წიგნის ანოტაცია
წინამდებარე გამოცემაში მკითხველს ვთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის შინაარსობრივად ორ ერთმანეთთან ახლო მდგომ ნაწარმოებს: „ფსიქოანალიზი და რელიგია“ და „დოგმატი ქრისტეზე“.
პირველ ნაწარმოებში ავტორი დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა დაპირისპირება მრავალსაუკუნოვან რელიგიასა და ათეიზმის ტენდენციებს შორის, ზოგადი იდეა სულაც არ მდგომარეობს ერთი მათგანის დამდაბლებაში და მეორის ამაღლებაში, ეს წიგნი სასარგებლო იქნება ყველასთვის, მიუხედავად რელიგიური შეხედულებისა, იგი საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, თუ რა დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან რელიგია და ფსიქოანალიზი; მათთვის, ვისაც სურს ფესვებამდე ჩაწვდეს ავტორიტარულ და ჰუმანისტურ რელიგიებს.
„დოგმატი ქრისტეზე“ საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს ამოხსნას, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი. ეს ნაწარმოები მოიცავს ისტორიულ პერიოდს ქრისტეს დაბადებიდან ნიკეას პირველ კრებამდე. გაანალიზებულია, თუ როგორ იცვლებოდა იესოს რელიგიური გაგება იმ დროის სოციალურ-ეკონომიკურ რეალიებზე დამოკიდებულებით. აგრეთვე ტარდება ფსიქოლოგიური პარალელები: თუ რას გრძნობდნენ პირველი ქრისტიანები და ქრისტიანობა სულ რაღაც სამი ასწლეულის განმავლობაში რატომ გადაიქცა „რევოლუციურად“ გაწყობილი დაბალი ფენების რელიგიიდან რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად.