ელემენტარული  გაკვეთილები კარმაში

ელემენტარული გაკვეთილები კარმაში

ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ანი ბეზანტის წიგნიდან – „კარმა“.

 

მცირე რაოდენობის შეკითხვები შესაძლოა მოსწავლეს უფრო დიდ თავსატეხს უჩენდეს, ვიდრე კარმის შესახებ შეკითხვები, იმის მიუხედავად, ახალგაზრდაა ის თუ ასაკოვანი. რას ნიშნავს ეს? როდის დაიწყო? რამდენად გვზღუდავს ის ჩვენ? ჩვენ მისი ბატონები ვართ თუ მონები? მორჩილად უნდა ჩამოვუშვათ ხელების მის წინაშე თუ ენერგიულად ვებრძოლოთ? თუ დღევანდელი დღე დასაბამს გუშინდელი დღიდან იღებს, ხოლო გუშინდელი – გუშინწინდელიდან და ა.შ., სულ უფრო უკან და უკან, როგორ შეიძლება, რომ ცუდი ადამიანი ოდესმე კარგი გახდეს? რკინისებრი აუცილებლობით ხომ არ ვართ იძულებულნი, „უგონო და მართული პირუტყვი“ ხომ არ ვართ, რომელიც ვერასოდეს ვერ იქცევა გმირად იმის მიუხედავად, თუ რას ამბობენ პოეტები?


ჩვენ შეგვიძლია სასარგებლოდ დავხარჯოთ მცირედი დრო ამ და მსგავს შეკითხვებზე მსჯელობაში, რადგან აქ ისევე, როგორც ყველგან, „მცირე ცოდნა სახიფათო რამაა“. ძალიან ხშირად კარმა მახინჯი ბორკილია იმის ნაცვლად, რომ, როგორც ეს მას მართებს, ძალა, მეგზური და ძალმოსილება იყოს, რომელიც გონივრულად და სათანადოდ მოქმედების საშუალებას მოგვცემდა. ბუნების სხვა კანონების მსგავსად ის ბორკილს ადებს უმეცარს და ძალებს ანიჭებს მცოდნეს.


აი, ჩვენი პირველი ნაბიჯი: კარმა ბუნების კანონია. ჩვენ უფრო შორს წასვლა და იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ეს არის კანონი. ის ყველგან და ყოველთვისაა – ყველგანმყოფი და ყველგანშემღწევი. დასავლეთში მას სხვა სახელებს უწოდებენ, ეს სახელები სასარგებლოა, რადგან ისინი ყველა იმ ტრადიციითა და მსჯელობითაა გარემოცული, რომლებიც აღმოსავლეთში კარმის მნიშვნელობას აბუნდოვნებს. დასავლელი ფილოსოფოსი მას „მიზეზობრიობის კანონს“ უწოდებს. ის ყველა ხდომილებაში ორმაგ ფაქტს ხედავს – ერთდროულად მიზეზსა და შედეგს. ეს შედეგია, რადგან მას მიზეზი აქვს. მანამდე რაღაც მოხდა, რამაც ეს გამოიწვია. მაგრამ ეს მიზეზიცაა, რადგან ის ახალ ხდომილებას იწვევს, სხვა რაღაც გამომდინარეობს მისგან. ეს ისევეა, როგორც ის, რომ ადამიანი შვილი, მაგრამ ამასთანავე მამაცაა. მისი მამა თავისი მამის შვილი იყო, ხოლო მისი შვილი თავისი შვილის მამა იქნება. ასეა ეს მიზეზებთან და შედეგებთან მიმართებით. ყოველი მოვლენა ერთდროულად მიზეზიც არის და შედეგიც – წარსულის შედეგი და მომავლის მიზეზი. ეს თანმიმდევრობა, რომელსაც ვაკვირდებით, ეს უცვლელი მიმართება, განზოგადებულია ტერმინით, რომელსაც მიზეზობრიობის კანონი ეწოდება. ადამიანის გონება ამ კანონს ფუნდამენტურად მიიჩნევს და მასში ხედავს როგორც სტაბილურობისა და წესრიგის, ისე კაცობრიობის პროგრესის გარანტიას.


ჩვენ გამუდმებით, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ვიწვევთ შედეგებს. რაც უფრო უკეთ გვესმის ჩვენი ძალები და ბუნებრივი პირობები, მით უფრო მეტად შეგვიძლია სასურველი შედეგების მიღწევა და არასასურველებისთვის თავის არიდება.


დასავლელი მეცნიერი კარმას „მოქმედებისა და უკუქმედების კანონს“ უწოდებს და ისიც ფუნდამენტურ კანონად აღიქვამს მას. ის ამბობს: „მოქმედება და უკუქმედება ტოლი და საპირისპიროა“. თქვენ აწვებით საგანს. მისი წინააღმდეგობა არის უკუქმედება თქვენს მიწოლაზე. ელასტიკურ ბურთს დაფას ესვრით და უკან გიბრუნდებათ ძალით, რომელიც დარტყმის ძალის პროპორციულია. ის ბუნებაში ყველგან ამ კანონს პოულობს და მყარად ენდობა მას საგანთან თავის მანიპულაციებში.


