ბუნების დამორჩილება თეოდორ ვ. ადორნოსა და მაქს ჰორკჰაიმერთან

ბუნების დამორჩილება თეოდორ ვ. ადორნოსა და მაქს ჰორკჰაიმერთან

ავთანდილ ძამაშვილი – ფილოსოფიის მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბუნების დამორჩილება თეოდორ ვ. ადორნოსა და მაქს ჰორკჰაიმერთან

(„განმანათლებლობის დიალექტიკა“)

 

 

უშუალოდ, ბუნების დამორჩილებაზე (როგორც ბუნებაზე ბატონობაზე, თუ ბუნების განჯადოებაზე) მსჯელობის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია: ადორნო-ჰორკჰაიმერთან, ბუნების ცნების მნიშვნელობის გამოკვეთა, შემდგომ ბუნების მათეული გაგების მათსავე ბატონობის კონცეპტთან დაკავშირება. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ განმანათლებლობა ადორნოსა და ჰორკჰაიმერთან არ დაიყვანება გარკვეულ ისტორიულ მოძრაობაზე, რომელსაც მე-17, მე-18 საუკუნით ათარიღებენ,  არამედ მას ბევრად ღრმა ფესვები და არც თუ ერთმნიშვნელოვანი ხასიათი აქვს. მაგალითად, განმანთლებლობის დიალექტიკის შესავალში ავტორები წერენ, რომ გარდა თავისუფლების განხორცილების საქმეში განმანათლებლური აზროვნების უდიდესი და შეუცვლელი წვლილისა, ასევე ცალსახაა მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ინსტიტუციების ნეგატიური გავლენა ისტორიულ პროცესზე და თუ სწორედ ამ რეგრესულ ხასიათზე არ მიმართავს განმანათლებლობა თავისივე აზროვნების მეთოდს, მაშინ ეს უცილობელი თვითგანადგურების მიზეზად იქცევა. მათთან, ფაშიზმი გაგებულია, როგორც განმანათლებლობის უკიდურესი რეგრესის შედეგი. ელისონ სტოუნის1 მიხედვით: ადორნოსთან ბუნება უნდა გავიგოთ, როგორც ექსტერნალური – სუბიექტის გარემყოფი მატერიალური სამყარო და როგორც ინტერნალური, ანუ სუბიექტის შინაგანი მახასიათებლები, (იურგენ ჰაბერმასის2 მიხედვით, კარლ მარქსმა სუბიექტურსა და ობიექტურ ბუნებას შორის მიმართების წერტილად სინთეზი დააფიქსირა, იგი წერს რომ, „თავისთავად ბუნება, „natura naturans“-ის აღმნიშვნელი კონსტრუქციაა, რომელმაც ბუნების სუბიექტური და ობიექტური გაგება შემოგვთავაზა, ჩვენ კი, როგორც შემმეცნებელ სუბიექტებს, პრინციპულად არ შეგვიძლია  მის ქვეშ, ან გარეთ პოზიციის დაკავება. სხვა მხრივ კი ამ მიმართების ხასიათს კულტურული დეტერმინანტები: შრომა, ენა თუ ბატონობა განსაზღვრავენ).  