კარმის არსი და მნიშვნელობა

კარმის არსი და მნიშვნელობა

რუდოლფ შტაინერი – ავსტრიელი ფილოსოფოსი, პედაგოგი, სოციალური რეფორმატორი, არქიტექტორი, ეზოტერიკოსი.

 

აღნიშნული სტატია გახლავთ პირველი თავი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან – „კარმის გამოცხადებები“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

სულისმეცნიერება არ უნდა იყოს უბრალოდ რაღაც აბსტრაქტული თეორია, მხოლოდ დოქტრინა ან მოძღვრება, არამედ – სიცოცხლისა და სიცოცხლისუნარიანობის წყარო. იგი თავის ამოცანას სწორედ მაშინ შეასრულებს, თუ იმ შემეცნების წყალობით, რომელთა მოცემაც მას შეუძლია, ჩვენს სამშვინველებში ჩაიღვრება რაღაც მძლავრი, რაც გაამდიდრებს და გასაგებს გახდის ჩვენს ცხოვრებას, რაც ჩვენს სამშვინველებს უფრო ენერგიულად აამოქმედებს და გააძლიერებს. ცხადია, ის, ვინც ჩვენს ამ მსოფლმხედველობას აღიარებს, საკუთარი თავის წინაშე აყენებს იმ იდეას, რომელიც ზემოთ რამდენიმე სიტყვით დავახასიათეთ, შემდეგ კი აკვირდება თანამედროვე სინამდვილეს, იმის გასაგებად, რამდენად ხელეწიფება მას ცხოვრებაში ხორცი შეასხას თეოსოფიიდან შეძენილს და ამ დროს იგი შეიძლება ნაკლებად სასიამოვნო შთაბეჭდილებამდე მივიდეს. ვინაიდან, თუ ამ ყველაფერს მუდმივად განვიხილავთ, როცა ამჟამად კაცობრიობას ჰგონია, თითქოს – „იციან“, რაც ადამიანებს უბიძგებს ამა თუ იმ გრძნობისკენ, ან ქცევისკენ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ისე წარმოუდგენლად განსხვავდება თეოსოფიური ცნებებისა და იდეალებისაგან, რომ არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, უშუალოდ მიუსადაგოს ცხოვრებას ის, რაც მან მოიპოვა სწორედ სულისმეცნიერული წყაროებიდან. თუმცა, ეს იქნებოდა მოვლენათა მსვლელობაზე ძალზე ზედაპირული შეხედულება, ვინაიდან ამავდროულად არ ითვალისწინებენ იმას, რაც თავად უნდა ავიღოთ ჩვენი საკუთარი მსოფლმხედველობიდან იმის მეშვეობით, რისი თქმაც საკუთარი თავისთვის შეგვიძლია: თუ ჩვენ თეოსოფიის საშუალებით აღვიქვამთ იმ ძალებს, რომლებიც ოდესღაც ნამდვილად გახდება საკმარისად მძლავრი, მაშინ ისინი იპოვიან შესაძლებლობას, სამყაროს ცხოვრებაში ჩაერიონ; თუ არასდროს არაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ძალები სულ უფრო მეტად და მეტად გავაძლიეროთ, მაშინ სწორედ სამყაროში ჩარევა იქნება შეუძლებელი.

 

თუმცა, არის რაღაც სხვა, რასაც შეუძლია გვანუგეშოს, მაშინაც კი, როცა ასეთი განსჯა ჩვენში იწვევს სევდას და ეს არის ისეთი განხილვების შედეგი, როგორიც გვეძლევა ამ ციკლში და, რასაც ადამიანური კარმა და ზოგადად კარმა ეწოდება. მიმდინარე ლექციების განმავლობაში ჩვენ სულ უფრო მეტად დავინახავთ, რომ თუნდაც ვერ შევძლოთ ცხოვრებაში თეოსოფიური ძალებით შესვლის მისაღწევად საკმარისად ვიშრომოთ, როგორ შეგვიძლია ვივარაუდოთ სერიოზული რწმენითა და კარმის გათვალისწინებით, რომ კარმა თავად გამოგვიგზავნის ძალებს, რომელიც საჭიროა ჩვენთვის ახლო თუ ასევე შორეულ მომავალში. ჩვენ დავინახავთ: თუ გვგონია, რომ ჯერაც არ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი მსოფლმხედველობიდან მიღებული ძალების გამოყენება, მაშინ ეს ძალები ჯერ კიდევ არ გაგვიღვიძებია საკმარისად, რომ ცხოვრებაში ჩვენი შესვლა ამ ძალების დახმარებით კარმას შესაძლებლად ექცია. ამრიგად, ამ ლექციებში არ უნდა ცოცხლობდეს კარმაზე მხოლოდ შე-მეცნებების ჯამი, არამედ ყოველ წამს საჭიროა გამოიღვიძოს კარმისადმი სულ უფრო მეტმა ნდობამ, – რწმენამ, რომ ხვალ, ზეგ ან კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა დადგება ჟამი, კარმა მოგვიტანს ამოცანებს, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ, ცხადია, თუ ჩვენს მსოფლმხედველობას ვამკვიდრებთ. კარმა წარმოგვიდგება, როგორც რაღაც სწავლება, რომელიც არა მარტო გვაუწყებს იმას, როგორ ხორციელდება ესა თუ ის სამყაროში, არამედ, როგორც სწავლება, რომელსაც ჩვენთვის ახსნასთან ერთად მოაქვს ცხოვრებით კმაყოფილებაც და მისი ამაღლება.

 

ცხადია, თუ კარმამ ეს უნდა გააკეთოს, მაშინ აუცილებელია, უფრო ღრმად ჩავიხედოთ აქ ნაგულისხმევ კანონში, ასე ვთქვათ, სამყაროში მის გავრცელებაში. მაშინ აუცილებელი იქნება კიდევ რაღაც, რაც საერთოდ უჩვეულოა ჩემთვის სულისმეცნიერული განხილვებისას, კერძოდ – მოხდეს დეფინიცია, სიტყვების ახსნა. ჩვეულებრივ, განხილვებისას მე ვიწყებ ფაქტების ასახვას და როცა ეს ფაქტები დაჯგუფებული და დალაგებულია გარკვეული წესის მიხედვით, მაშინ ცნებები და წარმოდგენები თავისთავად წარმოჩნდება. ჩვენ თუ გადავწყვეტთ, ასეთ გზას დავადგეთ, როცა უახლოეს დღეებში მსგავს ყოვლისმომცველ საკითხებს განვიხილავთ, მაშინ გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდება, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს. ამიტომ, უკეთ გასაგებად აუცილებელია, გაკეთდეს თუ დეფინიციები არა, თუნდაც გარკვეული აღწერა იმ ცნებისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგვყვება. დეფინიციების მიზანი ხომ სწორედ იმის ათვისებაა, რასაც გულისხმობენ, როცა ამა თუ იმ სიტყვას იყენებენ. სწორედ ამ სტილში იქნება მოცემული ცნება „კარმა“, რათა ვიცოდეთ, რაზეა საუბარი, როცა ამ ლექციებში გამოვიყენებთ გამოთქმას – „კარმა“.

 

სხვადასხვა განხილვიდან ყოველი თქვენგანი უკვე შეიქმნის წარმოდგენას იმაზე, რა არის კარმა. ნამდვილი აბსტრაქტულია ცნება კარმაზე, როცა კარმას უწოდებენ „მიზეზობრიობის სულიერ კანონს“. კანონს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულ მიზეზებს სულიერ სამყაროში მოსდევს განსაზღვრული შედეგი, ზემოქმედება. მაგრამ ეს იქნება კარმის აბსტრაქტული გაგება, ნაწილობრივ ძალზე შეზღუდული, თუმცა ნაწილობრივ ძალზე შორს მიმავალი. ჩვენ თუ გვსურს, ზოგადად კარმა აღვიქვათ, როგორც რაღაც მიზეზობრიობის კანონი, მაშინ მას ვაყენებთ იმის გვერდით, რასაც ჩვენ სამყაროში აღვწერთ, როგორც კაუზალობის კანონს, როგორც მიზეზისა და შედეგის კანონს. მოდით, ახლავე გავარკვიოთ, საერთოდ რა გვესმის მიზეზის კანონის ქვეშ საზოგადოდ მიღებული აზრით, როცა სულიერ ფაქტებსა და მოვლენებზე ჯერაც არ გვისაუბრია.

 

დღეს გარეგნული მეცნიერება ძალზე ხშირად ხაზს უსვამს, რომ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა აგებულია მიზეზობრიობის კანონის ყოვლისმომცველობაზე, რომ მას შესაბამისი მიზეზებისთვის ყველგან მოჰყავს შესაბამისი შედეგები. მაგრამ, თუ როგორ ხორციელდება ეს, ამას ადამიანები უკვე მკაფიოდ ნაკლებად იაზრებენ. ახლა კი უკვე წიგნებშიც, სადაც იგულისხმება, რომ მათში ჩადებულია ცნებები მეცნიერული და ფილოსოფიური სახით, თქვენ იპოვით რაღაც ამდაგვარ გამონათქვამს: შედეგი არის ის, რაც მოსდევს მიზეზს. – მაგრამ თუ ამბობენ, რომ შედეგი მომდინარეობს მიზეზისაგან, მაშინ უბრალოდ გვერდს უვლიან ფაქტებს და მასზე არ საუბრობენ. ვინაიდან, ჩვენ თუ მაგ., განვიხილავთ მზის სხივს, დაცემულს ლითონის ფირფიტაზე, რომელსაც მზის სხივი ათბობს, მაშინ აქ ვსაუბრობთ გარეგნულ სამყაროში მიზეზსა და შედეგზე. მაგრამ განა ჩვენ შეგვიძლია როდისმე ვთქვათ, რომ ეს ქმედება, – ლითონის ფირფიტის გაცხელება, – მომდინარეობს მზის თბილი სხივის მოქმედებისგან? თუ მზის თბილ სხივს ეს მოქმედება ექნებოდა თავის თავში, მაშინ არ იარსებებდა ფაქტი, როცა მზის თბილი სხივი საერთოდ არ ათბობს ლითონის ფირფიტას, თუ ის მას გზაზე არ ხვდება. მოვლენების სამყაროში, უსიცოცხლო სამყაროში, რომელიც თავიდან ჩვენ გარემოცვაშია, სადაც შედეგი მოსდევს მიზეზს, ყოველთვის აუცილებელია, რომ ეს მიზეზი სამართლიანად დაკმაყოფილდეს. ამის გარეშე კი არ შეიძლება საუბარი მიზეზის შემდგომ ქმედებით გამოწვეულ შედეგებზე. – სულაც არაა ზედმეტი, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი წინაპირობა, რომელიც ასე აშკარად ფილოსოფიურად და აბსტრაქტულად ჟღერს; ვინაიდან თეოსოფიურ სფეროში ნაყოფიერად წინსვლა თუ გსურს, საჭიროა მიეჩვიო, ზუსტად წარმოქმნა ცნებები და არა ისე დაუდევრად, როგორც ეს სხვა მეცნიერებებში ხდება.

