ბრბოს ძირითადი მახასიათებლები და მისი მენტალური ერთობის ფსიქოლოგიური კანონი

ბრბოს ძირითადი მახასიათებლები და მისი მენტალური ერთობის ფსიქოლოგიური კანონი

შარლ მარი გუსტავ ლე ბონ – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. 

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი გუსტავ ლე ბონის წიგნიდან – „მასების ფსიქოლოგია“. 

 

წიგნის დეტალური დათვალიერება.

ჩვეულებრივი გაგებით სიტყვა „ბრბო“ ნიშნავს ნებისმიერი ეროვნების, პროფესიისა თუ სქესის ადამიანთა შეკრებას მიუხედავად მათი თავშეყრის მიზეზისა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სიტყვა „ბრბო“ ფრიად განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. მოცემულ კონკრეტულ გარემოებებში, და მხოლოდ ამ გარემოებებში, ადამიანთა თავყრილობა იძენს ახალ მახასიათებლებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება მის შემადგენელ ინდივიდთა მახასიათებლებისგან. თავყრილობის შემადგენელ პიროვნებათა აზრები და განცდები ერთ მხარეს არის მიმართული, ხოლო მათი ცნობიერი პიროვნება ქრება. ყალიბდება კოლექტიური ფსიქიკა, უდაოდ დროებითი ხასიათის, მაგრამ ცხადად განსაზღვრული მახასიათებლებით. ამგვარად თავყრილობა იქცევა იმად, რასაც მე, უკეთესი განსაზღვრების არარსებობის პირობებში, ორგანიზებულ ბრბოს ვუწოდებ ან, თუ ამ ცნებას ანიჭებთ უპირატესობას – ფსიქოლოგიურ ბრბოს. ყალიბდება ერთი არსება, რომელიც ბრბოს მენტალური ერთობის კანონს ექვემდებარება.

 

ცხადია, რომ ორგანიზებული ბრბოს მახასიათებლების შეძენა მხოლოდ იმ ფაქტის გამოისობით არ ხდება, რომ ინდივიდები შემთხვევით აღმოჩნდებიან ერთმანეთის გვერდით. საჯარო ადგილას განსაზღვრული მიზნის გარეშე შემთხვევით შეყრილი ათასი ინდივიდი არანაირად არ წარმოადგენს ბრბოს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ბრბოს ასეთი განსაკუთრებული მახასიათებლების შესაძენად აუცილებელია კონკრეტულ გამომწვევ მიზეზთა გავლენა, რომელთა ბუნება ჩვენ ახლა უნდა განვსაზღვროთ.

 

ცნობიერი პიროვნების გაქრობა და, გრძნობების და აზრების შეცვლა კონკრეტული მიმართულებით, რაც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბრბოს ძირითადი მახასიათებლებია, აუცილებელი წესით არ საჭიროებს ინდივიდთა გარკვეული რაოდენობის ერთდროულ ყოფნას ერთ წერტილში. ათასობით იზოლირებულმა პიროვნებამ გარკვეული ძლიერი ემოციის, მაგალითად, დიდი ეროვნული მოვლენის, გავლენით კონკრეტულ ვითარებაში შესაძლოა ფსიქოლოგიური ბრბოს მახასიათებლები შეიძინოს. ასეთ დროს მათი შემთხვევით ერთად შეკრება საკმარისი იქნებოდა, რომ მათი მოქმედებები ასეთი ბრბოსთვის დამახასიათებელი მახასიათებლებით წარმართულიყო. გარკვეულ შემთხვევებში ათი ადამიანიც კი აყალიბებს ფსიქოლოგიურ ბრბოს, რაც შესაძლოა არ მოხდეს, თუ ასობით ადამიანია ერთად თავმოყრილი შემთხვევის გამოისობით. მეორეს მხრივ, მთელი ერი, თუმცა ხილულ აგლომერაციას ადგილი შესაძლოა არც ჰქონდეს, გარკვეული ქმედებების გავლენით ბრბოდ იქცევა.