ამავდროულად, ბატონობა ვლინდება როგორც ცოცხალი ბუნების ტანჯვის შედეგად, ასევე არაცოცხალი ბუნების ტანჯვისას, მაგალითად სვეტი, რომელიც სუბსტანციას ანუ ქვას დაშორებულია (აქ შეგვიძლია ვისაუბროთ: მარქსთან ღირებულების ცნების  სახმარსა თუ საცვლელ მნიშვნელობაზე, რომ კაპიტალიზმში3 გასაქონლებული საგნის ბუნებრივ თვისებას იკავებს მისი საცვლელი ღირებულება და არა სახმარი, თითქოს საგანში იმანენტურად მყოფობდეს გაცვლის ფუნქცია). სანამ ბუნების მოდერნულ ეპოქაში დამორჩილებას გავაანალიზებთ, ვფიქრობ: მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, არის თუ არა ადამიანი ბუნების ნაწილი და თუ არის, ვრცელდება თუ არა ყველა ადამიანზე და ახასიათებს თუ არა ამ მდგომარეობას მუდმივობა. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ადამიანი მას მერე აღარ მოიაზრება ბუნების ნაწილად, რაც იგი ცხოველს გამოეყო, თუმცა როდი ნიშნავს ცხოველისგან ისტორიული გამოყოფა ბატონობის ველისგან თავის დაღწევას. „ადამიანები მიისწრაფვიან იმისაკენ, რომ ბუნებისაგან თავად ბუნებით სარგებლობა ისწავლონ, რათა მთლიანობაში ბუნებაც და ადამიანებიც დაიმორჩილონ“ [ადორნო, ჰორკჰაიმერი „გან.დიალექტიკა“ გვ.23]. ჰაბერმასი, მარქსისა და ფროიდის ხედვების წარმოდგენისას წერს: „იარაღის მკეთებელ ცხოველს, ცხოველის ყველა სხვა გვარეობისგან რეპროდუქციის ფორმა, საზოგადოებრივი შრომა განასხვავებს. ამიტომ ადამიანის გვარს არა ბუნებრივი ან ტრანსცენდენტალური ინვარიანტული4 ორგანიზაცია, არამედ მხოლოდ გაადამიანების  მექანიზმი ახასიათებს“ [იურგენ ჰაბერმასი: „შემეცნება და ინტერესი“, გვ.30],  სხვა მხრივ, ფროიდს, ეს გამოყოფა არაცნობიერი იმპულსების საკომუნიკაციო ფორმებში სუბლიმაციად5 ესახება. „თავიანთი ძალაუფლების გაზრდაში ადამიანები სწორედ იმისაგან გაუცხოების საფასურს იხდიან, რაზეც ვრცელდება მათი ძალაუფლება“. [გან.დიალექტიკა: გვ.29] ძალაუფლება რომელიც, ბატონობის და ამავდროულად ბუნების (მისი ინტერნალური და ექსტერნალური ფორმებით) დამორჩილების პროცესში იქვემდებარებს ჩაგრულებს ბუნების კვანტიფიცირებული6 მთლიანობით, ხელოვნურ ზღვარს ავლებს ჩაგრულებსა და ბატონებს შორის. მაგალითისთვის გამოგვადგება, ადორნოს მსჯელობა ოდისევსის მოგზაურობისას ციკლოპის ფენომენზე, რომლის უკანაც ადორნო ცხოველის სახეხატს ხედავს, ცბიერებას, როგორც განსჯის უნარსა და სხვა შემეცნებით შესაძლებლობებ წართმეულ არსებას. ცხოველზე მინიშნება უნდა გავიგოთ, როგორც არისტოტელესთან პოლისის მიღმა მყოფის, ცხოველის, ბარბაროსის მნიშვნელობით. ადორნოსთან ოდისევსი თუ პირველი ბურჟუაზიული სუბიექტის7 დაფუძნებაა მეტა ისტორიული8 გაგებით, მაშინ ციკლოპი: უხმო, უფლებაწართმეული „სუბალტერნია“9 და ოდისევსი თუ საკუთარი ცბიერებით აბითურებს განსჯას მოკლებულ ციკლოპს, მაშინ, ბატონობა სისტემის მიღმა ტოვებს არაპრივილეგირებულ მასებს. სხვაგან წერენ, რომ თვითმა,10 სწორედ სამყაროს დამორჩილების შედეგად ისწავლა წესრიგიცა და დაქვემდებარებაც. 

