წიგნის ანოტაცია
ინდოელებმა ორი დიდი ეპოსი აჩუქეს მსოფლიოს – „მაჰაბჰარატა“ (ამბავი დიდი ბჰარატებისა) და „რამაიანა“ (რამას თავგადასავალი). ორივე მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდშია შესული და ორივე ჩვ.წ.აღ.-მდე პერიოდს მიეკუთვნება.
ვინ არის რამა? ინდოელთა რელიგია – ჰინდუიზმი – პოლითეისტურია. უამრავი ღმერთებიდან მთავარია ტრიადა – ბრაჰმა (სამყაროს შემქმნელი), შივა (ძლიერებისა და ნგრევის ღმერთი) და ვიშნუ (სიკეთისა და აღმშენებლობის ღმერთი). ინდური რელიგიური წიგნების მიხედვით, როდესაც ადამიანებს გაუჭირდებოდათ ან დედამიწაზე ბოროტება იმძლავრებდა, ვიშნუ ცხოველის ან ადამიანის ფორმას მიიღებდა და ადამიანთა მოდგმას ეხმარებოდა. ვიშნუს ერთ-ერთი გარდასახვაა რამა.
ეპოსში რამა წარმოსადეგი ვაჟკაცია, ძლიერი, კეთილი, პატიოსანი, უებრო მშვილდოსანი და სწორუპოვარი მეომარი. იგი სამაგალითო მიჯნური და შესანიშნავი მეუღლეა, ქვეშევრდომებისთვის – საყვარელი პატრონი და მეომრებისთვის – დაუმარცხებელი წინამძღოლი. რამა აღმერთებს მშობლებს, მამის სიტყვა მისთვის კანონია.
მამიდან შვილს, პაპიდან შვილიშვილს ზეპირად გადაეცემოდა თქმულებები ინდოეთის ყველაზე სვებედნიერ მეფეზე – რამაზე და მის მშვენიერ მეუღლეზე – სიტაზე. ხალხს აღაფრთოვანებდა ეპოსის სიუჟეტი – ბედნიერი სამეფო ოჯახი, შურით გამოწვეული ოჯახური ტრაგედია, უფლისწულების ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, საყვარელი ცოლის დაკარგვით გამოწვეული ენით გამოუთქმელი ვარამი, ცოლის დასახსნელად გადახდილი საარაკო ბრძოლები, სიკეთის (რამას სახით) გამარჯვება ბოროტებაზე და ბედნიერი დასასრული. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ღმერთის – რამას მეფობის ხანას ისევე ადიდებენ ინდოელები, როგორც ჩვენ, ქართველები, დავითისა და თამარის ეპოქას.
„რამაიანა“ ისევე, როგორც სხვა გენიალური ქმნილებები, გასცდა ეროვნულ ჩარჩოებს და იგი კაცობრიობის საკუთრებად იქცა.