რას ნიშნავს იესო ჩემთვის

ამონარიდი გახლავთ პირველი თავი მაჰათმა განდის წიგნიდან: „რას ნიშნავს იესო ჩემთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი რელიგიების შესწავლასა და სხვადასხვა რწმენის რელიგიურ ლიდერებთან დისკუსიებს მივუძღვენი, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მეტისმეტად თვითდაჯერებული ვჩანვარ, როცა იესო ქრისტეს შესახებ ვწერ და ვცდილობ ავხსნა, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის. მე ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ჩემმა ქრისტიანმა მეგობრებმა არაერთხელ მითხრეს სწორედ იმის გამო, რომ ქრისტიანი არ ვარ და რადგან (მე მათი სიტყვების ზუსტ ციტირებას მოვახდენ) „ქრისტეს გულის სიღრმეში არ ვიღებ, როგორც ღმერთის მხოლოდშობილ ძეს“, ამიტომ ჩემთვის შეუძლებელია ჩავწვდე მისი მოძღვრების სიღრმეს, ანუ გავიგო და გავაკეთო ინტერპრეტაცია სულიერი ძალის უდიდესი წყაროსი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე შეუმეცნებია.

თუმცა ეს შეიძლება სიმართლე იყოს და არც იყოს ჩვენს შემთხვევაში, მე მაქვს საფუძველი მჯეროდეს, რომ ეს მცდარი აზრია. მე მწამს, რომ ასეთი შეფასება შეუთავსებელია იმ გზავნილთან, რომელიც იესო ქრისტემ გაუგზავნა მსოფლიოს. რამდენადაც ის იყო, რა თქმა უნდა, ამაღლებული მაგალითი იმისა, ვისაც უნდოდა გაეცა ყველაფერი, საპასუხოდ კი არაფერს ითხოვდა, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი რწმენის აღმსარებელი იყო მიმღები. სრულიად დარწმუნებული ვარ, მას რომ ახლა ეცხოვრა კაცთა შორის, დალოცავდა იმ ადამიანებსაც, რომელთაც შესაძლოა მისი სახელი გაგონილიც კი არ ჰქონდათ, თუ მათი ცხოვრება იქნებოდა განსახიერება იმ სათნოებისა, რომლის ცოცხალ მაგალითს თვითონ ის წარმოადგენდა დედამიწაზე. სათნოებისა, ჰყვარებოდა მეზობელი ისე, როგორც საკუთარი თავი, სიკეთე ეკეთებინა და ქველმოქმედი ყოფილიყო თავის მოყვასთა მიმართ.

ესე იგი რას ნიშნავდა იესო ჩემთვის? ჩემთვის ის იყო ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებელი, რომელიც კი კაცობრიობას ოდესმე ჰყოლია.

მათთვის, ვისაც ქრისტესი სწამს, ის არის მისი მხოლოდშობილი ძე. შეიძლება თუ არა იმ ფაქტმა, გავიზიარებ თუ არა მე მათ რწმენას, ქრისტემ მეტი ან ნაკლები გავლენა მოახდინოს ჩემს ცხოვრებაზე? მთელი დიადება მისი მოძღვრებისა და დოქტრინისა აკრძალული უნდა იყოს ჩემთვის? არ მჯერა, რომ ეს სწორი იქნება. ჩემთვის ის სულიერ დაბადებას გულისხმობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი ინტერპრეტაცია ის არის, რომ იესოს პირადი ცხოვრება არის გასაღები მისი სიახლოვისა ღმერთთან, რომ მან ისე, როგორც ვერავინ, შეძლო გამოეხატა სული და ნება ღმერთისა. სწორედ ამ კუთხით ვხედავ და ვაღიარებ მას, როგორც ღმერთის ძეს, მაგრამ მე მჯერა, რომ რაღაც ამ სულისა, რის მაგალითსაც ქრისტე განასახიერებს უზენაესი ზომით, მისი ყველაზე ღრმა ადამიანური აზრით, ნამდვილად არსებობს. მე ამის უნდა მჯეროდეს. თუ ამას არ დავიჯერებ, სკეპტიკოსი ვიქნები, იყო სკეპტიკოსი კი, იმას ნიშნავს, რომ იცხოვრო ცარიელი ცხოვრებით, რომელსაც მორალური შინაარსი ნაკლებად ექნება, ან, რაც იგივეა, ადამიანთა მთელი მოდგმა გაწირო ცუდი დასასრულისათვის.

