ამონარიდი გახლავთ პირველი თავი მაჰათმა განდის წიგნიდან: „ეთიკური რელიგია“.
რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ესა თუ ის საქციელი მორალურია? როცა ამ შეკითხვას ვსვამთ, ჩვენ მიზნად იმას კი არ ვისახავთ, ერთმანეთს დავუპირისპიროთ მორალის მოთხოვნების შესაბამისი და უზნეო ქცევები, არამედ გვსურს განვიხილოთ ადამიანების ქცევების ზოგიერთი ასპექტი, რომელთაც უმრავლესობა მორალური თვალსაზრისით სწორად მიიჩნევს. შესაძლოა მათი დიდი ნაწილი სულაც არ იყოს ნაკარნახევი მორალური მოსაზრებებით, ხანდახან კი ისინი შეიძლება, უბრალოდ, ამორალურად მივიჩნიოთ. ჩვენ ძირითადად საყოველთაოდ მიღებული შეხედულებების შესაბამისად ვიქცევით. მათი არსებობა აუცილებელია. ასეთი ნორმები რომ არ იყოს, ადამიანებს შორის ანარქია იქნებოდა გამეფებული და სოციალური კონტაქტები შეწყდებოდა. და მაინც, წეს-ჩვეულებებსა და ადამიანურ ქცევებზე უბრალო დაკვირვებას არ შეიძლება ზნეობა ეწოდოს.
ჭეშმარიტად ზნეობრივი ქცევა ჩვენი საკუთარი ქცევა უნდა იყოს, ჩვენი მოსაზრებებითა და სურვილებით ნაკარნახევი. თუ მექანიკურად ვმოქმედებთ, ჩვენს ქცევაში მორალური შინაარსი არ არის. ასეთი ქცევა მორალური მაშინ იქნება, თუ ადამიანი შეაფასებს თავის მოქმედებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში რაღაც ნიმუშის მიხედვით მოქცევა სწორია. ამ შემთხვევაში ის იყენებს თავის უნარს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა იქნება სწორი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს განსხვავება ნიმუშის მიხედვით მექანიკურ ქცევასა და წინასწარგანზრახულ ქცევას შორის. დამნაშავის პატიება შეიძლება მეფის მიერ გაღებული სიკეთე იყოს და არა იმ შიკრიკის, რომელსაც მეფის მიერ გაგზავნილი ბრძანება მიაქვს შეწყალების შესახებ. თუმცა, თუ შიკრიკს აუცილებლად მიაჩნია, ბრძანება საჭირო ადგილზე მიიტანოს, მაშინ მის მოქმედებასაც ასევე შეიძლება ეწოდოს ზნეობით ნაკარნახევი. და როგორ შეუძლია მორალზე იმსჯელოს მან, ვინც დამოუკიდებლად ვერ აზროვნებს და ისე მიჰყვება დინებას, როგორც ხის მორი?
ხანდახან ადამიანი უარს ამბობს იმაზე, რაც ადამიანთა უმრავლესობისათვის მისაღებია და საკუთარი შეხედულებების მიხედვით იქცევა, ამასთან მისი განზრახვა ის არის, რომ მხოლოდ სიკეთე აკეთოს. ასეთი უდიდესი ადამიანი იყო უინდელ ფილიპსი.1 ერთხელ, როცა საკანონმდებლო კრებას მიმართავდა, მან თქვა: „მანამ, სანამ არ ისწავლით საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და მის გამოხატვას, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთი იქნება, რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე“. ამდენად, უნდა მივიჩნიოთ, რომ საზოგადოება სიკეთის გზას მხოლოდ მაშინ ადგას, თუ თითოეული ადამიანი საკუთარი სინდისის ხმით ხელმძღვანელობს, ამ სტადიამდე კი სრულიად შეუძლებელია იმ რწმენის გარეშე მიხვიდე, რომ ღმერთი ჩვენ შორის არის და მოწმეა ჩვენ მიერ ჩადენილი ყოველი საქციელისა.
საკმარისი არ არის, უბრალოდ კარგად მოიქცე. ის ნაკარნახევი უნდა იყოს მორალით და დამოკიდებული იყოს ადამიანის ზრახვებზე. შეიძლება ორი ადამიანი აბსოლუტურად ერთნაირად მოიქცეს, მაგრამ ერთის საქციელი სიკეთე იყოს, მეორისა კი – ამის სრულიად საპირისპირო. მაგალითად ავიღოთ ადამიანი, რომელიც სიბრალულის გამო კვებავს ღარიბებს და მეორე პიროვნება, რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს, მაგრამ იმ მოტივით, რომ, ვთქვათ, ადამიანებისგან ქება დაიმსახუროს, ან შეიძლება, უბრალოდ, პირადი გამორჩენის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აბსოლუტურად ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, პირველს შეიძლება მორალური ადამიანი ვუწოდოთ, მეორეს კი – არა.
