გუსტავ ლე ბონი – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას.
ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი გუსტავ ლე ბონის წიგნიდან – „ერების ფსიქოლოგია“.
ბუნებისმეტყველები სახეობათა საკუთარ კლასიფიკაციას გარკვეულ ანატომიურ თავისებურებათა არსებობაზე აფუძნებენ, რომელთა გამეორება მემკვიდრეობითობის მიერ მართებულად და თანმიმდევრულად ხდება. დღეს ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ თავისებურებათა ცვლილება შეუმჩნეველ მცირე ცვლილებათა დაგროვებით ხდება; მაგრამ თუ ისტორიული დროის ხანმოკლე მონაკვეთს დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ სახეობები არ იცვლებიან.
ადამიანის მიმართ ნატურალისტთა მეთოდების გამოყენებამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა რამდენიმე სრულიად განსხვავებული ტიპი. წმინდად ანატომიურ თავისებურებებზე დაყრდნობით, როგორიცაა კანის ფერი, თავის ქალის ფორმა და მოცულობა, შესაძლებელი გახდა იმის განსაზღვრა, რომ ადამიანის გვარი მრავალი სრულიად განსხვავებული სახეობისგან შედგება, რომელიც, სავარაუდოდ, რადიკალურად უცხოა ერთმანეთისთვის. იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც მოკრძალებით ეპყრობიან მითოლოგიურ ტრადიციებს, ეს სახეობები სხვა არაფერია, თუ არა ერები. მაგრამ, როგორც მავანმა შენიშნა საფუძვლიანად, „ზანგი და კავკასიელი რომ ლოკოკინები იყვნენ, ყველა ზოოლოგი ერთხმად მოყვებოდა იმის მტკიცებას, რომ ისინი სხვადასხვა სახეობებს მიეკუთვნებიან, რომელთა წარმოშობა შეუძლებელი იყო ერთი წყვილიდან, რომელსაც ისინი თანდათანობით შორდებოდნენ“.
ასეთი ანატომიური თავისებურებები, სულ ცოტა, მათი ის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ანალიზთან აქვს კავშირი, მხოლოდ ზოგად, უკიდურესად უხეშ დაყოფას გულისხმობს. ეს განსხვავებები მხოლოდ ადამიანთა სახეობებში ვლინდება, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგალითად, თეთრკანიანებში, ზანგებსა და ყვითელკანიანებში. მაგრამ ხალხები, რომლებიც გარეგნული იერით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, შესაძლოა განსხვავდებოდნენ შეგრძნებისა და ქმედების უნარით, შესაბამისად კი თავისი ცივილიზაციებით, აღმსარებლობითა და ხელოვნებით. შესაძლებელია თუ არა ერთ ჯგუფში ესპანელის, ინგლისელისა და არაბის გაერთიანება? ნუთუ თვალში საცემი არის მათ შორის არსებული ფსიქიკური განსხვავებები და ნუთუ იმავეს არ ვკითხულობთ მათი ისტორიის ყოველ გვერდზე?
ანატომიურ თავისებურებათა უკმარობის მიზეზით ცალკეულ ხალხთა კლასიფიკაციისთვის განსხვავებულ ელემენტებზე დაყრდნობა გადაწყვიტეს, ისეთებზე, როგორიცაა ენა, აღმსარებლობა და პოლიტიკური ინსტიტუტები; ასეთი კლასიფიკაცია სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მრავალმა ერმა შეძლო ასიმილირება, იმდენად გარდაქმნა რა სხვათა ენა, აღმსარებლობა და ინსტიტუტები, რომ ისინი მათ სულიერ კონსტიტუციას შესაბამებოდა.
საფუძვლებს კლასიფიკაციისთვის, რასაც ვერ გვაძლევს ანატომია, ენები, გარემო და პოლიტიკური დაჯგუფებები, ფსიქოლოგია გვთავაზობს. ეს უკანასკნელი გვიჩვენებს, რომ ყოველი ერის ინსტიტუტებს, ხელოვნებებს, აღმსარებლობასა და პოლიტიკურ გადატრიალებათა მიღმა დგას კონკრეტული მორალური და ინტელექტუალური თავისებურებები, საიდანაც გამომდინარეობს კიდეც მისი ევოლუცია. სწორედ ამ თავისებურებების ერთობლიობა წარმოქმნის იმას, რასაც ერის სული შეგვიძლია ვუწოდოთ.