 

როგორც კი ერთხელ ჩამოყალიბდება, ფსიქოლოგიური ბრბო იძენს კონკრეტულ, წინასწარ, მაგრამ განსაზღვრებას დაქვემდებარებულ ძირითად მახასიათებლებს. ამ ძირითად მახასიათებლებს ესაზღვრება ცალკეული მახასიათებლები, რომლებიც ბრბოს შემადგენელ ელემენტთა შესაბამისად იცვლება და შესაძლოა მისი მენტალური სტრუქტურა შეცვალოს. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ბრბო კლასიფიცირებას ექვემდებარება; როდესაც ჩვენ ამ საკითხით დავკავდებით, ვიხილავთ, რომ ჰეტეროგენული ბრბო ანუ ბრბო, რომელიც არაერთგვაროვანი ელემენტებისგან შედგება, ატარებს კონკრეტულ მახასიათებლებს, რომლებიც საზიაროა ჰომოგენურ ანუ მონათესავე ელემენტებისგან შემდგარ ბრბოსთან (სექტა, კასტა და კლასები) – ამ საერთო მახასიათებლების გვერდიგვერდ კი ვიხილავთ თავისებურებებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ორი სახის ბრბო ერთმანეთისგან განვასხვაოთ.

 

სანამ ბრბოთა სხვადასხვა კატეგორიებით დავკავდებოდეთ, პირველ რიგში ის მახასიათებლები უნდა შევისწავლოთ, რომლებიც ყველასათვის საერთოა. ბუნებისმეტყველის მსგავსად უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც ოჯახის ყველა წევრის ძირითადი მახასიათებლების აღწერით იწყებს და მხოლოდ შემდეგ გადადის განსაკუთრებულ თვისებებზე, რომლებიც ამ ოჯახის შემადგენელი გვარისა და ტიპის განსხვავების საშუალებას გვაძლევს.

 

ბრბოს ფსიქიკის ზუსტი აღწერა იოლი არ არის, რადგან მისი ჩამოყალიბება არა მხოლოდ ეროვნულობისა და შემადგენლობის მიხედვით ხდება, არამედ იმ გამომწვევი მიზეზების ბუნებისა და ინტენსივობის შესაბამისად, რომლებსაც ბრბო ექვემდებარება. აქვე უნდა ითქვას, რომ იგივე სირთულეს ვხვდებით პიროვნების ფსიქოლოგიური შესწავლისას. მხოლოდ რომანებში გაივლიან ადამიანები მთელ ცხოვრებას უცვლელი ხასიათით. ხასიათის ერთგვარობის მოჩვენებითობას გარემოს ერთგვარობა ქმნის. სხვა ადგილას მე ვაჩვენე, რომ ყველა ფსიქიკური სტრუქტურა ექვემდებარება ხასიათის ცვლილების შესაძლებლობას გარემოს უეცარი ცვლილების შედეგად. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ საფრანგეთის კონვენტის ყველაზე სასტიკი წევრები უწყინარი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც კონკრეტულ გარემოებებში მშვიდობიანი ნოტარიუსები და მოსამართლეები იქნებოდნენ. ვნებათაღელვამ გადაიარა და ისინი კანონმორჩილ მოაქალაქეთა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ნაპოლეონმა მათ შორის იპოვნა ყველაზე მორჩილი მსახურები.

 

ბრბოთა ჩამოყალიბების ყველა თანმიმდევრული საფეხურის შესწავლა წინამდებარე კვლევაში შეუძლებლად მიგვაჩნია, შესაბამისად, შემოვიფარგლებით ბრბოთა იმ სახეობებით, რომლებმაც სრული ჩამოყალიბების ფაზას მიაღწიეს. ამ გზით ჩვენ ვიხილავთ, რად შეიძლება იქცეს ბრბო და არა იმას, თუ რას წარმოადგენს იგი. მხოლოდ ჩამოყალიბების ამ გვიან ეტაპზე ხდება კონკრეტული ახალი და განსაკუთრებული მახასიათებლების დაშენება ხალხის უცვლელ და გაბატონებულ ხასიათზე; შემდეგ აქვს ადგილი ყველა განცდისა და აზრის ზემოაღნიშნულ კოლექტიურ შექცევას ერთი მიმართულებით. აგრეთვე, მხოლოდ ასეთ გარემოებებში იწყებს მოქმედებას ის, რასაც მე ბრბოს მენტალური ერთობის ფსიქოლოგიურ კანონს ვუწოდებ.

 

ბრბოს ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს შორის ზოგი ისეთია, რომლებიც შესაძლოა საერთო იყოს იზოლირებული პიროვნებებისთვის, სხვები კი, საპირისპიროდ ამისა, აბსოლუტურად სპეციფიურია და მათ მხოლოდ კოლექტივში ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამ სპეციალურ მახასიათებლებს შევისწავლით, რათა მათი მნიშვნელობა ვაჩვენოთ.

 

ფსიქოლოგიური ბრბოსთვის დამახასიათებელი ყველაზე განსაცვიფრებელი თავისებურება შემდეგია: ვინც არ უნდა შეადგენდეს მას, რამდენად მსგავსი ან განსხვავებული არ უნდა იყოს მათი ცხოვრების სტილი, მათი საქმიანობა, ხასიათი ან გონებრივი შესაძლებლობები, საკმარისია ბრბოდ იქცნენ, რომ ისინი ერთგვარი კოლექტიური ფსიქიკის ბატონობის ქვეშ ექცევიან, რომელიც აიძულებს მათ განიცადონ, იფიქრონ და იმოქმედონ იმგვარად, რაც საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რასაც ეს პიროვნებები განიცდიდნენ, იფიქრებდნენ და იმოქმედებდნენ იზოლირებულად. არსებობს კონკრეტული იდეები და გრძნობები, რომლებიც არც კი წარმოიშობა ან არ იქცევა ქმედებებად, გარდა შემთხვევისა, როდესაც პიროვნება ბრბოს წარმოქმნის. ფსიქოლოგიური ბრბო არის გარდამავალი სტრუქტურა, შემდგარი ჰომოგენური ელემენტებისგან, რომლებიც დროის გარკვეული შუალედით არიან ერთმანეთს დაკავშირებულნი, ზუსტად ისე, როგორც ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედები, რომლებიც გაერთიანების შემდეგ იმისგან სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენენ, რაც თითოეულ უჯრედს გააჩნია.

 

განსხვავებით შეხედულებისგან, რომელიც ზოგიერთის გასაკვირად ისეთ შორსმჭვრეტელ ფილოსოფოსს ეკუთვნის, როგორიც ჰერბერტ სპენსერია, ერთობაში, რომელიც ბრბოს წარმოადგენს, არანაირი სახით არ არსებობს მის შემადგენელ ელემენტთა ჯამური ან საშუალო, არამედ ადგილი აქვს კომბინირებას, რასაც ახალ თვისებათა ჩამოყალიბება მოყვება, ზუსტად ისე, როგორც ქიმიაში, სადაც ერთმანეთს დაკავშირებული ელემენტები, მაგალითად, მჟავები და ფუძეები, ერთიანდებიან ახალი სხეულის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თვისებები სრულიად განსხვავდება იმ სხეულთა თვისებებისგან, რომლებმაც მის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.

 

იოლია იმის ჩვენება, თუ რამდენად განსხვავდება ბრბოს შემადგენელი პიროვნება იზოლირებული ინდივიდისგან, მაგრამ რთული ამ განსხვავების მიზეზთა დადგენაა.

 

რაიმე ხარისხით რომ თვალის შევლება მოვახერხოთ, პირველ რიგში თანამედროვე ფსიქოლოგიის მიერ დამკვიდრებულ იმ ჭეშმარიტებას უნდა მოვუხმოთ, რომ არაცნობიერ ფენომენს მთლიანობაში მოწინავე ფუნქცია არა მხოლოდ ორგანულ ცხოვრებაში, არამედ გონების მოქმედებაშიც ენიჭება. გონების ცნობიერი ცხოვრება არაცნობიერთან შედარებით უმნიშვნელოა. ყველაზე დახვეწილი ანალიტიკოსი ან ყველაზე ღრმა დამკვირვებელი წარმატებული შესაძლოა იყოს აღმოჩენაში მხოლოდ მცირე რაოდენობის იმ არაცნობიერი მოტივებისა, რომლებიც მის მოქმედებას განსაზღვრავენ. ჩვენი ცნობიერი ქმედებები არაცნობიერი საფუძვლიდან გამომდინარეობს, რომლის ფორმირება გონებაში ძირითადად მემკვიდრეობითობის გავლენით ხდება. ეს საფუძველი ურიცხვი საერთო მახასიათებლისგან შედგება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, და სწორედ იგი შეადგენს ეროვნულ მენტალობას. ჩვენს ქმედებათა ღიად აღიარებულ მიზეზებს მიღმა უდაოდ არსებობს იდუმალი მიზეზები, რომლებსაც ჩვენ არ ვაღიარებთ, ხოლო ამ იდუმალ მიზეზებს მიღმა – სხვა, უფრო იდუმალი, რომლებიც ჩვენთვისაც კი არ არის ცნობილი. ჩვენს ყოველდღიურ ქმედებათა დიდი ნაწილი იმ ფარულ მოტივთა შედეგია, რომლებიც ჩვენს მზერას უსხლტება.

 

ეროვნული მენტალობის შემადგენელი არაცნობიერი ელემენტების შესაბამისად მისი წევრი ინდივიდები ერთმანეთის მსგავსნი არიან, ხოლო მათი ხასიათის ცნობიერი ელემენტების მიხედვით – როგორიცაა განათლება და განსაკუთრებული მემკვიდრეობითობა – ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. 


ინტელექტუალური უნარის მიხედვით განსხვავებული ადამიანები შესაძლოა ფლობდნენ უაღრესად მსგავს ინსტინქტებს, განცდებსა და გრძნობებს. ყველაფერში, რაც გრძნობის სამეფოს ეკუთვნის, როგორიცაა რელიგია, პოლიტიკა, ზნეობა, სიყვარული და ანტიპათია და ა.შ. ყველაზე გამორჩეული ადამიანი იშვიათად სცდება ყველაზე ორდინარული ინდივიდის სტანდარტებს. ინტელექტუალური თვალსაზრისით დიდ მათემატიკოსსა და მის მეწაღეს შორის შესაძლოა უფსკრული არსებობდეს, მაგრამ ხასიათის თვალთახედვით სხვაობა უმნიშვნელოა ან იგი საერთოდ არ არსებობს.

 

ხასიათის სწორედ ეს ზოგადი თვისებები, რომლებიც არაცნობიერი ძალების მიერ იმართებიან და რომლებსაც ერის შემადგენელ ნორმალურ ინდივიდთა უმრავლესობა ფლობს, ვიმეორებ, სწორედ ეს თვისებები იქცევა ბრბოს საერთო საკუთრებად. კოლექტიურ ფსიქიკაში ინდივიდთა ინტელექტუალური მიდრეკილებები, შედეგად კი მათი ინდივიდუალობა, სუსტდება. ჰეტეროგენურობა ჰომოგენურობაში იძირება, არაცნობიერი თვისებები კი წინა პლანზე გამოდის.

 

ის ფაქტი, რომ ბრბო ასეთი ორდინარული თვისებების მატარებელია, ხსნის იმას, თუ რატომ არასდროს არ შეუძლია მას ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც მაღალ ინტელექტს მოითხოვს. 


გადაწყვეტილებები ზოგადი ინტერესის საკითხებში, მიღებული გამორჩეული, მაგრამ განსხვავებულ სპეციალობებში დახელოვნებული ადამიანების მიერ, საგრძნობლად უმჯობესი არ იქნება გადაწყვეტილებაზე, რომელსაც გონებაჩლუნგთა თავყრილობა მიიღებს. ჭეშმარიტება იმაშია, რომ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში მათ მხოლოდ იმ საშუალო თვისებების გაერთიანება შეუძლიათ, რომლებიც დაბადებიდან დაყვება ყოველ ინდივიდს. ბრბოში უგნურება და არა სიბრძნეა თავმოყრილი. არა მთელი სამყარო, როგორც ამას ხშირად იმეორებენ, არის ვოლტერზე ჭკვიანი, არამედ უთუოდ ვოლტერია მეტად ბრძენი, ვიდრე მთელი სამყარო, თუკი „მთელი სამყაროს“ ქვეშ ბრბოს ვიგულისხმებთ.