მკითხველს აქ უნდა ახსოვდეს განსხვავება ორ სიტყვას შორის: არამორალური და იმორალური. შეიძლება ასეც იყოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვერ ვხედავდეთ, მოაქვს თუ არა ამა თუ იმ მორალურ საქციელს დადებითი შედეგი. როცა მორალურობაზე ვფიქრობთ, ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება დავინახოთ, ის არის, რომ საქციელი კარგია და კარგი განზრახვით არის ჩადენილი. მისი შედეგების გაკონტროლება კი შეუძლებელია – ეს მხოლოდ ღვთის ნებაა. ისტორიკოსებმა იმპერატორ ალექსანდრეს „უდიდესი“ დაარქვეს. სადაც უნდა წასულიყო ის (დაპყრობითი ომების დროს), ყველგან თან მიჰქონდა ბერძნული ენა, ბერძნული კულტურა, ხელოვნება და წეს-ჩვეულებები. და დღეს ჩვენ აღტაცებით ვაკვირდებით ბერძნული ცივილიზაციის გავლენას, მაგრამ ალექსანდრეს ზრახვები მხოლოდ დაპყრობა და სახელის მოხვეჭა იყო. და თუ ასეა, როგორ შეიძლება მის ქმედებებს ზნეობრივი ვუწოდოთ? გასაგებია, რომ მას „უდიდესს“ ეძახდნენ, მაგრამ ზნეობრივ ადამიანად ის ნამდვილად არ შეიძლება შეფასდეს.
ამ განსჯებს ჩვენ იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ საკმარისი არ არის მორალური საქციელი მხოლოდ კეთილი განზრახვით იქნეს ჩადენილი. სურვილი არ განსაზღვრავს მოქმედების შედეგს. მაგალითად, აბსოლუტურად არაფერი ზნეობრივი არ არის იმაში, რომ ადამიანი დილით ადრე დგება იმის შიშით, რომ დაგვიანების გამო სამსახური არ დაკარგოს. მორალურობა არ არის იმაშიც, რომ ის უბრალოდ ცხოვრობს, ზედმეტი ფუფუნების გარეშე, მაშინ, როცა შესაძლებლობა არ აქვს, სხვაგვარად იცხოვროს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვლაპარაკობთ მაღალ ზნეობაზე იმ დამსაქმებლისა, რომელიც ცდილობს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს თავის თანამშრომლებთან ან მათ უფრო მაღალ ხელფასს უხდის იმის შიშით, რომ სამსახური არ მიატოვონ. ამას ეგოისტური ზრახვები უფრო უდევს საფუძვლად. სხვა საქმეა, მას რომ სიკეთე სურდეს ხელქვეითებისათვის, აცნობიერებდეს, რომ თავის კეთილდღეობას მათ უნდა უმადლოდეს და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს მათთან.
ამდენად, საქციელს ზნეობრივი რომ ვუწოდოთ, ის ყოველგვარი შიშისა და იძულების გარეშე უნდა იყოს ჩადენილი. როცა გლეხები აჯანყდნენ და გამძვინვარებულები ინგლისის მეფესთან, რიჩარდ მეორესთან,2 მივიდნენ თავიანთი უფლებების მოთხოვნით, მეფემ მათ უფლებები უბოძა და თავისი დაპირება ბეჭდის დასმითა და ხელისმოწერით დაადასტურა. მაგრამ, როცა საფრთხემ გაიარა, მეფემ გლეხები აიძულა, ისევ უარი ეთქვათ უფლებებზე. არ იქნებოდა სწორი იმის მტკიცება, რომ რიჩარდის პირველი ქმედება მორალურია, მეორე კი – ამორალური. მისი პირველი საქციელი ხომ შიშით იყო გამოწვეული და მასში მორალური ოდნავაც არაფერი არ იყო?!
ასე რომ, ნამდვილად ზნეობრივი საქციელი თავისუფალი უნდა იყოს შიშისა და იძულებისაგან და ასევე არავითარი ეგოისტური ინტერესი არ უნდა იმალებოდეს მის უკან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი გათვლებით ჩადენილი არცერთი საქციელი არაფრად არ ღირს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ისინი მორალის მოთხოვნებს უპასუხებენ. ეს ხომ დაამდაბლებდა თვით იდეას იმისა, რაც არის მორალი?! არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ის წესიერება, რომლის მოტივი უკეთესი სტრატეგიაა. როგორც შექსპირი ამბობს, „ანგარებიანი სიყვარული არ არის სიყვარული“3.
ასევე საქციელიც, რომელიც პირადი გამორჩენისთვის არის ჩადენილი, არ შეიძლება ითქვას, რომ ზნეობის მოთხოვნებს უპასუხებს, და ასევე არა-მორალურია ქმედება კომფორტსა და პირად ბედნიერებაზე გათვლილი იმქვეყნიურ სამყაროში. მხოლოდ ის მოქმედება არ ეწინააღმდეგება მორალს, რომლის მიზანი სიკეთის ქმნაა. ჭეშმარიტი ქრისტიანი – ფრანცისკ ქსავიერი4 მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ მისი სული ყოველთვის წმინდა დარჩენილიყო.5 მას მიაჩნდა, რომ ადამიანმა თავი ღმერთს უნდა მიუძღვნას არა იმისთვის, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდეს. უდიდეს წმინდანს – ტერეზას, სურდა მარჯვენა ხელში ჩირაღდანი სჭეროდა, მარცხენაში კი – წყლის ჭურჭელი: მას უნდოდა ცეცხლით დაეწვა სამოთხის ყველა ცდუნება და ჯოჯოხეთის მოგიზგიზე ცეცხლი წყლით ჩაექრო, რათა ადამიანებს ესწავლათ უფლის მსახურება მხოლოდ სიყვარულით, ჯოჯოხეთის შიშისა თუ ზეციური ნეტარების ცდუნების გარეშე.
ამდენად, ადამიანი, რომელიც მორალის მცნებებით ცხოვრობს, უნდა იყოს გაბედული და მზადმყოფი იმისათვის, რომ თუნდაც სიკვდილს შეხვდეს. თუ ადამიანი ერთგულია მეგობრების მიმართ და მტრებს ატყუებს, ის მხდალია. მათ, ვინც შიშის გამო აკეთებს სიკეთეს და არ არის დარწმუნებული თავის ქმედებებში, მორალი არ გააჩნიათ. ჰენრი კლეიმ,6 რომელიც ცნობილი იყო თავისი სიკეთით, თავისი შეხედულებები მსხვერპლად გაიღო ამბიციების გამო.
დენიელ უებსტერმა,7 უდიდესი ინტელექტის ადამიანმა ყველაფერი ამაღლებულის საოცარი აღქმით, ერთხელ თავისი ინტელექტუალური მთლიანობა ფულზე გაყიდა. მხოლოდ ერთი ბილწი საქციელით მან წაშალა ყველაფერი მშვენიერი, რაც კი გაკეთებული ჰქონდა. მსგავსი შემთხვევები იმას მოწმობს, თუ რამდენად ძნელია ზნეობაზე მსჯელობა ადამიანის ქცევების მიხედვით, რადგან მის სულში ჩახედვა შეუძლებელია. ახლა ჩვენ გვაქვს პასუხი შეკითხვაზე, რომელიც სტატიის დასაწყისში დავსვით: „რა არის ზნეობრივი საქციელი?“ ჩვენ ასევე ვნახეთ, როგორ ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ მორალურ პრინციპებთან თანხმიერებაში.
შენიშვნები:
- უინდელ ფილიპსი – ამერიკელი ორატორი, სოციალური რეფორმატორი და აბოლიციონისტი.
- რიჩარდ II – ინგლისის მეფე 1377-1399 წლებში. 1397 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა, რამაც მსხვილი ფეოდალური აჯანყება გამოიწვია. 1399 წლის 30 სექტემბერს ტახტიდან ჩამოაგდეს. უილიამ შექსპირმა უძღვნა მას ისტორიული დრამა „რიჩარდ II“.
- სიყვარული არ არის სიყვარული, როცა ის შერეულია ისეთ რამეებთან, განცალკევებით რომ დგას მთელი არსისაგან.
- წმინდა ფრანცისკ ქსავიერი (ნამდვილი სახელი ფრანცისკ ჰასო) 1506 წელს დაიბადა ნავარაში, იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილო დასავლეთით. სწავლობდა თეოლოგიას საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში. 1534 წელს მან პარიზში, მონმარტრის სენ პიერის ეკლესიაში დააარსა იესოს საზოგადოება. 1622 წელს, სიკვდილის შემდეგ ის რომის პაპმა იგნატიუს ლოილასთან ერთად წმინდანად გამოაცხადა.
- და მაშინ, კურთხეულო იესო ქრისტევ, რატომ არ უნდა მიყვარდე მე შენ, არა იმიტომ, რომ ზეცას მივაღწიო ან ჯოჯოხეთს დავაღწიო თავი, არა რაღაც გამორჩენის იმედით, ან იმიტომ, რომ ჯილდოს ვეძებ, არამდე ისე, როგორც შენ გიყვარვარ მე, ო, მარადიულო უფალო.
- ჰენრი კლეი (177-1852) – ამერიკელი პოლიტიკოსი და ორატორი. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 1825-1829 წლებში.
- დენიელ ვებსტერი (1782-1858) – ამერიკელი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე. მისი „ბიოგრაფები დაჟინებით ამბობენ, რომ ის არასდროს არ ყოფილა პიროვნულად უპატიოსნო“ – ენციკლოპედია ბრიტანიკა.