ყოველი ერი იმდენადვე მდგრად ფსიქიკურ ორგანიზაციას ფლობს, როგორიც მისი ანატომიური აგებულებაა. პირველი რომ თავის ტვინის წყობაზეა დამოკიდებული, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. მაგრამ, ვინაიდან მეცნიერებას ჯერ კიდევ არ მოუხდენია დიდი გარღვევა, რათა მისი მექანიზმის ყველა დეტალი გვიჩვენოს, საფუძვლად მას ვერ ავიღებთ. მეორე მხრივ, მასთან ახლო ნაცნობობა სრულებით ვერ შეცვლის იმ ფსიქიკური ორგანიზაციის აღწერილობას, საიდანაც გამომდინარეობს ის და რასაც მასზე დაკვირვებით აღმოვაჩენთ.
მორალური და ინტელექტუალური თავისებურებები, რომელთა ერთობლიობა ერის სულს გამოხატავს, წარმოადგენს მისი მთელი წარსულის სინთეზს, მის წინაპართა მემკვიდრეობასა და მისი ქცევის მიზეზს. ერთი და იმავე ერის ცალკეულ ინდივიდებს შორის ისინი იმდენადვე ცვალებადი მოჩანს, როგორც სახის ნაკვთები. მაგრამ, დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ ერის ინდივიდთა უმრავლესობა ყოველთვის ფლობს ზოგად ფსიქოლოგიურ თავისებურებათა გარკვეულ რაოდენობას, რომლებიც ისევე მდგრადია, როგორც ანატომიური ნიშნები, რომელთა მიხედვით სახეობების კლასიფიცირება ხდება. ამ უკანასკნელთა მსგავსად ფსიქოლოგიური თავისებურებების გამეორებაც მართებულად და თანმიმდევრულად ხორციელდება. ზოგად ფსიქოლოგიურ თავისებურებათა ასეთ აგრეგატს ეროვნულ ხასიათს უწოდებენ. მათი ერთობლიობა წარმოქმნის საშუალო ტიპს, რომელიც ერის განსაზღვრის შესაძლებლობას გვთავაზობს. შემთხვევით აღებული ათასი ფრანგი, ათასი ინგლისელი და ათასი ჩინელი, რასაკვირველია, უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მაგრამ, მათი ერის მემკვიდრეობითობის გამოისობით ისინი ფლობენ ზოგად თვისებებს, რომელთა საფუძველზე შეგვიძლია ფრანგის, ინგლისელისა და ჩინელის იდეალური ტიპის შექმნა, რომელიც ანალოგიური იქნება იმ იდეალური ტიპისა, რომელიც ბუნებისმეტყველს აქვს წარმოდგენილი, როდესაც ზოგადად აღწერს ცხენს ან ძაღლს. ძაღლის ან ცხენის მრავალ სახესხვაობასთან მიმართებით მსგავსი აღწერა შესაძლოა შეიცავდეს მხოლოდ ყველასათვის საერთო ნიშნებს, და არა ისეთებს, რომელთა მიხედვით მათი მრავალრიცხოვანი ჯიშების განსხვავება იქნებოდა შესაძლებელი.
თუკი ერი საკმარისად ხნოვანი და, შესაბამისად, ერთგვაროვანია, მისი საშუალო ტიპი მკვეთრად იქნება განსაზღვრული, რათა დამკვირვებლის მეხსიერებაში დამკვიდრდეს.
როდესაც ჩვენ სტუმრად ვართ სხვა ერთან, მხოლოდ ჩვენი განმაცვიფრებელი თავისებურებები შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ზოგადი იმ ქვეყნის ყველა მცხოვრებლისთვის, რადგან მხოლოდ ისინი მეორდება.
