წიგნის ანოტაცია
ახალგაზრდა ცივილისტები სამართლით დაინტერესებულ მკითხველ საზოგადოებას, მათ შორის სტუდენტ ახალგაზრდობას, სთავაზობენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემატიზებულ სასწავლო წიგნს, რომელშიც განხილულია ამ დარგში მოაზრებული თითქმის ყველა ძირითადი საკითხი. მათი გადმოცემის სტილი სასწავლო-კვლევითი ხასიათისაა, რაც მკითხველს უღვიძებს ინტერესს, არა მარტო გაეცნოს მის შინაარსს, არამედ კვლევის განხორციელების განწყობაზე მოიყვანოს.
სასწავლო წიგნი არ შემოიფარგლება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარტო საქართველოში არსებული მდგომარეობის გადმოცემით. იგი, ნაწილობრივ, კომპარატივისტული ხასიათისაა და საკმაოდ უხვადაა მოხმობილი შედარებითი მასალა ევროპული ქვეყნების ნაციონალური კანონმდებლობებიდან. ამას ემატება ევროპულ კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ანალიზი, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ევროპულ სამართალთან დაახლოვება. ეს კი გულისხმობს კავშირის მოქმედი დირექტივების იმპლემენტაციას საქართველოს კანონმდებლობაში.
ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, დაინახავს, რომ მისი მთლიანი სხეული გაჟღენთილია ევროპული კავშირის სამართლის სულისკვეთებით. ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან ასოცირების ხელშეკრულებამ ევროპული კავშირის სამართალი, ფაქტობრივად, აქცია ქართულ სამართლად.