ეს ორივე დასავლური ტერმინი შეიცავს სიტყვას „კანონი“. რა არის კანონი – ბუნების კანონი? ეს არის მტკიცება დაკვირვებადი და უცვლელი თანმიმდევრობის შესახებ. ის შეიძლება ფორმულის სახით ჩამოვაყალიბოთ: სადაც უნდა იყოს A და B, მათგან C გამომდინარეობს. შესაბამისად, ეს არის მტკიცება პირობებისა და იმ შედეგის შესახებ, რომელიც მათგან გამომდინარეობს. ეს არ არის ბრძანება, ის არ ამბობს: „გააკეთე ეს“ ან „არ გააკეთო ეს“, როგორც ადამიანთა კანონებში ხდება. ის არ ამბობს: „უნდა გქონდეს A და B და გექნება C“. ის უმალ ამბობს: „თუ C-ს მიღება გსურს, A და B უნდა გქონდეს; თუ არ გსურს C-ს მიღება, უნდა იზრუნო, რომ A და B არ გქონდეს; თუ A-სა და B-ს დააშორებ, C-ს ვერ მიიღებ“. ამგვარად, ბუნების კანონი სინამდვილეში არა მაიძულებელი, არამედ დამდგენი ძალაა. ის გაცნობთ პირობებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, აწარმოოთ ან თავიდან აირიდოთ კონკრეტული რამ, ხოლო სავალდებულოს მხოლოდ იმ საზრისით წარმოადგენს, რომ, თუ პირობებს შექმნით, შედეგსაც მიიღებთ. ამ გარდაუვალი თანმიმდევრობის გამო უცოდინარი ადამიანები უმწეონი არიან ბუნების კანონთა მარწუხებში. ისინი უგუნურად ქმნიან პირობებს, შედეგები ლივლივებს მათ გარშემო, გზას ურევს და ანადგურებს. ცოდნის შეძენასთან ერთად ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ მიერ წარმოებულ პირობებს და, ამგვარად, თავს ვარიდებთ არასასურველ შედეგებს.


ამბობენ, რომ ბუნების კანონი ურღვევია, რადგან შეუძლებელია მიზეზსა და შედეგს შორის მიმართების შეცვლა. სურვილის მიხედვით შეგვიძლია ბუნების კანონების უგულებელყოფა, მაგრამ კანონი გაგვტეხს, ჩვენ ვერ ვარღვევთ მას. თუ შენობის სახურავიდან ჩამოსრიალდებით და მძიმედ დაეცემით მიწაზე, თქვენ არ დაარღვევთ მიზიდულობის, ანუ გრავიტაციის, კანონს. უგულებელყოფთ მას, თქვენი დაცემა კი მის ჭეშმარიტებას ამტკიცებს. კარგად ცნობილი ფორმულა იძლევა სიჩქარეს, რომლითაც მიწაზე დაეცემით.


ამგვარად, პირველ შეკითხვას – „რა არის კარმა?“ – ჩვენ ნაწილობრივ ვუპასუხებთ შემდეგი მტკიცებით: კარმა არის ბუნების უნივერსალურად მოქმედი კანონი, რომელსაც დასავლეთში მიზეზობრიობის ანუ ქმედებისა და უკუქმედების კანონი ეწოდება.


დარჩენილი ნაწილი პასუხისა შეკითხვაზე, თუ „რა არის კარმა?“, მჭიდროდ უკავშირდება მეორე შეკითხვას, კერძოდ, „როდის დაიწყო კარმა?“ ბუნების ზოგადი კანონის შესახებ ვერ ვიტყვით, რომ მას დასაწყისი ან დასასრული აქვს. სადაც ადგილი აქვს გამოვლენას, სადაც არის რაიმე უნივერსუმი და რაიმე სამყარო, იქ ზოგადი კანონებიც მოქმედებს. ვერ ვიტყვით, რომ მატერიის ერთი მასის მიერ მეორის მიზიდულობა ოდესმე დაიწყო. სადაც მატერიის მასები არსებობს, იქ მიზიდულობაც მოქმედებს. ის ყველგან ვლინდება, სადაც მისი გამოვლენის პირობები არსებობს. ამიტომაც კარმა, როგორც ზოგადი კანონი, მარადიულად მიიჩნევა. ეს გამოვლენილი არსებობის მდგომარეობაა და სადაც არსებობა გამოვლენილია, იქ არის კიდეც კარმა.


ამდენად, შეკითხვა, „როდის დაიწყო კარმა?“ თვით კარმის ბუნების შესახებ მცდარ წარმოდგენაზე მიუთითებს. ეს არის მატერიაში არსებობის უწყვეტი მდგომარეობა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული და მარადიულია. თუკი შეკითხვას ფორმას შევუცვლით და ვიკითხავთ: „როდის დაიწყო კონკრეტული არსების კარმა?“, პასუხი იქნება: „იმ დროს, როდესაც ეს კონკრეტული არსება გამოვლინდა“. როდესაც დაუბადებელი და უკვდავი სული მატერიის სამოსს იღებს, ის გარემოებების ნაწილი ხდება და კარმის კანონებს ექვემდებარება. გარემოებების ნაწილად გახდომა იწყებს მის განსაკუთრებულ კარმას. თავდაპირველად ეს მინერალის კარმა იქნება, გარემომცველი ძალებისა და მატერიის მოქმედება მასზე და მისი უკუქმედება გარემომცველ სამყაროზე. ასეთი ქმედება და უკუქმედება ქსოვს მისი კარმის რგოლებს, ეს ჯაჭვი კი მას მცენარეული სამეფოს ერთ ან მეორე ტიპში ითრევს. იქ, რამდენადაც მისი უკუქმედება სულ უფრო რთული ხდება, მასზე მიბმული კარმაც რთულდება და საბოლოოდ ის რომელიმე ცხოველურ ტიპამდე გადაჰყავს. ცხოველთა სამეფოში მისი მზარდი მგრძნობელობა კარმულ მიზეზებზე იწყებს ზემოქმედებას და მის მიერ მიყენებული ტკივილი მასზე უკუქმედებს ტკივილის სახით. მაგრამ ტკივილის შეგრძნება მასში შეგრძნების ძალის განვითარებით ხდება. ეს კვლავ ქმედება და უკუქმედებაა, მაგრამ, თუ მინერალში მას გრძნობა არ ახლდა თან, ცხოველის შემთხვევაში გრძნობის შედეგი ტკივილი და სიამოვნებაა. კანონი იგივეა, ქმნილებაა სხვა და ამიტომ შედეგიც სხვაა მისთვის. გონების განვითარებასთან ერთად კარმულ ბადეს კიდევ ერთი მდგომარეობა ერთვება თან და მოქმედებას აზრთა სამყაროში ემატება მოქმედება მოქმედებებისა და გრძნობების სამყაროში, შესაბამისად კი, უკუქმედებას კიდევ ერთი მძლავრი ფაქტორი ემატება. მაგრამ უნდა გავიმეოროთ, რომ ქმედებისა და უკუქმედების კანონი ერთი და იმავე პრინციპით მოქმედებს.