 

თუ ბრბოს შემადგენელი ინდივიდები ორდინარული თვისებების გაერთიანებით შემოიფარგლებიან, რომელსაც თითოეული მათგანი ფლობს, მაშინ ჩვენ საშუალო მაჩვენებელს მივიღებთ და არა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული და რეალურად ხდება, ახალ თვისებათა ჩამოყალიბებას. როგორღა ხდება ახალი თვისებების ჩამოყალიბება? სწორედ ამ საკითხით დავკავდებით ახლა.

 

ბრბოს დამახასიათებელ ახალ თვისებათა ჩამოყალიბებას, თვისებებისა, რომლებსაც იზოლირებული ინდივიდი არ ფლობს, განსხვავებული მიზეზები განსაზღვრავს. პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ბრბოს შემადგენელი ინდივიდი, მხოლოდ რაოდენობრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, იხვეჭს დაუმარცხებელი ძალის განცდას, რაც ნებას აძლევს მას ინსტინქტებს დაყვეს, რომლებსაც, მარტო რომ ყოფილიყო, ძალაუნებურად ლაგამს ამოსდებდა. მას ნაკლებად ექნება მიდრეკილება შეაჩეროს საკუთარი თავი, რადგან ბრბოში, რომელიც ანონიმურია და, შედეგად, პასუხისმგებლობას მოკლებული, ეს გრძნობა, რომელსაც მუდამ კონტროლის ქვეშ ჰყავს ინდივიდი, მას სრულად უქრება.

 

მეორე მიზეზი, რომელიც გადამდებ სენს ანუ ინფექციას წარმოადგენს, ბრბოში ასევე განსაკუთრებული თვისებების წარმოშობასა და მათ მიმართულებას განსაზღვრავს. ინფექცია ფენომენია, რომლის არსებობის დადგენა ადვილია, მაგრამ ახსნა – რთული. იგი კლასიფიცირებულ უნდა იქნას ჰიპნოტური რიგის ფენომენთა შორის, რომლებსაც ჩვენ მცირე ხანში განვიხილავთ. ბრბოს ყველა განცდა გადამდებია და გადამდები იმ ხარისხით არის, რომ ინდივიდი მზადაა პირადი ინტერესი კოლექტიურს შესწიროს მსხვერპლად. ეს მიდრეკილება მისი ბუნების საპირისპიროა და ასეთი ქმედების უნარი ადამიანს თითქმის არ გააჩნია თუ იგი ბრბოს ნაწილს არ წარმოადგენს.

 

მესამე მიზეზი და, აღნიშნულ დრომდე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ბრბოს შემადგენელ ინდივიდებში განსაზღვრავს სპეციფიურ თვისებებს, რომლებიც დროდადრო სრულიად საპირისპიროა იზოლირებული ინდივიდის მიერ გამოვლენილისა. მე ჩაგონებლობას ვგულისხმობ, რომელთან მიმართებით ინფექცია მხოლოდ შედეგს წარმოადგენს.

 