 

„მთელ თავის მასალას განმანათლებლობა იღებს მითებიდან, რათა მითები გაანადგუროს. განმსჯელის სახით თავად ექცევა მითოსის მოჯადოების ქვეშ“ (განმანათლებლობის დიალექტიკა). შეიძლება ითქვას, რომ ბუნების დამორჩილების საკითხი, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია ადორნო-ჰორკჰაიმერისეულ ბატონობის კონცეპტთან, აშუქებს იმას, თუ რა ტიპის გადატანა ხდება ოდისევსისეული, ცალკეული, ხილული ცბიერებიდან, ზოგად, უხილავ  ძალაუფლების ფორმაში.  სლავოი ჟიჟეკი,11 ძალადობის ორ ფორმას გამოყოფს: პირველია სუბიექტური, რომელშიც უნდა მოვიაზროთ ნებისმიერი ნიშნით, კონფლიქტი ან შიშველი ძალადობა, იქნება სახელმწიფოსი ხალხზე თუ დიდი ჯგუფის მცირე ჯგუფზე. მეორე ძალადობა ობიექტური ტიპისაა, რომელიც შეგვიძლია გავიგოთ, როგორც სუბიექტური ძალადობის გამომწვევი ფაქტობრიობა, გარკვეული ტიპის ძალაუფლებრივი ალგორითმი. შესაბამისად ის, ვინც, ბატონობის მზერის ქვეშ კულტურისა და ბუნების ხელოვნური დიქოტომიის12 მიღმა, ან ამ კონფლიქტისას ბუნების ნაწილად მოიაზრება, მტრად, ბატონობის ჰორიზონტში დაფუძნებულ კულტურას აღიქვამს, მისი ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში. 

 

საინტერესოა, რომ ბუნების ორივე ფორმის დამორჩილება, იქნება ეს მატერიაზე ბატონობა და მისი ცოცხალი თუ არაცოცხალი ნაწილის სრული ექსპლუატაცია, ასევე ბატონობა ვლინდება დისკურსზე ადამიანის არსის შესახებ. „მარქსს სწამდა, რომ ოდესღაც ადამიანური გვარი არსებობის ცხოველურ პირობებზე იმით ამაღლდა, რომ ცხოველური ინტელექტის საზღვრებს გადააბიჯა და შეძლო ადაპტაციური ქცევის ინსტრუმენტულ ქმედებად გარდაქმნა. ამიტომ, ისტორიის ბუნებრივი ბაზისის სახით, მას ადამიანის სახეობისთვის სპეციფიკური სხეულებრივი ორგანიზაცია შესაძლო შრომის კატეგორიის ასპექტით აინტერესებს: „იარაღის მკეთებელი ცხოველი“  [ჰაბერმასი: გვ.274], ადამიანის შესახებ, მარქსის ბანალური წაკითხვის საპირისპიროდ მივემხრობი ფოიერბახის მეექვსე თეზისის, (სადაც მარქსი, ფოიერბახს საყვედურობს ადამიანის არსის აბსტრაქციად წარმოდგენაში, ე.წ. სეკულარული თეოლოგიის პერსპექტივიდან, რომელიც ვთქვათ: ავგუსტინესული ცნობიერების შიგნით მიმართვის, კანტისეულ კატეგორიულ იმპერატივად13 წაკითხვაში ვლინდება. ან პრედესტინაციის14 თეორიები როგორ ნამდვილდება კაპიტალიზმში, უტილიტარიზმის15 ინდივიდუალურ კულტად) ეტიენ ბალიბარისეულ16 ინტერპრეტაციას. მისეულ ხედვაში ადამიანის გვარი, არც მეტაფიზიკურ საწყისებს მიიწერს და არც საზოგადოებრივი ურთიერთობების ჯამის პირდაპირი გადმოტანაა, სუბიექტურობის სრული უკუგდების ხარჯზე. ამდენად, ბალიბარი, მეექვსე თეზისისას და ზოგადად მარქსისეული ადამიანის დეფინიციისას, ხედავს გარკვეული ტიპის ინტერსუბიექტურობის პერსპექტივას, რომელშიც მარქსი ინდივიდუალისტად ვლინდება. აქედან, ინტერნალური ბუნების დამორჩილების საკითხი უნდა გავიგოთ, როგორც ბატონობის ცბიერებითი მანევრირება. „ცხოველი, ბუნებისა და ბავშვებისადმი ფაშისტის ღვთისმოსაობის წინაპირობა, დარბევის ნებაა. მოფერება იმის ილუსტრირებას ახდენს, რომ ძალაუფლების წინაშე ყველა ერთი და იგივეა, რომ მათ საკუთარი არსი არ გააჩნიათ“. [გან.დიალექტიკა: გვ.61], ეს მითოსში ცბიერებასთან ასოცირდებოდა, შუა საუკუნეებში ღვთიურ განგებულებასა და ზეგრძნობადის გრძნობადზე ბატონობაში ვლინდებოდა, (მიშელ ფუკოსთან, ანალოგიის ან იგივეობის პრინციპი, რომელიც კლასიკურ ეპოქამდე მუშაობდა და ზეგრძნობადით გრძნობადს, გრძნობადით კი სხეულებრივს, შემდეგ მცენარეულს და ასე უსასრულო მდინარებით აპირობებდა). მოდერნულობაში განჯადოებულმა ბუნებამ, ბატონობის დისკურსი მიღმიერიდან მიწიერზე დააფუძნა. „კინოვარსკვლავები ექსპერტები არიან, მათი მიღწევები ბუნებრივი ქცევის პროტოკოლებია, რეაქციის ფორმების კლასიფიკაციები, ხოლო რეჟისორები და სცენარისტები ადაპტირებული ქცევის მოდელებს აწარმოებენ.“ [გან.დიალექტიკა: გვ.360], ძალაუფლება კი ტაქსონომიური17 ალგორითმების ხელთმპყრობელ ინდივიდებს უბოძა, კლასიფიკაციის სფეროში შეგვიძლია შევიყვანოთ ისიც, რისი გასაქონლება შეიძლება და რისი არა, მარქსის მიხედვით, კაპიტალიზმში ადამიანიც გასაქონლებულია, აქედან ბუნებრივ ღირებულებას სახმარი ღირებულება იქვემდებარებს. „კაპიტალიზმმა ბრუტალურად გაყო ადამიანები ბუნებისგან, სეზონური რიტმებისგან, მოარგო ის ინდუსტრიულ მრეწველობას, მოგებისთვის გამიზნულ სასოფლო მეურნეობას, თავისი ქიმიური სასუქებით.“ [ნენსი ფრეიზერი:18 „მარქსის გადამალული სამყოფელის მიღმა კაპიტალიზმის გაფართოებული კონცეფციისთვის“].