თუკი შემსწავლელს გამუდმებით ემახსოვრება, რომ კარმა ქმედება და უკუქმედებაა და რომ ის ბუნების ყველა სიბრტყეში, ყველგან და ყოველთვის მოქმედებს და დამახასიათებელია საგანთა ბუნებისთვის, მისი მრავალი სირთულე მყისვე უჩინარდება. ის გაიგებს, რომ მისი კარმა მაშინ იწყება, როდესაც ის მატერიის სამყაროში ეშვება, რადგან ის შედის მდგომარეობაში, რომელშიც კარმა განუწყვეტლივ მოქმედებს, ხოლო უკუქმედება მის მიმართ ზუსტად უტოლდება მის მოქმედებას, შეიცავს რა მეტ ან ნაკლებ ფაქტორს იმის შესაბამისად, რაც თავად მისგან გამომდინარეობდა.


კიდევ ერთი რამ გახდება მისთვის ცხადი, კერძოდ, რომ უკუქმედებას იგივე ბუნება უნდა ჰქონდეს, რაც ქმედებას. ამგვარად, როდესაც ადამიანი კეთილი მოტივებიდან გამომდინარე მცდარ ქმედებას ჩაიდენს, მისი მოქმედება სამ სიბრტყეში განხორციელდება: ფიზიკურში, ასტრალურსა და მენტალურში. უკუქმედებაც სამ სიბრტყეში მოხდება. მენტალური უკუქმედება მის ხასიათზე აისახება, რომელიც მასზე სიკეთის ზემოქმედებით გაუმჯობესდება; ასტრალური უკუქმედება მას კეთილი სურვილების გამომჟღავნების სამომავლო შესაძლებლობას შეუქმნის. ერთიცა და მეორეც კარგი იქნება, მაგრამ მცდარი ქმედების უკუქმედება ფიზიკურ სიბრტყეში მისთვის უბედურებად იქცევა. ამგვარად, კანონი სრულყოფილი სიზუსტითა და ურღვევობით მოქმედებს, ხოლო უკუქმედება ყოველ ქმედებას უცვლელი თანმიმდევრობით მისდევს.


დაუშვებელია კარმულ კანონებში ჯილდოსა და სასჯელის შეხედულების შეტანა. ჩვენ გვაქვს შედეგები, მაგრამ არა ჯილდო და სასჯელი. ტკივილი არის ნებისმიერ სიბრტყეში მცდარი ქმედების შედეგი და ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ვინმე ტკივილს გვაყენებს სასჯელის სახით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ კანონის წინააღმდეგ გამოვედით და დაზიანებულნი ვართ მისი ურყევობით. სათნო აზრის ან გრძნობის შედეგი სათნოდ ყოფნის უნარის ზრდაა. ეს არ არის კეთილდღეობა ამ ან სხვა სამყაროში. თუ ტყუილს ვამბობთ, შედეგი სიცრუისკენ გაზრდილი მიდრეკილება და ჩვენი ხასიათის დაკნინებაა, ეს კი გარდაუვალი შედეგია, რაზედაც არანაირ გავლენას არ ახდენს გარშემომყოფების მიერ ჩვენი სიცრუის აღმოჩენა ან სხვა რამ. მათში ნდობის ნაკლებობა მათ მიერ ჩვენი ტყუილის გამოაშკარავებაზე უკუქმედებაა. სიცრუისკენ ჩვენს გაზრდილ მიდრეკილებაზე უკუქმედება ამ მეორეულ შედეგზე დამოკიდებული არ არის.


„რამდენად გვზღუდავს კარმის კანონი?“ აი, შეკითხვა, რომელიც ახლა უნდა განვიხილოთ, ის კი შემდეგ ორ ნაწილად იყოფა: 1) ბუნების კანონთა შემზღუდავი მოქმედება, რომელთაგან ერთ-ერთს კარმა წარმოადგენს; 2) კონკრეტული კარმის შემზღუდავი მოქმედება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა წარსულში შექმნა.


1. ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ბუნების კანონი პირობათა თანმიმდევრობას წარმოადგენს, ხოლო ის პირობები, რომლებშიც ვიმყოფებით, განსაზღვრულ შეზღუდვებს გვიწესებს. მაგალითად, ჩვეულებრივ პირობებში ადამიანს არ შეუძლია ფრენა, ხოლო, თუ ის ჰაერში გადაადგილებას გადაწყვეტს, ამისთვის სპეციალური აპარატი დასჭირდება, რომლის მეშვეობითაც ჰაერში აზიდვასა და მოძრაობას შეძლებს. რაც უფრო მეტი ვიცით ჩვენ გარშემო არსებული ძალების შესახებ, მით უფრო დიდია მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, რადგან ერთის მეორისადმი დაბალანსებას შევძლებთ, გავანეიტრალებთ რა ისეთებს, რომლებიც ჩვენთვის სასურველ კურსს უპირისპირდება. თუკი კოშკიდან მიწაზე დაშვებას მისი წვერიდან გადმოხტომით ვისურვებთ, პირობები ჩვენი ძვლების მსხვრევას გამოიწვევს, თუ უბრალოდ, ჰაერში ავხტებით. მაგრამ, თუ საკუთარ თავს საკმარისი ზომის პარაშუტით აღვჭურვავთ, შევძლებთ, უსაფრთხოდ ავიზიდოთ ჰაერში და თანდათანობით მიწაზე დავეშვათ. რასაკვირველია, ატმოსფეროს ვერ გავცდებით, რადგან იმაზე გაცილებით ადრე, სანამ მის ზედა სფეროებს მივაღწევთ, აღმოვაჩენთ, რომ ჰაერი სასუნთქად საკმაოდ გაიშვიათებულია. ეს შემზღუდავი პირობაა. მაგრამ, მეორე მხრივ, შეგვიძლია ამ შეზღუდვის გადალახვა, თუ თან ვიქონიებთ სასუნთქი ჰაერის მარაგს. ბუნებრივი პირობების შემზღუდავი ძალის გადალახვა მნიშვნელოვანწილად ცოდნის საშუალებით შეიძლება და, რაც უფრო მეტი ვიცით, მით უფრო თავისუფლად ვმოქმედებთ. ზუსტად იგივეა მართებული იმ უნივერსალურ პირობებთან მიმართებით, რომლებსაც კარმა ეწოდება. ჩვენ ამ პირობებით ისევე, როგორც ბუნების სხვა პირობებით, შეზღუდული ვართ, მაგრამ მათი ნეიტრალიზება ან გადალახვა მნიშვნელოვანწილად ცოდნის საშუალებით შეგვიძლია. სწორედ აქედან გამომდინარეობს კარმის ზოგადი კანონების შესწავლისა და გაგების უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ჩვენი თავისუფლება ჩვენი ცოდნის პროპორციულია.


