ვინ აზროვნებს აბსტრაქტულად?

ვინ აზროვნებს აბსტრაქტულად?

ფრიდრიხ ჰეგელი – გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი.

 

გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ირინა რობაქიძემ.

აზროვნება? აბსტრაქტულად? – „თავს უშველოს, ვისაც შეუძლია! უკვე მესმის მოწინააღმდეგეთაგან მოსყიდული მოღალატის შეძახილი, რომ ამ სტატიაში მეტაფიზიკაზე იქნება საუბარი. ვინაიდან „მეტაფიზიკა“ არის ის სიტყვა, ისევე როგორც „აბსტრაქტული“ და გარკვეულწილად სიტყვა „აზროვნებაც“, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველა ისე გაურბის, როგორც ჭირიანს. განზრახული სულაც არ მაქვს, აქ იმის განმარტებას მოვყვე, თუ რა არის „აბსტრაქტული“ და „აზროვნება“. პატივცემულ საზოგადოებას ხომ განმარტებასავით არაფერი სძულს. ჩემთვის პირადად უკვე საშინელებაა, როდესაც ვინმე რაიმეს ახსნას იწყებს, რადგან საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს თავადაც ვგებულობ. და აქ იმის ახსნა, თუ რა არის „აზროვნება“ და „აბსტრაქტული“, უკვე ზედმეტია; და სწორედ იმის გამო, რომ პატივცემულმა საზოგადოებამ კარგად უწყის, რა არის აბსტრაქტული, გაურბის მას. სხვაგვარად ხომ ის მისთვის არც სასურველი იქნებოდა და არც საძულველი. რასაც არ ვიცნობთ, არც გვსურს და არც გვძულს.

 

არც ის არის გამიზნული, რომ პატივცემული საზოგადოება ცბიერებით შევარიგოთ „აზროვნებას“ ან „აბსტრაქტულს“; ისე შემოვაპაროთ შენიღბული „აზროვნება“ და „აბსტრაქტული“ ზოგად საუბარში, რომ საზოგადოებამ ეს ვერც შეამჩნიოს და წინააღმდეგობაც არ გაუწიოს ამას, და მეტიც, უნებურად, თვით საზოგადოებამ ჩართოს ისინი საუბარში, ან, სხვაგვარად რომ ითქვას, საზოგადოებას შევაჩეჩოთ ისინი და ახლა ვითომ ამ წამოწყების ავტორი, ამ უცხო სტუმარს, კერძოდ „აბსტრაქტულს“, გამოააშკარავებს, რომელსაც მთელი საზოგადოება სხვა სახელით იცნობს და როგორც კარგ ნაცნობს ისე ექცევა და აღიარებს. ასეთი აღმოჩენები, რომელთა წყალობითაც საზოგადოებამ ძალაუნებურად უნდა ისწავლოს, თავისთავად შეიცავს მიუტევებელ შეცდომებს, რომლებიც სირცხვილს იწვევენ და რომელთა წყალობით მაქინატორი პატარა სახელსაც მოიხვეჭს, ასე რომ, ამ უხერხულობასთან შერწყმული პატივმოყვარეობა გზაზე ეღობება ამ შეგონებას და აბათილებს იმ შედეგს, რომელიც ასე ძვირად ფასობდა.

 

ისე კი, მსგავსი გეგმის განხორციელების სურვილი თავიდანვე ფუჭი იქნებოდა, რადგან მისი სისრულეში მოყვანისათვის გამოცანის პასუხი თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო გამჟღავნებული; რაც ამ სტატიის სათაურშივეა მოცემული; თუ ის ამ ფანდს მიმართავდა; არ ჰქონდა უფლება, ეს სიტყვები თავიდანვე სააშკარაოზე გამოეტანა, არამედ ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც კომედიანტების მეთაური კომედიაში, რომელიც მთელი სპექტაკლის მსვლელობისას მოსასხამშია და მას მხოლოდ ბოლო სცენაში გაიხსნის, რათა სიბრძნე გადმოაფრქვიოს. თუმცა, მეტაფიზიკური მოსასხამის გახსნა აქ ისე ეფექტური არ იქნებოდა, როგორც კომენდიანტების მეთაურისა, რადგან ის მხოლოდ სახელს დაარქმევდა იმას, რაც საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია თავადაც უწყოდა, კომედიანტების მეთაური კი უფრო რეალურს მიიღებდა – ქისას ოქროთი.

