მისტიკოსი

მისტიკოსი

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი სიორენ კირკეგორის წიგნიდან – „ან/ან: ნაწყვეტი ცხოვრებიდან (ნაწილი მეორე)“.

 

მსგავსად იმისა, თუ როგორ სწყურიათ შეყვარებულებს სააქაო ცხოვრებაში იმ მომენტის დადგომა, როცა ერთმანეთისთვის სიყვარულის სუნთქვით გაზიარებას შეძლებენ, თავიანთ სულებს ნებას მისცემენ, რომ ერთურთს ჩურჩულში შეერწყან, ასე ელის მისტიკოსი თავის მომენტსაც, როცა შეძლებს და ღვთის არსებობაში ჩუმად შეიპარება. როგორც შეყვარებულები იღებენ ამ ჩურჩულით უდიდეს ნეტარებას, როცა რეალურად ერთმანეთისთვის სათქმელი აღარაფერი აქვთ, მისტიკოსიც მით უფრო დალოცვილად გრძნობს თავს, მისი სიყვარულიც მით უფრო ბედნიერია; რაც უფრო ნაკლები შინაარსი აქვს ლოცვას, მისტიკოსიც უფრო მზადაა, რომ კვნესაში ამოხდეს სული.

 

ალბათ, ნაკლებად ჩამეთვლება გადახვევაში, თუ უფრო ნათლად გავუსვამ ხაზს ასეთი ცხოვრების სიცრუეს, მით უმეტეს, რომ ნებისმიერი სიღრმის მქონე ადამიანი თავს მუდამ საფრთხეში იგდებს, რომ ხსენებულმა მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოს. თავად შენ საერთოდ არ გაკლია ის (გარკვეული დროით მაინც), რაც მისტიკოსობისთვისაა საჭირო. ზოგადად, ეს არის სფერო უდიდესი დაპირისპირებებისა: ყველაზე წმინდა და უმანკო სულები ყველაზე დამნაშავეების პირისპირ, ყველაზე ნიჭიერები კი – ყველაზე გულუბრყვილოებისა.

 

პირველ რიგში, საკმაოდ მარტივი ენით ჩამოვაყალიბებ, თუ რეალურად რატომ მაღიზიანებს ასეთი სახის ცხოვრება. ეს ჩემი პირადი თვალსაზრისია. მოგვიანებით, მისი ორაზროვანი მხარეების შესახებ ჩემს მითითებათა სიზუსტის ჩვენებას შევეცდები; აგრეთვე, ავხსნი მათ გამომწვევ მიზეზებსა და იმ საზარელ მცდარ გზებს, რომლებიც ასე ახლოს გადის.

 

ჩემი აზრით არ შეგვიძლია ღმერთთან ურთიერთობაში მისტიკოსის მხრიდან გარკვეული აბეზარობა გავამართლოთ. განა, ვინ უარყოფს, რომ ადამიანს ღმერთი მთელი თავისი სულითა და გონებით უნდა უყვარდეს, თავად ნეტარებაც ხომ იმაშია, რომ ის ამას რეალურად აკეთებს და არა, უბრალოდ, სურს, რომ გააკეთოს! თუმცა აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ მისტიკოსმა ის ყოფიერება, რეალობა უნდა შეიძულოს, რომელშიც ღმერთმა მოათავსა, რადგან ამგვარად იგი ღმერთის სიყვარულს უგულებელყოფს ან, უბრალოდ, სხვაგვარ გამოხატულებას ითხოვს, განსხვავებით იმისგან, რაც ღმერთს სურს. ამას კარგად ეხმიანება სამუელის სერიოზული გამონათქვამი: „განა, ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება – ცხვრების ლურთებზე“1. თუმცა ასეთმა აბეზარობამ ზოგჯერ შეიძლება კიდევ უფრო საეჭვო ფორმა მიიღოს, მაგალითად, როცა მისტიკოსი ღმერთთან თავის ურთიერთობას მარტოოდენ იმით აყალიბებს, რომ იგი ზუსტად ის არის, რაც არის, და ფიქრობს, რომ იგი ღვთის სიყვარულის ობიექტი რაღაც შემთხვევითი თვისების დამსახურებითაა. ამით იგი შეურაცხყოფს ღმერთსაც და საკუთარ თავსაც – საკუთარ თავს იმიტომ, რომ სხვებისგან საკუთარი თავის რაღაც შემთხვევითის წყალობით გამოყოფა ყოველთვის დამცირებაზე მეტყველებს; ღმერთს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ცრუ ღვთაებად აქცევს და მის კარზე რჩეული სტუმრის როლს ირგებს.