2. კიდევ უფრო არსებითი და უშუალო მნიშვნელობა აქვს იმ კონკრეტული კარმის შემზღუდავ მოქმედებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს შექმნილი წარსულში, ამის გაგება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისა და ქცევის კონტროლისთვის. გაგების მიღწევის საუკეთესო გზაა კარმის მოქმედების შესწავლა ხასიათის, შესაძლებლობებისა და გარემოებების სამი ხაზის მიხედვით, რომლებსაც ცნობიერების სამი ასპექტი ქმნის: აზრი, სურვილი და მოქმედება. სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, რომლებმაც საკუთარი აზრით, სურვილითა და მოქმედებით შევქმენით ეს კარმა წარსულში, იგივე მოაზროვნე, მოსურნე და მოქმედი ცნობიერება ვართ აწმყოში. ადამიანები მეტისმეტად ბევრს ფიქრობენ კარმაზე, როგორც უკუქმედებაზე, და საკმარისად არ მსჯელობენ თავიანთ მოქმედებაზე კარმის პირობების მიმართ. ჩვენ წარსულის აზრების შედეგებს ახლანდელი აზრებით ვცვლით, წარსულის სურვილებს – ამჟამინდელი სურვილებით, წარსულის ქმედებებს – ახლანდელი მოქმედებებით. კარმა უსიცოცხლო კედელზე კი არ მოქმედებს, არამედ ცოცხალ ცნობიერებაზე, რომელიც უკუქმედებს კარმაზე და ცვლის მას ამ უკანასკნელით. ჩანს კარმის პასიური გამძლეობა და არა აქტიური ზემოქმედება მასზე. შესაბამისად, იზიარებენ ცალმხრივ და არაადეკვატურ შეხედულებას და ადამიანი პარალიზებულია მაშინ, როდესაც ენერგიით უნდა იმუხტებოდეს.


თითოეული ზემოაღნიშნული სტრიქონის გამოკვლევა საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, თუ როგორ გვზღუდავს კარმა.


„აზრი ქმნის ხასიათს“ – ასეთია ცნობილი და მართებული მტკიცება. „რასაც ადამიანი ფიქრობს, იმად იქცევა“. ხასიათი, რომელიც წინა სიცოცხლეების აზრებით ჩამოყალიბდა, ჩვენთან ერთად ამ სიცოცხლეში იბადება. ამას ვერ გავექცევით, ეს კი აშკარა შეზღუდვაა. მოდი, ვთქვათ, რომ მწირი გონებრივი შესაძლებლობებით ვიბადებით, ეს კი ჩვენ მიერ ცოდნის შეძენის უნარს ზღუდავს და, შედეგად, იძულებულნი ვართ, ორი ან სამი საათი დავუთმოთ იმ გაკვეთილის შეთვისებას, რომელზედაც ჩვენი მეზობელი ათ წუთს ხარჯავს. შეზღუდვა ფაქტია, რომელიც უდავოდ არსებობს. რა უნდა მოვუხერხოთ მას? ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ვეთანხმებით ამ ფაქტს. ეს ჩვენი კარმაა. მაგრამ, თუ ჩვენთვის ცნობილია კანონი, მყისიერად დავიწყებთ ჩვენი უნარების სრულად გამოყენებას, როგორიც უნდა იყოს ისინი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროთა განმავლობაში შევავსოთ ძალების დეფიციტი. თანდათანობით საზღვრები გადაიწევს. აზრი თავის შემოქმედებით ძალას ამჟღავნებს, ჩვენი უნარები კი დაძაბული სრულყოფის შედეგად უმჯობესდება. წარსულში ჩვენი მწირი აზროვნების მიერ გამოწვეული შეზღუდვის მიღების შემდეგ უკეთესი აზროვნების გზით ბეჯითად ვმუშაობთ ამ საზღვრების გაფართოებაზე და, შესაბამისად, თანდათანობით გაუმჯობესებულ მენტალურ აღჭურვილობას ვქმნით მომავალში გამოსაყენებლად. ან შესაძლოა, გაღიზიანებული ხასიათით გავჩნდით და საკუთარი თავისთვის სასიამოვნო ხასიათის მქონე მეზობლის დაპირისპირების შემდეგ მწვავედ ვაცნობიერებთ საკუთარ არასრულყოფილებას. ჩვენ კვლავ კარმულ შეზღუდვას განვიცდით. მაგრამ ისევ უარს ვამბობთ მასში პასიურად დარჩენაზე. განსაზღვრულად ვფიქრობთ მოთმინების შესახებ, სანამ, საბოლოოდ, მას უნარის სახით არ ვაყალიბებთ და ჩვენს ჩვეულ თვითგამოხატულებად არ იქცევა. კარმამ შესაძლოა წარსულისთვის საფასური მოგვიზღოს შეზღუდვების სახით, მაგრამ მათი საშუალებით ჩვენი შეკავება არ შეუძლია, თუკი გაბედულად გადავწყვეტთ მათ გადალახვას. ჩვენ ამ შეზღუდვებში უნდა დავიწყოთ, მაგრამ მათი შეცვლა სწორედ იმ ძალით შეგვიძლია, რომელმაც ისინი შექმნა. 