 

არავის შეუძლია ისაუბროს კარმაზე, მოქმედების მხოლოდ ისეთი სახით დადგომისას, როგორსაც ადგილი აქვს ლითონის ფირფიტის სხივებით გაცხელებისას. მართალია, არსებობს კაუზალურობა, მიზეზობრიობისა და შედეგის კავშირი, მაგრამ ჩვენ ვერასდროს მივიდოდით კარმის სწორ გაგებასთან, თუ კარმაზე ვისაუბრებდით მხოლოდ ასეთ სფეროში. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კარმაზე, თუ არის მხოლოდ შედეგსა და მიზეზს შორის კავშირი.

 

ახლა ჩვენ შეგვიძლია წინ წავიდეთ და შევიქმნათ კიდევ უფრო მაღალი წარმოდგენა მიზეზსა და შედეგს შორის კავშირზე. ჩვენ თუ გვაქვს, მაგ., მშვილდი, მოვიმარჯვებთ მას და ვუშვებთ ისარს, მაშინ ამ მოქმედებით დგება რაღაც შედეგი. მაგრამ გატყორცნილი ისრის ეს ქმედებაც მის მიზეზთან კავშირის შემთხვევაშიც ნაკლებად აღინიშნება სიტყვით „კარმა“, როგორც ზემოთ ვახსენეთ. ჩვენ თუ ამ მოვლენის დროს განვიხილავთ კიდევ რაღაც სხვას, მაშინ უკვე უფრო მეტად მივუახლოვდებით კარმას, თუმცა კარმის ცნება ჯერ კიდევ არ იქნება გაგებული: თუ გავიაზრებთ, რომ ხშირი დაჭიმულობის გამო მშვილდი დროთა განმავლობაში სულ უფრო მოეშვება, იმის მეშვეობით, რასაც აკეთებს იგი, რაც მას მოსდის, მაშინ ამას მოჰყვება არა გარეთ გამოვლენილი შედეგი, არამედ – შედეგი, რომელიც თავად მშვილდს უბრუნდება უკან. ე.ი. მშვილდის მუდმივი მოჭიმვის გამო თავად მშვილდს რაღაც უკან უბრუნდება. შესაბამისად, მიიღწევა შედეგი, რომელიც უბრუნდება საგანს, რომელმაც ეს შედეგი თავად გამოიწვია.

 

ეს უკვე შედის კარმის ცნებაში. შედეგის ასეთი გამოწვევის გარეშე, რომელიც კვლავ უკან უბრუნდება საგანს ან არსებას, რომელმაც ის გამოიწვია, ამ თავისებურების გარეშე, – უკუქმედება არსებაზე, რომელმაც ეს შედეგი გამოიწვია, – კარმის ცნება წარმოუდგენელია. აქ კიდევ უფრო მივუახლოვდებით კარმის ცნებას, თუ ჩვენთვის ნათელია, რომ საგნისა და არსების მიერ გამოწვეული შედეგი კვლავ უნდა დაუბრუნდეს ამავე საგანსა თუ არსებას. მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვიძლია მშვილდის მოშვებას, მისი

 

მუდმივი მოჭიმვის გამო, ვუწოდოთ მშვილდის კარმა შემდეგი მიზეზის გამო: ჩვენ თუ გვაქვს ეს მშვილდი, სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში და საკმაოდ ხშირად მოვჭიმავთ მას და ის მოეშვება ოთხი კვირის შემდეგ, მაშინ ამ მოშვებულ მშვილდში აღმოვაჩენთ რაღაც სრულიად სხვას, ვიდრე იმას, რაც იყო თავად ეს მშვილდი ოთხი კვირის წინ, ის გახდა სხვანაირი, არ დარჩა ადრინდელის მსგავსი. ამრიგად, თუ აღნიშნული ქმედება ისეთია, რომ იმ საგანს ან არსებას აქცევს სხვად, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ რაღაც კარმაზე. კარმაზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთ, თუ ქმედება, რომელიც უბრუნდება არსებას, წარმოშობს იმავე არსებას, რომელიც მაინც თავისთავადი რჩება, გარკვეული თვალსაზრისით.

 

ამრიგად, ჩვენ კარმის ცნებას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. მაგრამ კარმის ცნების ასეთი სახით ახსნით, არსებითად, მის შესახებ მაინც საკმაოდ აბსტრაქტული წარმოდგენა მივიღეთ. კარმის ცნებას კიდევ უნდა დავამატოთ შემდეგი: თუ შედეგს, რომელიც არსებას უბრუნდება, ადგილი აქვს იმ მომენტში, ანუ თუ მიზეზი და დაბრუნებული შედეგი ერთდროულად ხდება, მაშინ, ალბათ, ვერ შევძლებთ კარმაზე საუბარს. რადგან ამ შემთხვევაში არსება, რომლისგანაც მომდინარეობდა ქმედება, მოისურვებდა, უშუალოდ გამოეწვია შედეგი, რაც იგულისხმებდა ამ ქმედებისკენ წარმმართველ ყველა ელემენტს. თუ ეს ასეა, ჩვენ ამ შემთხვევაშიც არ ვსაუბრობთ კარმაზე. ასევე, არ გვინდა და არ შეგვიძლია კარმაზე საუბარი, თუ მაგ., ჩვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც ახორციელებს განსაზღვრულ ქცევას განსაზღვრული განზრახვით, შემდეგ კი, ამის თანახმად, ადგილი აქვს მისთვის სასურველ ამა თუ იმ შედეგს; ანუ, მიზეზსა და შედეგს შორის უნდა იყოს რაღაც, რომელიც უსხლტება არსებას მიზეზის განხორციელებისას, ასე რომ, მიზეზისა და შედეგის კავშირი, მართალია, სახეზეა, მაგრამ არსებითად, ის თავად არსების მიერ არაა გათვალისწინებული. თუ ეს კავშირი მიზეზის გამომწვევი არსების მიერ არაა გათვალისწინებული, მაშინ საფუძველი, რომელიც მიზეზსა და შედეგს შორის არსებობს, უნდა არსებობდეს სადღაც სხვა ადგილას, მაგრამ არა მოცემული არსების განზრახვაში. ანუ, ამ საფუძველს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული კანონზომიერება. შესაბამისად, კარმას ჯერ კიდევ არ მიეკუთვნება ისიც, რომ მიზეზსა და შედეგს შორის კავშირი კანონზომიერია და აღემატება უშუალოდ არსების განზრახვას.

 

ამრიგად, ჩვენ თავი მოვუყარეთ ზოგიერთ ელემენტს, რომელიც დაგვეხმარება კარმის გაგების ახსნაში. მაგრამ ყველა ეს ელემენტი უნდა გვქონდეს თავად კარმის ცნებაში და არ შევჩერდეთ აბსტრაქტულ დეფინიციებში. ვინაიდან სხვაგვარად ვერ შევძლებთ კარმის გამოცხადების გაგებას სამყაროს სხვადასხვა სფეროში. უპირველეს ყოვლისა, კარმის გამოცხადება ჩვენ უნდა ვიპოვოთ იქ, სადაც ის ყველაზე მეტად გვხვდება: ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში.

 

ჩვენ განა ვერ შევძლებთ ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში ვიპოვოთ რაღაც მსგავსი და როდის შევძლებთ, ვიპოვოთ ის, რაც ზემოთ გადმოვეცით კარმის გაგების ჩვენეულ განმარტებაში?

 

ჩვენ ვიპოვით რაღაც ამდაგვარს, მაგ., თუ ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდოდა განცდა, რომლის დროსაც შევძლებდით გვეთქვა: ახლა ჩვენთვის დამდგარი ეს განცდა იმყოფება გარკვეულ კავშირში რაღაც განცდასთან, რომელშიც თავად ვიღებთ მონაწილეობას და რომელსაც თავადვე მივეცით საბაბი. თავიდან მხოლოდ ცხოვრებაზე დაკვირვების მეშვეობით შევეცადოთ, დავადგინოთ საერთოდ არსებობს თუ არა რაიმე მსგავსი. შესაბამისად, ჩვენ ახლა მხოლოდ წმინდა გარეგნული დაკვირვების თვალსაზრისზე ვდგებით. ვინც არ ახდენს ასეთ დაკვირვებებს, ის ვერასდროს შეძლებს ცხოვრებაში კანონზომიერი კავშირის შემეცნებამდე მივიდეს; მისთვის ეს ისევე რთულია, როგორც ადამიანისთვის, რომლისთვისაც რთულია ბილიარდის ორი ბურთის დარტყმით კანონზომიერების შეცნობა, როცა მათი ელასტიკური შეჯახება არ უნახავს. ცხოვრებაზე დაკვირვებამ ჩვენ შეიძლება, ფაქტობრივად, კანონზომიერი კავშირის გაგებამდე მიგვიყვანოს. შევეცადოთ, ეს კანონზომიერი კავშირი ახლავე აღვადგინოთ.