 

„ადამიანები ერთმანეთისგან და ბუნებისაგან იმდენად რადიკალურად გაუცხოვდნენ, რომ მათ მხოლოდ ის იციან, თუ რისთვის სჭირდებათ საკუთარი თავი და რას სჩადიან მის მიმართ. თითოეული არის რაღაც ფაქტორი, რომელიმე პრაქტიკის სუბიექტი ან ობიექტი, ისეთი რამ, რასაც ანგარიშს უწევენ, ანდა რისთვისაც ანგარიშის გაწევაც კი აღარ არის საჭირო“. [გან.დიალექტიკა: გვ.362]. ერიხ ფრომი,19 ბუნებაზე ბატონობის საინტერესო ანალიზს გვთავაზობს, ადამიანის  არსებობის „ფლობისა“ და „ყოფნის“ კატეგორიებში მოთავსებით იგი ხაზს უსვამს: ერთი მხრივ ფლობას, რომელშიც ადამიანი განივთებულია და მისი გვარეობითი ბუნება სამუშაო  იარაღად თუ ჭარბმომხმარებლად რეგისტრირდება და მეორე მხრივ ყოფნა, (ადამიანებთან და ბუნებასთან ემოციური კავშირის დაფუძნება, მაგ: კაპიტალიზმი ახდენს რა, ბუნების კვანტიფიცირებას, ამით იგი, ბუნებას მთლიანად იქვემდებარებს და ადამიანისა და ბუნების თანამყოფობას, სანტიმეტრებად გაწერილი განფენილობისა და შრომით ერთეულად აღრიცხული ადამიანის, იძულებით შრომაში შეპირისპირებით ანაცვლებს), რომელიც ერთგვარი ფროიდის გავლით, ჰეგელის არაპირდაპირ გავლენას რეპრეზენტირებს, ფროიდის იმ მხრივ, რომ ექსპლუატირებული სასიცოცხლო იმპულსები გამოთავისუფლდეს და თავისუფალ თვითშემოქმედებას დაემორჩილოს (თუნდაც, ფუკოანური, სიცოცხლის ხელოვნების თვალსაზრისით, რომელშიც ძალაუფლებრივი მექანიზმებისგან თვითხსნად, თვითპროექტირების უწყვეტი პროცესი ცხადდება) და ჰეგელის იმ გაგებით, რომ ცალკეულის თავისუფლება მოცემულია, სხვისი თავისუფლების შესაძლებლობის პოზიციიდან.