„სურვილი ქმნის შესაძლებლობას“ – ასეთია მეორე ცნობილი კანონი. ჩვენ შესაძლოა გონიერები ვიყოთ, მაგრამ არ გვქონდეს უნარების გამომჟღავნების შესაძლებლობა; ან შესაძლოა, მივმართოთ ძალისხმევას, რომელიც წარუმატებელი იქნება „უიღბლობის“ და არა არასწორად შესრულებული სამუშაოს გამო. ცხადია, რომ ჩვენ აქ შეზღუდვები გვაქვს დაწესებული. კარმა ბათილად აქცევს ჩვენს ძალისხმევას და შეზღუდვას კვლავ ბეჯითი და შეუპოვარი ძალისხმევით უნდა დავხვდეთ. ჩვენი ძალისხმევა ძლიერი სურვილით უნდა გავამყაროთ და ვისწრაფოთ წარმატებისკენ, რომელიც ხელიდან გვისხლტება. თანდათანობით ჩვენ შევქმნით შესაძლებლობებს და დავიმორჩილებთ ბედისწერას, ხოლო შეზღუდვები გაფართოვდება, დაბრკოლებები კი გაქრება.


მესამე კანონი იმაში მდგომარეობს, რომ „მოქმედება ქმნის გარემოებებს“. ყველაზე რთული ისეთი შეზღუდვებია, რომლებიც გარემოებების მიერ არის დაწესებული, მაგრამ თანდათანობით მათი შეცვლაც შეიძლება. ამის მისაღწევად საუკეთესო გზა მათი სიხარულითა და გაბედულად მიღებაა, მოვერგებით რა იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ჯერჯერობით თავს ვერ დავაღწევთ, თუმცა მათზე განუხრელ წნეხს შევინარჩუნებთ, რომელიც თანდათანობით გარდაქმნის მათ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გარშემომყოფთა ბედნიერების ზრდა უნდა ვცადოთ და ამავდროულად ნაკლები ვიფიქროთ საკუთარ თავზე, რადგან წარსულის ეგოიზმი ქმნის ამჟამინდელ უბედობას, ხოლო მიზეზის შეცვლა შედეგის შეცვლასაც გამოიწვევს. აწმყოს ბოროტებაში ვთესავთ მომავალი სიკეთის მარცვალს, ხოლო წარსულის მიერ შექმნილ შეზღუდვებში მომავლის თავისუფლებას ვქმნით.


ახლა კი უნდა განვიხილოთ საკითხი, თუ რა მიმართება აქვს ამ შეკითხვასთან ბჰიშმას1 ცნობილ ფრაზას: „ძალისხმევა ბედისწერაზე ძლიერია“.


წარსულის ძალისხმევა აწმყოს ბედისწერას ქმნის, დღევანდელი ბედისწერა კი შეიძლება ახალი ძალისხმევით შეიცვალოს. ასეთი ცვლილებების კვლევა დაასრულებს პასუხს ჩვენს შეკითხვაზე: „რამდენად გვზღუდავს კარმის კანონი?“


ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ „აზრი ქმნის ხასიათს“. საკუთარ ხასიათს ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ სიმართლეს, გამბედაობასა და სიმშვიდეს მოვისაკლისებთ. როგორ უნდა შევავსოთ ეს ნაკლი, როდესაც ჩვენი კარმაა, ვიყოთ არამართალი, მტყუანი, მხდალი და გაღიზიანებული? აზრია ინსტრუმენტი იმის შესაქმნელად, რასაც მოვისაკლისებთ. ყოველ დილას ხუთი წუთის განმავლობაში ჩვენ უნდა დავსხდეთ და ჭეშმარიტების შესახებ ვიფიქროთ, უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს: „ჭეშმარიტება ბრაჰმანია. ყველაფერი ჭეშმარიტებას ეფუძნება. ჩემს საკუთარ მე-ში მე ვარ ჭეშმარიტება, რადგან ღვთიური ვარ. ჩემი გონება და ჩემი სხეული ჩემს რეალურ მე-ს უნდა ავლენდეს. დღეს მე მართებულად და ზუსტად ვიფიქრებ. არაფერს არ ვიტყვი ისეთს, რაც სიმართლე არ იქნება. არაფერს არ გავაკეთებ ისეთს, რაც ყალბ შთაბეჭდილებას მოახდენს. ო, შენ, რომელიც ხარ ჭეშმარიტება და ხარ მე, განათდი ჩემში ვითარცა ჭეშმარიტება და დამეხმარე, ვიყო ჭეშმარიტება“. შემდეგ, დღის განმავლობაში, ჩვენ ვცდილობთ, რომ ფხიზლად ვიყოთ, რომ არ ვიფიქროთ, არ ვისაუბროთ და არ ვიმოქმედოთ არამართებულად.


თუ რაიმეს გადავაჭარბებთ, ჩვენ დილის აზრი გაგვახსენდება და მყისვე ვიგრძნობთ, რომ მართლები არ ვართ. ასეთ შემთხვევაში შეგნებულად და ღიად უნდა შევასწოროთ მცდარი განცხადება და, თუმცა შესაძლოა, რომ მცირედი სირცხვილი ვიგრძნოთ ამის გამო, ეს უფრო მეტ სიფრთხილეს მოგვანიჭებს შემდეგ ჯერზე. ასე უნდა განვაგრძოთ დღიდან დღემდე და კვირიდან კვირამდე, სანამ აზროვნებაში, სიტყვასა და საქმეში სიმართლის ჩვევას არ ჩამოვაყალიბებთ და არ მივხვდებით, რომ ჩვენდა საამოდ  ინსტინქტურად მართლები ვართ, ხოლო ნაკლოვანება აღმოფხვრილია და ჭეშმარიტების სათნოება ჩვენ გვეკუთვნის.


