წინამდებარე ნაშრომი „არსებულისა და არსის შესახებ“ (De ente et essentia) თომა აქვინელის ადრეული პერიოდის ტექსტია, რომელიც პარიზის უნივერსიტეტში ყოფნისას დაწერა. ამ დროს მას ჯერ არ ჰქონდა თეოლოგიისს მაგისტრის ხარისხი მინიჭებული და როგორც Baccalaureus Sententiarius, თავის აკადემიურ მოვალეობებს ასრულებდა, რაც გულისხმობდა პეტრე ლომბარდიელის სენტენციებზე ლექციების წაკითხვასა და ამავე ტექსტზე სისტემური კომენტარების დაწერას. თომა კელნიდან 1252 წელს დაბრუნდა პარიზში, ხოლო მაგისტრის წოდება და თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლების უფლება (Licentia docendi) 1256 წელს მიიღო. შესაბამისად, ამ ტრაქტატის შექმნის სავარაუდო თარიღია 1252-1256 წლები. ამავე პერიოდის ტექსტებს განეკუთვნება მისი „ბუნების პრინციპების შესახებ“ (De principiis naturae) და „კომენტარი სენტენციების წიგნებზე“ (Scriptum super libros Sententiarium).