რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა და რა სიხარულია ამაში

რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა და რა სიხარულია ამაში

სიორენ კირკეგორი – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი.

 

სტატია გახლავთ ერთ-ერთი თავი სიორენ კირკეგორის წიგნიდან – „სატანჯველის სახარება“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

 

ლუკა, 14:27. „ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.“

 

 

ცხოვრებისეულ გზაზე მეთაურობის ნაკლებობას არ განვიცდით, რაც არც არის გასაკვირი, როდესაც ყველა ცდომილება საკუთარ თავს მეთაურობად ასაღებს. მაგრამ თუ ცდომილება ბევრია, ჭეშმარიტება მაინც ერთია, და ერთადერთია „გზა და ცხოვრება“, მხოლოდ ერთ მეთაურობას მიჰყავს ადამიანი ცხოვრების გზაზე ცხოვრებისკენ.  ათასობით ადამიანი ატარებს ამ სახელს, რომელიც იმის შესახებ ღაღადებს, რომ მათ ეს მეთაურობა აირჩიეს, რომ ისინი უფალ იესო ქრისტეს ეკუთვნიან და მისი სახელით უწოდებენ საკუთარ თავს ქრისტიანებს, რომ ისინი მსახურებას აღუვლენენ მას, თუნდაც სხვა დანარჩენში ბატონები ან მსახურები, მონები ან თავისუფლები, მამაკაცები ან ქალები იყვნენ. ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ და ასევე სხვა სახელებს, რომელთაგან თითოეული თავისებურად ადასტურებს მათ მიერ არჩეულ მეთაურობას. ისინი მორწმუნეებს უწოდებენ საკუთარ თავს, ადასტურებენ რა ამით, რომ ამქვეყნად ყარიბები, სტუმრები და დევნილები არიან; ჯოხი, რომელიც ხელთ უპყრიათ, ისიც კი არ არის უდაო ნიშანი იმისა, რომ მისი მფლობელი – ყარიბია (მრავალი დადის ჯოხით და სულაც არ არის ყარიბი), როგორც უდაოა, რომ ის, ვინც საკუთარ თავს მორწმუნეს უწოდებს, ამით ყველას წინაშე მოწმობს, რომ ის ყარიბია, რადგან რწმენა ხომ სწორედ ამას ნიშნავს: ის, რასაც ვეძებ, აქ არ არის, ამიტომაც მწამს ამისი. რწმენა სახელდობრ ნიშნავს ღრმა, ძლიერ, ნეტარ შეშფოთებას, რაც მორწმუნეს უბიძგებს, არ დამშვიდდეს ამ ქვეყანაში, ასე რომ, ის, ვინც სრულ სიმშვიდეს მიაღწია, მორწმუნეც აღარ არის; მორწმუნეს ხომ არ შეუძლია უბრალოდ უძრავად იჯდეს, როგორც სხედან ხოლმე, როდესაც ხელთ ყარიბის ჯოხი უპყრიათ; მორწმუნე იღწვის; – ისინი საკუთარ თავს „წმინდანთა კრებულად“ მოიხსენიებენ, ხაზს უსვამენ რა ამით იმას, რაც მართებთ და რაც უნდა იყვნენ, რად ქცევის იმედიც აქვთ, როდესაც რწმენა გაუქმდება და დასრულდება ყარიბობა. – ისინი საკუთარ თავს „ჯვრის საძმოს“ უწოდებენ, ადასტურებენ რა ამით, რომ მათი მიწიერი გზა იოლი არ არის, როგორც ცეკვა, არამედ მძიმე და დამქანცველია, როგორც გემი, რომელიც ზურგის ქარის დახმარებით მიქრის იალქნების ქვეშ, იმავდროულად კი ცხვირით ტალღებს მიაპობს ოკეანეში: ასევე, ქრისტიანის გზაც იოლია, თუ მას ზევიდან დავხედავთ, მაგრამ მძიმეა, თუ საფუძველში დამკვიდრებულ დამქანცველ შრომას შევავლებთ თვალს. –  ისინი საკუთარ თავს „ქრისტეს მიმდევრებს“ უწოდებენ, და სწორედ ამ სახელზე შევჩერდებით უფრო დეტალურად ამჯერად, განვიხილავთ რა იმას, თუ რას ნიშნავს ქრისტეს გაყოლა და რა სიხარულია ამაში.

 