შემდეგ ისევ თავიდან ვიწყებთ და ახლა გამბედაობის შეძენას ვცდილობთ. ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ დილით და მთელი დღის განმავლობაში ვვარჯიშობთ. როდესაც გაუბედაობას ვგრძნობთ, საკუთარ თავს ვეუბნებით: „ბრაჰმანი უშიშარია, ჩემი მე უშიშარია. ჩემი გონება და სხეული გაბედული უნდა იყოს“. ჩვენ ვკითხულობთ მამაცი ადამიანების შესახებ და სიმამაცის სათნოებაზე ვჩერდებით. თუკი ვხედავთ, რომ ბავშვს ან ცხოველს ცუდად ეპყრობიან, გზიდან არ გადავდივართ და არ ვამბობთ: „ეს ჩემი საქმე არ არის“. ჩვენ გაბედულად ვუახლოვდებით და თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ მივმართავთ სასტიკ ადამიანს და ვცდილობთ, დავიცვათ უმწეო არსება, რომელსაც ის ცუდად ეპყრობა. მცირე ხნის შემდეგ დავინახავთ, რომ გაუბედაობა გაქრა და ჩვენ მამაცები გავხდით.


შემდეგ კიდევ ერთხელ ვიწყებთ, ახლა – გაღიზიანებადობის ჩანაცვლებას სიმშვიდით. ჩვენ ყოველ დილას ვფიქრობთ სიმშვიდის შესახებ და დღის განმავლობაში ვვარჯიშობთ. თუ ადამიანი უხეშად გველაპარაკება და ჩვენი გაღიზიანებული ხასიათი აფეთქების წერტილს აღწევს, საკუთარ თავს ვაიძულებთ, დუმილი შევინარჩუნოთ და არ შევეპასუხოთ. როდესაც ამის გაკეთებას ძალისხმევის გარეშე შევძლებთ, ჩვენ რბილად პასუხს ვისწავლით, რათა სხვების აღელვებული გრძნობები დავაცხროთ, ვიდრე ნებისმიერი წყენის გადატანას მოუთმენლობის ან გაღიზიანების გარეშე არ შევიმეცნებთ.


დილით ფიქრის კიდევ ერთი კარგი გზაა საკუთარი თავის წარმოდგენა, თითქოს უკიდურესად მართლები, სრულყოფილად გაბედულები და მშვიდები ვიყოთ. წარმოსახვა ქმნის, ჩვენ კი იმ სათნოების მოდელად ვიქცევით, რომელიც წარმოვისახეთ. ვფიქრობთ საკუთარ თავზე, როგორც „სრულყოფილ რაინდზე“, რომელიც მართალი, გაბედული და მშვიდია, და ვიქცევით იმად, რასაც ვფიქრობთ. აზრის კანონის გამოყენებით ახალ კარმას ვქმნით და ჩვენს კარმად იქცევა ის, რომ ვიყოთ მართლები, გაბედულები და მშვიდები. ამას ჩვენი ხასიათის სახით ვაყალიბებთ და, როდესაც შემდეგ ჯერზე მოვევლინებით დედამიწას, სწორედ ასეთი ხასიათი გვექნება. კარმამ შესაძლოა გვაიძულოს, რომ სამყაროში ისეთი ბუნებით მოვიდეთ, რომელიც არამართალი, მხდალი და გაღიზიანებულია, მაგრამ ის ვერ გვაიძულებს ასეთი ბუნების შენარჩუნებას. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, რასაც მოვისურვებთ, და კარმა მოგვანიჭებს მართალ, გაბედულ და მშვიდ ბუნებას, თუ იმ მიზეზებს ავამოქმედებთ, რომლებმაც ის წარმოშვა. კარმა მხოლოდ შედეგია და ისევე, როგორც ერთი თვისება კონკრეტული მიზეზების გარდაუვალი შედეგია, მეორე თვისებაც ზუსტად ასეთივე გარდაუვალი შედეგია, თუ გადავწყვეტთ და შესაბამის მიზეზებს ავამოქმედებთ.


ჩვენ ვიხილეთ, რომ „სურვილი ქმნის შესაძლებლობას“. გულმოდგინედ და მშვიდად ვფიქრობთ იმ საგნების შესახებ, რომლებიც რეალურად სასარგებლო იქნება ჩვენთვის და მეტად მუდმივს ვირჩევთ ნაკლებად მუდმივთან შედარებით, ვირჩევთ ინტელექტუალურსა და ემოციურს – ფიზიკურთან შედარებით. შემდეგ შეგნებულად ვცდილობთ, ყველაზე სასურველი საგნები ვისურვოთ. ისინი განუხრელად და შეუპოვრად გვსურს, ვაკვირდებით შესაძლებლობებს, რომლებსაც სურვილი ქმნის ჩვენთვის და ვიყენებთ მათ, როგორც კი ისინი გამოჩნდება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კანონი შეუქცევლად მოქმედებს და გარდაუვლად ჩაგვივარდება ხელში ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გაბედულად შევქმენით და ის სასურველ ობიექტს მოგვიტანს. თუ არასწორი არჩევანი იქნება გაკეთებული, ის დაკმაყოფილების ნაცვლად იმედგაცრუებას მოგვიტანს, სიხარულის ნაცვლად კი – ნაღველს. ბუნება იხდის შედეგებისთვის, ინდიფერენტულია მათი ბუნებისადმი და მხოლოდ ჩვენი ასარჩევია, რა გვსურს. აქედან იღებს სათავეს გაფრთხილება: „თვალი ადევნე, როგორ ლოცულობ“.


ასევე ვიხილეთ, რომ „მოქმედება ქმნის ვითარებებს“ და ჩვენ ჩვენივე შექმნილ საწოლებზე ვწევართ. ჩვენს ხასიათსა და ვითარებებს შორის მიმართების საგულდაგულო გათვალისწინება გვასწავლის იმას, თუ როგორ შეგვიძლია იმ გარემოს საუკეთესოდ გამოყენება, რომელსაც თავს ვერ დავაღწევთ. თუმცა გულმოდგინედ ვცდილობთ ჩვენ გარშემო ბედნიერების გავრცელებას, პირობების გამოყენებაც გვმართებს იმ თვისებების გასავითარებლად, რომლებსაც მოვისაკლისებთ. ცუდი ჯანმრთელობისგან ხალისიანობისა და მოთმინების ნაყოფის მოწყვეტა შეგვიძლია; სახლზე ზრუნვით ვსწავლობთ სინაზეს და ვიძენთ ხელმძღვანელ უნარებს; ყოველდღიური მძიმე სამუშაო გაძლებას გვასწავლის; მღელვარებიდან მხნეობისა და უშფოთველობის განვითარება შეგვიძლია. ის, ვინც კარმას იცნობს, ყველაფრიდან სარგებელს იღებს და გაწაფული მუშაკის მსგავსად აშენებს თავის მომავალს. კარმაა ჩვენი განმაპირობებელი, მაგრამ მას ჩვენ ვქმნით, ხოლო კონტროლი ჩვენი ცოდნის პროპორციულია.