 

წესიერ საზოგადოებაში, ისეთში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, მიღებულია აზრი, თითქოს ყველამ იცოდეს, რა არის „აზროვნება“ და რა არის „აბსტრაქტული“. კითხვა მხოლოდ იმას ეხება, თუ ვინარის ის, ვინც აბსტრაქტულად აზროვნებს, არ განმიზრახავს, როგორც უკვე შეგახსენეთ, რომ საზოგადოება ამ საგნებთან შევარიგო, სირთულეებს გადავკიდო, სინდისზე შევაგდო, რომ მან ის, რაც გონებით დაჯილდოებული არსებისთვის მნიშვნელოვანი და ღირსეული უნდა ყოფილიყო, ქარაფშუტობის გამო უყურადღებოდ დატოვა. მიზანი უფრო მეტად ისაა, რომ პატივცემული საზოგადოება თავის თავთან მოვარიგო, რომელსაც შეიძლება სინდისი არ ქენჯნის ამ უყურადღებობის გამო, მაგრამ აბსტრაქტული აზროვნებისადმი, როგორც რაღაც ამაღლებულისადმი, გარკვეულ შინაგან მოწიწებას განიცდის. და მას იმიტომ კი არ გაურბის, რომ ეს მისთვის მეტად უმნიშვნელოა, არამედ იმიტომ, რომ მიუწვდომელია, არა იმიტომ, რომ ეს მისთვის ზედმეტად ჩვეულებრივია, არამედ ამაღლებული. ანდა პირიქით, მათ ეს ისეთ რამედ (Espece) მიაჩნიათ, რითაც საზოგადოებაში თავს ვერ მოიწონებ, არამედ პირიქით, რომელმაც შეიძლება საზოგადოებიდან გაგრიყოს და მასში სასაცილოდ გამოგაჩინოს, როგორც ძველმანებმა ან თუნდაც ძვირფასი ქვებით, ან მდიდრული მაქმანებით გაწყობილმა მოკაზმულობამ, რომლებიც დიდი ხანია უკვე მოდიდან გავიდა.

 

ვინ აზროვნებს აბსტრაქტულად? გაუნათლებელი ადამიანი, არაგანათლებული. წესიერი საზოგადოება იმიტომ კი არ ამბობს აბსტრაქტულად აზროვნებაზე უარს, რომ ეს მისთვის ზედმეტად ადვილია; შეუფერებელია მისთვის (შეუფერებელი არა საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე), არა იმიტომ, რომ აბსტრაქტულად აზროვნება მისი ყურადღების ღირსი არ არის, ან რომ მას ასე აზროვნება არ შეუძლია, არამედ ამ საკითხის შინაგანი მნიშვნელობის სიმცირის გამო.

 

აბსტრაქტული აზროვნებისადმი ყურადღება იმდენად დიდია და ცრურწმენაც იმდენი არსებობს, რომ ალღოიანები მაშინვე სატირას ან ირონიას იყნოსავენ; როგორც მორგენბლატის1 მკითხველებმა, მათ იციან, რომ სატირისათვის ჯილდოა დაწესებული და რომ მეც, მაშასადამე, ამ ჯილდოს მოპოვება მინდა და ამისთვის ვცდილობ, და არა იმიტომ, რომ უბრალოდ საკუთარი საკითხები წარმოვადგინო.

 

ჩემი თვალსაზრისის სისწორის საჩვენებლად მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომელთა წყალობითაც ყველას შეეძლება დარწმუნდეს, რომ ეს ასეა.

 

მაშ ასე, მკვლელი მიჰყავთ ეშაფოტზე. ჩვეულებრივი ხალხისთვის ის სხვა არაფერია თუ არა მკვლელი. ქალბატონებმა შეიძლება შენიშნონ, რომ ის ძლიერი, ლამაზი და საინტერესო კაცია. ხალხს აღაშფოთებს ასეთი მინიშნება: მკვლელი და ლამაზი? როგორ შეიძლება ადამიანი ასე ცუდად აზროვნებდეს და მკვლელს ლამაზი უწოდოს; მასზე უკეთესი არც თქვენ იქნებით! ესაა ზნე-ჩვეულებათა გახრწნა, რომელიც მაღალ საზოგადოებაში მეფობს, დაუმატებს ალბათ მოძღვარი, რომელიც საგანთა მიზეზებს და ადამიანთა გულებს იცნობს.