 

ვთქვათ, ახალგაზრდა კაცმა თავისი ცხოვრების მეთვრამეტე წელს უნდა მიატოვოს რაღაც საქმე, რომელიც მას გარკვეული მოვლენების გამო ეგონა მისთვის განპირობებული, როგორც მისი მოწოდება. დავუშვათ, ეს ადამიანი აქამდე ემზადებოდა თავის სამუშაოში საკუთარი მოწოდებისკენ, შემდეგ მის მშობლებთან დაკავშირებული უბედურების გამო ის გამოაგდეს იქიდან და თვრამეტი წლიდან გადაიყვანეს სხვა საქმიანობაზე – სავაჭრო საქმეზე. ვინც მიუკერძოებლად განიხილავს ცხოვრებაში ასეთ შემთხვევებს, როგორც, მაგ., ფიზიკოსი განიხილავს ელასტიკური ბურთების დარტყმის მოვლენას, ის დაინახავს, რომ სავაჭრო საქმიანობით გამოწვეული განცდები, რომელშიც ჩააყენეს ახალგაზრდა კაცი, თავიდან აგულიანებს კიდეც ისე, რომ იგი მასში ასრულებს თავის მოვალეობას, რაღაცას სწავლობს და რაღაცას აღწევს. ასევე შეიძლება შევნიშნოთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ადგილი აქვს რაღაც სხვა რამეს: გარკვეულ უკმაყოფილებას, ყველაფერი ნელ-ნელა ბეზრდება. ეს მაშინვე არ მოხდება. თუ მოწოდების ცვლილება მოხდა თვრამეტი წლის ასაკში, მაშინ მომდევნო წლებმა, შესაძლოა, სრულიად მშვიდად ჩაიაროს. მაგრამ ოცდასამი წლის ასაკში, შესაძლოა, ნათელი გახდეს, რომ სამშვინველში ჩასახლდა რაღაც, რაც ახსნას არ ექვემდებარება. თუ კვლევას გავაგრძელებთ, მაშინ შეიძლება შევნიშნოთ, – ცხადია, თუ შემთხვევა ნათელია, – რომ მოწოდების ცვლილებით გამოწვეული უკმაყოფილების ხუთი წლის შემდეგ, ამ უკმაყოფილების ახსნა შეიძლება ცხოვრების მეცამეტე ან მეთოთხმეტე წელს ვიპოვოთ. ხშირ შემთხვევაში ამ მოვლენის მიზეზი უნდა ვეძებოთ მოწოდების ცვლილებამდე იმდენივე წლით ადრე, რამდენიც – ჩვენ მიერ აღწერილი მოვლენის დადგომის შემდეგ. ამ ადამიანმა თავისი სწავლების მეცამეტე წელს საკუთარი გრძნობების სამყაროში აღიქვა რაღაც, რამაც ის ნეტარებით აღავსო მოწოდების ცვლილებამდე ხუთი წლით ადრე. დავუშვათ, მოწოდების ცვლილება არ მომხდარიყო; ის, რასაც ადამიანი მიეჩვია ცამეტი წლიდან, დავუშვათ, ამან თავისი თავი ამოწურა გვიანდელ ცხოვრებაში და გამოიღო ესა თუ ის ნაყოფი. მაგრამ დადგა მოწოდების ცვლილება, თავიდან ახალგაზრდა კაცი ამან დააინტერესა და მოიცვა კიდეც მისი სამშვინველი. იმან, რაც ახლა შემოვიდა მის მშვინვიერ ცხოვრებაში, განდევნა ის, რაც მასში ადრე იყო. ეს შეიძლებოდა, გარკვეული დროის განმავლობაში განხორციელებულიყო სწორედ იმის წყალობით, რომ ის შეავიწროეს, მან შეიძინა განსაკუთრებული ძალა, დაძაბულობის ძალა. ეს ჰგავს ელასტიკური ბურთის ხელის მოჭერას: ჩვენ შეგვიძლია, მას მოვუჭიროთ გარკვეულ ზღვრამდე, მაგრამ შემდეგ ის გვეწინააღმდეგება. მისი უკუგაფართოება მოხდება იმ ძალით, რაც მეტი იყო მისი მოჭერის ძალა. ისეთი განცდები, როგორიცაა ზემოთ მითითებული, რომელიც ჰქონდა ახალგაზრდა კაცს თავისი ცხოვრების მეცამეტე წელს და რომელიც შემდეგ მტკიცდებოდა თვით მოწოდების ცვლილებამდე, შეიძლება გარკვეული სახით მოიცილო. მაგრამ შემდეგ, როცა გაივლის რაღაც პერიოდი, სამშვინველში გაიღვიძებს წინააღმდეგობა. მაშინ შეიძლება დავინახოთ, რომ ეს წინააღმდეგობა საკმაოდ გაძლიერდა, რათა თავისი თავი გამოავლინოს მოქმედებით გამოწვეულ შედეგში. სამშვინველში უკმარისობაა იმისა, რაც მას ექნებოდა, რომ არ მომხდარიყო მოწოდების ცვლილება; მაშინ ეს შევიწროება თანდათან გამოავლენს თავისი თავს და იწყება უკმაყოფილება იმით, რასაც ახლა გარემოცვა იძლევა.

 

ამრიგად, აქ ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როცა კონკრეტულმა ადამიანმა განიცადა რაღაც, განახორციელა რაღაც ცამეტი ან თოთხმეტი წლის ასაკში, შემდეგ კი გააკეთა სხვა რამე, ანუ შეცვალა თავისი მოწოდება და აქ ვხედავთ, რომ ეს მიზეზები თავის თავს ისე განიცდიან, რომ ისინი თავის ქმედებებში კვლავ დარტყმას აყენებენ იმავე არსებას. ასეთ შემთხვევაში კარმის გაგება ჩვენ ჯერ ცალკეული ადამიანის ცხოვრებაზე უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ ამაზე არავინ უნდა შეგვეპასუხოს: ჩვენ ვიცით შემთხვევა, როცა რაღაც მსგავსი საერთოდ არ გამოვლენილა! – ეს შესაძლებელია. ასევე არც ერთ ფიზიკოსს აზრად არ მოუვა, როცა იგი მოისურვებს, გამოიკვლიოს ამა თუ იმ სიჩქარით ვარდნილი ქვის კანონი, ის, რაც მას აიძულებდა თავისი თავისთვის ეთქვა: კანონი იქნებოდა არასწორი, იმ პირობით, რომ ქვა გამოაგდეს თავისი მოძრაობის მიმართულებიდან დარტყმით. საჭიროა მართებული სახით დაკვირვების სწავლება და იმ მოვლენების გამორიცხვა, რომლებიც კანონის წარმოქმნას არ ეხება. ცხადია, ასეთი ახალგაზრდა კაცი, თუ არ გახდებოდა რაიმე სხვა და თუ ის ოცდასამი წლის ასაკში იცხოვრებდა თავისი ცამეტი წლის ასაკის შთაბეჭდილებების განცდით, როგორც უკმაყოფილების შედეგით, მაშინ ვერ იგრძნობდა, თუ დროის ამ შუალედში მაგ., ის იქორწინებდა. ჩვენ კი საქმე გვექნებოდა რაღაცასთან, რაც გავლენას ვერ მოახდენდა ძირითადი კანონის დადგენაზე. მთავარი კი სწორედ ისაა, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი ფაქტორები, რომლებიც მიგვიყვანდნენ ძირითად კანონთან. დაკვირვება თავისთავად არაფერს ნიშნავს; მხოლოდ სწორად წარმართული დაკვირვება მიგვიყვანს კანონის შემეცნებასთან. მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ასევე დადგინდეს დაკვირვების სწორი მიმართულებები მართებული სახით, თუ გვსურს კარმის კანონების შესწავლა.

 

ერთ ადამიანზე კარმის კანონის შესაცნობად დავუშვათ, რომ ვიღაცამ ცხოვრების ოცდამეხუთე წელს მიიღო ბედისწერის მძიმე დარტყმა, რამაც ტკივილი და მწუხარება მიაყენა. ახლა ჩვენს დაკვირვებებს ისე წარვმართავთ, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ბედისწერის ეს მძიმე დარტყმა შემოიჭრა ცხოვრებაში და ის ტკივილითა და მწუხარებით აავსო, შესაბამისად, თუ მხოლოდ ასეთ დაკვირვებაზე შევჩერდებით, მაშინ კარმული დამოკიდებულების შემეცნებამდე ვერასდროს მივალთ. მაგრამ, თუ დაკვირვებას გავაგრძელებთ, შესაძლოა, ამ ადამიანზე დაკვირვებით, რომელმაც ოცდახუთი წლის ასაკში ასეთი დარტყმა გადაიტანა მისი ცხოვრების ორმოცდამეათე წელს, შეგვიძლია მივიდეთ სხვა შეხედულებამდე და ის გამოვხატოოთ შემდეგნაირად: გადავხედავთ უკან მის ცხოვრებას. ოცი წლისას, – ასე ვიპოვით იქ, – ის იყო ჯერ კიდევ ყოვლად უვარგისი ადამიანი და საერთოდ არაფრის კეთება არ სურდა. შემდეგ, ოცდამეხუთე წელს ბედისწერის ეს მძიმე დარტყმა რომ არ მიეღო, – შეგვიძლია ასე ვთქვათ, – იგი ადრინდელივით უქნარა დარჩებოდა. შესაბამისად, ბედისწერის მძიმე დარტყმა იყო მიზეზი, რომ ჩვენ მასში ცხოვრების ორმოცდამეათე წელს ვხედავთ ენერგიულ და ქმედით ადამიანს.

 

ასეთი ფაქტი გვასწავლის, რომ არასწორი გზით წავიდოდით, თუ მისი ცხოვრების ოცდამეხუთე წელს ბედისწერის ამ დარტყმას განვიხილავდით, მხოლოდ, როგორც მარტივ შედეგს. შემდეგ თუ ვიკითხავთ: მაინც რა გამოიწვია მან? ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ დაკვირვებაზე შევჩერდეთ. მაგრამ ბედისწერის ასეთ დარტყმას თუ განვიხილავთ არა როგორც შედეგს და არ დავაყენებთ მას მისი წინამორბედი მოვლენების ბოლოში, არამედ – მომდევნო მოვლენების დასაწყისში და მას განვიხილავთ, როგორც მიზეზს, მაშინ მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევცვალოთ თვით ჩვენი გრძნობებისა და შეგრძნებების განსჯა ბედისწერის ამ დარტყმასთან მიმართებით. შესაძლოა, ჩვენ დაგვამწუხროს, თუ ამას განვიხილავთ, როგორც შედეგს, რომელიც ბედისწერის დარტყმის სახით იმ ადამიანს მიადგა. მისი, როგორც ყოველივე მომდევნოს მიზეზის განხილვით შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით სიხარული შევიგრძნოთ. ვინაიდან, საჭიროა, ბედისწერის ამ დარტყმას ვუმადლოდეთ იმას, რომ ეს ადამიანი წესიერ ადამიანად იქცა და ამის თქმა უკვე შეგვიძლია.

