მეოცე საუკუნის თვალსაჩინო ფრანგი მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი რემონ კენო (1903-1976) ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია პატაფიზიკის სფეროში. ის არის „პოტენციური ლიტერატურის სახელოსნოს“ დამაარსებელი, „პლეადის ენციკლოპედიის“ დირექტორი. მისი წამოწყებულია ფრანგული ენის რეფორმა და ამასთანაა დაკავშირებული მისი ექსპერიმენტები ლიტერატურაში – სხვადასხვა ლიტერატურული ხერხისა თუ სასაუბრო მეტყველების, ჟარგონის, არქაიზმებისა და ნეოლოგიზმების გამოყენება.
„სტილისტური სავარჯიშოები“ სწორედ ამის ნიმუშია. მგზავრებით სავსე პარიზის ერთ-ერთ ავტობუსში მომხდარი სრულიად უბრალო ამბავი სხვადასხვანარადაა მოთხრობილი. კენო იყენებს ნაირ-ნაირ ლიტერატურულ ხერხს, სამეცნიერო თუ პროფესიულ ჟარგონს – ბოტანიკურს, ზოოლოგიურს, გასტრონომიულს, ალგებრულს, ფილოსოფიურს, ასევე სასაუბრო მეტყველებას თუ დახვეწილ და მაღალფარდოვან სტილს. საბოლოოდ ვიღებთ ნაწარმოებს, რომლის მიკუთვნება რომელიმე ჟანრისთვის შეუძლებელია.