 

გარდა ამისა, მისტიკოსის ცხოვრებაში მძაგს სირბილე და სისუსტე, რის გამოც მას ვერ გავამართლებ. როცა მამაკაცი ნატრობს, რომ ღვთის ჭეშმარიტ და გულწრფელ სიყვარულში მთელი გულით დარწმუნდეს, გამუდმებით გრძნობს სათანადო რწმენის საჭიროებას, ღმერთს სთხოვს, სული დაემოწმოს, რომ ის მართლა ღვთის შვილია,2 განა, ვინ უარყოფს, რომ ამაში სილამაზე და ჭეშმარიტება უთუოდ არის? თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ამას ყოველ წამს გაიმეორებს და თავის სიყვარულს მუდმივად გამოცდის. მას საკმარისი სულის დიდებულება სურს, რათა ირწმუნოს ღვთის სიყვარულის, მაგრამ მაშინ მას თავდაჯერებულობაც უნდა გააჩნდეს, რათა საკუთარი სიყვარულისა ირწმუნოს და მისთვის ბოძებულ სიტუაციაში ბედნიერად ცხოვრება განაგრძოს. ამის მიზეზი კი ზუსტად ის არის, რომ მან კარგად იცის, ეს გაგრძელება მისი სიყვარულისა და მორჩილების ყველაზე უტყუარი გამოხატულებაა.

 

დასასრულ, მისტიკოსის ცხოვრება კიდევ ერთი მიზეზის გამოა ჩემთვის უსიამოვნო, კერძოდ, იგი იმ სამყაროს მოტყუებაა, რომელშიც თავად ცხოვრობს. მას შეცდომაში შეჰყავს ყველა ის ადამიანი, რომლებთანაც კავშირი აქვს ან იურთიერთებდა, მისტიკოსად გახდომა ასე ძალიან რომ არ სიამოვნებდეს. ზოგადად, მისტიკოსი განმარტოებით ცხოვრებას ირჩევს, თუმცა ეს სიტუაციას საერთოდ არ განმარტავს, რადგან საკითხავია, აქვს თუ არა მას არჩევანის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაღაც, რაც მას არჩეული აქვს, იგი სხვებს არ ატყუებს, რადგან პრაქტიკულად ის ამით ამბობს: „მე თქვენთან ურთიერთობა არ მექნება“, თუმცა კვლავაც საკითხავი რჩება, აქვს კი მას ამის თქმის, ამის გაკეთების უფლება. მე, უპირველესად, მისტიციზმის მტერი ვარ, როგორც ქმარი და მამა. ჩემს ოჯახსაც აქვს თავისი adyton3, მაგრამ მისტიკოსი რომ ვყოფილიყავი, მეც მომიწევდა კიდევ ერთი საკურთხევლის ქონა საკუთრივ ჩემთვის, მერე კი ცუდი ქმარი ვიქნებოდი, ვინაიდან ჩემი გადმოსახედიდან დაოჯახება ყველა მამაკაცის მოვალეობაა (ამას მოგვიანებით განვმარტავ) და, რამეთუ ფიზიკურად შეუძლებელია ვფიქრობდე, რომ მამაკაცი უნდა დაქორწინდეს, რათა ცუდი ქმარი იყოს, მარტივი დასანახია, რომ ყველა სახის მისტიციზმი მძულს.