ინდივიდუალური განსხვავებები იშვიათად მეორდება, რის გამოც უსხლტება ჩვენს ყურადღებას. მცირე ხნის შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ ვსწავლობთ ინგლისელის, იტალიელისა და ესპანელის გარჩევას, არამედ მათში გარკვეულ მორალურ და ინტელექტუალურ თავისებურებებსაც ვამჩნევთ, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც იმ ძირითად თვისებებს, რომელთა შესახებ ზემოთ ვსაუბრობდით. ინგლისელი, გასკონელი, ნორმანდიელი, ფლამანდიელი ჩვენს გონებაში სრულიად განსაზღვრულ ტიპს შეესაბამება, რომლის აღწერა ჩვენთვის რთული არ არის. ცალკეული ინდივიდის შემთხვევაში აღწერა შესაძლოა არასაკმარისი იყოს, ზოგჯერ კი მცდარიც; მაგრამ მოცემული ერის ინდივიდთა უმრავლესობის მიმართ ის მის მართებულ ხატს გვთავაზობს. გონების არაცნობიერი მუშაობა, რომლის მიხედვით განისაზღვრება რომელიმე ერის ფიზიკური და ფსიქიკური ტიპი, არსებითად სრულად იგივეობრივია მეთოდისა, რომელიც ბუნებისმეტყველს სახეობათა კლასიფიცირების შესაძლებლობას აძლევს.
ინდივიდთა უმრავლესობის ფსიქიკური ორგანიზაციის ასეთ იგივეობას მარტივი ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს. სინამდვილეში ყოველი ინდივიდი არის არა მხოლოდ მისი უშუალო მშობლების, არამედ ასევე მისი ერის, მისი ყველა წინაპრის პროდუქტი. ეკონომისტმა შეისონმა გამოთვალა, რომ საფრანგეთში, თუ საუკუნედ სამ თაობას ჩავთვლით, ყოველ ჩვენგანს ძარღვებში რომელიმე ათასწლეულის სულ ცოტა 20 მილიონი თანამედროვის სისხლი აქვს… „ერთსა და იმავე ადგილის, ერთი და იმავე პროვინციის ყველა მცხოვრებს აუცილებლობის ძალით ჰყავს საერთო წინაპრები, ისინი ერთი თიხიდან არიან მოზელილები, ერთსა და იმავე ანაბეჭდს ატარებენ, და გამუდმებით საშუალო ტიპს უბრუნდებიან იმ გრძელი და მძიმე ჯაჭვით, რომლის უკანასკნელ რგოლებს წარმოადგენენ. ჩვენ ერთსა და იმავე დროს ჩვენი მშობლებისა და ჩვენი ერის შვილები ვართ. არა მხოლოდ გრძნობა, არამედ ფიზიოლოგია და მემკვიდრეობითობაც მეორე დედად აქცევენ ჩვენთვის სამშობლოს“.
თუკი მექანიკის ენაზე ვთარგმნით იმ გავლენას, რომელსაც ინდივიდი ექვემდებარება და რომელიც მის ქცევას მართავს, შეიძლება ითქვას, რომ ის სამი სახისაა. პირველი და, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია წინაპართა გავლენა; მეორე – გავლენა უშუალო მშობლებისა; მესამე, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე მძლავრად მიაჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე სუსტია – ესაა გავლენა გარემოსი. ეს უკანასკნელი, თუ მის ქვეშ განსხვავებულ ფიზიკურ და ზნეობრივ გავლენას ვიგულისხმებთ, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრებისა და, რაღა თქმა უნდა, აღზრდის განმავლობაში განიცდის, მხოლოდ უკიდურესად სუსტ ცვლილებებს იწვევს. გარემოს გავლენა რეალურ ზემოქმედებას მხოლოდ იმ დროს ახდენს, როდესაც მემკვიდრეობითობა აგროვებდა მათ ერთი და იმავე მიმართულებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, ის ყოველთვის და უპირველეს ყოვლისა – თავისი ერის შვილია. იდეებისა და გრძნობების ის მარაგი, რომელიც დაბადებასთან ერთად დაყვება ერთი და იმავე ერის ყველა ინდივიდს, ერის სულს წარმოადგენს. არსებითად უხილავი, ასეთი სული უკიდურესად გამოვლენადია, რადგან არსებითად სწორედ ის მართავს ერის მთელ ევოლუციას.
