჯანმრთელობის ჭეშმარიტი გასაღები სასიცოცხლო ენერგიის შენარჩუნებაა.
ქვემოთ მომყავს სასიცოცხლო ენერგიის შენარჩუნების წესები იმ სახით, როგორითაც ისინი ჩემთვის არის ცნობილი.
- სექსუალურ ლტოლვას ფესვები ფიქრებში აქვს. ამიტომ აუცილებელია სრული კონტროლი საკუთარ აზრებზე. ამის მიღწევა, აი, ასე შეიძლება: თქვენი გონება უქმად არასდროს არ უნდა იყოს. ის ყოველთვის კეთილი და სასარგებლო საქმეებით უნდა იყოს დაკავებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველთვის იფიქრეთ თქვენს იმ მოვალეობაზე, რომელსაც მოცემულ მომენტში ასრულებთ. არ ღირს ნერვიულობა ამასთან დაკავშირებით, საჭიროა იფიქროთ მხოლოდ იმაზე, როგორ გახდეთ პროფესიონალი თქვენს სფეროში, შემდეგ კი თქვენი აზრები პრაქტიკაში განახორციელოთ. არაფრისმომცემი, უსარგებლო ფიქრები თავიდან უნდა მოიშოროთ. ჯაპა (უფლის სახელის გამეორება) დიდი შვება და დახმარებაა, როცა უსაქმო ფიქრები შემოგაწვებათ. უჭვრიტეთ ღმერთს ისეთი სახით, როგორითაც მიჩვეული ხართ, რომ ის წარმოიდგინოთ, ან ყოველგვარი სახის გარეშე, თუ ასეთი წარმოდგენა თქვენთვის უფრო ახლოა. სანამ ჯაპა მიმდინარეობს, სხვა ფიქრები უნდა განდევნოთ თქვენი გონებიდან. ასე გამოიყურება გონების იდეალური მდგომარეობა. მაგრამ, თუ ადამიანი მის მიღწევას ვერ ახერხებს და დაუპატიჟებელი აზრები იჭრება მის გონებაში, ის სულით არ უნდა დაეცეს. გამუდმებით უნდა იმეოროს ნამაჯაპა იმის რწმენით გამსჭვალულმა, რომ გაიმარჯვებს საკუთარ ვნებებზე.
- ზემოთქმული ეხება არა მხოლოდ ჩვენს აზრებს, არამედ კითხვასა და საუბრებს. ისინი უნდა იყოს ჯანსაღი და ღირსეული. ყოველნაირად უნდა ვარიდოთ თავი ეროტიკულ ლიტერატურას. უსაქმო, უხამს საუბრებს უხამს ქმედებებთან მივყავართ. ნათელია, რომ ვისაც არ სურს ხელი შეუწყოს თავისი ცხოველური ინსტინქტების გაღვივებას, თავი უნდა არიდოს ისეთ საქმეს, რომელიც ეხება უხამსობას.
- ისევე, როგორც გონება, სხეულიც ჯანსაღი, სასარგებლო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, რათა დღის განმავლობაში შრომით დაღლის ჯილდოდ იქცეს ძალების აღმდგენი ძილი ყოველგვარი სიზმრების გარეშე. რამდენადაც ეს შესაძლებელია, სუფთა ჰაერზე უნდა ვიმუშაოთ. მათ, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შეუძლიათ ფიზიკურად იშრომონ, აუცილებლად რეგულარულად უნდა ივარჯიშონ. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარჯიში სუფთა ჰაერზე სწრაფი ტემპით სეირნობაა. სიარულისას პირი დამუწული უნდა გქონდეთ და მხოლოდ ცხვირით ისუნთქოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვზივართ თუ დავდივართ – ორივე შემთხვევაში ტანი გამართული უნდა გვქონდეს. სხვა პოზაში დგომა ან ჯდომა სიზარმაცის ნიშანია, სიზარმაცე კი თვითშეზღუდვის მტერია. სასარგებლოა ასევე ასანას იოგური ვარჯიშები. დაბოლოს ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ, ვისაც ხელები და ფეხები, თვალები და ყურები ჯანმრთელი და სასარგებლო საქმიანობით აქვს დაკავებული, ადვილად შეძლებს, თავისი ცხოველური მიდრეკილებები გააკონტროლოს. ეს ყველას შეუძლია საკუთარ თავზე შეამოწმოს.