 

საბოლოოდ, ის, ვინც მისტიციზმის ცხოვრებას თავს სანახევროდ უძღვნის, ყველასათვის უცხოვდება და მისთვის ნებისმიერი ურთიერთობა, მათ შორის ყველაზე ალერსიანი და გულწრფელიც, გულგრილი ხდება. ოღონდ, ამას იმ გაგებით არ ვამბობ, რომ ღმერთი საკუთარ მამაზე ან დედაზე მეტად უნდა გვიყვარდეს4; ღმერთი არ არის საკუთარ თავზე შეყვარებული, ის არც პოეტია, რომელსაც ადამიანთა ტანჯვა სურს საზარელი კოლიზიებით, მერედა, ძნელად თუ წარმოიდგენ იმაზე საზარელ რამეს, ვიდრე იმ ფაქტს, რომ რეალურად არსებობს კოლიზია ღვთის სიყვარულსა და ადამიანების სიყვარულს შორის, ადამიანებისა, რომელთა სიყვარულიც თავად ღმერთმა ჩადო ჩვენს გულებში. ვიცი, არ დაგვიწყებია ყმაწვილი ლუდვიგ ბლაკფელდტი, რომელთან ურთიერთობაც რამდენიმე წლის წინ ორივეს მოგვიწია, განსაკუთრებით კი – მე. იგი შესანიშნავი გონებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, თუმცა მისი უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ ცალმხრივად იყო ჩაფლული არა ქრისტიანულ, არამედ ინდურ მისტიციზმში. შუა საუკუნეებში რომ ეცხოვრა, ეჭვიც არ მეპარება, თავს მონასტერს შეაფარებდა, მაგრამ ჩვენი ეპოქა ასეთი ხრიკებით არ გამოირჩევა. დღეს თუ ადამიანი სწორი გზიდან გადაუხვევს, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი არსებობს მისი სრულად განკურნების შესაძლებლობა; ჩვენ მას ასეთ ფარდობით ხსნას ვერ შევთავაზებთ. მოგეხსენება, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. [...] რასაკვირველია, ლუდვიგს რელიგიური ზემოქმედება არ შეხებია, თუმცა – მასზე უთუოდ იმოქმედა მისტიკურმა ასპექტმა; მისტიკური ასპექტისთვის დამახასიათებელია არა რელიგიური საწყისი, არამედ – იზოლაცია, რომელშიც ინდივიდი მოცემულ რეალობასთან ყოველგვარი დამოკიდებულების გარეშე ცდილობს, საკუთარი თავი მარადიულთან უშუალოდ დააკავშიროს. ფაქტი, რომ სიტყვა „მისტიციზმზე“ გონებაში ბუნებრივად და უშუალოდ იბმება კავშირი რაღაც რელიგიურთან, იმის დამსახურებაა, რომ, ჩვეულებისამებრ, რელიგია ინდივიდს აცალკევებს, ამაში კი ყველაზე უბრალო გამოკვლევითაც დარწმუნდები. შესაძლოა, წირვას იშვიათად ესწრები, მაგრამ მჯერა, ერთიორად ფხიზელი თვალი გექნება. შეგიმჩნევია, რომ, როცა ინდივიდი მრევლის რიგებში დგას, იგი თავს მაინც განცალკევებულად გრძნობს? ადამიანები ერთმანეთს ეუცხოებიან და მოგვიანებით, თითქოს ხანგრძლივი შემოვლითი გზის გავლის მერე, კვლავაც ერთიანდებიან. რას დავაბრალოთ ეს, თუ არა იმას, რომ ღმერთთან კავშირისას ინდივიდის გრძნობა მთელი თავისი სულიერებით ისეთი ძლიერია, რომ მის გვერდით ყველა მიწიერი ურთიერთობა მნიშვნელობას კარგავს. ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს წამი დიდხანს არ გრძელდება, ასეთი სახის მომენტალურ დაცილებას კი ყველაზე ნაკლებად შეიძლება ეწოდოს ვინმეს მოტყუება; უფრო მეტად, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიწიერ ურთიერთობათა სულიერებას ზრდის. თუმცა ის, რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს, როგორც ელემენტი, ცალმხრივად განვითარებისას ყოვლად უკიდურეს სნეულებად იქცევა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო თეოლოგიური ცოდნა არ გამაჩნია, თავს არ ვთვლი მზად, რომ რელიგიურ მისტიციზმზე განვაგრძო საუბარი. აქამდე ხსენებულს მხოლოდ ეთიკური გადმოსახედიდან განვიხილავდი, შესაბამისად, მწამს, რომ სიტყვა „მისტიციზმს“ ჩვეულებრივზე ბევრად ფართო განმარტება აქვს. ეჭვი არ მეპარება, რომ რელიგიურ მისტიციზმში ბევრი რამ მშვენიერია, მრავალმა ბრძენმა და სერიოზულმა ადამიანმა, რომელმაც ამ მოწოდებას მიუძღვნა თავი, ცხოვრებაში უამრავი რამ გამოსცადა. შესაბამისად, შეიძინა საკმარისი გამოცდილება, რათა ამ სახიფათო გზაზე სიარულის მოსურნეთათვის რჩევისა და მიმართულების მიცემა ან პატარა სამსახურის გაწევა შესძლებოდა. მაგრამ, ეს გზა არა, უბრალოდ, სახიფათო, არამედ მცდარიც არის. მასში მუდმივად ჩანს არაპირდაპირი შეუთავსებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ მისტიკოსს რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს, ბუნდოვანია, რატომ არ ეპყრობა იგი ასეთივე უნდობლობით რეალობის მომენტს, როცა მასზე მაღალმა საგნებმა იწყეს ზემოქმედება.

 

მისტიკოსის შეცდომა საკუთარი თავის არჩევა როდია. ჩემი აზრით, ამისათვის იგი სრულიად შესაფერისია. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ იგი სათანადოდ ვერ ახერხებს არჩევას; ის თავისუფალ არჩევანს აკეთებს, მაგრამ ეს არჩევანი არ არის ეთიკური. ადამიანს თავისუფლად თავისი თავის არჩევა მარტოოდენ ეთიკურად არჩევით ძალუძს. თუმცა ეთიკური არჩევანისთვის საკუთარი თავის მონანიებაა საჭირო, რადგან მხოლოდ ამ გზით ხდები კონკრეტული, მერედა ადამიანი თავისუფალი ინდივიდის სახეს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ფორმაში იღებს. მისტიკოსის შეცდომა არა რაღაც მოგვიანებით მომხდარში, არამედ პირველივე მომენტში ჩანს. თუკი ამ უკანასკნელს ჭეშმარიტ მოსაზრებად მივიჩნევთ, მაშინ ცხოვრების ყოველი უგულებელყოფა და ასკეტური თვითგვემა შემდგომი, თანაც მართებული გაგრძელება გამოდის. მისტიკოსი ცდება, რადგან არჩევანით ის არ ხდება კონკრეტული არც საკუთარი თავისთვის და არც – ღვთისათვის; ის თავს აბსტრაქტულად ირჩევს და გამჭვირვალობა აკლია. ხოლო თუ გჯერა, რომ აბსტრაქტულობა უშუალოდ გამჭვირვალეობას ასახავს, შენც ცდები, აბსტრაქტული შეუღწევადი და ბუნდოვანია. მაშასადამე, ღვთისადმი მის სიყვარულს უმაღლესი გამოხატულება გრძნობაში – ხასიათში აქვს; საღამოს ბინდ-ბუნდში, ნისლით დაფარულ შემოდგომაზე, ბუნდოვანი გაურკვეველი მოძრაობებით ერთ მთლიანობაში დნება და ღმერთს ერწყმის. თუმცა საკუთარი თავის აბსტრაქტულად არჩევით, ადამიანი არ ირჩევს ეთიკურად. როცა არჩევანში საკუთარი „მე“-ს ფლობას მოახერხებ, როცა საკუთარი თავით შეიმოსები, იმდენად შეაღწევ მასში, რომ თითოეულ მოძრაობას თან ახლავს საკუთარი თავის პასუხისმგებლობის ცნობიერება, მხოლოდ მაშინ აირჩევ თავს ეთიკურად, მხოლოდ მაშინ შეძლებ საკუთარი თავის მონანიებას, მხოლოდ ამის მერე ხარ კონკრეტული – საკუთარი თავი, საკუთარ იზოლაციაში, იმ რეალობასთან აბსოლუტურ მთლიანობაში, რომელსაც ეკუთვნი. 