 

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი რამ შეიძლება ჩვენს შეგრძნებებში შეიცვალოს იმის მიხედვით, განვიხილავთ თუ არა ცხოვრებაში რაიმე ფაქტს შედეგის ან მიზეზის სახით. მართალია, ჩვენ თუ დავაკვირდებით იმ მომენტს, როცა მოხდა ეს მტკივნეული მოვლენა, რაც გვხვდება ადამიანების ცხოვრებაში, მაშინ უშუალო მოქმედების აღქმა ჯერ კიდევ შეუძლებელია. მაგრამ კარმის კანონს თუ მსგავსი დაკვირვებებისგან წარმოვქმნით, მაშინ კარმის ამ კანონს თავად შეუძლია გვითხრას: ახლა ეს მოვლენა შესაძლოა მტკივნეულია, რადგანაც ის ჩვენ წინაშე ვლინდება მხოლოდ, როგორც წინამორბედის შედეგი; ის ასევე შეიძლება განვიხილოთ, როგორც მთელი მომდევნოს ამოსავალი წერტილი. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ: ჩვენ გვაქვს წინათგრძნობა, რომ აქ არის ამოსავალი წერტილი, რომლის მოქმედების მიზეზი ყველაფერს სხვა თვალსაზრისით აშუქებს. მაშინ კარმის კანონი თავად იქცევა ნუგეშის წყაროდ, რომელი ნუგეშიც არ იარსებებდა, თუ მიეჩვეოდნენ რაიმე მოვლენის დაყენებას მხოლოდ ბოლოში და არა მთელი რიგი მოვლენების თავში.

 

შესაბამისად, მთავარია, ვისწავლოთ ცხოვრების სწორად დაკვირვება და შევაჯეროთ საგნები შესაბამისი სახით, როგორც შედეგი და მიზეზი ერთმანეთთთან მიმართებით. და როცა მსგავს დაკვირვებებს დავადგენთ ნამდვილად სწორი სახით, მაშინ ადამიანურ ცხოვრებაში ჩვენ წინაშე წარმოჩნდება შედეგი, რომელიც ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული კანონზომიერებით მიედინება; თუმცა გამოვლინდება სხვა შედეგებიც, რომლებიც ამ ცხოვრებაში ჩვენ კანონზომიერად არ მოგვეჩვენება. ის, ვინც აკვირდება ადამიანის ცხოვრებას, თუნდაც თავის ცხვირს იქით, შეძლებს მასში იპოვოს მნიშვნელოვანი დამოკიდებულებები. სამწუხაროდ, ადამიანის ცხოვრების მოვლენებს ახლა მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში აკვირდებიან – რამდენიმე წელი; და ადამიანები არ არიან მიჩვეული, ერთმანეთთან დააკავშირონ ის, რაც დადგება მრავალი წლის შემდეგ იმასთან მიმართებით, რაც ადრე არსებობდა მიზეზის სახით. ამიტომაც, ახლა ძალზე ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ცხოვრების დასაწყისისა და დასასრულის ერთმანეთთან დაკავშირება. და მაინც, ეს კავშირები უაღრესად ყურადსაღებია.

 

დავუშვათ, ჩვენ აღვზარდეთ ბავშვი მისი ცხოვრების პირველ შვიდ წელს და ბევრი რამ გავაკეთეთ არა ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხორციელდება, რომ არ გვისარგებლია რწმენით: თუ ადამიანი ცხოვრებაში პატიოსანი უნდა გახდეს, მაშინ ის უნდა იყოს ასეთი და ასეთი და შეესაბამებოდეს ჩვენს შეხედულებებს წესიერ ადამიანზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვისურვებდით, რაც შეიძლება ზუსტად ჩაგვედო ბავშვში ყველაფერი, რისი წყალობითაც ის შეიძლებოდა, ჩვენი თვალსაზრისით, წესიერ ადამიანად ქცეულიყო. მაგრამ ჩვენ თუ ვიხელმძღვანელებთ იმ შემეცნებით, რომ წესიერ ადამიანად შეიძლება იქცე სხვადასხვა მეთოდით და რომ საერთოდ არაა საჭირო გქონდეს რაიმე წარმოდგენა, როგორი სახით უნდა იქცეს წესიერ ადამიანად ის, ვინც იზრდება ამ ბავშვში, თავისი ინდივიდუალური მიდრეკილებით, მაშინ შეგიძლიათ თქვათ: მე როგორი წარმოდგენაც არ უნდა მქონდეს წესიერ ადამიანზე, ადამიანი, რომელიც ამ ბავშვისგან უნდა გაიზარდოს, საჭიროა გაიზარდოს თავისი ყველა კარგი თვისების განვითარებით, რომელიც შესაძლოა, მე ჯერ უნდა გადავწყვიტო, როგორც გამოცანა? ამიტომაც საკუთარ თავს უნდა უთხრა: რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე მივსდევ ამა თუ იმ ცნებას? ბავშვმა თავად უნდა იგრძნოს სურვილი, გააკეთოს ეს თუ სხვა რამ! თუ მე მსურს ბავშვის განვითარება მისი ინდივიდუალური, მასში ჩადებული თვისებების თანახმად, შევეცდები, უპირველეს ყოვლისა, გავარკვიო ის მოთხოვნილებები, რომლებიც მასში ჩადებულია ისე, რომ თავდაპირველად გაჩნდებოდა მოთხოვნილება მოქმედებისკენ, რომლებსაც იგი საკუთარი სურვილით განახორციელებდა. აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს ბავშვზე ზემოქმედების ორი სრულიად განსხვავებული მეთოდი მისი ცხოვრების პირველ შვიდ წელს.

 

შემდეგ ჩვენ თუ განვიხილავთ ბავშვის ცხოვრების მომდევნო პერიოდს, არც ისე მალე გაგვეხსნება მკაფიოდ გამოხატული შედეგი იმ ყველაფრისა, რაც ჩვენ მიერ მისი ცხოვრების პირველ წლებშია ჩადებული. ცხოვრებაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ნამდვილი შედეგი იმ ყველაფრისა, რაც მიზეზის სახით ამ დროს ჩადებული იყო ბავშვის სამშვინველში, გამოვლინდება მოგვიანებით, ანუ ცხოვრების ბოლოს. ადამიანი შეიძლება ცოცხალ სულს ფლობდეს სიცოცხლის ბოლომდე, იმის გამო, რომ ჩვენ ბავშვი აღვზარდეთ ახლახან აღწერილი სახით: რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მისი მშვინვიერი ცხოვრება, ყოველივე ცოცხალი, რაც მასში არსებობს. ჩვენ თუ გამოვავლინეთ და განვავითარეთ ყველაფერი, რაც მასში შინაგანი ძალების სახით არსებობდა, მაშინ ამის ნაყოფს დავინახავთ სამშვინველის მდიდარი ცხოვრების სურათხატში. პირიქით, გამომშრალ და გაღარიბებულ სამშვინველში, შესაბამისად ფიზიკურად შეკუმშულ სხეულში, – რადგან გამომშრალი სამშვინველი, როგორც ამას მოგვიანებით დავინახავთ, სხეულზეც მოქმედებს, – ვლინდება ის არასწორი ქმედება, რაც ჩვენ მიერ ბავშვობის წლებში ადამიანზე განხორციელდა. აქ ვხედავთ რაღაცას, რაც გარკვეულწილად რეგულარულია, ასე რომ, თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ეს ადამიანის ცხოვრებაში აისახოს, როგორც მიზეზისა და შედეგის კავშირი.

 

ჩვენ ასევე შეგვეძლო, ცხოვრების შუა მონაკვეთებისთვისაც გვეპოვა ასეთი კავშირები და ამას კვლავაც მივაქცევთ ყურადღებას. – ჩვენ როგორადაც ვექცევით ადამიანს ცხოვრების მეშვიდედან მე-თოთხმეტე წლამდე, ეს კვლავ გამოვლინდება შედეგის სახით მისი ცხოვრების ბოლოსწინა ეტაპზე. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ მიზეზისა და შედეგის ციკლურ ცვლილებას ადამიანის ცხოვრებაში. ის, რაც არსებობდა მიზეზის სახით ადრეულ წლებში, ეს ვლინდება, როგორც შედეგი მოგვიანებით. მაგრამ ყოველი ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში ასევე არსებობს არა მარტო შედეგი და მიზეზი, არამედ ამ ციკლისებრ ნაკადთან ერთად სწორი ხაზით კიდევ სხვა ნაკადიც მიდის.

 

ჩვენს მაგალითში, – როცა მეცამეტე წელმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ოცდამესამე წელს, – ვხედავთ მიზეზისა და შედეგის ისეთ კავშირს ადამიანის ცხოვრებაში, როცა ადამიანის მიერ თავის თავში განცდილი ბევრი რამ იწვევს შედეგს, რომელიც იმავე ადამიანურ არსებას უბრუნდება. ამრიგად, კარმა ხორციელდება ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ ვერ ავხსნით ადამიანის ცხოვრებას, თუ მიზეზსა და შედეგს შორის კავშირს მხოლოდ ამ ცალკეულ ადამიანურ ცხოვრებაში მოვძებნით. როგორ ავხსნათ და განვავითაროთ აქ წამოჭრილი აზრი, ამაზე ჩვენ უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ. ახლა საჭიროა მივუთითოთ მხოლოდ ნაცნობ მოვლენაზე, რასაც სულისმეცნიერება აჩვენებს – დაბადებასა და სიკვდილს შორის ეს ცხოვრება როგორ არის ადამიანის ადრინდელი ცხოვრებების გამეორება.