 

ადამიანთა ბუნების კარგი მცოდნე, რომელმაც დამნაშავის ცხოვრება შეისწავლა, მის ისტორიაში აღმოაჩენს ცუდ აღზრდას, დაძაბულ ურთიერთობას მშობლებს შორის, გაუგონარ სიმკაცრეს ამ ადამიანის უმნიშვნელო გადაცდენაზე, რამაც ის საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ განაწყო, და რასაც შედეგად მისი საზოგადოებიდან გარიყვა მოჰყვა. ხოლო დანაშაული მისი უკანასკნელი საშუალება იყო თვითგადარჩენისთვის. სრულიად შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამის გამგონე იტყვიან: რომ მას უნდა მკვლელი გაამართლოს! კიდეც მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში, ერთი ბურგომისტრი როგორ ჩიოდა, რომ მწერლები ძალიან შორს მიდიან და ქრისტიანობისა და პატიოსნების მთლიანად მოსპობა სურთ; ერთიც ვნახოთ ვინმე თვითმკვლელის გამართლებასაც დაწერს; საშინელებაა, დიდი საშინელება! – შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ ჰქონდა მხედველობაში.

 

სწორედ ესაა აბსტრაქტული აზროვნება, როდესაც მკვლელში მხოლოდ აბსტრაქტულს ვხედავთ, კერძოდ იმას, რომ ის მკვლელია, და ამ უბრალო თვისების გამო უგულებელვყოფთ მის დანარჩენ ადამიანურ თვისებებს. სრულიად სხვაა დახვეწილი და სენტიმენტალური ლაიფციგური საზოგადოება. მათ ბორბალი და დამნაშავე, რომელიც ზედ იყო გაკრული, გვირგვინებით მორთეს. ეს კი კვლავ აბსტრაქციაა, ოღონდ საპირისპირო. ქრისტიანებს კი სჩვევიათ ჯვრის ვარდებით მორთვა, ან, უფრო მეტად, ვარდებით ჯვრის გაკეთება. მაგრამ ჯვარი უკვე დიდი ხანია სიწმინდედ ქცეული სახრჩობელა და ბორბალია. მას თავისი მნიშვნელობა, როგორც სასჯელის აღსრულების ხელსაწყომ, დაკარგა და უმაღლეს ტანჯვას და უკუგდებასთან ერთად ნეტარებისა და ღვთაებრივი ღირსების სიმბოლოდ იქცა. ხოლო იებითა და ყაყაჩოებით მორთული ლაიფციგური [ჯვარი], პირიქით, კოცებუეს სტილში გადაწყვეტილი ერთგვარი დაუდევარი გაერთიანებაა სენტიმენტალურისა და უგემოვნობის.

 