როდესაც მამაცი მეომარი გაბედულად მიიწევს წინ, უშვერს რა მკერდს მოწინააღმდეგის ისრებს, ზურგით კი მეეტლეს ფარავს, რომელიც მას უკან მიყვება: შეიძლება თუ არა ასეთ დროს ითქვას, რომ მეეტლე მას მიყვება? როდესაც მოსიყვარულე ცოლი ადამიანში, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს, რაც კი ამქვეყნად არსებობს, თავის ქმარში ხედავს შესანიშნავ მაგალითს იმისა, რის მიღწევასაც იგი ისურვებდა ცხოვრებაში, და აი ის ქალურად (და მაინც, ქალი ხომ მამაკაცის ნეკნიდან შეიქმნა) მიყვება მას გვერდით და ყველაფერში მას ეყრდნობა: შეიძლება თუ არა ასეთ დროს ითქვას, რომ ასეთი ცოლი ქმარს მიყვება? როდესაც უშიშარი მასწავლებელი მშვიდად დგას მოედანზე, მლანძღველებით გარშემორტყმული და შურით დევნილი; როდესაც ყველა გამოხტომა მხოლოდ მისკენაა მიმართული, ხოლო მასთან თანხმობაში მყოფი მომხრე თავს არასოდეს ავლენს: შეიძლება თუ არა ასეთ დროს ითქვას, რომ მომხრე მას მიყვება? როდესაც ქათამი მოახლოებულ მტერს ხედავს და ფრთებს შლის, რათა წიწილებს გადაეფაროს, რომლებიც მას მისდევენ: შეიძლება თუ არა ასეთ დროს ითქვას, რომ წიწილები ქათამს მისდევენ? არა, აქ ამას ვერ იტყვით; ამისათვის ურთიერთობა სხვაგვარი უნდა გახდეს. მამაცი მეომარი გვერდზე უნდა გადგეს, რათა დაინახოს, გაყვება თუ არა მას მეეტლე – გაყვება თუ არა ნამდვილ განსაცდელში, როდესაც ისრები პირდაპირ მკერდსაა დამიზნებული; ან ის ლაჩრულად ზურგს უჩვენებს საფრთხეს და, მოისაკლისებს რა მამაცის მხარდაჭერას, თავადაც დაკარგავს სიმამაცეს. კეთილშობილი ქმარი; ოჰ, ის განზე უნდა გადგეს, სხვა სამყაროში გადაბარგდეს, რათა თვალსაჩინო გახდეს, გაყვება თუ არა მას დამწუხრებული ქვრივი, მას შემდეგ, რაც მის მხარდაჭერას დაკარგავს; ან ის, მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, მის მაგალითსაც დაივიწყებს. უშიშარი მასწავლებელი უნდა დაიმალოს ან სამარემ დაფაროს იგი, რათა დავინახოთ, გაყვება თუ არა მას მისი მომხრე, გაძლებს თუ არა მოედანზე მლანძღველებს შორის, შურით დევნილი; ან ის ცხოვრებაში სამარცხვინოდ დატოვებს ამ ადგილს, რადგან აღარ ეგულება გვერდით მასწავლებელი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ ღირსეულად დატოვა ეს ადგილი. – გაყვე ვინმეს, ნიშნავს იარო იმავე გზით, რომლითაც ის დადიოდა, ვისაც მიყვები; ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ ვეღარ ხედავ ზურგს იმისა, ვისაც მიყვები. ამიტომაცაა, რომ ქრისტე ჯერ უნდა მომკვდარიყო, რათა შემდეგ გაერკვიათ, გაყვებოდნენ თუ არა მას მოწაფეები. მას შემდეგ მრავალი ასწლეულია გასული, მაგრამ ეს კვლავ ასე ხდება. ხომ არის დრო, როდესაც ქრისტე თითქმის საგრძნობად მიყვება გვერდით ბავშვს, მიაბიჯებს მის წინ; მაგრამ შემდეგ ისეთი დროც დგება, როდესაც ის განშორდება და უხილავი ხდება წარმოსახვითი მზერისთვის, რათა ახლა გადაწყვეტილების სერიოზულობით გაირკვეს, გაყვება თუ არა მას ზრდასრული.

 

როდესაც ბავშვს ნებას რთავენ, დედის ქვედაბოლოს ჩაებღაუჭოს: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ბავშვი იმავე გზით მიდის, რომლითაც დედა? არა, რასაკვირველია, ასე ვერ იტყვით. ბავშვმა ჯერ სიარული უნდა ისწავლოს, – დამოუკიდებლად, მარტო, – სანამ შეძლებს იმავე გზით და ისევე იაროს, როგორც დედა დადის. ხოლო, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად სიარულს სწავლობს, დედა როგორ უნდა მოიქცეს? ის უნდა გაქრეს თვალთახედვის არიდან. ჩვენთვის შესანიშნავადაა ცნობილი, რომ დედის სითბო ბავშვის მიმართ ისეთივე რჩება, უცვლელი და, შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი სიარულს სწავლობს; მაგრამ ბავშვმა შესაძლოა ეს ყოველთვის ვერ გაიგოს. ზუსტად ისევე, როგორც ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად სიარული, ასევე, თუ სულიერად გავიგებთ, მის წინაშე, ვინც ვიღაცის მიმდევარი ხდება, დგას ამოცანა დამოუკიდებლად სიარულის სწავლისა. საოცარია! სანახევროდ ხუმრობით და ღიმილით ვსაუბრობთ ბავშვის მღელვარების შესახებ, როდესაც მას მარტო უწევს სწავლა, დედის ქვედაბოლოსგან მოშორებით; და მაინც, ალბათ ლექსიკაში არ არის უფრო ძლიერი ან უფრო გულში ჩამწვდომი ან უფრო მართებული გამონათქვამი უღრმესი მწუხარებისა და ტანჯვის გამოსახატავად, ვიდრე ეს: იარო ეულად, სრულ მარტოობაში. ჩვენთვის ხომ შესანიშნავად არის ცნობილი, რომ ზეცაში ადამიანის შესახებ ზრუნვა უცვლელია და, თუკი ასეთი რამ შესაძლებელია, იქ კიდევ უფრო მეტად ზრუნავენ ადამიანზე საფრთხით აღსავსე დროს; თუმცა, ადამიანი შესაძლებელია სწავლობდეს, მაგრამ ყოველთვის არ ესმოდეს ეს. – ამგვარად, მიყვებოდე ვინმეს, ნიშნავს მიდიოდე ეულად, მიდიოდე მარტო იმავე გზით, რომლითაც მასწავლებელი მიდიოდა; არ გყავდეს გვერდით ვინმე, ვინც რჩევას მოგცემდა; თავად აკეთებდე არჩევანს; ფუჭად ყვიროდე, ისევე, როგორც ფუჭად ყვირის ბავშვი, დედა ხომ ვერ გაბედავს მის ხილულად დახმარებას; ფუჭად წარგეკვეთოს სასო, რადგან შენ ხომ ვერავინ დაგეხმარება, და ვერც ზეცა შეძლებს შენს დახმარებას ხილული გზით. მაგრამ უხილავი დახმარება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შენ მარტო სიარულს გასწავლიან; ამით შენ გასწავლიან, საკუთარი სულიერი მდგომარეობა მასწავლებლისას მოარგო, რასაც თვალით ვერ დაინახავ. იარო ეულად! არა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც შენს მაგივრად გააკეთებდა არჩევანს ან უკანასკნელი და გადამწყვეტი აზრით მოგცემდა მითითებას იქ, სადაც საუბარი ერთადერთ მნიშვნელოვანს ეხება, მოგცემდა მითითებას იქ, სადაც საქმე შენს ნეტარებას ეხება; მრავალიც რომ იყოს ამის გაკეთების მსურველი, ეს შენ მხოლოდ ზიანს მოგაყენებდა. მარტო! თუ შენ უკვე გააკეთე არჩევანი, შეძლებ იპოვნო თანამგზავრი, მაგრამ გადამწყვეტ წუთს, – და ეს ყოველ ჯერზე სასიკვდილო საფრთხის მატარებელია, – შენ მარტო რჩები. არავის, არავის ესმის შენი შემპარავი თხოვნა და ვერავინ ამჩნევს შენს მძიმე ჭმუნვას, – და მაინც, ზეცაზე არ არის შენი დახმარებისა და შენზე ზრუნვის უკმარობა; მაგრამ ეს დახმარება უხილავია და სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შენ ეულად სიარულს გასწავლიან. ეს დახმარება გარედან არ მოდის, როდესაც ხელს ჩაგჭიდებენ ხელში; ის არ წარმოადგენს საყრდენს, როგორსაც სიყვარულით აღსავსე ადამიანი წარმოადგენს ავადმყოფისთვის; ის არ გიხმობს უკან ნაძალადევად, როდესაც გზა აგებნა. არა, თუ შენ სრულად ემორჩილები, მთელ შენს ნებას მოიკვეთ, უღრმეს ერთგულებას გამოავლენ მთელი გულითა და მთელი გონებით: მაშინ უხილავი ფორმით მოდის დახმარება; მაგრამ, იქცევი რა ასე, ეულად მიდიხარ. შეუძლებელია დანახვა ძლევამოსილი ინსტინქტისა, რომლითაც ფრინველი ხელმძღვანელობს თავისი ხანგრძლივი მოგზაურობისას; ისე არაა, რომ ინსტინქტი მიფრინავდეს წინ, ფრინველი კი მას მისდევდეს; ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ფრინველი თავად პოულობს გზას: ასევეა თვალთაგან დაფარული მასწავლებელი, ხოლო ხილვა მხოლოდ მიმდევარისაა შესაძლებელი, რომელიც მას ემსგავსება, და ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მიმდევარი თავად იგნებდეს გზას, – გამოიყურება მანამ, სანამ ის ჭეშმარიტი მიმდევარია, რომელიც ეულად მიდის იმავე გზით.

 

აი, რას ნიშნავს, მიყვებოდე ვინმეს. მაგრამ მიყვებოდე ქრისტეს, ნიშნავს აღიპყრა საკუთარი ჯვარი ან, როგორც ჩვენს მიერ წაკითხულ ტექსტშია: ატარო შენი ჯვარი. საკუთარი ჯვრის ტარება საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს; ქრისტე ხსნის ამას, როდესაც ამბობს: „ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე“ (მათე, 16:24). ესაა „იგივე ზრახვები, როგორიც ქრისტე იესოს, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპ. 2:5 და შემდეგ). ასეთი ხატი მოგვეცა, ასეთივე უნდა იყოს მიმდევარიც, მიუხედავად იმისა, რომ თვითგანდგომა – ხანგრძლივი და მძიმე შრომაა, - რომ უნდა აღიპყრა მძიმე ჯვარი, ატარო მძიმე ჯვარი – ჯვარი, რომელიც, მოცემული ხატის თანახმად, მორჩილად უნდა ატარო სიკვდილამდე, ისე რომ, თუ მიმდევარი ჯვარზე არ აღესრულება, მიემსგავსება მაინც ამ ხატს იმით, რომ მოკვდება, „მატარებელი ჯვრისა“. ცალკეული ქველი საქციელი, ცალკეული სულგრძელი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის თვითგანდგომა. ოჰ, მიწაზე ალბათ იმ მიზეზით ასწავლიან, თითქოს ეს თვითგანდგომა იყოს, რომ ასეთი შემთხვევაც იმდენად იშვიათია, რომ მასაც განცვიფრებით უმზერენ. მაგრამ ქრისტიანობა სხვას გვასწავლის. ქრისტეს არ უთქვამს მდიდარი ყმაწვილისთვის: „თუ გსურს სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია და მიეცი გლახაკთ“. მრავალს შესაძლოა ეს მოწოდებაც კი გადაჭარბებულად და უცნაურად მოეჩვენოს; სავარაუდოდ, მრავალი სულაც არ მოვიდოდა აღტაცებაში, თუ ყმაწვილი ასე მოიქცეოდა, არამედ გაიცინებდა მასზე, როგორც ახირებულზე, ან შეიბრალებდა, როგორც ავადმყოფს. მაგრამ ქრისტე სხვას ამბობს, იგი ამბობს: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, დაურიგე ღატაკთ, „მერე მოდი, და გამომყევ მე“ (მარკ. 10:21), ჯვარაპყრობილი. ამგვარად, გაყიდვა ყველაფრისა, რაც გაბადია და ღატაკთათვის დარიგება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯვრის აპყრობას, ეს – ყველაზე მეტი – დასაწყისია, კარგი დასაწყისია იმისათვის, რომ შემდეგ ჯვარი აღიპყრო და ქრისტეს გაყვე. ყველაფრის ღატაკთათვის დარიგება – ეს პირველია, ეს – თუკი ლექსიკა უშვებს საპატიებელ გონებამახვილობას – ნიშნავს ჯვრის მოკიდებას ზურგზე, რასაც უწყვეტი გაგრძელება მოყვება: საკუთარი ჯვრის ტარება. ჯვრის ასეთ ტარებას ადგილი უნდა ჰქონდეს ყოველდღიურად და არა ერთჯერადად, გამონაკლისის სახით; ეს კი არაფრით, არაფრითაა შესაძლებელი იმის გარეშე, რომ მიმდევარი მზად იყოს, ყველაფერი დატოვოს, საკუთარი თავის უარყოფით. არსებითად სრულიად უმნიშვნელოა ის, რითაც საკუთარ თავში უარის თქმა არ გსურს, წვრილმანია თუ რაიმე დიადი, რადგან წვრილმანი უსასრულოდ მნიშვნელოვნად იქცევა, როგორც ბრალეულობა, როდესაც ის თვითგანდგომას სცდება. შესაძლოა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც, იმედოვნებდა რა ამით უზენაესის მოხვეჭას მთელი სისავსით, ხალისით გააკეთა ის, რაზეც უარი თქვა მდიდარმა ყმაწვილმა, მაგრამ რომელიც, მიუხედავად ამისა, არ იქცა ქრისტეს მიმდევრად, რადგან გაჩერდა და უკან მიიხედა – და ეს მის მიერ ჩადენილი დიდი გმირობის შემდეგ; ან შესაძლოა წინ წავიდა, მაგრამ ქრისტეს მიმდევრად იმ მიზეზით არ იქცა, რომ ფიქრობდა, უკვე რაღაც დიადი ჰქონდა ჩადენილი, ხოლო უმნიშვნელო მოსახდენი ამაზე გავლენას ვეღარ იქონიებდა. ოჰ, საიდან მოდის ის, რომ წვრილმანებში ყველაზე რთულია საკუთარი თავისგან განდგომა? იქიდან ხომ არა, რომ თავმოყვარეობასაც, რომელსაც ერთგვარი კეთილშობილური სახე აქვს, როგორც ჩანს, ასევე შესწევს თვითგანდგომის უნარი, მაგრამ რაც უფრო მცირე და უმნიშვნელოა ის, რაშიც უნდა განუდგეს საკუთარ თავს, მით უფრო შეურაცხმყოფელია ეს თავმოყვარეობისთვის, რადგან როდესაც ასეთი ამოცანაა წამოყენებული, თავმოყვარის საკუთარი და უცხო მაღალფარდოვანი წარმოდგენები მყისვე უჩინარდება; მაგრამ მით უფრო მორჩილი იქნება თვითგანდგომა ასეთ შემთხვევაში. როგორ ხდება ის, რომ ყველაზე რთულია უარყო საკუთარი თავი, როდესაც მარტო ცხოვრობ, თითქოს ბუნაგში? იმ მიზეზით ხომ არა, რომ თავმოყვარეობას, რომელსაც ერთგვარი კეთილშობილური იერი აქვს, როგორც ჩანს, ასევე შესწევს თვითგანდგომის უნარი, – როდესაც ამას გაოცებით უმზერენ მრავალნი. მაგრამ რამდენადაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია ის განსხვავებული, რომელშიც ცალკეული ადამიანი განსაზღვრულ სიტუაციაში საკუთარ თავს განაგდებს, იმდენად ღატაკს უპირობოდ ისევე შეუძლია განაგდოს საკუთარი თავი, როგორც მეფეს: იმდენად არ აქვს მნიშვნელობა იმ განსხვავებულს, რომელშიც ადამიანმა შესაძლოა საკუთარი თავი განაგდოს. ეს მძიმე და საძნელო შრომაა. სავარაუდოდ, ეს შრომა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გადაიგდო ყოველგვარი ტვირთი, რის მიზეზით ის შესაძლოა მსუბუქად მოგეჩვენოს; მაგრამ მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ის ტვირთია გადასაგდები, რომლის ტარება თავმოყვარეობას ხალისით სურს – იმდენად, რომ თავმოყვარეობას უკვე უჭირს იმის გაგება, რომ ეს არის ტვირთი.

 

ამგვარად, გაყვე ქრისტეს, ნიშნავს უარყო საკუთარი თავი, და ასევე ნიშნავს, იარო იმავე გზით, რომლითაც ქრისტემ იარა, მიიღო რა მორჩილი მონის ხატი, – საჭიროებაში მყოფი, განდევნილი, გალანძღული, არმოყვარე სამყაროსგან და მოძულე მისგან. ეს კი ნიშნავს მარტო სიარულს, რადგან ის, ვინც თავგანწირვით ამბობს უარს ამ სამყაროზე და ყველაფერზე, რაც მასშია, უარს ამბობს ყველა ურთიერთობაზეც, რომელმაც შესაძლოა მოხიბლოს და აცდუნოს იგი, „ისე, რომ ის არ მიდის არც თავის ყანაში, არც სავაჭროდ და არც საქორწინოდ“; მას, ვისაც, თუ საჭირო გახდება, რასაკვირველია არანაკლებ, ვიდრე უწინ, უყვარს დედა და მამა, და და ძმა, მაგრამ იმდენად უყვარს ქრისტე, მის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მას სძულს ისინი: ის ხომ მარტო მიდის, ეულად მთელს სამყაროში. დიახ, ყოველდღიური საზრუნავის ალიაქოთში ასეთი ცხოვრება რთულად და შეუძლებლად წარმოგვიდგება, იმის შესახებ მსჯელობაც შეუძლებლად გვეჩვენება, ცხოვრობს თუ არა ვინმე ასე სინამდვილეში; მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ მარადიულობა იმსჯელებს იმაზე, რამდენად არის გადაწყვეტილი ამოცანა, და რომ მარადიულობის სერიოზულობა გაიძულებს დარცხვენილად დუმდე იმ მიწიერ მოვლენებზე, რომელთა შესახებ გამუდმებით საუბრობენ ქვეყნად. მარადიულობაში შენ არ გკითხავენ, რა ოდენობის ქონება დააგროვე, – ამას შენს მერე დარჩენილები კითხულობენ. არც იმას გკითხავენ, რამდენი ბრძოლა მოიგე, რამდენად ჭკვიანი იყავი, რამდენად ძლიერი იყო შენი გავლენა, – ეს ყველაფერი დარჩება შენს სიკვდილისშემდგომ დიდებად. არა, მარადიულობა არ გკითხავს მიწიერის შესახებ, იმის, რაც შენს შემდეგ დარჩება ქვეყნად. მაგრამ ის გკითხავს, რა სიმდიდრე დააგროვე შენ ზეცაში; იმას, თუ რამდენად ხშირად ამარცხებდი საკუთარ ბიწიერებას; იმას, თუ რამდენად ბატონობდი საკუთარ თავზე, თუ მისი მონა იყავი; იმას, თუ რამდენად ხშირად ფლობდი საკუთარ თავს თვითგანდგომისას, თუ არასოდეს განგიხორციელებია ეს; იმას, თუ რამდენად ხშირად იყავი მზად მსხვერპლზე კეთილი საქმისთვის საკუთარი თავის უარყოფისას, თუ არასოდეს ყოფილხარ ამისთვის მზად; იმას, თუ საკუთარი თავის უარყოფისას რამდენად ხშირად პატიებდი შენს მტერს – შვიდჯერ თუ „სამოცდაათგზის შვიდჯერ“; იმას, თუ საკუთარი თავის უარყოფისას რამდენად ხშირად გადაგიტანია მოთმინებით შეურაცხყოფა; იმას, თუ რა იზარალე არა საკუთარი თავისთვის, არა საკუთარი პატივმოყვარე ზრახვებისთვის, არამედ საკუთარი თავის უარყოფისას როგორ დაზარალდი ღმერთისათვის. – და ის, ვინც ამის შესახებ გკითხავს, ის არის მსაჯული, ვის სამსჯავროსაც ვეღარსად გაასაჩივრებ. ის არ იყო მხედართმთავარი, რომელიც ქვეყნებსა და სამეფოებს დაიპყრობდა, მაგრამ რომელსაც შენს გმირობებს მოუთხრობდი: მისი სამეფო არ არის მიწიერი; ის არ იყო ადამიანი, რომელიც ძოწეულს ატარებდა, რომელსაც შენ კეთილშობილურ კომპანიას გაუწევდი: ის ძოწეულში მხოლოდ იმიტომ გამოაწყვეს, რომ დაეცინათ მისთვის. მას არ ჰქონია დიდი გავლენა, რომ შენს მიწიერ საიდუმლოებებს წვდომოდა: ის იმდენად საძულველი იყო, რომ ცნობილი ადამიანები მის ხილვას მხოლოდ ღამის საფარველქვეშ ბედავდნენ. ო, ყოველთვის სანუგეშოა მათთან ერთად დგომა, ვინც შენს სულისკვეთებას იზიარებს; თუ ვინმე მხდალია, ვერ წარსდგება უნებურად სამხედრო ტრიბუნალის წინაშე; თუ ვინმე თავმოყვარე და საერო განწყობისაა, ვერ იქნება გასამართლებული თვითგანდგომილთა მიერ. მაგრამ ამ მსაჯულმა არა მხოლოდ იცის, რა არის თვითგანდგომა, არა მხოლოდ შესწევს უნარი ისე განსჯისა, რომ არაფერი საეჭვო არ იქნას დაფარული, არა, თავად მისი მუნ-მყოფობაა სამსჯავრო, რომლის წინაშე უნებურად ფერმკრთალდება და დუმდება ყოველივე მიწიერი, რაც ესოდენი წარმატებით სარგებლობდა ქვეყნად, რასაც გაოცებულნი შეჰყურებდნენ და რასაც გაკვირვებულები უსმენდნენ. მისი მუნ-მყოფობა არის სამსჯავრო, რადგან ის იყო თვითგანდგომა. მან, ღმერთის ტოლმა, მონის მორჩილი ხატი მოირგო; ის, ვისაც ანგელოზთა ლეგიონისა და თვით სამყაროს დასაწყის-დასასრულის განმგებლობა შეეძლო, მიწაზე დაუცველი დადიოდა; მან, ვისი ძალაუფლებაც ყველაფერზე ვრცელდებოდა, უარი თქვა თავის ძალაუფლებაზე, ისე, რომ თავისი საყვარელი მოწაფეებისთვისაც კი ვერაფერს აკეთებდა, მხოლოდ იგივე პირობების შეთავაზება შეეძლო – ყოფილიყვნენ უმნიშვნელონი ამქვეყნად, ყველასგან უგულვებელყოფილნი; მან, ვინც ყოველი ცოცხალი არსების უფალი იყო, ბუნებაც კი აიძულა, დადუმებულიყო, რადგან მხოლოდ მას შემდეგ, რაც სული განუტევა, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი, ბუნების ძალებმა კი გასცეს, ვინ იყო ის: თუ ეს არ არის თვითგანდგომა, მაშინ რას ეწოდება იგი?

 

ჩვენ ვმსჯელობდით იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა; მოდით, ახლა იმის შესახებ დავფიქრდეთ, რა სიხარულია ამაში.

 

ჩემო მსმენელო! თუ შენ წარმოიდგენ ყმაწვილს, რომელიც თავისი ზრდასრული ცხოვრების დასწყისში დგას, – ყმაწვილს, რომლის წინაშე მრავალი გზა იხსნება და რომელიც საკუთარ თავს ეკითხება, რომელი ასპარეზი აირჩიოს: ნუთუ არ ცდილობს ასეთ დროს ის ზუსტად შეიტყოს, საით მიჰყავს ცალკეულ გზას, ან, რაც იგივეა, ცდილობს გაიგოს, ვის გაუვლია მანამდე ამ გზით?! მაშინ ჩვენ მას ვუსახელებთ იმ ადამიანთა ცნობილ, დიდებულ და ხმამაღალ სახელებს, რომელთა მოგონება კაცთა მოდგმას შემოუნახავს. თავდაპირველად შესაძლოა მრავალი სახელი ვთქვათ, რათა ყმაწვილმა მათგან არჩევა შეძლოს, თავისი შესაძლებლობებისდა მიხედვით, რათა მისთვის შეთავაზებული მაგალითები ჭარბად მოიპოვებოდეს; მაგრამ შემდეგ ის, შინაგანი აუცილებლობით აღძრული, აკეთებს თუნდაც მცირე, მაგრამ არჩევანს, და ასე ირჩევს მანამ, სანამ მას არ დარჩება ერთი, ერთადერთი სახელი, რომელსაც მის მზერასა და გულში უპირატესობა აქვს სხვა დანარჩენებთან შედარებით. მაშინ ყმაწვილის გული მძაფრად ძგერს, როდესაც აღტაცებით გაიძახით მისთვის ერთადერთ სახელს და ამბობს: ამ გზით ვივლი მე, ის ხომ ამ გზით მიდიოდა!

 

ჩვენ არ გვსურს ყურადღების გაფანტვა ან დროის დაკარგვა მრავალი სახელის ჩამოთვლით; არსებობს ერთადერთი სახელი ზეცასა და მიწაზე, ერთადერთი, შესაბამისად კი ერთადერთი გზა, რომლის არჩევაა აუცილებელი, – თუ სერიოზული და მართებული არჩევანი გსურთ. მართლაც მრავალი გზა უნდა არსებობდეს, რადგან ადამიანს არჩევანის გაკეთება უწევს; მაგრამ ასევე უნდა იყოს ერთადერთი, რომელიც უნდა აირჩიო, თუ მარადიულობის სერიოზულობა აწევს ამ არჩევანს. როდესაც არჩევისას თანაბარი წარმატებით შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორც ერთი, ისე მეორე, ასეთ არჩევანს არ გააჩნია მარადიული სერიოზულობა; ხოლო თუ არჩევანს მარადიულობის სერიოზულობა აწევს, უდაოდ შესაძლებელი უნდა იყოს, რომ არჩევისას ყველაფერი მოიგო და ყველაფერი წააგო – თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ასევე უნდა არსებობდეს შესაძლებლობა კიდევ რაღაცის არჩევისა, რათა არჩევანი არჩევანს ჰგავდეს.

 

არსებობს ერთადერთი გზა ზეცასა და მიწაზე, ერთადერთი გზა, ერთადერთი ხატი. ის, ვინც ქრისტეს მიმდევრობას ირჩევს, ის ირჩევს სახელს, რომელიც ყველა სახელზე მაღალია, ირჩევს ხატს, რომელიც ზეცაზე მაღლა არის აზიდული, მაგრამ რომელიც იმდენად ადამიანურია, რომ შესაძლოა მაგალითად გამოდგეს ადამიანისთვის, ხოლო ამ ხატს უზენაესი ეწოდება ზეცასა და მიწაზეც.

 

არსებობს სახელები და მაგალითები, რომლებიც მხოლოდ მიწაზეა განდიდებული, მაგრამ უზენაესი, ერთადერთი სახელი სწორედ ამ განსაკუთრებული თვისებით უნდა გამოირჩეოდეს, რომელიც, თავის მხრივ, მოწმობს მას, როგორც ერთადერთს: ის განდიდებულია, როგორც ზეცაზე, ისე მიწაზე. ესაა სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და ნუთუ სასიხარულო არ არის, რომ შენ ნება მოგეცა იმავე გზით იარო, რომლითაც ის მიდიოდა?! ოჰ, ამ მიწიერ, არეულ და გზის დამაბნეველ საუბარში უბრალო და სერიოზული სიტყვა სამწუხაროდ თითქმის ხუმრობადაა ქცეული. ადამიანი, რომელმაც უდიდესი მიწიერი ძალაუფლება მოიხვეჭა, ამაყად უწოდებს საკუთარ თავს პეტრეს მიმდევარს. მაგრამ იყო მიმდევარი ქრისტესი! დიახ, სიამაყეს ამით ვერ აცთუნებ; ეს თანასწორადაა მისაწვდომი ყველაზე ძლევამოსილისა და ყველაზე მცირესთვის, ყველაზე ბრძენისა და ყველაზე უმეცარისთვის, და ნეტარნი ხომ მცირენი და უმეცარნი არიან. და ნუთუ ესოდენ შესანიშნავია ყველა ადამიანზე აღზევება; ნუთუ ეს პირიქით, უსიხარულო არ არის! ნუთუ ესოდენ შესანიშნავია ვერცხლის ლანგრიდან კვება, როცა სხვები შიმშილობენ; იცხოვრო სასახლეში, როდესაც სხვებს ჭერი არ გააჩნიათ თავზემოთ; იყო განათლებული, როდესაც ეს მრავალი ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუღწეველია; სახელის მოხვეჭა, როდესაც იცი, რომ ათასებისათვის ეს შეუძლებელია: ნუთუ ეს ამდენად შესანიშნავია! და რომ ეს მიწიერ ცხოვრებაში შესაშური განსხვავება უზენაესი ყოფილიყო, ნუთუ ეს არაადამიანური არ იქნებოდა, და ნუთუ მაშინ ცხოვრება ყველა ამ იღბლიანისთვის გაუსაძლისი არ გახდებოდა! და რაოდენ საპირისპიროდ გარდაიქცევა ყოველივე, თუ ერთადერთი სიხარული – არის სიხარული ქრისტეს მიმდევრობისა. არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს უფრო მაღალი სიხარული, ვიდრე სიხარული საკუთარ თავში უზენაესის ხორცშესხმისა; და ვერაფერი აქცევს ამ სიხარულს უფრო წმინდად, ნეტარად და დამაჯერებლად, ვიდრე სასიხარულო აზრი ზეციური მოწყალების შესახებ: აზრი იმის შესახებ, რომ ეს ყველა ადამიანისთვისაა მისაწვდომი.

 

ამგვარად, ის ვინც ქრისტეს მიმდევრობას ირჩევს, არჩეულ გზაზე იღწვის; და თუ მას მოუწევს შეიცნოს სამყარო და ის, რაც სამყაროშია, სამყაროს ძალა და საკუთარი სისუსტე; თუკი ხორცისა და სისხლის ძაგება სულ უფრო დამაფრთხობელია; თუკი გზა სამძიმოდ იქცევა, მრავალი იქცევა მტრად, ხოლო მეგობრად – არავინ: მაშინ ტკივილი აიძულებს მას ამოიოხროს: მე ეულად მივდივარ! ჩემო მსმენელო, თუკი ბავშვი, რომელმაც ეს-ესაა ისწავლა სიარული, ტირილით მივიდოდა ზრდასრულთან და ეტყოდა: მე დამოუკიდებლად დავდივარ, – ნუთუ არ უპასუხებდა ზრდასრული: ეს ხომ კარგია, ჩემო პატარავ! იგივეა მართებული, როდესაც ქრისტეს მიყვები. ამ გზაზე, როგორც ხშირად ამბობენ, ისე უბრალოდ არაა, რომ – რაც დიდია აუცილებლობა, მით ახლოსაა დახმარება, – არა, აქ, ამ გზაზე, რაც უფრო ძლიერია სატანჯველი, მით უფრო ახლოსაა სრულყოფილება. იცით თუ არა კიდევ რომელიმე გზა, რომელზეც ეს ასე იქნებოდა? ყველა სხვა გზაზე მართებულია საპირისპირო: როდესაც სატანჯველი მოდის, მისი სიმძიმე ყველაფერს გადაწონის, გადაწონის იმდენად, რომ ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ შენ არასწორი გზა აირჩიე. მაგრამ ამ გზაზე, გზაზე, რომელზეც ადამიანი ქრისტეს მიმდევარია, რაც უფრო მაღლაა სატანჯველი, მით უფრო ნათელია დიდება; და ამოიოხრებს რა, ყარიბი საკუთარ თავს ნეტარად მიიჩნევს. უმზირე, თუ ვინმე რომელიმე სხვა გზაზე შეაბიჯებს, მან წინასწარ უნდა გაარკვიოს, რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს: შესაძლოა მან ეს გზა მშვიდობიანად და უპრობლემოდ განვლოს, მაგრამ ასევე შესაძლოა, ამ გზაზე იმდენი დაბრკოლება დაგროვდეს, რომ ის უკვე მათ გადალახვას ვეღარ შეძლებს. პირიქით, თვითგანდგომის გზა, გზა ქრისტეს მიმდევრობისა საუკუნოდ საიმედოა და მისი გავლა ყოველთვის შეიძლება; სატანჯველი ამ გზაზე – სასიხარულო ნიშანია იმისა, რომ შენი გზა მართებულია. მაგრამ რა სიხარული შეიძლება იყოს იმაზე დიდი, ვიდრე სიხარული იმისა, რომ შენ ნება დაგერთო აგერჩია საუკეთესო გზა – გზა, რომელიც მისკენ მიდის, რაც ყველაზე მაღლაა; და კვლავ, რა სიხარული შეედრება იმას, რომ ეს გზა საუკუნოდ სანდო და ყოველთვის გავლადია!

 

მაგრამ იმაში, რომ ქრისტეს მიმდევარი იყო, კიდევ ერთი სიხარული, კიდევ ერთი ნეტარებაა. როგორც ითქვა, „ის“ მიდის არა მიმდევართან ერთად და არა მის წინ, არამედ მან წინათ გაირა ეს გზა და სწორედ ამაშია მიმდევრის სასიხარულო იმედი: გაყვეს მას. ერთია – მიყვებოდე მას თვითგანდგომის გზით, და ესეც სასიხარულოა, მეორეა – მიყვებოდე მას ნეტარებაში. როდესაც სიკვდილმა დააშორა შეყვარებულნი და აი, მეორე მათგანი კვდება, ჩვენ ვამბობთ: ის მას გაყვა, ის პირველი მოკვდა. ქრისტეც ასევე პირველი წავიდა, და არა მხოლოდ ასე, ის ხომ მიდევრებისთვის ადგილის მოსამზადებლად წავიდა.

 

როდესაც ჩვენ ადამიანი-წინამორბედის შესახებ ვსაუბრობთ, მაშინ შესაძლოა საუბარი შეეხებოდეს იმას, რომ მან, რაიმე გზის გავლის შემდეგ, უფრო იოლი გახადოს იგი მისთვის, ვინც მას მისდევს; ხოლო თუ გზა, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, რაიმე მიწიერს, დროებითსა და არასრულყოფილსაა დაკავშირებული, მაშინ შესაძლებელია, რომ მიმდევრებისთვის ასეთი გზა მეტისმეტად იოლი გახდეს. მაგრამ ქრისტიანისთვის, ვინც თვითგანდგომის სრულყოფილ გზას მიყვება, ასეთი შვება არ არსებობს; ეს გზა არსებითად ერთნაირად რთული რჩება ქრისტეს ყოველი მიმდევრისთვის. თუმცა ქრისტე, პირველმა გაიარა რა ეს გზა, სრულიად განსხვავებულში გვიბოძებს მსგავს შვებას: გაირა რა პირველმა, მან არა გზა შეუმზადა მიმდევრებს, არამედ მან, მიდიოდა რა წინ, მიმდევრებს ადგილი შეუმზადა ზეცაში. ადამიან-წინამორბედს იშვიათად თუ შეუძლია საფუძვილანად თქვას: ახლა ჩემი გამოყოლა იოლია, გზა გაკვალული და შემზადებულია, ჭიშკარი კი ფართო; ქრისტეს კი, პირიქით, შეეძლო ეთქვა: შეხედე, შენთვის ადგილია გამზადებული ზეცაში – თუკი მზად ხარ შეხვიდე თვითგანდგომის ვიწრო ჭიშკარში და ამ ვიწრო გზას მისდიო.

 

მიწიერ საზრუნავს შორის იმქვეყნიურ სამყაროში განმზადებული ადგილი შესაძლოა მოჩვენებითი იყოს; მაგრამ ის, ვინც უარი თქვა ქვეყანასა და საკუთარ თავზე, უნდა დარწმუნდეს, რომ ასეთი ადგილი არსებობს. ხომ უნდა იპოვოს მან საკუთარი თავისთვის ადგილი, მასაც ხომ უნდა ჰქონდეს სადღაც ნავსაყუდელი; მაგრამ ამ ქვეყანაში, რომელიც მან დატოვა, ის ადგილს ვერ იპოვის: მაშასადამე, უნდა არსებობდეს სხვა ადგილი, დიახ, ის უნდა იყოს, რათა მან ქვეყანა დატოვოს. ოჰ, ნუთუ უადვილესი არ არის ამის გაგება ადამიანისთვის, თუკი მან მართლაც უარყო ქვეყანა და საკუთარი თავი! თანაც, იოლია საკუთარი ცხოვრების გამოცდა იმაში, თუ რამდენად ვართ მართლაც დარწმუნებულნი, რომ სხვა სამყაროში არსებობს ასეთი ადგილი, იმაში, რომ ჩვენთვის მართლაც განმზადებულია მარადიული ცხოვრება. მოციქული პავლე ამბობს (1 კორ. 15:19): „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ“. ეს ცხადია. თუ ადამიანი ქრისტესათვის ამბობს უარს მიწიერ სიამეზე და ამ ქვეყნის მთელს ბოროტებას იტანს, – მაშინ, იმქვეყნიურ სამყაროში რომ არანაირი ნეტარება არ არსებობდეს, ის მოტყუებული იქნებოდა, საშინლად მოტყუებული; არანაირი ნეტარება რომ არ არსებობდეს იმქვეყნიურ სამყაროში, ვფიქრობ, ეს ნეტარება ასეთი ადამიანისადმი თანაგრძნობით უკვე უნდა წარმოშობილიყო. თუ ადამიანი არ იღწვის და არ ეძებს მიწიერ სიამეებსა და სიხარულის დღეებს; არ ისწრაფის მიწიერი უპირატესობებისკენ და არ არის ჩაფრენილი მათ, როდესაც ამ უკანასკნელთ მას სთავაზობენ; თუკი ის ირჩევს მძიმე უღელსა და საწუხარს, დამატებით კი უმადურ შრომას, – რადგან მან რაღაც უკეთესი აირჩია; თუკი მას, როდესაც იძულებულია ისაკლისებდეს ყოველივე მიწიერს, იმით ნუგეშიც კი არ შეუძლია, რომ ყველაფერი მოიმოქმედა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რათა თავი აერიდებინა მოსაკლისებისთვის: მაშინ ხომ ქვეყანა მას ისე უმზერს, როგორც შეშლილს, მაშინ ის ქვეყნის თვალში უბედური და საბრალოა. და რომ არ არსებობდეს ნეტარება მიღმურ სამყაროში, ის უბედურთა შორის უუბედურესი იქნებოდა; სწორედ თვითგანდგომამ აქცია ის ასეთად, ის არა მარტო არ ეძიებს მიწიერ სიამეთ, არამედ ნებაყოფლობით ამბობს მათზე უარს. ხოლო თუ, პირიქით, იმქვეყნად არის ნეტარება, მაშინ ის, არის რა უბედური ამ სამყაროს თვალში, იმავდროულად ყველაზე მდიდარია. ერთი საქმეა – იყო ყველაზე უბედური სამყაროში, თუ არაფერია, რაც ამ სამყაროს აღემატება, და სრულიად სხვაა – როდესაც საქმე იმას ეხება, რომ უუბედურესი იყო სამყაროში, თუკი მარადიული ნეტარება არსებობს.

 

პავლეს შესანიშნავი დასტური მოაქვს იმისა, რომ ასეთი ნეტარება არსებობს; არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ თუ არა ეს ნეტარება, ის მართლაც უბედურთა შორის უბედური იქნებოდა. თუკი პირიქით, რწმუნება იმაში, რომ მარადიული ნეტარება არსებობს, იმ ადამიანისგან მოდის, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს ამ სამყაროში, ცდილობს საკუთარი თავის უზრუნველყოფას მიწიერი სიამეებით, ასეთი რწმუნება არადამაჯერებელია: რთულად თუ შეძლებს სხვების დარწმუნებას ის, რომელმაც საკუთარი თავიც კი ვერ დაარწმუნა. თუმცა, არ არის საჭირო სხვათა განსჯა ამ მიმართებით, ან განსაჯეთ მხოლოდ საკუთარი თავი, ამ მიმართებით სხვისი განსჯის სურვილიც ხომ ამ სამყაროში საკუთარი თავის უზრუველყოფის მცდელობაა; საპირისპირო შემთხვევაში ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ, როგორც სამსჯავრო, ისე ნეტარება, სხვა სამყაროს კუთვნილებაა.

 

ოჰ, სანამ დრო წინ მიდის, ხშირად ხდება და გამუდმებით მეორდება, რომ ვიღაც პირველი მიდის, სხვას კი ენატრება ის და მისი გაყოლა სწყურია: მაგრამ არასდროს არცერთი ადამიანი, არცერთი შეყვარებული, არცერთი მეგობარი არ მიდის პირველი – რათა ადგილი შეუმზადოს მას, ვინც შემდეგ მოდის. ქრისტეს სახელი – ერთადერთია მიწასა და ცაზე, ასევე ქრისტე – ერთადერთია, ვინც წინ წავიდა, რათა ადგილი შეემზადებინა მიმდევრებისთვის. ზეცასა და მიწას შორის ერთადერთი გზა ძევს: ქრისტეს მიმდევრობა; დროსა და მარადიულობაშიც მხოლოდ ერთი, ერთადერთი არჩევანია: ეს გზა; მიწაზე ერთადერთი მარადიული იმედია: გაჰყვე ქრისტეს ზეცისკენ. ცხოვრებაში არის ერთადერთი ნეტარება და სიხარული: ქრისტეს მიმდევრობა; და სიკვდილშიც ერთი უკანასკნელი ნეტარება და სიხარულია: გაჰყვე ქრისტეს ცხოვრებაში.


კომენტარები