- ერთ სანსკრიტულ ტექსტში ნათქვამია, რომ ადამიანი ის არის, რასაც ჭამს. მსუნაგი ადამიანი, ხარბად რომ მივარდება საჭმელს, თავისი ცხოველური ინსტინქტების მონაა. ის, ვისაც არ შეუძლია, ლაგამი ამოსდოს თავის ღორმუცელობას, თავის სხვა გრძნობებსაც ვერ მოთოკავს. თუ ეს ასეა, საჭმელი სწორედ იმდენი უნდა შევჭამოთ, რამდენიც სხეულს სჭირდება. დიეტა ჯანმრთელი და გაწონასწორებული უნდა იყოს. სხეული იმისთვის არ არის შექმნილი, რომ იქცეს ნაგვის ყუთად, რომელშიც ის საჭმელი ხვდება, ჩვენ რომ ვიყენებთ საკუთარ ახირებებს აყოლილები. საკვებმა სხეულის ჯანმრთელობა უნდა შეინარჩუნოს. ადამიანს სხეული მიეცა, როგორც თვითშემეცნების საშუალება, თვითშემეცნება კი ღმერთის შემეცნებაა. ადამიანი, რომელმაც ეს თავისი ცხოვრების მიზნად აქცია, თავისი ცხოველური ინსტინქტების მონა არასოდეს იქნება.
- კაცი ყველა ქალს ისე უნდა უყურებდეს, როგორც საკუთარ დედას, დას ან ქალიშვილს. არავის აქვს უწმინდური აზრები თავისი დედის, დისა და ქალიშვილის მიმართ. ზუსტად ასევე ქალი ყველა კაცს ისე უნდა უყურებდეს, როგორც საკუთარ მამას, ძმასა და ვაჟიშვილს.
მე ამ თემაზე დაწვრილებით ვიმსჯელე ჩემს სხვა თხზულებებში და ახლა მხოლოდ მათი მოკლე განზოგადება მოვახდინე 5 პუნქტად. ყველა, ვინც ამ 5 პუნქტს დაიცავს, ადვილად დაძლევს იმას, რასაც მიღებულია, ვნებათა შორის უდიდესი უწოდონ. ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურს ბრაჰმაჩარიას მდგომარეობას მიაღწიოს, ძალისხმევას არ დააკლებს იმ მიზეზის გამო, თითქოს ამ წესების შესრულება შეუძლებელი ან, ყოველ შემთხვევაში, ძნელად განსახორციელებელი იყოს. თავისთავად, ეს ძალისხმევა სიხარულის მომტანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯანმრთელობა მიუწვდომელია მონებისათვის. ყველაზე უარესი მონობა ის არის, საკუთარი ცხოველური ინსტინქტების ტყვეობაში იმყოფებოდე.