ერი შეგვიძლია უჯრედთა გაერთიანებას შევადაროთ, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმს ქმნიან. მილიარდობით ასეთი უჯრედის არსებობა ხანგრძლივი არ არის, მაშინ, როდესაც მათი გაერთიანებით წარმოქმნილი ორგანიზმის არსებობის ხანგრძლივობა შედარებით დიდია; შესაბამისად, უჯრედებს ერთსა და იმავე დროს გააჩნიათ, როგორც პირადი, ისე კოლექტიური ცხოვრება, ცხოვრება არსებისა, რომლისთვისაც ისინი მასალას წარმოადგენენ.
ზუსტად ასევე, რომელიმე ერის ყოველი ინდივიდის ინდივიდუალური სიცოცხლის ხანგრძლივობა უკიდურესად ხანმოკლეა, ხოლო კოლექტიური – საკმაოდ ხანგრძლივი. ეს უკანასკნელია სწორედ ერის ცხოვრება, რომელშიც ის დაიბადა, რომლის გაგრძელებას უწყობს ის ხელს და რომელზეცაა ის მუდამ დამოკიდებული.
ამდენად, ერი განხილულ უნდა იქნას, როგორც მუდმივი არსება, რომელიც დროის ზემოქმედებას არ განიცდის.
ასეთი მუდმივი არსება არა მხოლოდ ცოცხალი ინდივიდებისგან შედგება, რომლებიც მას მოცემულ მომენტში წარმოადგენენ, არამედ გარდაცვლილთა გრძელი რიგისგანაც, რომლებიც მათი წინაპრები იყვნენ. ერის ჭეშმარიტი მნიშვნელობის გასაგებად ის ერთდროულად წარსულშიც უნდა განვიხილოთ და მომავალშიც. ის მართავს არაცნობიერის განუზომელ სივრცეს – იმ უხილავ სფეროს, რომლის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება გონებისა და ხასიათის ყველა გამოვლენა. ერის ბედს უფრო მეტად წარსულის თაობები განსაზღვრავენ, ვიდრე ცოცხლები. მათ მიერ იქნა ერის საფუძველი ჩაყრილი. საუკუნიდან საუკუნემდე ქმნიდნენ ისინი იდეებსა და გრძნობებს, შესაბამისად კი ჩვენი ქმედების ყველა მიზეზსა და მოტივს. გარდაცვლილი თაობები არა მხოლოდ თავის ფიზიკურ ორგანიზაციას გადმოგვცემენ, ისინი საკუთარ აზრებსაც გვინერგავენ. გარდაცვლილები ცოცხალთა ერთადერთი უდაო მბრძანებლები არიან. ჩვენ ვზიდავთ მათ შეცდომათა ტვირთს, ჩვენ ვიღებთ ჯილდოს მათი სათნოებისთვის.
ერის ფსიქიკური წყობის შექმნა, განსხვავებით ცოცხალ სახეობათა ჩამოყალიბებისგან, არ მოითხოვს გეოლოგიურ პერიოდებს, რომელთა დიდი ხანგრძლივობა ჩვენს გამოთვლებს არ ექვემდებარება. თუმცა, მას საკმაო დრო სჭირდება. ჩვენის მსგავს ერში, თანაც უკიდურესად დაბალი ხარისხით, გრძნობათა იმ ერთობლიობის შექმნას, რომელიც მის სულს ქმნის, ათ საუკუნეზე მეტი დასჭირდა.
ჩვენს მატიანეთათვის უსასრულოდ ხანგრძლივი პერიოდი სინამდვილეში უკიდურესად ხანმოკლეა. თუკი დროის შედარებით შეზღუდული შუალედი საკმარისია, რათა დამკვიდრებულ იქნას გარკვეული თავისებურებები, ეს იმითაა განპირობებული, რომ დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ერთი მიმართულებით მოქმედი მიზეზი სწრაფად იძლევა მეტისმეტად დიდ შედეგებს. მათემატიკოსებმა დაგვიმტკიცეს, რომ როდესაც ასეთი მიზანი ერთსა და იმავე შედეგს გვაძლევს, მიზეზები არითმეტიკული პროგრესიით იზრდება (1, 2, 3, 4, 5…), ხოლო შედეგები – გეომეტრიულით (2, 4, 8, 16, 32…).