სრულიად სხვაგვარად გაუმკლავდა მკვლელის აბსტრაქციას და გაამართლა ის ერთმა მოხუცმა ქალმა, რომლის ნათქვამსაც ერთხელ ყური მოვკარი. მოკვეთილი თავი ეშაფოტზე იდო, მზე ანათებდა; მართლაცდა რა მშვენიერია, თქვა მან, ღმერთი წყალობის ნათელს ჰფენს ბინდერის2 თავს! – ვისზეც ბრაზობენ, ეტყვიან ხოლმე, ღირსი არ ხარ, მზე დაგნათოდესო. იმ ქალმა კი დაინახა, რომ მკვლელის თავს მზე ანათებდა და, ამდენად, მაინც ღირებული იყო. მან ეს თავი აამაღლა ეშაფოტის სასჯელიდან ღმერთის წყალობამდე. თავისი შერიგება იებით და მგრძნობიარე პატივმოყვარეობით კი არ გამოხატა, არამედ დაინახა მზის ნათელს ზიარებული როგორ იქნა იგი შეწყნარებული. მოხუცო, შენი კვერცხები ლაყეა, ეუბნება მყიდველი წვრილმანებით მოვაჭრე ქალს. რა? შეესიტყვება გამყიდველი, ჩემი კვერცხები და ლაყე? ვინ მეუბნება ამას? ვინ? მამამისი არ იყო, რომ ტილებმა შეჭამეს სოფლის გზაზე, დედამისი არ იყო, ვიღაც ფრანგთან ერთად რომ გაიქცა და ბებიამისი, რომელიც მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა. უყურეთ ერთი, მთელი ზეწარი დაუხარჯავს თავსაფრისათვის; კარგად ვიცით, საიდანაც აქვს ეს შარფი და ქუდები. ოფიცრები რომ არ ყოფილიყვნენ, არ იქნებოდა ზოგიერთი ასე გამოწყობილი, და ქალბატონებს მეტად რომ მიეხედათ საოჯახო საქმისთვის, ისხდებოდნენ ახლა სახლში. დახეული წინდები მაინც დაიკემსე! – მოკლედ, გამყიდველმა მას არაფერი შეარჩინა. ის აზროვნებს აბსტრაქტულად და განიხილავს შარფს, ქუდებს, პერანგს და ა.შ. თავიდან ფეხებამდე; მამას და მთელ მოდგმას მხოლოდ იმ დანაშაულის გამო, რომ მის კვერცხებს ლაყე უწოდეს; მის თავში ყველაფერი თანდათან ამ ლაყე კვერცხებით შეიღება. ოფიცრები კი, რომლებზედაც წვრილმანებით მოვაჭრე საუბრობდა – თუ საერთოდ რაიმე კავშირი აქვთ ამ ამბავთან, რაც ერთობ საეჭვოა – ალბათ ამ ქალში სულ სხვა დეტალებს შეამჩნევდნენ. ავიღოთ მოსამსახურე. ცუდია, თუ მის ბატონს დაბალი მდგომარეობა უჭირავს და შემოსავალიც მცირე აქვს. რაც უფრო ღირსეულია ბატონი, მით უკეთესი. ჩვეულებრივი ადამიანი ისევ აბსტრაქტულად ფიქრობს, ეჭიდება რა მხოლოდ ამ ერთ პრედიკატს, მოსამსახურეს თავს არ უყადრებს და მას ისე ექცევა, როგორც მოსამსახურეს. ყველაზე უკეთ მაინც ფრანგები ექცევიან მოახლეებს. ღირსეულ კაცს უშუალო ურთიერთობა აქვს მოახლესთან, საფრანგეთში მეგობრობენ კიდეც, როცა ისინი მარტონი არიან, როგორც დიდროს „ჟაკ ფატალისტში“: ბატონი თუთუნის ამოღებისა და საათზე დახედვის მეტს არაფერს აკეთებს, ყველაფერი დანარჩენი კი მოახლეზე აქვს გადაბარებული. ჭკვიანმა კაცმა იცის, რომ მოახლე მხოლოდ მოახლე არ არის, არამედ მან ქალაქის ახალი ამბები იცის, გოგოებს იცნობს, კარგი იდეები მოსდის თავში და როცა მას ბატონი რაიმეს ეკითხება, შეუძლია ბატონს უთხრას, რამე თუ იცის ამა თუ იმ კითხვის გარშემო. ფრანგებთან მოახლეებს იმის უფლებაც კი აქვთ, სუფრასთან ახალი თემა წამოჭრან, საკუთარი აზრი გააჩნდეთ და დაასაბუთონ ის, და როდესაც ბატონს რაიმე სურს, კი არ ბრძანებს, არამედ ჩაერთვება საუბარში და შეეცდება მოახლე თავისი აზრის უპირატესობაში დაარწმუნოს. უასეთივე განსხვავებას ვხვდებით არმიაშიც; პრუსიის ჯარში ჯარისკაცი ისე შეიძლება სცემონ, როგორც ვინმე არამზადა; რამეთუ მას, ვისაც შეიძლება სცემო, აქვს პასიური უფლება და არამზადაა. ასე რომ, ჩვეულებრივი ჯარისკაცი ოფიცრის აბსტრაქციაში ისეთ სუბიექტს წარმოადგენს, რომლის ცემაც შეიძლება და ჯარისკაცისთვის ამ ფორმიან და მაღალჩინიან ბატონთან საქმის დაჭერა, ეშმაკს ჩაუვარდეს ხელში იმის ტოლფასია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 


1. გამოდიოდა 1.1 1807 წლიდან 2.1. 1807 წ-მდე სატირისათვის ჯილდო იყო დაწესებული.
2. ჰეგელს ალბათ სურს მკვლელის სახელის მითითებით დაგვანახოს, რომ მოხუცმა ის სახელით მოიხსენია და არ უწოდა მას მკვლელი.


კომენტარები