დარჩენილი შეკითხვების მცირე ჯგუფს მართლაც ეძლევა არსებითი პასუხი იმით, რაც ითქვა, მაგრამ ზოგიერთი დეტალი კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ. „ჩვენ კარმის მოახლეები ვართ თუ ბატონები? მორჩილად უნდა ჩამოვუშვათ ხელები მის წინაშე თუ ენერგიულად ვებრძოლოთ? თუ დღევანდელი დღე დასაბამს გუშინდელიდან იღებს, ხოლო გუშინდელი – გუშინწინდელიდან და ა.შ., სულ უფრო უკან და უკან, როგორ შეიძლება, რომ ცუდი ადამიანი ოდესმე კარგი გახდეს? რკინისებრი აუცილებლობით ხომ არ ვართ იძულებულნი?“


შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ამ ჯგუფის პირველ შეკითხვას უკვე გაეცა პასუხი: ჩვენ ნაწილობრივ მოახლეები ვართ და ნაწილობრივ – ბატონები, მოახლეები იმდენად, რამდენადაც ჩვენში უმეცრებაა შენარჩუნებული, ხოლო ბატონები – მთელი იმ ძალით, რომელსაც ცოდნით ვიძენთ. ამის მიუხედავად, მეორე შეკითხვა მნიშვნელოვან მომენტს უსვამს ხაზს. დავუშვათ, რომ აღმატებული ძალის ტყვეობაში ვიმყოფებით და მის წინააღმდეგ ნებისმიერი ბრძოლა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ასეთ შემთხვევაში ექნება რაიმე აზრი ბრძოლას? – ექნება, როგორც ამას მცირედი დაფიქრება გვიჩვენებს. განვიხილოთ ისეთი ცუდი ფიზიკური ჩვევა, რომელიც წარსულიდან არის გამოყოლილი, მაგალითად, ლოთობა ან ავხორცობა. ადამიანი, რომლისთვისაც კარმა უცხოა, იტყვის: „არაფერი არ გამომივა“, ბრძოლის გარეშე დანებდება და, ამგვარად, კიდევ ერთ ძაფს დაამატებს თავისი შემკრავი მანკიერების თოკს და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გაამაგრებს მას. ადამიანი, რომელმაც იცის კარმა, იტყვის: „შესაძლოა, მე არაფერი არ გამომივიდეს, მაგრამ მანამდე ვიბრძოლებ ამასთან, სანამ შევძლებ, თუნდაც საბოლოოდ დანებება მომიწიოს“. ის გაბედულ ბრძოლას უცხადებს თავის მტერს. როდესაც საბოლოოდ წააგებს ბრძოლას წარსულიდან გამოყოლილ აღმატებულ ძალასთან, ის კვლავ მანკიერებაში ჩაეშვება, მაგრამ მისმა კეთილშობილმა ბრძოლამ ბოროტი კარმის თოკის მრავალი ძაფი უკვე გადაჭრა და შემდეგ, როდესაც მტერი მას კვლავ დაესხმება თავს, თოკი მას ნაკლებად შეაკავებს და ის უკეთესად ბრძოლას შეძლებს, სანამ – იმის მიუხედავად, რომ ეს მრავალი ბრძოლისა და მარცხის შემდეგ მოხდება – თოკი გაწყდება, მას ხელ-ფეხი აეხსნება და ის მოკლავს თავის დამმონებელს. ადამიანი მანკიერებას ბოროტი სურვილით, აზრითა და მოქმედებით ქმნის, მაგრამ შემოქმედი შეიძლება გამანადგურებლადაც იქცეს – კეთილი სურვილით, აზრითა და მოქმედებით. თითო ძაფით იხვევა კარმა და, შესაბამისად, თითო-თითო ძაფით უნდა გაიხსნას. ადამიანი თვითონ არის თავისი ბედისწერის შემოქმედი, „მას სხვა არავინ არ აიძულებს“. ყველას, ვისაც მიგაჩნიათ, რომ თქვენი წარსული აწმყოსთან არის დაკავშირებული და მიბმულია მასზე, გაბედულად და უშიშრად გამოიყენეთ მთელი თქვენი ძალები და თქვენ აუცილებლად გაითავისუფლებთ თავებს და ბატონებივით დადგებით იქ, სადაც ახლა მონებივით დახოხავთ. კანონი კანონია და იმავე კანონით, რომლის შესაბამისადაც ჩვენ საკუთარ თავს ვბორკავთ, ახლა უდავოდ გავთავისუფლდებით. კანონი არ იცვლება, ხოლო ის, რაც უმეცრებით შევქმენით, ახლა ცოდნით უნდა გავაუქმოთ და ამ დროს ვერავინ ვერ გვეტყვის „არა“-ს.


