„დიონისეს დითირამბები“ კლასიკური მოდერნისტული პოეზიის ცენტრალური ტექსტია, რომლის პოეტიკამ – ავტორის ფილოსოფიასთან ერთადაც და მისგან დამოუკიდებლადაც – უდიდესი გავლენა იქონია XX საუკუნის ევროპულ პოეზიაზე. იგი აღმოჩნდა თვით ნიცშეს შემოქმედების პოეტური შეჯამებაც. სხვადასხვა დროს დაწერილი (პირველი სამ დითირამბს უკვე შეიცავდა „ასე ამბობდა ზარათუშტრა“) და ერთ ციკლად თავმოყრილგადამუშავებული ლექსების ეს კორპუსი „წყლისმსმელმა“ პოეტმა (როგორც ნიცშე თავის თავს უწოდებდა) სულ ბოლოს (სავარაუდოდ 1889 წლის იანვარში) დაასათაურა.
შესაბამისად, ეს მისი ხელიდან დასაბეჭდად გამოსული უკანასკნელი მთლიანობაა. დიონისური სულისკვეთებით აღსავსე ამ ლექსების თითოეული სტრიქონი და სიტყვა შექმნილი, დაწერილი და დამზადებულია აპოლონური სიზუსტით და სიბეჯითით. „დიონისეს დითირამბებში“ ენა არა მხოლოდ მეტყველებს, არამედ თავის თავთანაც მეტყველებს და – იმასთანაც, რასაც იგი მას მერე მეტყველებს, როცა ამ ენის/ამ ნიცშეს მიერ ერთადერთ ჭეშმარიტებად ჭეშმარიტების არარსებული სამოთხიდან გამოძევებულადყოფნა და წერა-კითხვით მწარე ტკბობის შესაძლებლობა ცნობიერდება. – მთარგმნელი.