აქ ზედმეტი არ იქნება რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე. ორსულობის პრევენცია ხელოვნური საშუალებებით დიდი ხანია ცნობილია. წარსულში ამ მეთოდს მალულად იყენებდნენ და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები კი უხეში იყო. თანამედროვე საზოგადოებამ მათ საპატიო ადგილი მიაკუთვნა და სრულყო ისინი. მის მისაკუთრებას ფილანტროპიებიც კი შეეცადნენ. კონტრაცეფციის მომხრეები აცხადებენ, რომ სექსუალური ლტოლვა თანდაყოლილი ბუნებრივი ინსტინქტია და მასში სიკეთესაც კი ხედავენ. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ ლტოლვის დათრგუნვა გაუმართლებელია მაშინაც კი, როცა ეს შესაძლებელია. მათი აზრით, შობადობის კონტროლი თვითდისციპლინის საშუალებით ძალიან ძნელია და, თუ თვითშეზღუდვას შემცვლელს არ მოვუძებნით, ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა სერიოზულად დაზიანდება ხშირი ფეხმძიმობისაგან. ისინი ასევე დასძენენ, რომ, თუ შობადობაზე კონტროლს არ დავაწესებთ, დედამიწაზე მოსახლეობის სიჭარბე გაჩნდება. ცალკეულ ოჯახებს სიღატაკე ელოდება, მათ ბავშვებს კი – შიმშილი და გაჭირვება და ისინი ვერ მიიღებენ სათანადო განათლებას. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ მეცნიერებმა უსაფრთხო და ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები უნდა გამოიგონონ. ამ არგუმენტმა მე ვერ დამარწმუნა. კონტრაცეპტივების გამოყენება, ალბათ, ისეთ ბოროტებასთან მიგვიყვანს, რომელზედაც ჩვენ ახლა წარმოდგენაც არ გვაქვს. მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ჩვენ თვითდისციპლინის აუცილებლობისაგან გვათავისუფლებს. ჩემი აზრით, კონტრაცეპტივების გამოყენებისათვის ჩვენ მეტისმეტად მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევდა ძალიან საეჭვო მყისიერი სარგებლისათვის. მაგრამ აქ ამ თემის განხილვა არ ღირს. მათ, ვისაც სურთ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლიათ გადახედონ ბროშურას: „თვითშეკავება გრძნობებზე აყოლის წინააღმდეგ“, წაიკითხონ ჩემ მიერ შერჩეული მასალები ამ თემაზე, შემდეგ კი ისე მოიქცნენ, როგორც გული და გონება უკარნახებთ. ისინი, ვისაც არ სურთ ჩემი ბროშურის წაკითხვა ან დრო არ აქვთ ამისათვის, თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებენ, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს ისე აარიდებენ თავს, როგორც საწამლავს. მათ მთელი თავიანთი ძალისხმევა უნდა გაიღონ, რათა ასკეტიზმში სრულყონ საკუთარი თავი და ისეთი საქმე აირჩიონ, რომელშიც მათი სხეული და ცნობიერება მუდამ დაკავებული იქნება და ამით ენერგიის გონივრულ გამოსავალს მიაგნებენ. ფიზიკური სამუშაოსგან დაღლის შემდეგ აუცილებელია ჯანსაღი გართობა. ეშმაკს, რომელსაც ასე ძლიერ სწყურია ჩვენს გონებაში შემოღწევა, ერთი ნახვრეტიც არ უნდა დავუტოვოთ, ერთი უსაქმო წამიც კი. ზუსტად ასევე უნდა განვამტკიცოთ და ჯანსაღი კალაპოტისკენ წარვმართოთ ცოლქმრული სიყვარული. თუ ამ მცნებებს დაიცავენ, ცოლი და ქმარი ახალ სიმაღლეებს მიაღწევენ ზნეობრივ სრულყოფაში. როგორც კი ჭეშმარიტი თვითაღკვეთის სიხარულს შეიცნობენ, ისინი განთავისუფლდებიან ტკბობისკენ ლტოლვისაგან, რომელსაც ცხოველური ინსტინქტები ახვევთ თავს. საკუთარი თავის მოტყუება – ეს არის უდიდესი დამაბრკოლებელი. იმის ნაცვლად, რომ მკაცრად აღზარდონ საკუთარი გონება – წყარო ყველა ცხოველური ინსტინქტისა – კაცები და ქალები ცდილობენ, თავი არიდონ სიახლოვის თვით ფიზიკურ აქტს. თუ ადამიანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შეაკავოს აზრები და ქცევები, ის უეჭველად გაიმარჯვებს ნებისმიერ ცხოველურ ინსტინქტზე. მამაკაცმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქალი მისი თანამგზავრი და დამხმარეა და არა მისი ხორციელი სურვილების დაკმაყოფილების საშუალება. ჩვენთვის სავსებით ნათელი უნდა იყოს, რომ ადამიანი სრულიადაც არ არის შექმნილი ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად.