ფანატიზმი

ფანატიზმი

სოფიო ტალახაძე – ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, ფსიქოსინთეზისა და B.O.P. სპეციალისტი, ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი.

ფანატიზმი, როგორც მდგომარეობა, რაღაცისადმი ან ვიღაცისადმი უპირობო თავგანწირვას გულისხმობს. ეს არის რწმენის სუროგატი,1 რომელიც თავისი ბუნებით შეუწყნარებლობაში ვლინდება და მექანიკურ, გაუაზრებელ ქმედებამდე დადის (როგორც  მომართული სათამაშო). უმეტესწილად, ფანატიზმი  რელიგიურობასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ფანატიკურმა მდგომარეობამ ნებისმიერი საკითხი შეიძლება მოიცვას. ამდენად, არ აქვს მნიშვნელობა, ფანატიზმი „მორწმუნე“ ადამიანში გამოვლინდება თუ „ათეისტში“, მთავარი პრობლემა მისი რადიკალურობაა.

 

ფანატიზმის კვალდაკვალ, პირველი ნაბიჯი, ადამიანის თვითიდენტიფიკაციის უუნარობით იწყება. მისკენ მიდრეკილი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევა  და თვითგანვითარების არასწორ გზაზე დგას და ცდილობს ამგვარად შეივსოს ცხოვრების ის „ცარიელი“ ადგილი, რომელიც არ „გააჩნია.“ ფანატიზმის დროს ხშირად ხდება აპელირება ცოდნის აუცილებლობაზე (ცხადია, განათლება მნიშვნელოვანია) მაგრამ, რაც არ უნდა განათლებული იყოს ადამიანი, თუ კი ის, შინაგანად ებღაუჭება „დამამშვიდებელ საშუალებას“, შეუძლია დაუფიქრებლად გაწიროს თავი იმ მდგომარეობისთვის, რომელიც  „სისავსეს“ მოუტანს.  ამ მდგომარეობას შეესაბამება  ტერმინი „შერწყმა“, შერწყმა ვინმესთან ან რამესთან.  ფანატიკოსისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი რელიგიური იდეა  ან პოლიტიკური აზრი, რომელიც მას გამოკვებავს. მისი ამგვარი მდგომარეობა იმდენად არის მოცული სუბიექტური განცდებით და წარმოდგენებით, რომ ანალიტიკურ აზროვნებას მთლიანად შორდება. ამდენად, ადამიანს  შეიძლება ჰქონდეს მაღალი ინტელექტი (IQ), მაგრამ მას მუდმივად სტანჯავდეს „ნარცისული“ სწრაფვა აღიარებისაკენ. ასეთი პიროვნება, მუდამ თავგანწირულად უმტკიცებს საკუთარ  თავსა და სხვასაც იმას, რომ ის „კარგი ბიჭი“ ან „კარგი გოგოა“,  თანაც იმდენად, რომ ყველას სჯობს.

 

ამდენად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რამდენად შეუძლია პიროვნებას კერძო, სუბიექტური „ჩარჩოდან“ გამოსვლა და ზოგად ინტერესებამდე ამაღლება. ღირებულებითი საკითხი, ნებისმიერი ადამიანისათვის მკვეთრად ინდივიდუალურია. ყველას აქვს უფლება სჯეროდეს იმის, რისიც სჯერა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ ფანატიზმში მყოფი ადამიანი ნაკლებად კრიტიკულია იმ საკითხის მიმართ, რასაც იგი „აღმერთებს“. გაფანატებული ობიექტი მისთვის დამამშვიდებელი საშუალებაა. ფაქტობრივად, ფანატიზმი, როგორც ასეთი, ცალკე აღებული არ არსებობს, თუკი მას ადამიანის თვისებაში არ განვიხილავთ.

 

საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერებას კი ემოციური ინტელექტი განაპირობებს. ემოციური ინტელექტი ანუ EQ არის უნარი, რომელიც  გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, გადაწყვეტილებებსა და  მიღწევებზე. ეს არის შესაძლებლობა გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე, რას გრძნობ მოცემულ მომენტში, აკონტროლებდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებით. საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერება მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ადამიანების უმეტესობა, რომელთაც მაღალი თვითცნობიერების უნარი აქვთ, საქმის საუკეთესო შემსრულებლები არიან. ამდენად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, კარგად იცნობდე  საკუთარ თავს და ფასეულობებს,  მეორე მხრივ კი, მუდმივად ანვითარებდე შენს შინაგან სამყაროს.

 

ფაქტობრივად, ფანატიზმი პიროვნული კრიზისია, რომელიც ქმნის დაბნეულ და ქაოტურ მდგომარეობას და ვლინდება რადიკალიზმში. ამგვარი მდგომარეობა, როგორც ტრავმული გამოცდილებით, ისე კულტურალური,2 ღირებულებითი საკითხებით ყალიბდება. პიროვნების ჩამოყალიბებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას – გენეტიკა, გარემო, სადაც გავიზარდეთ და საბოლოოდ ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა მთელი შეგნებით და არა მექანიკურად. ყურადსაღებია განვითარების ტრავმა, რომელიც  აღზრდის პროცესში ვითარდება ტოქსიკური3 ან რესურსული4 ქცევებით და აზროვნების მოდელებით, როგორც კოდი ისე ილექება ადამიანის ქვეცნობიერში და გაუაზრებლად ბატონობს მასზე. თუმცაღა, აქვე აღვნიშნავ, რომ  ბავშვობა, რაც არ უნდა პრობლემატური იყოს, არ არის განაჩენი. მთავარი ისაა თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გააცნობიეროს საკუთარი აზროვნება და ქცევა. რომელი რომელს მართავს – ქცევა ადამიანს, რომელიც დეტერმინირებულია5 ბავშვობიდან  თუ პიროვნება თავად საზღვრავს საკუთარ ქცევას.

 

ფანატიზმის მომდევნო ნაბიჯი ღირებულებით აქცენტებს გვთავაზობს  და მორალური თუ უტილიტარული6 ვალდებულებებით არის შენიღბული და ადამიანის საყოველთაო კეთილდღეობით აპელირებს. თუმცა, რამდენად შეუძლია ადამიანს თუ ნებისმიერ საზოგადოებას იყოს ისეთი ჰუმანური, რომ არ გახდეს მიკერძოებული „საკუთარი სიმართლით“ და არ შეილახოს ვინმეს უფლება – ეს ცალკე მსჯელობას მოითხოვს. ეთიკური საკითხების  რაობა მუდმივად იყო ფილოსოფოსების განხილვის საგანი და ხშირად ამ საკითხის ანალიზი ანთროპოლოგიურ7 კონტექსტშიც გვხვდება. რუსი ფილოსოფოსი, ვლადიმერ სოლოვიოვი8 აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანს აქვს სწრაფვა ბედნიერებისაკენ, რაც ობიექტურ კეთილმსახურებასთან მუდმივ კონფრონტაციაშია. „სრულყოფილება, როგორც იდეა, ადამიანისთვის ისედაც ხელმისაწვდომია, მაგრამ მას არ ძალუძს მისი რეალიზება. სწორედ ამიტომ, ადამიანი, დამოკიდეებულია აბსოლუტურ სრულყოფილებაზე [...] ნამდვილი სიკეთე სინდისის ხმასა და ღმერთის ძიებაში უნდა ვეძებოთ“ – აღნიშნავს სოლოვიოვი.  (იხ. ვლადიმერ სოლოვიოვი – „სიკეთის გამართლება“).

 

ამდენად, ფანატიზმი სხვადასხვაგვარად ვლინდება, როგორც სეკულარულ,9 ისე რელიგიურ საზოგადოებაში, მაგრამ მისი მთავარი საფუძველი ადამიანის ქვეცნობიერშია. ცხოვრებისეული გამოცდილება (ისტორიული და ემოციური) განსაზღვრავს პიროვნების რეაქციას სამყაროზე. ადამიანი რეაგირებს ისე, როგორც მისმა ქვეცნობიერმა დაისწავლა და მისი შინაგანი განცდები და წარმოდგენები ქცევებსა და აზროვნებაზე იმდენად დიდ გავლენას ახდენს, რომ ხშირად მექანიკურად და გაუაზრებელად მიმდინარეობს ეს პროცესი. ამდენად თვითგანვითარება იწყება საკუთარი თავის შეცნობით. უპირველესად იმის გაცნობიერებაა საჭირო, რომ სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. ყველას თავისი სუსტი და ძლიერი მხარე აქვს. თუ კი ადამიანი ამის კვალდაკვალ განვითარდება, მაშინ ის შეძლებს იყოს ტოლერანტული და ჰუმანური, ხოლო სრულყოფილების და ყოვლადძლიერის ძიების საკითხს  რელიგიის სფეროს დაუტოვებს.

 

 

 

 

 

განმარტებები:

 

1.სუროგატი – ჩანაცვლება;

2.კულტურალური – ეთნიკური/ეროვნული;

3.ტოქსიკური – ყველა ის მოვლენა რაც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენზე;

4.რესურსული – ყველა ის მოვლენა რაც ხელშემწყობია ჩვენთვის;

5.დეტერმინირებული – განსაზღვრული;

6.უტილიტარული – თეორია რომელიც საერთო საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება;

7.ანთროპოლოგია – მოძღვრება ადამიანის შესახებ;

8.ვლადიმერ სოლოვიოვი – (დ. 28 იანვარი, 1853 – გ. 13 აგვისტო1900) – რუსი ფილოსოფოსი, პოეტი, ლიტერატურათმცოდე; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის XIX საუკუნის ბოლოს რუსული ფილოსოფიის განვითარებაში.

9.სეკულარიზაცია – (ლათ. secularum – საერო) აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც რელიგია კარგავს გავლენას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა უბანზე. სეკულარული – რელიგიისგან თავისუფალი.


კომენტარები