ისიც მართალია, რომ, რა თქმა უნდა, არსებობს მიზეზი სკეპტიციზმისათვის, როცა ადამიანი უყურებს იმ სისხლიან კალოს, რომელიც ევროპელმა აგრესორებმა მოაწყვეს, და, როცა ფიქრობს იმ უბედურებებსა და ტანჯვაზე, რომლებიც მრავლადაა მსოფლიოს ყველა კუთხეში, ისევე, როგორც ეპიდემიები და სიღატაკე, რომლებიც ყოველთვის და გარდაუვლად მოჰყვება ომებს, და, როცა ამ ყველაფრის შემსწრე ვართ, როგორ შეიძლება ვინმემ სერიოზულად ილაპარაკოს ღვთაებრივი სულის ინკარნაციაზე ადამიანში? იმიტომ, რომ ტერორიზმისა და მკვლელობების ეს აქტები შეურაცხყოფენ ადამიანის სინდისს, იმიტომ, რომ ადამიანმა იცის, ისინი ბოროტებას რომ წარმოადგენენ, იმიტომ, რომ თავისი გულისა და გონების სიღრმეში გმობს მათ. იმიტომ, რომ, როცა მას გზა არ აქვს აბნეული და ყალბი ქადაგებებით არ არის გახრწნილი, თუ კორუმპირებული ლიდერების მიერ შეცდომაში არ არის შეყვანილი, ადამიანს თავისი გულმკერდის შიგნით აქვს სიკეთის იმპულსი და თანაგრძნობის განცდა, რომელიც ღვთაებრივის ნაპერწკალია და რომელიც, მე მჯერა, რომ ერთ დღეს ყვავილად გაიფურჩქნება. ამის იმედი აქვს მთელ კაცობრიობას. ასეთი მაგალითი ყვავილად გაფურჩქნისა შეიძლება ვიპოვოთ ქრისტეს ცხოვრებაში. მე ვერ დავიჯერებ, რომ ახლა არსებობს ან ოდესმე არსებობდა პიროვნება, რომელმაც არ გამოიყენა ქრისტეს მაგალითი თავისი ცოდვების შესამცირებლად, თუმცა კი ეს შეიძლება ისე გააკეთა, რომ გაცნობიერებული არ ჰქონდა. ყველას ცხოვრება ამა თუ იმ ზომით შეიცვალა ქრისტეს იქ ყოფნით, მისი მოქმედებითა და სიტყვებით, რომელთაც თავისი ღვთაებრივი ხმით წარმოთქვამდა. მე მჯერა, რომ შეუძლებელია შეაფასო მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიების ღირსება და, უფრო მეტიც, მე მჯერა, რომ არ არის აუცილებელი და ზიანის მომტანიც კია, შეეცადო ამის გაკეთებას. მაგრამ თითოეული მათგანი, ჩემი განსჯით, წარმოადგენს მოტივაციის მომცემ ჩვეულებრივ ძალას: სურვილს, რომ აღამაღლოს ადამიანის ცხოვრება და მიზანი გაუჩინოს მას. რადგან იესოს ცხოვრებას აქვს მნიშვნელობა და ტრანსცენდენტულობა, რაზედაც მე მივანიშნე, მჯერა, რომ ის არა მხოლოდ ქრისტიანობას ეკუთვნის, არამედ მთელ მსოფლიოს, ყველა რასასა და ხალხს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი დროშის, სახელისა თუ დოქტრინის ქვეშ არიან ისინი გაერთიანებული, რომელ რელიგიას აღიარებენ და რომელ ღმერთს სცემენ თაყვანს წინაპრებისგან მიღებული მემკვიდრეობით.

Scroll to Top