მიზეზები შედეგთა ლოგარითმებია. ჭადრაკის დაფაზე ხორბლის მარცვლების გაორმაგების ცნობილ ამოცანაში საჭადრაკო უჯრის ნომერი არის ხორბლის მარცვალთა რაოდენობის ლოგარითმი. ზუსტად ასევე, კაპიტალისთვის, რომელსაც რთული პროცენტი ერიცხება, ზრდის კანონი ისეთია, რომ წლების რაოდენობა არის გაზრდილი კაპიტალის ლოგარითმი. ამ მოსაზრებებით აიხსნება ის ფაქტი, რომ სოციალურ მოვლენათა უმრავლესობა სწრაფად მზარდი გეომეტრიული მრუდებით არის გამოხატული.
სხვა ნაშრომში მე იმის დამტკიცება მომიწია, რომ ისინი შესაძლოა ანალიტიკურად იქნას გამოხატული პარაბოლისა და ჰიპერბოლის ტოლობით.
შესაძლოა საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ მან დააჩქარა ასეთი წარმოქმნა მცირე ერების – პიკარდიელების, ფლამანდიელების, ბურგუნდიელების, გასკონელების, ბრეტონელების, პროვანსალელებისა და ა.შ. –თითქმის სრულად მოსპობით, რომელთა შორის იყო საფრანგეთი ოდესღაც გახლეჩილი. იმავდროულად, აუცილებელია, რომ გაერთიანება სრული იყოს, ხოლო სახელდობრ იმ მიზეზით, რომ ფრანგები მეტისმეტად განსხვავებული ერებისგან შედგებიან და, შესაბამისად, განსხვავებული იდეები და გრძნობები ამოძრავებთ, ისინი იქცევიან მსხვერპლად უთანხმოებისა, რაც უცხოა მეტად ერთგვაროვანი ერების, მაგალითად, ინგლისელებისთვის. ამ უკანასკნელებში ანგლოსაქსმა, ბრეტონელმა, ნორმანდიელმა საბოლოოდ შერწყმის შემდეგ უკიდურესად ერთგვაროვანი ტიპი ჩამოაყალიბეს, რის გამოც მათი ქცევის წესიც მსგავსია. მსგავსი შერწყმის წყალობით მათ მკვიდრად შეითვისეს ეროვნული სულის სამი ძირითადი მახასიათებელი: საერთო გრძნობა, საერთო ინტერესი, საერთო აღმსარებლობა. როდესაც რომელიმე ერი ასეთ გაერთიანებას აღწევს, ყველა მსხვილ საკითხთან დაკავშირებით ყალიბდება მის წევრთა ინსტინქტური თანხმობა, შედეგად კი სერიოზულ უთანხმოებას მის წიაღში ადგილი აღარ შეიძლება, რომ ჰქონდეს. გრძნობების, იდეების, აღმსარებლობისა და ინტერესთა ასეთ ერთიანობას, რაც დინჯი მემკვიდრეობითი დანალექებითაა შექმნილი, ერის ფსიქიკურ წყობას დიად ერთგვაროვნებასა და მდგრადობას ანიჭებს, უზრუნველყოფს რა იმავდროულად მის ვეებერთელა ძალას. მან შექმნა რომის დიდება ანტიკურ ხანაში და ინგლისელთა უპირატესობა დღეს. მის გაქრობასთან ერთად უჩინარდებიან ერები. რომის როლი მაშინ ამოიწურა, როდესაც ის მას აღარ ფლობდა.
ყველა დროში და ყველა ერს მეტი ან ნაკლები ხარისხით გააჩნდა მემკვიდრეობითი გრძნობების, იდეების, ტრადიციებისა და აღმსარებლობის მსგავსი წნული, რომელიც ადამიანთა რაიმე საზოგადოების სულს ქმნიდა, მაგრამ მისი პროგრესული განვრცობა უკიდურესად დუნედ მიმდინარეობდა. კოლექტიურმა სულმა, რომელიც თავდაპირველად ოჯახით იყო შეზღუდული, შემდეგ კი სოფელზე, ქალაქსა და პროვინციაზე გავრცელდა, ქვეყნის მთელი მოსახლეობა შედარებით მცირე ხნის წინ მოიცვა. მხოლოდ მას შემდეგ წარმოიქმნა სამშობლოს ცნება იმ აზრით, რომლითაც ის ჩვენ დღეს გვესმის. იგი შესაძლებლად მხოლოდ იმ დროს იქცევა, როდესაც ეროვნული სული ჩამოყალიბდება.
ბერძნებს არასოდეს გადაუჭარბებიათ ქალაქის ცნებისთვის, ეს უკანასკნელნი კი გამუდმებით ეომებოდნენ ერთმანეთს, რადგან მეტისმეტად უცხონი იყვნენ ერთმანეთის მიმართ.
ინდოეთისთვის ორიათასზე მეტი წლის განმავლობაში უცნობი იყო გაერთიანების სხვა ფორმა, გარდა სოფლისა, და სწორედ ამ მიზეზით არსებობდა ორიათასი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის დამპყრობელთა უღლის ქვეშ, რომელთა ეფემერული მონარქიები ისევე მარტივად ემხობოდა, როგორც იქმნებოდა.
სამხედრო თვალსაზრისით უკიდურესად სუსტი ცნება ქალაქის, როგორც სამშობლოსი, პირიქით, უკიდურესად ძლიერი იყო ცივილიზაციის განვითარებასთან მიმართებით. სამშობლოს სულთან შედარებით ვიწრო სული ქალაქისა დროდადრო საკმაო ნაყოფიერებას ავლენდა. ძველ დროში – ათენი, ხოლო ფლორენცია და ვენეცია – შუა საუკუნეებში, კარგი მაგალითია იმისა, თუ ცივილიზაციის რა ხარისხს შეიძლება მიაღწიოს ადამიანთა მცირერიცხოვანმა გაერთიანებამ.
როდესაც მცირე ქალაქები ან პროვინციები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ დამოუკიდებელი ცხოვრებით, ბოლოს და ბოლოს იმდენად მდგრად სულიერ აგებულებას იძენენ, რომ მეზობელი ქალაქებისა და პროვინციების სულებთან შერწყმა, რაც არის მისწრაფება ეროვნული სულის ჩამოყალიბებისკენ, შეუძლებელი ხდება. მსგავსი შერწყმა მაშინაც კი, როდესაც მისი განხორციელება შესაძლებელია, არასოდესაა ერთი დღის საქმე, ის საუკუნეებს საჭიროებს. რიშელიესა და ბისმარკის გაქანების ხალხია საჭირო მის დასასრულებლად. მაგრამ ასეთებიც კი მხოლოდ მაშინ ასრულებენ მას, როდესაც წინასწარ დიდი მოსამზადებელი სამუშაოა ჩატარებული. რასაკვირველია, იტალიის მსგავს რომელიმე ქვეყანას განსაკუთრებულ ვითარებათა წყალობით შეუძლია ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მაგრამ შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ის იმავდროულად მყისიერად იძენს ეროვნულ სულსაც. მე კარგად ვარჩევ იტალიაში პიემონტელებს, სიცილიელებს, ვენეციელებს, რომაელებსა და ა.შ., მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხედავ იტალიელებს.
როგორიც არ უნდა იყოს დღეს განხილული ერი, ერთგვაროვანი თუ არა – მაგრამ მხოლოდ იმ ფაქტის ძალმოსილებით – რომ ის ცივილიზებულია და დიდი ხანია ისტორიაშია შესული, ყოველთვის უნდა განვიხილოთ, როგორც ხელოვნური ერი და არა ბუნებრივი. ბუნებრივი ერები დღეს შეგვიძლია მხოლოდ ველურებში ვიპოვოთ. მხოლოდ მათთან შევხვდებით ერებს, რომლებიც ყოველგვარი მინარევისგან სუფთაა. თანამედროვე ცივილიზებული ერების უდიდესი ნაწილი – მხოლოდ ისტორიული ერებია.
ჩვენ აქ არ ვაპირებთ ამ ერების წარმოშობის კვლევას. ბუნებამ შექმნა ისინი თუ ისტორიამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მხოლოდ მათი თავისებურებები გვაინტერესებს, რომლებიც მათში ხანგრძლივმა წარსულმა გამოიმუშავა. იქნენ რა საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული არსებობის ერთი და იმავე პირობებით, და დაგროვებულნი მემკვიდრეობითობის მიერ, ამ თავისებურებებმა საბოლოოდ დიდი მდგრადობა მოიპოვეს და ყოველი ერის ტიპი განსაზღვრეს.