ამ ფენომენის გაგებისთვის აუცილებელია უკანასკნელი დროის ფსიქოლოგიურ აღმოჩენათა გათვალისწინება. დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია ცალკეული პროცესები, რომელთა მეშვეობით ადამიანი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში იქნას ჩაყენებული, რომ სრულიად დაკარგოს ცნობიერი პიროვნულობა და სრულად დაემორჩილოს ოპერატორს, რომელმაც მას ეს პიროვნულობა ჩამოართვა, და ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომლებიც უკიდურესად ეწინააღმდეგება მის ჩვევებსა და ხასიათს. დაკვირვებებით დასტურდება, რომ ინდივიდი, რომელიც დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში ბრბოშია შთანთქმული, საკმაოდ სწრაფად – ბრბოს მაგნიტური გავლენის შედეგად ან სხვა მიზეზით, რომელიც ჩვენთვის უცნობია – ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც მნიშვნელოვანწილად ჰგავს იმ მონუსხულობის მდგომარეობას, რომელშიც ჰიპნოტიზებული ინდივიდი აღმოჩნდება ჰიპნოლოგის ხელთ. ჰიპნოტიზებული სუბიექტის შემთხვევაში გონების აქტივობა პარალიზებულია და სუბიექტი იქცევა მონად ზურგის ტვინის არაცნობიერი ქმედებებისა, რომლებსაც ჰიპნოლოგი საკუთარი ნების მიხედვით მართავს. ცნობიერი პიროვნება გამქრალია, ნება და გონი – დაკარგული. ყველა გრძნობა და აზრი იმ მიმართულებითაა გადახრილი, როგორც ამას ჰიპნოლოგი განსაზღვრავს.

 

დაახლოებით ასეთია იმ ინდივიდის მდგომარეობა, რომელიც ფსიქოლოგიური ბრბოს ნაწილს წარმოადგენს. იგი ვეღარ აცნობიერებს საკუთარ ქმედებებს. მის შემთხვევაში, ისევე, როგორც ჰიპნოტიზებული სუბიექტისა, მაშინ, როდესაც ერთი სახის უნარები ითრგუნება, სხვები ეგზალტაციის მაღალ ხარისხს აღწევს. ჩაგონების გავლენით იგი კონკრეტულ ქმედებებს ელვის სისწრაფით სჩადის. ეს გამალება ბრბოს შემთხვევაში მეტად დაუოკებელია, ვიდრე ჰიპნოტიზებული სუბიექტისა, რადგან, როდესაც ჩაგონება ერთი და იგივეა ბრბოს შემადგენელი ყველა ინდივიდისთვის, ძალა თანაზიარობის გამოისობით იზრდება. იმ ინდივიდთა რაოდენობა ბრბოში, ვისი პიროვნული სიმტკიცე საკმარისია ჩაგონებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკიდურესად მცირეა ნაკადთან გამკლავებისთვის. უკეთეს შემთხვევაში მათ შესაძლოა ბრბოს ყურადღების გადატანა სცადონ სხვა რამეზე სხვა ჩაგონების საშუალებით. ამ გზით, მაგალითად, ბრბოს წარმოსახვაში ბედნიერების ამსახველი გამოსახულების გაღვიძებას ზოგჯერ შეუძლია მას სისხლიან ქმედებებზე ააღებინოს ხელი.

 

შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ცნობიერი პიროვნულობის გაქრობა, არაცნობიერი პიროვნულობის გაბატონება, ჩაგონებისა და ინფიცირების საშუალებით გრძნობებისა და იდეების შექცევა ერთი მიმართულებით, ჩაგონებული იდეების მყისიერ ქმედებებად ქცევის ტენდენცია, ეს ყველაფერი ძირითადი მახასიათებლებია ადამიანისა, ვინც ბრბოს ნაწილს შეადგენს. ის უკვე აღარ წარმოადგენს საკუთარ თავს, არამედ ავტომატია, რომელიც საკუთარი ნებით აღარ იმართება.

 

მეტიც, მხოლოდ იმ ფაქტის გამოისობით, რომ იგი ორგანიზებული ბრბოს ნაწილია, ადამიანი რამდენიმე საფეხურით ქვევით იწევს ცივილიზაციის კიბეზე. იზოლირებულ მდგომარეობაში იგი შესაძლოა კულტურული ადამიანი ყოფილიყო; ბრბოში ის ველურია ანუ არსება, რომელიც ინსტინქტურად მოქმედებს. მას უჩნდება მიდრეკილება თვითნებობის, ძალადობისა და სისასტიკის, ისევე, როგორც პრიმიტიული არსებებისთვის დამახასიათებელი გმირობისა და ენთუზიაზმისადმი, ვისაც კიდევ უფრო მეტად ემსგავსება სიტყვებისა და გამოსახულებების გავლენისადმი მოწყვლადობის გამო, რომლებიც იზოლირებულ მდგომარეობაში მასზე არავითარ გავლენას არ მოახდენდა, და მოტივირებულია ისეთი ქმედებები ჩაიდინოს, რომლებიც მის ინტერესებსა და ჩვევებს ეწინააღმდეგება. ბრბოს შემადგენელი ინდივიდი ქვიშის მარცვალია სხვა მარცვლებს შორის, რომლებიც ქარს თვითნებურად გადააქვს.