ამ ჯგუფის მესამე შეკითხვა ხშირად აწუხებს ხოლმე შემსწავლელის გონებას: ხომ არ მოხდება ისე, რომ მანკიერი ადამიანი, რომელიც მანკიერად სიცოცხლეს განაგრძობს, შემდგომ სიცოცხლეში უფრო მანკიერი იქნება, შემდეგ – კიდევ უფრო და ა.შ.? აქ კონკრეტული და საპირისპიროდ მოქმედი ძალები უნდა გავითვალისწინოთ. უპირველეს ყოვლისა, მანკიერებას მოჰყვება უბედურება – ნაწილობრივ ამ სამყაროში, მაგრამ უმეტესწილად – შემდგომში. ლოთსა და ავხორცს გაბერილი და უხეში სხეული უყალიბდება აწეწილი ნერვებითა და განადგურებული ჯანმრთელობით. ხშირად გვსმენია, როგორ ნანობს ადამიანი თავის განუსჯელ საქციელს და აცხადებს, სიცოცხლის ხელახლა გავლა რომ შემძლებოდა, ამას სხვანაირად გავაკეთებდიო. ჩვენი თვითნებობის მიუხედავად, გამოცდილება გვასწავლის, კანონის უგულებელყოფა კი ბოროტების ჩამდენს ზიანს აყენებს. ტანჯვა სიკვდილის მეორე მხარეს უფრო ინტენსიური ხდება, რადგან ბოროტი სურვილის მორიელი თავის აღმზრდელს ჰკბენს და ადამიანი იძულებული ხდება, აღიაროს, რომ ის კანონის სამყაროში ცხოვრობს, სადაც მას შეუძლია დაბრკოლებებთან შეჯახება, მაგრამ მათი დანგრევა არ ძალუძს. როდესაც ის შუალედური სამყაროდან ზეციურში გადადის, სიკეთის ყოველი მარცვალი, რომელიც მასშია, ყვავილად იქცევა. ყველაფერი, რაც წმინდა და სიყვარულით აღსავსეა მასში, იზრდება და ვითარდება: ზეციური სიცოცხლის დასრულების შემდეგ მისი კარგი ნაწილი ძლიერდება, უნარები კი უმჯობესდება. დედამიწაზე დაბრუნებისას მას იმ ბოროტებისთვის თავის არიდების სამწუხარო გამოცდილების შედეგებიც მოაქვს თან, რომლითაც ადრე ტკბებოდა. გადატანილი ტანჯვის შესახებ მოგონება, რომელიც სულში გამოიბრძმედა, იმ ბოროტებისთვის თავის არიდების მიზეზად იქცა რომელმაც ის გამოიწვია და ამგვარად, კანონის მოქმედებით, კონკრეტული მანკიერებისადმი ადამიანის მიდგომა იცვლება. და, კვლავ კაცობრიობა, როგორც მთლიანი, ნელა მიდის წინ ევოლუციის დიდ ნაკადში და ბოროტების ჩამდენიც თან მიჰყავს, თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება საკუთარ პროგრესს თვით უძრაობამდეც კი აფერხებდეს. მაგრამ მთლიანისადმი ნაწილის შეგნებული დაპირისპირება და ინდივიდუალური ნების უნივერსალურისადმი კადნიერი დაპირისპირება უთანხმოებას იწვევს, რასაც გადაულახავი ტკივილი ახლავს თან და რაც საბოლოოდ ამ ტკივილის ძლიერი იძულების წყალობით წყდება. სხვა სიტყვებით, ბოროტების ჩამდენი კითხულობს წიგნს, ისმენს კამათს, ხვდება ადამიანს, რომელიც მასში იმ მიმართულების უგუნურების ცნობიერებას აღვივებს, რომელსაც ის მიუყვება, თვალს უხელს ტანჯვაზე, რომელსაც ის საკუთარ თავს აყენებს, მის ინტელექტსა და ნებას კი ცვლილების ძალისხმევად აქცევს. ან მათი მხრიდან დაწუნება, ვინც მას უყვარს და ვისაც პატივს სცემს, და ათვალწუნების ნაცვლად კეთილგანწყობის მოპოვების სურვილი მასზე მოქმედებს, როგორც ბოროტების შეწყვეტისა და სიკეთის კეთების მიზეზი. ასეც შეიძლება ითქვას, რომ მისი საკუთარი განვითარების ფაქტი, მასში ღვთიური სულის თუნდაც თანდათანობითი გახსნა, რაც მის უღრმეს თვითობას წარმოადგენს, გარდაუვალად აჩქარებს კეთილისკენ თანდაყოლილ მიდრეკილებას და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას იწვევს. ადამიანი ზემოთ მიისწრაფვის და არა ქვემოთ, მხოლოდ საკუთარ ბუნებაზე ძალადობით რჩება ის ტალახში იმის ნაცვლად, რომ მზისკენ მიმართული სახით იაროს.


„რკინისებრი აუცილებლობით ხომ არ ვართ იძულებულნი?“ არსებობს ერთადერთი აუცილებლობა, რომელიც სამყაროს კრავს – მისი შემოქმედის სიყვარულით აღსავსე ნება, რომელიც ამ სამყაროს სრულყოფისა და ნეტარებისკენ მიისწრაფის. რადგან თვით ღმერთის სიცოცხლე არის სიცოცხლე მის სამყაროებში, სიცოცხლეს აჰყავს ისინი სილამაზის, სიკეთისა და ბედნიერების უფრო სრულ გამოხატულებამდე. ამ ნების არსი განვითარებაა და ადრე თუ გვიან ისევე, როგორც დამაგნიტებული ნემსი მიაღწევს პოლუსს, ადამიანის ნებაც უნდა მიუახლოვდეს ღვთიურს, რის ნაწილსაც წარმოადგენს ის სინამდვილეში. ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის, საიდანაც მოდის კიდეც შფოთვა და ტკივილი. როდესაც ის თავის მარადიულ ბედნიერებას დაინახავს, არსს და არა ჩრდილს, სწორედ მაშინ გახდება ის ერთი საკუთარ თავთან, ღმერთთან და მშვიდობაში შეაბიჯებს.

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები:

 

1. ბჰიშმა – ასევე ცნობილი, როგორც პიტამაჰა, განგაპუტრა და დევავრატა, არის ინდური ეპოსის „მაჰაბჰარატას“ პერსონაჟი. ბჰიშმა არის კურუს მეფის შანტანუსა და მდინარის ქალღმერთის განგის მერვე ვაჟი. ის არის კაურავას ძალების მთავარსარდალი კურუკშეტრას ბრძოლის დროს – მთარგმნელი.

 

 


კომენტარები