 

მიჭირს, საკმარისად ხშირად მივუბრუნდე პირობას (თავის თავში რა მარტივიც უნდა იყოს ის), რომ საკუთარი თავის არჩევა საკუთარი თავის მონანიების იდენტურია, ვინაიდან ეს ყველაფერს თავდაყირა აყენებს. მისტიკოსიც ინანიებს, თუმცა ეს მონანიება არის საკუთარი თავიდან საკუთარი თავის გარეთ და არა – შიგნით, იგი ინანიებს მეტაფიზიკურად და არა – ეთიკურად. ესთეტიკურად მონანიება საძულველია, რადგან ის ზედმეტად მგრძნობიარე ხასიათისაა; მეტაფიზიკურად მონანიება უადგილო გადამეტებაა, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, ეს სამყარო ინდივიდს არ შეუქმნია, მაშასადამე, გულთან ასე ახლოც არ უნდა მიიტანოს, თუ ყოველივე ფუჭი გამოდგება. მისტიკოსი თავს ირჩევს აბსტრაქტულად, შესაბამისად, მას საკუთარი თავის მონანიებაც აბსტრაქტულად უწევს. ეს ყველაზე კარგად ჩანს მისტიკოსის მიერ ყოფიერებისა და იმ სასრული რეალობის განსჯისას, რომელშიც თავად ცხოვრობს. მისტიკოსი გვასწავლის, რომ ზემოთქმული არის ამაოება, ილუზია და ცოდვა. მაგრამ ყოველი ამგვარი განსჯა მეტაფიზიკური განსჯაა და არ განსაზღვრავს ყოფიერებასთან ჩემს დამოკიდებულებას ეთიკურად. მაშინაც კი, როცა ამბობს, რომ სასრულობა ცოდვაა, რეალურად იგი გულისხმობს, რომ სასრულობა ფუჭია. მეორე მხრივ, თუ ადამიანი სიტყვა „ცოდვის“ ეთიკურ გაგებას მოეჭიდება, მასთან თავის დამოკიდებულებას იგი არა ეთიკურად, არამედ მეტაფიზიკურად განსაზღვრავს, ვინაიდან ეთიკური გამოხატულება, სასრულობიდან თავის დაღწევის ნაცვლად, მასში შესვლა იქნებოდა – მოსასპობად ან გასაძლებად. ეთიკურ მონანიებას მარტოოდენ ორი მოძრაობა გააჩნია; ის ობიექტს ან სპობს, ან მის სიმძიმეს საკუთარ მხრებზე იკიდებს. ეს ორი მოძრაობა ასევე განსაზღვრავს კონკრეტულ დამოკიდებულებას მონანულ ინდივიდსა და მისი მონანიების ობიექტს შორის, როცა გაქცევა, პირიქით, გამოხატავს მისდამი აბსტრაქტულ მიმართებას. 