 

სწორედ ამ მიზეზით ხდება, რომ ნაფიც მსაჯულებს დროდადრო ისეთი გადაწყვეტილება გამოაქვთ, რომელსაც თითოეული მათგანი ინდივიდუალურად არ დაეთანხმებოდა; პარლამენტის წევრები იღებენ კანონებს, რომლებსაც პიროვნულად თითოეული დეპუტატი ხმას არ მისცემდა. კონვენტის წევრები, ცალკე აღებულნი, განათლებული და მშვიდობიანი ადამიანები იყვნენ. ბრბოდ გაერთიანებულნი, ისინი ყოყმანის გარეშე გზავნიდნენ ადამიანებს გილიოტინაზე, მათ შორის უმეტესწილად უდანაშაულოებს, საბოლოოდ კი საკუთარ ინტერესთა საწინააღმდეგოდ თქვეს უარი ხელშეუხებლობაზე და სიკვდილით დასაჯეს საკუთარი თავები.


არსებითად ინდივიდი არა მხოლოდ საკუთარი ქმედებებით განსხვავდება ბრბოში საკუთარი თავისგან. სანამ იგი სრულად დაკარგავდეს დამოუკიდებლობას, მისი იდეები და გრძნობები ცვლილებებს განიცდიან, ცვლილებები კი იმდენად ფუნდამენტურია, რომ შეუძლიათ ძუნწი – მფლანგველად აქციონ, სკეპტიკოსი – მორწმუნედ, პატიოსანი ადამიანი – ბოროტმოქმედად, ლაჩარი კი გმირად. არისტოკრატიის მიერ ყველა პრივილეგიაზე უარის თქმას ენთუზიაზმის პიკზე 1789 წლის 4 აგვისტოს ცნობილ ღამეს არასოდეს ექნებოდა ადგილი, გადაწყვეტილება მის წევრებს რომ სათითაოდ მიეღოთ.

 

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ინტელექტუალური თვალსაზრისით ბრბო იზოლირებულ ადამიანზე ქვევით დგას, მაგრამ განცდებისა და ამ განცდების მიერ პროვოცირებული ქმედებების თვალსაზრისით იგი, გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ინდივიდზე უკეთესი ან უარესი იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩაგონების ბუნებაზე, რომელსაც ბრბო ემორჩილება. სწორედ ამ პუნქტს იგებდნენ მცდარად მწერლები, რომლებიც ბრბოს მხოლოდ დანაშაულის ჭრილში სწავლობდნენ. უდაოა, რომ ბრბო ხშირად დანაშაულებრივია, მაგრამ ასევე ხშირად იგი გმირულიც არის. ბრბო და არა იზოლირებული ადამიანი შეიძლება იქნას მოტივირებული სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვას იდეა ან აღმსარებლობა; აღვსებულ იქნას ენთუზიაზმით, რათა დიდებისა და პატივისათვის – თითქმის პურისა და იარაღის გარეშე, როგორც ჯვაროსანთა ეპოქაში – გაემართოს მაცხოვრის სამარის გასათავისუფლებლად ურწმუნოთაგან ან, როგორც 93-ში, სამშობლო დაიცვას. ასეთი გმირობა უდაოდ არაცნობიერია, მაგრამ ასეთი გმირობით არის ნაშენი ისტორია. ადამიანებს მხოლოდ ცივი გონებით ჩადენილი დიადი საქმეები რომ მიეწერებოდეთ, მატიანეს მხოლოდ რამდენიმე ასეთი ეცოდინებოდა.


კომენტარები