 

დასკვნის სახით თუ ვიტყვით: ბუნების დამორჩილების საკითხი, ფართო და ამგვარი ინტერპრეტაციის პერსპექტივიდან ეხება: ბატონობის ტოტალური განხორციელების ისტორიული პროცესის აღწერას. ერთი მხრივ, ვსაუბრობდით ბუნების  ექსტერნალურ და ინტერნალურ ნაწილზე (უფრო ზუსტი გაგებით: ამგვარ ნაწილებად დაყოფა ალბათ არცთუ სწორია. თუმცა, ამ პერსპექტივაში საკითხს სხვანაირად ვერ დავსვამდით) ბატონობაზე. პირველი, რომელიც კაპიტალიზმის პირობებში ბუნების აბსოლუტურ გასაქონლება, ინსტრუმენტალიზებას ახდენს: „ახლანდელმა ნეოლიბერალურმა ფაზამ დააწესა ახალი საზღვრები მაგალითისთვის, წყლის გასაქონლება, რომელსაც (თუ შეიძლება ითქვას) „მეტი ბუნება“ შემოაქვს ეკონომიკის წინა პლანზე“ [ნენსი ფრეიზერი: „მარქსის გადამალული სამყოფელის მიღმა კაპიტალიზმის გაფართოებული კონცეფციისთვის“]. მეორე მხრივ, მოდერნულობაში მიღმიერისგან განჯადოებული სუბიექტის სეკულარიზებულ20 მითებზე დაქვემდებარება. ეტიენ ბალიბარი ორ მნიშვნელოვან კონცეპტს გამოყოფს: ერთია ფეტიში, ფანტასმაგორიულ სამოსელში გახვეულ საქონელსა და ფულზე დაქვემდებარება. აღმნიშვნელისა და აღნიშნულის ინვერსია (გადასმა, შებრუნება), იმდენად, რამდენადაც ფლობა ბატონდება ყოფნაზე, ფლობილი საგნები კი ადამიანის არსსზე და მეორე, კერპი: როდესაც თავისუფლება, სამართლიანობა, ადამიანობა: თითქოს თავისთავადი, ცაზე გამოკიდებული იდეებია, რომლებიც ადამიანში თანშობილად მყოფობს და ისტორიულ კონტექსტსა და კულტურულ პერიპეტიებს მიღმა გადის.  ნეოლიბერალიზმში წარმატებულობის კულტი და ცხოვრების მრავალფლანგზე ბრძოლის „ამერიკული ოცნების“  დიქტატი, განმანათლებლობის დიალექტიკაში: ამგვარი, არსის, გვარის შესახებ ცოდნები, კულტურის ინდუსტრიის ბატონობის შედეგად ვლინდება, მიღმიერისგან განჯადოებული, ინტერნალური ბუნების დამორჩილების შედეგები კი ტოტალური ბატონობის სახეს ღებულობს, რომელშიც წინააღმდეგობისა თუ განთავისუფლების შესაძლო პროექტებიც, ინდუსტრიულად წარმოებული წინასწარგანსაზღვრულობით იკვებებიან. „დემონებისაგან გათავისუფლება ადამიანების უშუალოდ ყალიბში მოქცევით მიიღწევა. ბატონობას აღარ ესაჭიროება საიდუმლო ხატები, არამედ ის მათ ინდუსტრიულად აწარმოებს და მათი მეშვეობით მით უფრო საიმედოდაც აღწევს ადამიანში.“ [გან.დიალექტიკა: გვ.359]. სისტემის ამგვარ ბატონობას ესთეტიზებული პოლიტიკის სახელით ვიცნობთ.