 

ჩვენ თუ მოვიძიებთ ყველაზე დამახასიათებელს დაბადებასა და სიკვდილს შორის ცხოვრებისთვის, მაშინ შევძლებთ მივუთითოთ, როგორც ასეთი ერთი და იგივე ცნობიერების გავრცობაზე, – თუნდაც ყველაზე არსებითში, – დაბადებასა და სიკვდილს შორის მთელი ცხოვრების განმავლობაში. თქვენ თუ გაიხსენებთ საკუთარი ცხოვრების ადრინდელ ეტაპებს, მაშინ შეგიძლიათ თქვათ: არსებობს ერთი მომენტი, რომელიც არ ემთხვევა ჩემს შობას, არამედ ძევს გაცილებით გვიანდელ წერტილში, სადაც იწყება ჩემი ცხოვრებისეული მოგონებები. ამას იტყვის ყველა ადამიანი, რომელიც ხელდასხმულებს არ მიეკუთვნება. შემდეგ ისინი ისაუბრებენ იმაზე, სანამდე მიაღწევს მათი ცნობიერება. არსებითად რომ ვთქვათ, დაბადებასა და სიკვდილს შორის და ამ ცხოვრებისეულ მოგონებების დასაწყისს შორის არის კიდევ რაღაც ძალზე თავისებური, რასაც ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით. ის ნათელს მოჰფენს მნიშვნელოვან მოვლენებს. ჩვენ თუ ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, მაშინ შეგვიძლია, ვთქვათ: დაბადებასა და სიკვდილს შორის ცხოვრებისთვის დამახასიათებელია, რომ რაღაც ცნობიერება ვრცელდება ამ დროისთვის.

 

ადამიანი თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც, – ვინაიდან ის განიხილავს დროის მხოლოდ ძალზე მოკლე შუალედებს, – არ მოიძიებს კავშირს მიზეზსა და შედეგს შორის, თუნდაც მას შეემთხვეს რაღაც უფრო გვიანდელ ასაკში, ის მაინც არ დაიწყებს ამის მიზეზის ძიებას თავისი ცხოვრების ადრინდელ მონაკვეთებში, მას კი შეეძლო ამის გაკეთება თუ ყურადღებით იქნებოდა ყველაფრისადმი და ყველაფერს შეისწავლიდა. მას შეეძლო ეს ცნობიერებით, რომელიც მის განკარგულებაში არსებობს, როგორც მოგონების ცნობიერება. და თუ იგი შეეცდებოდა, მოგონებების დახმარებით საკუთარი სამშვინველის წინაშე დაეყენებინა ადრინდელსა და უკანასკნელს შორის კავშირი კარმული თვალსაზრისით, მაშინ ის მივიდოდა შემდეგ დასკვნამდე.

 

ის, მაგ., იტყვის: მე ვხედავ, რომ ჩემს თავს გადამხდარი ცნობილი ამბები არ მოხდებოდა, რომ არ მომხდარიყო წარსული ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში ეს თუ ის მოვლენა. – მან შესაძლოა, ასევე თქვას: ახლა მე უნდა მოვინანიო იმისათვის, რაც ჩემმა აღზრდამ მომაყენა. მაგრამ თუ ის მხოლოდ დაინახავს კავშირს, თუნდაც იმათ შორის, რაც მას ჯანსაღი კი არა აქვს, არამედ რაც მასზე არაჯანსაღი მოხდა და გვიანდელ მოვლენებს შორის, მაშინ ეს მისთვის დახმარება იქნება. იგი იოლად იპოვის გზებსა და საშუალებებს, რათა გააწონასწოროს ის ზიანი, რომელიც მას მიადგა. ჩვენი ცხოვრების ცალკეულ მონაკვეთებში მიზეზსა და შედეგს შორის ასეთი კავშირის შემეცნება, რომლის განხილვაც საკუთარი ჩვეულებრივი ცნობიერებით შეგვიძლია, ცხოვრებაში უკვე მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს. ამ შემეცნების მოპოვებით ჩვენ, შესაძლოა, კიდევ სხვა რამეც შევძლოთ. ცხადია, თუ ადამიანს შეუსრულდა ოთხმოცი წელი და ის გადახედავს იმას, რისი მოძიებაც მიზეზის სახით მართებს ბავშვობის წლებში ოთხმოცი წლის მოვლენებისთვის, მაშინ ის საკუთარ თავს ეტყვის: აი, სად არის ეს მიზეზები და ამ შემთხვევაში მისთვის ალბათ, ძალზე ძნელია, იპოვოს უკუქმედება, რომ გამოასწოროს ყველაფერი, რაც მისდამი იქნა ჩადენილი, და თუ ის ახლა ამას მიიღებს, როგორც ჭკუის სწავლებას, მაშინ ეს მაინცდამაინც დიდად არ დაეხმარება. მაგრამ, თუ ის ამას ადრევე გააკეთებდა და შეხედავდა იმ ზიანს, რომელიც მას მიადგა, შესაძლოა უკვე ორმოცი წლის ასაკში და მის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა, მაშინ მან ჯერ კიდევ შეიძლება მოასწროს გარკვეული საპირისპირო ქმედებების განხორციელება.

 

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა, ვისწავლოთ არა მარტო კარმაზე და ცხოვრებაში უახლოესი მოვლენების კანონზომიერ კავშირზე, არამედ კარმაზეც და იმ კანონზომიერ კავშირებზეც, რომლებიც ზოგადად კარმას წარმოადგენს. ამან შეიძლება ცხოვრებაში სარგებელი მოგვიტანოს. რას გააკეთებს ადამიანი, რომელმაც წამოიწყო რაღაც ორმოცი წლის ასაკში, რათა არ გამოვლინდეს, მაგ., თორმეტი წლის ასაკში მასზე განხორციელებული ცნობილი ცოდვების, ან თავად მისი ქმედებების საზიანო შედეგები? იგი შეეცდება, გააწონასწოროს თავად მის მიერ განხორციელებული ან მასზე განხორციელებული და გააკეთოს ყველაფერი, რომ აირიდოს მოსალოდნელი შედეგები. მეტიც, ის მოისურვებს, გარკვეულწილად, სხვა რამით შეცვალოს აუცილებელი შედეგი, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე განხორციელდა. იმის შემეცნება, რა ხდებოდა თორმეტი წლისას, თავად მას მიიყვანს განსაზღვრულ ქცევამდე ორმოცი წლის ასაკში. ის არ განახორციელებდა ამ ქმედებას, თუ არ გააცნობიერებდა იმას, რაც თორმეტი წლის ასაკში მოხდა. მაინც რას აკეთებს ადამიანი თავისი წარსული ცხოვრების გადახედვისას? საკუთარი შემეცნების წყალობით მან, გარკვეული მიზეზის გამო, თავად დაუშვა განხორციელებულიყო გარკვეული შედეგი. მან დაუშვა ქმედება, რომელიც შემდეგ განახორციელა კიდეც. ეს ჩვენ ნათლად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება კარმული შედეგების ნაკადში შევიდეს ჩვენი ნებელობა და შექმნას რაღაც, რაც შესაძლო კარმული შედეგის ნაცვლად, სხვადასხვაგვარად გამოვლინდება. ავიღოთ ისეთი კავშირი, რომელიც ჩვენმა ცნობიერებამ სრულიად შეგნებულად გაავლო მიზეზსა და შედეგს შორის ცხოვრების გზაზე და ვუთხრათ საკუთარ თავს: ასეთ ადამიანთან კარმა ან კარმული კანონზომიერება მის ცნობიერებაში შევიდა; გარკვეული თვალსაზრისით მან კარმული შედეგი თავად დააყენა.

 

ახლა შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ასეთი განხილვისას საფუძველში ვდებთ იმას, რაც ადამიანის განმეორებით მიწიერ ცხოვრებაზე ვიცით. ცნობიერება, რომელზეც ახლახან ვისაუბრე და რომელიც დაბადებასა და სიკვდილს შორის ცხოვრებაზე მითითებული გამონაკლისის მიღმა ვრცელდება, წარმოიქმნება იმის წყალობით, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარი ტვინის ინსტრუმენტით ისარგებლოს. როცა ადამიანი გაივლის სიკვდილის კარიბჭეს, დგება სხვაგვარად ჩამოყალიბებული ცნობიერება, რომელიც დამოუკიდებელია ტვინისგან და არსებითად გადაჯაჭვულია სხვა პირობებთან. და ჩვენ ვიცით, რომ ამ ცნობიერებისთვის, რომელიც მომდევნო დაბადებამდე გრძელდება, საჭიროა რაღაც სახის ხედვა უკან, იმ ყველაფრისკენ, რაც ადამიანმა დაბადებასა და სიკვდილს შორის განახორციელა. დაბადებასა და სიკვდილს შორის ცხოვრებაში ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გამოიმუშაოს უნარი, გადახედოს რომელიმე ცოდვას, რომელიც მასზე განხორციელდა, თუ მან ამ ცოდვების შედეგი საკუთარ ცხოვრებაში ნამდვილად უნდა შეიტანოს. სიკვდილის შემდეგ საკუთარი ცხოვრების დაკვირვებისას ადამიანი უყურებს იმას, რაც მან მოიმოქმედა ცოდვების სახით, ან ზოგადად – ქმედებას. მაშინ ის იმასაც ხედავს, რა გამოიწვიეს ამ ქმედებებმა მის სამშვინველში, ან მისი სამშვინველიდან გამომდინარე. აქ ადამიანი ხედავს, მის მიერ განხორციელებული ამა თუ იმ ქმედებით მისი ღირსება ამაღლდა თუ დაეცა. მაგ., ჩვენ მივაყენეთ რაღაც მწუხარება სხვა ადამიანს, ასე ჩვენი ღირებულება ამის გამო დაეცა, ამით საკუთარ თავში ბევრი რამ დავკარგეთ, განსაკუთრებით სრულყოფილება, ვინაიდან სხვას მწუხარება მივაყენეთ. ახლა კი სიკვდილის შემდეგ უკან მიხედვისას ჩვენ ვხედავთ ბევრ ასეთ შემთხვევას და საკუთარ თავს ვეუბნებით: ამის გამო დავკარგეთ სრულყოფილების ხარისხი, რომელიც გვქონდა. მაგრამ ამას, სიკვდილის შემდეგ, ცნობიერებაში მოსდევს ის, რომ მასში იღვიძებს ძალა და ნებელობა და იგი კვლავ იძენს შესაძლებლობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა კვლავ მოიპოვოს მის მიერ დაკარგული ეს ღირებულება, ანუ იმ ყველაფრის გამოსწორების ნება, რაც მან სხვას მიაყენა. შესაბამისად, სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის ადამიანს აქვს ტენდენცია, განზრახვა, გამოისყიდოს მის მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება, რათა კვლავ მოიპოვოს ადრინდელი სრულყოფილების ხარისხი, რომელსაც იგი, როგორც ადამიანი უნდა ფლობდეს და რაც მან აიცილა მის მიერ განხორციელებული ქცევის გამო.