 

მისტიკოსი თავს აბსტრაქტულად ირჩევს, მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ იგი გამუდმებით გადაირჩევს თავს ამ სამყაროსგან; თუმცა, ამგვარად, იგი კვლავ ამ სამყაროში თავის არჩევას ვეღარ შეძლებს. ჭეშმარიტად კონკრეტული არჩევანი ის არის, რომელშიც, საკუთარი თავის ამ სამყაროსგან გამორჩევისას, ჩემს თავს მასში მომენტალურად ვირჩევ. როცა თავს მონანიებით ვირჩევ, ჩემს სასრულ კონკრეტიკაში ვვანდები და სასრულისგან საკუთარი თავის გამორჩევით მასთან ყველაზე აბსოლუტურ მთლიანობაში შევდივარ. [...]

 

თუკი მისტიკოსს სურს, რომ წარმავალს, როგორც ასეთს, მაქსიმალური მნიშვნელოვნება მიანიჭოს, მას ისე უნდა შეხედოს, როგორც – გამოსაცდელ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ადამიანი ყოველგვარი შედეგის მიღწევის გარეშე არაერთგზის უნდა გამოიცადოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში წარმავლობაზე არასწორ შეხედულებას ვიქმნით, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის მოიცავს რაღაცას ecclesia pressa5-სგან, ამავდროულად, წარმოადგენს შესაძლებლობას სასრული სულის განდიდებისა. სასრულობის სილამაზე ზუსტად ის არის, რომ მასში სასრული და მარადიული სულები ერთმანეთისგან ცალკევდება. რაც შეეხება სასრულ სულს, მისი სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ მას წარმავლობა აქვს მიკუთვნებული. თუ თავხედობა მეყოფა, ვიტყვი, რომ წარმავალი არ არსებობს საკუთრივ ღმერთის გულისთვის, რათა, დავუშვათ, მან მეტაფიზიკური თვალსაზრისით შეძლოს იმ ადამიანის გამოცდა, რომელიც შეყვარებულია; ის ადამიანისთვის არის შექმნილი და ყველაზე ძვირფასი წყალობაა. ადამიანის მარადიული ღირსება იმ ფაქტში ძევს, რომ მას ისტორიის შეძენა ძალუძს, მასში ღვთაებრივ ელემენტს კი ის გამოხატავს, რომ, თუ მოისურვებს, შეუძლია თავად შესძინოს ამ ისტორიას უწყვეტობა; ამის მიზეზი ის არის, რომ იგი ისტორიას იძენს არა როგორც ჯამი იმისა, თუ რა შეემთხვა ან გადაიტანა, არამედ, როგორც საკუთარი ქმნილება. მაშასადამე, ის, რაც შეემთხვა, მასში გარდაიქმნება და საჭიროება თავისუფლებად გადაიქცევა. ადამიანურ ცხოვრებაში სახარბიელო ის არის, რომ შეგვიძლია ღმერთს დახმარება გავუწიოთ, მისი გვესმოდეს, ხოლო ადამიანის საკადრისი ერთადერთი გზა, რომლითაც ღვთის გაგებაა შესაძლებელი, არის ყოველივე ბოძებულის თავისუფალი არჩევანით მითვისება – იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. ან იქნებ შენ ამგვარად არ ფიქრობ? მე სწორედაც რომ ასე მიმაჩნია; დიახ, ვფიქრობ, რომ ადამიანს ეს უბრალოდ ხმამაღლა უნდა განუცხადო და მაშინვე საკუთარი თავისა შეშურდება.

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები:

 

1. პირველი მეფეთა 15:22.

2. რომაელთა მიმართ 8:16.

3. საკურთხეველი, წმიდათა წმიდა.

4. მათე 10:37: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი“.

5. ჩაგრულთა კრებული (ლათ.).

 

 

 


კომენტარები