 

 

 

 

განმარტებები:

 

1) ელისონ სტოუნი – ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის კვლევებიც ეხება ფემინისტურსა და კონტიტენტურ ევროპულ ფილოსოფიას.

 

2) იურგენ ჰაბერმასი – გერმანელი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, იგი გახლავთ, „ფრანკფურტის სკოლის“ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

 

3) კაპიტალიზმი – ფეოდალიზმის შემდგომ ჩამოყალიბებული ეკონომიკური სისტემაა, რომელშიც საწარმოო საშუალებები კერძო საკუთრებაშია, მის მთავარ მახასიათებელებს კაპიტალის აკუმულაცია, დაქირავებული მუშახელი და კონკურენციაზე აგებული ვაჭრობა წარმოადგენს. ისტორიულად გვხვდება კაპიტალიზმის სხვადასხვა ფორმები, რომელნიც საზოგადოების ორ ფენას, ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის მიმართებაში ფუძნდება. თუმცა, დღეის მოცემულობით ამგვარი კლასობრივი დაყოფა საკითხს სრულად ვერ ფარავს და კლასებს შორის თუ მის მიღმა დარჩენილ ადამიანებს არ ითვალისწინებს. კაპიტალიზმთან მიმართებაში ხშირად ახსენებენ ხოლმე დერეგულირებულ ბაზარსა და თავისუფალ ვაჭრობას, როგორც მის მთავარ მდგენლებს, თუმცა, არსებობს ალტერნატიული ეკონომიკური ხედვები, რომლებიც ამა თუ იმ დროს კაპიტალიზმის წარმატებულ ფუნქციონალობას რეგულირებულ ბაზარსა და ვაჭრობისას სახელმწიფოს მთავარ აქტორად ყოფნაში ხედავენ. თანამედროვე ეკონომისტი ერიკ რეინერტი, წერს, რომ ეკონომიკის ისტორია კლასობრივი ბატონობის ინტერესებით მიკერძოებულად და ცალმხრივადაა დაწერილი, რომელიც სახელმძღვანელოებიდან მთელ რიგ, სისტემისთვის უსიამოვნო ავტორებსა და ეკონომიკურ ხდომილებებს ფარავს.

 

4) ინვარიანტული – უცვლელი, მუდმივი.

 

5) სუბლიმაცია – სექსუალური ლტოლვების მიმართვა, გადატანა,  სოციალური მიზნებისკენ.

 

6) კვანტიფიცირება – გაზომვად ერთეულებში წარმოდგენა, რომელიც ბუნებასთან მიმართებაში, განფენილობას არა როგორც მთლიანობას, არამედ ნაწილებად დაშლილ სახმარ ღირებულებას აღიქვამს.

 

7) ბურჟუაზიულ სუბიექტში უნდა ვიგულისხმოთ, მმართველი კლასის წარმომადგენელი, რომელიც ფლობს, როგორც საწარმოო, ასევე ბატონობის განხორციელების ინსტიტუციურსა თუ ტექნოლოგიურ სადავეებს. ადორნოს მოაზრებული ოდისევსი, ამგვარ ძალაუფლებას, ცბიერების მეშვეობით ანხორციელებს.

 

8) მეტაისტორია – ისტორიის ფილოსოფიის კონცეპტი, რომელიც მოვლენებს არა თანადროულ პერსპექტივიდან, არამედ, რამდენამდე დროითი ამოწყვეტითა და ფილოსოფიურ კონტექსტში გააზრებით მიემართება.

 

9) სუბალტერნი – ძალაუფლებრივ ურთიერთობებში დაქვემდებარებული, ჩაგრული ჯგუფი, რომელიც გარკვეულწილად სოციალური მობილობის შესაძლებლობებსაც დაშორებულია.

 

10) თვითი, როგორც ოდისევსისეული ცბიერებით აღვსილი სუბიექტი.

 

11) სლავოი ჟიჟეკი – სლოვენიელი კულტუროლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და ფილოსოფოსი, რომელიც თანაბარი აზარტით იკვლევს, როგორც მძიმე, ფილოსოფიურ თემატიკას, ასევე მასკულტურისა და მედიის მუშაობის ლოგიკას.