 

შემდეგ ადამიანი კვლავ შედის ყოფიერებაში. მისი ცნობიერება კვლავ სხვა ხდება; ის არ იხსენებს დროს სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის, ასევე იმასაც, რომ მან განიზრახა რაღაცა გაეწონასწორებინა. მაგრამ ეს განზრახვა მასში ზის. და თუ მან თუნდაც არ იცოდეს: შენ უნდა გააკეთო ესა თუ ის, რათა გააწონასწორო ის და ეს! – მაშინ იმ ძალის მეშვეობით, რაც მასში ზის, იგი განახორციელებს ქმედებას და ეს იქნება გაწონასწორება. ახლა ჩვენ შეგვიძლია, წარმოდგენა შევიქმნათ იმაზე, რა ხდება, როცა ადამიანს, მაგ., ოცი წლის ასაკში თავს გადახდება მძიმე და ავადმყოფური მოვლენა. ამ მოვლენით გამოწვეული ტკივილი მას თრგუნავს იმ ცნობიერების წყალობით, რომელსაც იგი დაბადებასა და სიკვდილს შორის ფლობს. შემდეგ ის თუ შეძლებს, გაიხსენოს, როგორი განზრახვები დაიბადა მასში სიკვდილსა და ახალ დაბადებას შორის პერიოდში, მაშინ იგი იგრძნობს ისეთ ძალას, რომლითაც შეძლებს, განიცადოს ეს ტკივილი, რომელმაც დააკარგვინა სრულყოფილების ის ხარისხი, რაც ჰქონდა და კვლავ უნდა მოიპოვოს თავად მის მიერ განიცდილი ტკივილის წყალობით. ასევე, მართალია, ჩვეულებრივი ცნობიერება ამბობს: ტკივილი აქაა, შენში და შენ ამისგან იტანჯები! – და ეს ტკივილი შეიძლება მხოლოდ ქმედებაში განიხილო, მაშინ სიკვდილსა და ახალ დაბადებას შორის დროის მჭვრეტელ ცნობიერებაში შეიძლებოდა ეცხოვრა სწორედ განზრახვას, მიეღო ტკივილი ან რაიმე სხვა უბედურება.

 

ფაქტობრივად, ეს ჩვენ წინაშე წარმოჩნდება, თუ ადამიანურ ცხოვრებას ღრმად განვიხილავთ. აქ ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ, რომ ადამიანურ ცხოვრებაში ნამდვილად ხდება ბედისწერით გამოწვეული ქმედება და ეს არ არის მიზეზების შედეგები ადამიანური ცხოვრების ერთ პერიოდში, არამედ განცდილია დაბადების მიღმა სხვა ცნობიერების მიერ, რომელიც აგრძელებს ჩვენს ცხოვრებას ადრინდელ დროებში და არ ემთხვევა მხოლოდ ჩვენი დაბადების დროს. ჩვენ თუ ზუსტად ჩავწვდებით ამ აზრს, მაშინ ვიტყვით: თავიდან ჩვენ გვაქვს რაღაც ცნობიერება, რომელიც მოიცავს დაბადებასა და სიკვდილს შორის დროს და რომელსაც ვუწოდებთ ცალკეული პიროვნების ცნობიერებას, ხოლო ამ ცალკეული პიროვნების სახით აღვწერთ იმას, რაც დაბადებასა და სიკვდილს შორის მიედინება. შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ცნობიერებას მოქმედება დაბადებისა და სიკვდილის შემდეგაც შეუძლია და მის შესახებ ადამიანმა თავის ჩეულებრივ ცნობიერებაში არაფერი იცის, მაგრამ მას შეუძლია სწორედ ამ ჩვეულებრივი ცნობიერების მსგავსად იმოქმედოს. ამიტომაც ჩვენ თავიდან აღვწერეთ, რომ მავანი თავად იღებს საკუთარ კარმას და ორმოცი წლის ასაკში, მაგ., აწონასწორებს რაღაცას, რათა მას ზიანი არ მიაყენოს მისი ცხოვრების მეთორმეტე წელს წარმოქმნილმა მიზეზმა. მაშინ იგი ცალკეული პიროვნების კარმას საკუთარ ცნობიერებაში იღებს. და პირიქით: თუ ადამიანი მიჰყავთ ტკივილის განცდამდე, შემდეგ მის გათანასწორებამდე უკეთეს ადამიანად გადაქცევის მიზნით, მაშინ ესეც თავად ადამიანს ხელეწიფება? ოღონდ ის ცალკეული პიროვნების ცნობიერებისგან კი არ მოდის, არამედ უფრო ყოვლისმომცველი ცნობიერებიდან, რომელიც სიკვდილსა და დაბადებას შორის დროს მოიცავს. ჩვენ ადამიანის „ინდივიდუალობას“ ვუწოდებთ იმ არსებას ადამიანში, რომელსაც მოიცავს ეს ცნობიერება; და ამ ცნობიერებას, რომლის შეწყვეტაც ცალკეული პიროვნების ცნობიერების მეშვეობით მუდმივად ხდება, ჩვენ ვუწოდებთ „ინდივიდუალურ ცნობიერებას“, განსხვავებით ცალკეული პიროვნების ცნობიერებისგან. ასე ვხედავთ ჩვენ ადამიანის ინდივიდუალობაზე დაყრდნობით მოქმედ კარმას.

 

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ გავიგებდით ადამიანის ცხოვრებას, თუ თვალს მივადევნებდით მხოლოდ ისეთ მოვლენებს, რაც ადამიანში ცოცხლობს თავად მისთვის, მიზეზების სახით, რომელსაც თან სდევს შედეგები. ახლა კი ჩვენი სამშვინველის წინაშე დავაყენოთ მარტივი შემთხვევა, ოღონდ ისე გამოხატული, რომ მან იმოქმედოს უფრო მკაფიოდ და მაშინვე დავინახავთ, რომ არ გვესმის ადამიანის ცხოვრება, თუ მხოლოდ იმას გავითვალისწინებთ, რაც ზემოთ ვთქვით. – ავიღოთ, რაღაცის აღმომჩენი, ან გამომგონებელი, მაგ., კოლუმბი1 ან ორთქლის მანქანის გამომგონებელი2 ანდა რაიმე სხვა. აღმოჩენაში ჩადებულია გარკვეული მოქმედება, განსაზღვრული ქცევა. ჩვენ თუ ამას განვიხილავთ ისე, როგორც ახორციელებს მას ადამიანი, შემდეგ კი მოვძებნით მიზეზს, რატომ გააკეთა მან ეს, მაშინ ყოველთვის ვიპოვით ისეთ მიზეზებს, რომლებისკენაც მიმართულება ახლა თავად მივუთითეთ. მაგ., თუ რატომ წავიდა კოლუმბი ამერიკაში და განსაზღვრულ დროს რატომ განიზრახა ეს, ამის მიზეზს მის ინდივიდუალურ და პიროვნულ კარმაში ვიპოვით. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია, საკუთარ თავს ვკითხოთ: ეს მიზეზი მხოლოდ პირად და ინდივიდუალურ კარმაში უნდა ვეძებოთ? და განა საჭიროა, მისი ქცევა განვიხილოთ მხოლოდ ინდივიდუალური კარმის სახით, რომელიც კოლუმბში მოქმედებდა? – კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა, მისთვის სწორად განსაზღვრული ქმედებაა. ამის მეოხებით ის გაძლიერდა და უფრო სრულყოფილი გახდა. ეს გამოვლინდება მომდევნო ცხოვრებაში მისი ინდივიდუალობის შემდგომი განვითარების პერიოდში. და მაინც, რა შედეგი ჰქონდა ამ ქცევას სხვა ადამიანებისთვის? განა ის არ უნდა განვიხილოთ, როგორც მიზეზი, რომელმაც გავლენა იქონია ურიცხვი ადამიანის ცხოვრებაზე?

 

თუმცა ეს მაინც ასეთი შემთხვევის საკმაოდ აბსტრაქტული განხილვაა და ჩვენ შევძლებდით მის უფრო ღრმად წვდომას, თუ ამას დროის დიდი შუალედების განმავლობაში გავაკეთებდით. დავუშვათ, ჩვენ განვიხილავთ ადამიანის ცხოვრებას ეგვიპტურ-ქალდეურ ეპოქაში, რომელიც წინ უსწრებდა ბერძნულ-ლათინურს. ჩვენ თუ ამ ეპოქას გადავამოწმებთ მისი თავისებურებების გათვალისწინებით იმასთან მიმართებით, რაც მან ადამიანებს მისცა და რაც მაშინ ადამიანებმა გაიგეს, მაშინ გამოვლინდება რაღაც უაღრესად თავისებური და თუ მას შევადარებთ ჩვენს ეპოქას, დავინახავთ, რომ ჩვენს ეპოქაში განხორციელებული დაკავშირებულია ეგვიპტურ-ქალდეურ ეპოქაში განხორციელებულთან. ბერძნულ-ლათინური პერიოდი ამ ორს შორის ძევს. ჩვენს დროში არ წარმოიქმნებოდა გარკვეული მოვლენები, თუ ისინი არ განხორციელდებოდა ეგვიპტურ-ქალდეურ კულტურულ ეპოქაში. თუ თანამედროვე ბუნებისმეტყველებამ მოგვცა ესა თუ ის შედეგი, ეს უკავშირდება იმ ძალებსაც, რომლებიც ადამიანის სამშვინველში განვითარდა და მომწიფდა. მაგრამ ჩვენს დროში მოქმედი ადამიანური სამშვინველებიც ასევე განსხეულებული იყვნენ ეგვიპტურ-ქალდეურ ეპოქაში, საიდანაც მიიღეს გარკვეული განცდები, რომლის გარეშეც ისინი ვერ შეძლებდნენ განეხორციელებინათ ის, რაც მათ დღეს განახორციელეს. ეგვიპტელი ქურუმების მოწაფეები თუ მათგან არ მიიღებდნენ ეგვიპტურ ასტროლოგიას ციურ კონსტელაციებზე, მაშინ ისინი ვერ შეძლებდნენ მოგვიანებით სამყაროს საიდუმლოებში შეღწევას და ჩვენს დროში ცნობილი ადამიანების სამშვინველებში არ იცხოვრებდნენ ძალები, რომლებმაც ახლა კაცობრიობა ციურ სივრცეებში გაიყვანა. როგორ მივიდა, მაგ., კეპლერი3 თავის აღმოჩენებამდე? მასში ცხოვრობდა სამშვინველი, რომელმაც ამ აღმოჩენებისთვის ძალები თავის თავში მიიღო ეგვიპტურ-ქალდეურ ეპოქაში, რათა მას ეს აღმოჩენები მეხუთე ეპოქაში განეხორციელებინა. ჩვენ აღგვავსებს გარკვეული შინაგანი კმაყოფილება, როცა ცალკეულ სულებში, თითქოსდა, იღვიძებს მოგონებები, ვინაიდან ჩანასახი იმისა, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, წარსულში ჩაიდო. ერთი ასეთი სული, რომელმაც ციური კანონების კვლევასთან მიმართებით ბევრი მნიშვნელოვანი რამ განახორციელა, კეპლერი, საკუთარ თავზე თავად ამბობს:4

 

„დიახ, ეს მე ვარ, მე მოვიპარე ეგვიპტელების ოქროს საწმისი, რათა ჩემს ღმერთს ამისგან სალოცავი აღვუმართო შორს, ეგვიპტის საზღვრებიდან. მოხარული ვიქნები თუ თქვენ მომიტევებთ, თუკი გამიბრაზდებით, მაშინ ამას ვატარებ; აქ მე კოჭს გავუგორებ და დავწერ ამ წიგნს დღევანდელობისთვის, და როგორც მომავალი მკითხველი – რა დევს მასში? და თუ ეს საკუთარ მკითხველს ასი წელი უნდა ელოდოს: თავად ღმერთი ექვსი ათასი წელი ელოდა იმას, რაც მისი ქმნილების აღიარებას დაანახვებდა“.

 

ეს არის კეპლერის ერთ-ერთი ის მოგონება, რომელიც მან თავის თავში მიიღო, როგორც ჩანასახი, რომ განეხორციელებინა ყველაფერი, რაც მას უნდა განეხორციელებინა თავის პირად არსებობაში, როგორც კეპლერს. ასეთი მაგალითები შეიძლება, ასობით მოვიყვანოთ. მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ კიდევ რაღაც სხვას, ვიდრე მხოლოდ ფაქტია, რომ კეპლერში ამოტივტივდება რაღაც, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი ადრინდელი ცხოვრების განცდის შედეგს. ჩვენ ვხედავთ იმის წარმოქმნას, რაც მთელი კაცობრიობისთვის არის კანონზომიერი შედეგი იმისა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი იყო ძველი დროის კაცობრიობისთვის. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიჰყავთ ადამიანი გარკვეულ ადგილას, რათა მთელი კაცობრიობისთვის რაღაც მოიტანოს. ჩვენ ვხედავთ, რომ არა მარტო ინდივიდუალურ ადამიანურ ცხოვრებაში, არამედ მთელ კაცობრიობაში არსებობს ურთიერთკავშირი მიზეზსა და შედეგს შორის, რომელიც დროის დიდ სივრცეებზეა განფენილი. აქედან ჩვენ შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ კარმის ინდივიდუალური კანონები გადაეჯაჭვება კანონებს, რომლებსაც შეგვიძლია, კაცობრიობის კარმული კანონები ვუწოდოთ. ზოგჯერ ეს გადაჯაჭვა ძალზე უმნიშვნელოდ ჩანს. დაფიქრდით, რა მოუვიდოდა ჩვენს ასტრონომიას, თუ ერთხელაც არ გამოიგონებდნენ სათვალთვალო ჭოგრიტს, სრულიად განსაზღვრულ დროს. დააკვირდით წარსულში ჩვენი ასტრონომიის განვითარებას და თქვენ დაინახავთ, რამდენად ბევრი რამე არის დაკავშირებული ტელესკოპის გამოგონებასთან.5 ცნობილი ფაქტია, როგორ გამოიგონეს ჭოგრიტი – ერთხელ ოპტიკის სახელოსნოში ბავშვები თამაშობდნენ ოპტიკური ლინზებით, ამასთან მათ „შემთხვევით“ – შეიძლება ასე ითქვას, – ისე ააწყვეს ოპტიკური ლინზები, რომ შემდეგ მავანმა შენიშნა: ამისგან შესაძლებელია, რაღაც სათვალთვალო ჭოგრიტი გაკეთდეს. დაფიქრდით, რამდენად ღრმად უნდა ეძებოთ, რომ მიხვიდეთ ბავშვების ინდივიდუალურ კარმამდე და კაცობრიობის კარმამდე, რათა მიხვდეთ, განსაზღვრულ მომენტში როგორ გამოიგონეს სათვალთვალო ჭოგრიტი. შეეცადეთ, ეს გაიაზროთ და დაინახავთ, როგორი გასაოცარი სახით ხვდება და გადაეჯაჭვება ერთმანეთს ცალკეული ადამიანის ინდივიდუალური კარმა მთელი კაცობრიობის კარმას! მაშინ თქვენ საკუთარ თავს ეტყვით: კაცობრიობის მთელი განვითარება სხვაგვარი იქნებოდა, თუ ეს ან ის პერიოდი მასში არ დადგებოდა.

 

ჩვეულებრივ სრულიად ამაოა კითხვა: რა მოუვიდოდა რომის სამეფოს, თუ ბერძნები განსაზღვრულ დროს არ უკუაგდებდნენ სპარსელების შემოსევას? მაგრამ სრულებითაც არ იქნებოდა ფუჭი კითხვა: რისი წყალობით მოხდა, რომ სპარსული ომი სწორედ ასეთი სახით მიმდინარეობდა? ვინც გაიაზრებს ამ კითხვას და მოიძიებს პასუხს მასზე, იგი დაინახავს, რომ აღმოსავლეთში სრულიად გარკვეული მიღწევები ხორციელდებოდა იმის წყალობით, რომ არსებობდნენ ცნობილი დესპოტი მმართველები, რომელთაც რაიმე მხოლოდ თავისთვის უნდოდათ და შეთანხმებულები იყვნენ ქურუმებთან (Opferpriestern) და ა.შ. მაშინ დაიწყო მთელი სახელმწიფოებრივი მოწყობა, რათა აღმოსავლეთში რაიმე შექმნილიყო. მაგრამ ამას თან მოჰყვა ბევრი ზიანი, რომელიც უნდა მომხდარიყო. ამას უკავშირდება ის, რომ სხვაგვარად შექმნილმა ხალხმა, – ბერძნებმა, – შეძლო გარკვეულ მომენტში აღმოსავლეთიდან შემოსევის მოგერიება. თუ ამას ჩავუღრმავდებით, დაიბადება კითხვა: რა მდგომარეობაა იმ პიროვნებების კარმაში, რომლებიც მოქმედებდნენ საბერძნეთში, რომ მოეგერიებინათ სპარსელების შემოსევა? მაშინ ჩვენ ამ ადამიანების კარმაში ბევრ პიროვნულს ვიპოვით; ჩვენ ასევე ვიპოვით, რომ პიროვნების კარმა დაკავშირებულია ხალხისა და კაცობრიობის კარმასთან და სამართლიანად ვიტყვით: კაცობრიობის მთელმა კარმამ სწორედ ეს გარკვეული პიროვნებები დააყენა იმ დროს იმ ადგილზე! აქ ჩვენ ვხედავთ, როგორ გადაეჯაჭვება კაცობრიობის კარმა ცალკეული ადამიანის კარმას. შემდეგ უნდა ვიკითხოთ, როგორ ხორციელდება ეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ და განვიხილოთ სხვა დამოკიდებულებებიც.

 

ჩვენ შეგვიძლია, სულისმეცნიერების თვალსაზრისით გადავხედოთ მიწიერი განვითარების იმ დროს, როცა დედამიწაზე მინერალური სამეფო ჯერ კიდევ არ არსებობდა. ჩვენს მიწიერ განვითარებას წინ უსწრებდა სატურნის, მზისა და მთვარის განვითარება, როცა მინერალური სამეფო ჩვენი თვალსაზრისით ჯერ კიდევ არ იყო. მხოლოდ დედამიწაზე წარმოიქმნა ამჟამინდელი მინერალები მათი თანამედროვე ფორმით. იმის გამო, რომ მიწიერი განვითარების განმავლობაში მინერალური სამეფო გამოეყო, ის დარჩა განსაკუთრებული სამეფოს სახით მთელ მომდევნო დროში. ადრე ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ვითარდებოდნენ ისეთი სახით, რომ მათ არ ჰქონდათ თავის საფუძველში არსებული მინერალური სამეფო. იმისათვის, რომ სხვა სამეფოებს შესძლებოდათ პროგრესირება, მათ მინერალური სამეფო უნდა გამოეყოთ. მაგრამ მისი გამოყოფის შემდეგ მათ განვითარება შეეძლოთ მხოლოდ ისეთ პლანეტაზე, რომელსაც მყარი, მინერალური საფუძველი გააჩნია. და არასდროს მოხდება რაიმე სხვა, გარდა იმისა, რაც მოხდა წინაპირობებისას, რომ მინერალური სამეფოს წარმოქმნამ არსებობა დაიწყო. ის არსებობს. დანარჩენი სამეფოების მთელი შემდგომი ბედისწერებიც დამოკიდებულია მინერალური სამეფოს წარმოქმნაზე, რომელიც ჩვენს მიწიერ ყოფიერებაში ერთხელ, უძველეს წარსულში წარმოიქმნა. ამრიგად, მინერალური სამეფოს წარმოქმნის ფაქტთან ერთად მოხდა რაღაც, რასაც ანგარიში მთელმა მომდევნო მიწიერმა განვითარებამ უნდა გაუწიოს. ყველა სხვა არსებაზე აღსრულდება ის, რაც მინერალური სამეფოს წარმოქმნას მოჰყვება. მომდევნო ეპოქებშიც ჩვენ გვაქვს კარმული აღსრულება იმისა, რა ხდებოდა ადრე. დედამიწაზე აღსრულდება ის, რაც მასზე მზადდება. ეს არის კავშირი იმას, რაც იყო ადრე და იმას შორის, რაც მოგვიანებით მოხდა, მაგრამ ასევე ის კავშირიც, რომელიც მოქმედებს საპასუხო დარტყმაში მის გამომწვევ არსებაზე. ადამიანებმა, ცხოველებმა და მცენარეებმა გამოყვეს მინერალური სამეფო და ეს მინერალური სამეფო მათ კვლავ უკან უბრუნდება. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ შესაძლებელია, ვისაუბროთ დედამიწის კარმაზე.

 

დასასრულ ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ რაღაც, რის საფუძვლებსაც საზოგადოდ „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ მოსაზრებებში ვიპოვით.

 

ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული არსებები ჩამორჩნენ ძველი მთვარის განვითარების საფეხურზე, ეს კი მოხდა, რათა დედამიწის ადამიანებში სრულიად განსაზღვრული თვისებები ჩაენერგათ. ზოგიერთ თქვენგანს სმენია, რომ ჩამორჩნენ არა მარტო არსებები, არამედ დედამიწის ძველი მთვარის ეპოქის სუბსტანციურობებიც. მთვარის საფეხურზე ჩამორჩნენ არსებები, რომლებიც ჩვენი დედამიწის ყოფიერებაში მოქმედებენ, როგორც ლუციფერული არსებები. ჩამორჩენის ამ ფაქტისა და ჩვენს მიწიერ არსებობაზე ზემოქმედების გამო დედამიწის ყოფიერებაში ხორციელდება ქმედებები, რომლის მიზეზებიც უკვე მთვარის პერიოდში ჩაიდო. მაგრამ რაღაც ამის მსგავსი ხორციელდება ასევე სუბსტანციურად. ახლა კი ჩვენს მზის სისტემას თუ შევხედავთ, მას დავინახავთ, შედგენილს სამყაროს სხეულებისგან, რომლებიც რეგულარულად ასრულებენ განმეორებად და გარკვეული შინაგანი ჩაკეტილობის გამომვლენ მოძრაობებს. ჩვენ ვპოულობთ სამყაროს სხვა სხეულებსაც, რომლებიც, მართალია, ასევე მოძრაობენ გარკვეული რიტმით, მაგრამ ისინი, ასე ვთქვათ, არღვევენ მზის სისტემის ჩვეულებრივ კანონებს, – კერძოდ კომეტები. კომეტის სუბსტანცია, თავისი კანონებით, ის არ არის, რაც არსებობს ჩვენს ჩვეულებრივ, რეგულარულ მზის სისტემაში, არამედ მას გააჩნია კანონები, რომლებიც ძველი მთვარის ყოფიერებაში არსებობდა. კომეტის ყოფიერება ნამდვილად შეიცავდა ძველი მთვარის ყოფიერების კანონზომიერებას. მე ხშირად ვახსენებდი, რომ სულისმეცნიერებამ ადრევე დაამტკიცა ეს კანონზომიერებები, სანამ ამის მტკიცებულებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამოჩნდებოდა. 1906 წ. მე პარიზში ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ ძველი მთვარის ყოფიერებისას მსგავს როლს თამაშობდნენ ნახშირბადი და აზოტი, როგორც ახლა ჩვენს დედამიწაზე შენაერთები ჟანგბადი და ნახშირბადი, ანუ ნახშირორჟანგი, ნახშირბადის ორჟანგი და ა.შ. ეს უკანასკნელი შენაერთები ატარებენ რაღაც მომაკვდინებელს. ძველი მთვარის ყოფიერების დროს მსგავსად მოქმედებდნენ ციანოვანი შენაერთები, რომლებიც ჰგავს წყალბადციანიდმჟავას. სულისმეცნიერებამ ამ ფაქტზე 1906 წ. მიუთითა. სხვა ლექციებშიც მითითებული იყო, რომ კომეტებს თავის ყოფიერებაში შეაქვთ ძველი მთვარის არსებობის კანონები ჩვენი მზის სისტემაში, ასე რომ, ჩამორჩნენ არა მარტო ლუციფერული არსებები, არამედ ასევე ძველი მთვარის სუბსტანციის კანონზომიერება, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში არასწორი სახით მოქმედებს. მუდმივად ვამბობდი, რომ კომეტების ყოფიერება დღესაც უნდა ფლობდეს რაღაცას, როგორც ციანოვან შენაერთებს კომეტების ატმოსფეროში.6 ოღონდ გაცილებით გვიან, ვიდრე ეს იყო ნაუწყები „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“, მხოლოდ ამ წელს იპოვეს, სპექტრალური ანალიზის წყალობით კომეტების ყოფიერებაში – წყალბადციანიდმჟავას ფაქტი.

 

აქ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი დასაბუთება კითხვაზე: ერთხელაც, როგორ შეიძლება რაიმეს ნამდვილად პოვნა სულისმეცნიერების წყალობით? მსგავსი მოვლენები ძალზე ბევრია, მხოლოდ საჭიროა შეგვეძლოს მათი დაკვირვება. ამრიგად, ძველი მთვარის განვითარებიდან გამომდინარე ჩვენს ამჟამინდელ მიწიერ ყოფიერებაზე რაღაცა ზემოქმედებს.

 

ახლა ვკითხოთ საკუთარ თავს: შეიძლება თუ არა, ვამტკიცოთ, რომ გარეგნული, გრძნობადი მოვლენების საფუძველში რაღაც სულიერი ძევს?

 

იმისთვის, ვინც სულისმეცნიერებას იცნობს, ნათელია, რომ ყველანაირი გრძნობადი მოქმედების მიღმა სულიერი ძევს. თუ ჩვენს მიწიერ ყოფიერებაზე მოქმედებს რაღაც ძველი მთვარის ყოფიერებიდან, როცა კომეტა დაასხივებს ჩვენს დედამიწას, მაშინ ამ ყველაფრის მიღმა რაღაც სულიერიც მოქმედებს. ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ კიდეც, მაგ., რომელმა სულიერმა გამოავლინა თავისი თავი ჰალეის კომეტის მეშვეობით. ყოველთვის, როცა ჰალეის კომეტა შედის ჩვენი მიწიერი ყოფიერების სფეროში, ის წარმოადგენს ახალი იმპულსის – მატერიალიზმის გამოხატულებას. თანამედროვე სამყაროს ეს შეიძლება, ცრურწმენად მოეჩვენოს. მაგრამ ადამიანებმა უბრალოდ უნდა გაიხსენონ, თავად მათ როგორ გამოჰყავთ სულიერი შედეგები ვარსკვლავების კონსტელაციებისაგან. ან ვინ არ იტყოდა, რომ ესკიმოსი სხვაგვარი ადამიანური არსებაა, ვიდრე, მაგ., ინდუსი, მხოლოდ იმიტომ, რომ მზის სხივი პოლარულ ქვეყნებში სხვა კუთხით ეცემა?! ბუნებისმეტყველები ასევე იღებენ კაცობრიობაში ვარსკვლავების კონსტელაციით განხორციელებულ სულიერ შედეგებს. შესაბამისად, სულიერი იმპულსი ჰალეის კომეტის პარალელურად მიდის. ეს იმპულსი შეიძლება რეალურად გამოვლინდეს. 1835 წ. კომეტის გამოვლენას მოჰყვა ის მატერიალისტური ნაკადი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს, როგორც XIX ს. მეორე ნახევრის მატერიალიზმი. ამ გამოვლენას მანამდე მოჰყვა ფრანგი ენციკლოპედისტების მატერიალისტური განმარტება. აი, ასეთია ამ კავშირის წარმოშობა.

 

მიწიერ ყოფიერებაში განსაზღვრული მოვლენები რომ განხორციელებულიყო, მათი მიზეზები მიწიერი ყოფიერების მიღმა უნდა ჩადებულიყო. აქ იკვეთება მსოფლიო კარმა. ძველ მთვარეზე სულიერი და სუბსტანციური რატომ იყო გამოყოფილი? იმიტომ, რომ გარკვეული ქმედებები კვლავ ასახულიყო იმავე არსებებზე, რომლებმაც ეს გამოყოფა განახორციელეს. ცხადია, ლუციფერული არსებები ჩამოშორებულ იქნა და მათ უნდა გაევლოთ სხვა განვითარება იმისათვის, რათა დედამიწაზე ადამიანებისთვის წარმოქმნილიყო თავისუფალი ნებელობა და ბოროტების შესაძლებლობა. აქ გვაქვს რაღაც, რაც კარმული ქმედების სახით ჩვენი მიწიერი ყოფიერების ფარგლებს მიღმა გადის: შეხედულება მსოფლიო კარმაზე.

 

ამრიგად, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ კარმის გაგებაზე, მის მნიშვნელობაზე ცალკეული ადამიანისთვის, ინდივიდუალობისთვის, მთელი კაცობრიობისთვის, ჩვენი მიწიერი ყოფიერების შიგნით და დედამიწის ფარგლებს მიღმა, ამასთან ვიპოვეთ კიდევ რაღაც, რასაც შეგვიძლია მსოფლიო კარმა ვუწოდოთ. ასე ვპოულობთ ჩვენ კარმის კანონს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მიზეზსა და შედეგს შორის კავშირი, მაგრამ იმგვარად, რომ შედეგი კვლავ უბრუნდება მიზეზს, ამასთან არსება სწორედ იგივე რჩება. ამ კარმულ კანონზომიერებას ჩვენ სამყაროში ყველგან ვპოულობთ, რადგან მას განვიხილავთ, როგორც სულიერ სამყაროს. ჩვენი წინათგრძნობაა, რომ კარმა სხვადასხვა სფეროში და განსხვავებული სახით გაიხსნება. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა კარმული ნაკადი – პიროვნული კარმა, ადამიანური კარმა, დედამიწის კარმა, მსოფლიო კარმა და ა.შ. გადაიკვეთებიან და სწორედ ამის საშუალებით მივიღეთ ჩვენთვის საჭირო განმარტებები, რომ გავიგოთ ცხოვრება. მის ცალკეულ პუნქტებში ცხოვრების გასაგებად საჭიროა ვიპოვოთ სხვადასხვა კარმული ნაკადის შერწყმა და ერთობლივი მოქმედება.


კომენტარები