 

12) დიქოტომია – ბერძ. dichotomia – ორად გაკვეთა.

 

13) კატეგორიული იმპერატივი – იმანუელ კანტის პრაქტიკული ფილოსოფიის საფუძველმდებარე ცნებაა, იგი ერთგვარი საერთო, უნივერსალური ზნეობრივი კანონია, რომელიც ყველა ინდივიდში მყოფობს. კანტთან ქცევა ეთიკურია მაშინ, თუ მისაღებია იგი (ქცევა), მისი საყოველთაო კანონად მიღების შემთხვევაშიც.

 

14) პრედესტინაცია – ქრისტიანულ თეოლოგიაში არსებული დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, ღმერთს, რაც მოხდა და რაც მოხდება ყველაფერი, წესრიგსა და წინასწარგანსაზღვრულობაში მოქცეული აქვს. ხსენებული დოქტრინა, მნიშვნელოვანია ნეტარ ავგუსტინესთან, ასევე კალვინიზმში, მაგ: მაქს ვებერი, ნაშრომში, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“ ღვთიურ პრედესტინაციას, ადამიანურ სამეურნეო დაგეგმარებასა და ამდენად საბერმონაზვნო ასკეზას (ფიზიკური ვარჯიში, რელიგიური, ეთიკური სრულყოფის სურვილისკენ სვლა), შრომის აქარსობითი ასკეზით ცვლის.

 

15)  ულიტილიტარიზმი – კანტიანური ეთიკის (რომელშიც ქცევის ეთიკურობა არა შედეგზე, არამედ ქცევის მოტივზეა კონცენტრირებული. მაგალითად კანტთან, ქველმოქმედებას არა კატეგორიული იმპერატივი, არამედ გულმოწყალების და ამდენად, ემოციური საწყისი წარმართავს) საპირისპირო თეორია, რომელშიც ქცევის ეთიკურობა მისგან მიღებული სარგებლიანობის მიხედვით განისაზღვრება.

 

16) ეტიენ ბალიბარი – ფრანგი, მარქსისტი ფილოსოფოსი.

 

17) ტაქსონომია – შემეცნების თეორიაში მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ელემენტია, მაგალითად განათლების ფსიქოლოგიაში ვიცნობთ, ბლუმის ტაქსონომიას, რომელიც  აზროვნების დონეების მარტივიდან რთულისაკენ მიმართულებას ასახავს. თუმცა, შემეცნების თეორიის მხრივ, თუ იგი დახარისხებისა და პრობლემების სისტემატიზაციის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, ტაქსონომია ბატონობის ქვეშ შრომის იმგვარ დანაწევრებას იძლევა, რომელიც მასში ჩართული მუშახელის სრულ ინსტრუმენტალიზებას აპირობებს.

 

18) ნენსი ფრეიზერი – ამერიკელი ფილოსოფოსი, კრიტიკული თეორიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომელიც იკვლეს პოლიტიკის ფილოსოფიასა და ფემინისტურ თეორიებს. ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ, მისი ნაშრომი: – „ფემინიზმის თავგადასავალი“.

 

19) ერიხ ფრომი – გერმანელი მარქსისტი ფსიქოანალიტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

 

20) იხ. 14 კომენტარი – პრედესტინაციის განმარტება.

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1) მაქს ჰორკჰაიმერი თეოდორ ვ. ადორნო – „განმანათლებლობის დიალექტიკა ფილოსოფიური ფრაგმენტები“, თბილისი, გამომცემლობა „საგა“, 2012.

2) ეტიენ ბალიბარი – „მარქსის ფილოსოფია“ თბილისი, გამომცემლობა, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“ 2016.

3) იურგენ ჰაბერმასი: – „შემეცნება და ინტერესი“ ქუთაისი, სოგამომცემლო ცენტრი ქუთაისი. 2003.

4) ნენსი ფრეიზერი: – „მარქსის გადამალული სამყოფელის მიღმა კაპიტალიზმის გაფართოებული კონცეფციისთვის“ (საიტი: „ქალთა მზერა“).

5) Alison Stone: „Adorno and the disenchantment of nature“.


კომენტარები