ერთადერთი შესამჩნევი შემთხვევა, რომელსაც დაკვირვება გვთავაზობს, კერძოდ, ქალების ცხადი არასრულყოფილებისა მამაკაცებთან შედარებით, თუ მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეს გავითვალისწინებთ

ერთადერთი შესამჩნევი შემთხვევა, რომელსაც დაკვირვება გვთავაზობს, კერძოდ, ქალების ცხადი არასრულყოფილებისა მამაკაცებთან შედარებით, თუ მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეს გავითვალისწინებთ

ჯონ სტიუარტ მილი – ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი. 

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ჯონ სტიუარტ მილის წიგნიდან „ქალთა დაქვემდებარება“.

 

წიგნს დათვალიერება.

ერთადერთი შესამჩნევი შემთხვევა, რომელსაც დაკვირვება გვთავაზობს, კერძოდ, ქალების ცხადი არასრულყოფილებისა მამაკაცებთან შედარებით, თუ მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეს გავითვალისწინებთ

 

 

 

... მე უკვე ვთქვი, რომ შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ ქალსა და მამაკაცს შორის გონებრივი განსხვავების რა ხარისხია ბუნებრივი და რა – ხელოვნური და საერთოდ არსებობს თუ არა განსხვავება, ან, თუ დავუშვებთ, რომ განსხვავების ყველა ხელოვნური მიზეზი წაიშლება, როგორი იქნება ეს ხასიათი. მე იმის გაკეთებას არ ვცდილობ, რაც შეუძლებლად მივიჩნიე, მაგრამ ეჭვი არ კრძალავს ვარაუდს, ხოლო თუ სარწმუნობა მიუღწეველია, მაინც შეიძლება მივაღწიოთ ალბათობის გარკვეულ ხარისხს. პირველი პუნქტი, ფაქტობრივად დადგენილ განსხვავებათა საწყისი, ყველაზე მეტად არის ხელმისაწვდომი განსჯისთვის და მე ვაპირებ მივუახლოვდე მას ერთადერთი გზით, რომლითაც მასთან მისვლაა შესაძლებელი: გარეშე გავლენის მენტალურ შედეგთა ასახვით. ჩვენ ვერ მოვახდენთ ადამიანის იზოლირებას მისი მდგომარეობისა და ვითარებისგან, რათა ექსპერიმენტულად დავამტკიცოთ, თუ რა იქნებოდა ის ბუნებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ის და როგორი იყო მისი გარემო და შეეძლო თუ არა ამ უკანასკნელს ისეთად ექცია ის, როგორიც ახლაა.

 

მოდით, განვიხილოთ ერთადერთი შესამჩნევი შემთხვევა, რომელსაც დაკვირვება გვთავაზობს, კერძოდ, ქალების ცხადი არასრულყოფილებისა მამაკაცებთან შედარებით, თუ მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეს გავითვალისწინებთ. ფილოსოფიის, მეცნიერების, ან ხელოვნების უმაღლესი თანრიგის არცერთი ნაწარმოებია ქალის მიერ შექმნილი. არსებობს ამის ახსნის რაიმე საშუალება, თუკი არ ვივარაუდებთ, რომ ქალებს უბრალოდ ამის უნარი არ შესწევთ?

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა დავსვათ სამართლიანი კითხვა, გვანიჭებს თუ არა გამოცდილება საკმარის საფუძველს დასკვნისთვის. სამ თაობასაც არ დაუსრულებია სიცოცხლე, ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც ქალებმა საკუთარი ძალები მოსინჯეს ფილოსოფიაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში და მხოლოდ ამ თაობაშია მცდელობათა რაოდენობა დიდი, თუმცა, მიუხედავად ამისა, რიცხვი ერთობ მცირეა ყველგან, გარდა ინგლისისა და საფრანგეთის. უადგილო არ იქნება კითხვა, უნდა ველოდოთ თუ არა გონებისგან, რომელსაც უმაღლესი მდგომარეობის მიღწევის პოტენციალი აქვს გონებაჭვრეტასა ან ხელოვნებაში, შანსების უბრალო გამოთვლის საფუძველზე, რომ დროსთან ერთად გამომჟღავნდება იმ ქალებში, რომელთა გემოვნება და პირადი მდგომარეობა საშუალებას მისცემდნენ მათ, თავი მიეძღვნათ ასეთი მიზნებისთვის. ყველაფერში, რისთვისაც დრო საკმარისად ჰქონდათ – ოსტატობის ყველაზე მაღალ საფეხურთა გარდა, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ყველაზე დიდხანს იყვნენ დაკავებულნი, ლიტერატურაში (იგულისხმება პროზაცა და პოეზიაც) – ქალებმა იმდენივე გააკეთეს, იმდენადვე აღიარებულნი იყვნენ, რამდენის მოლოდინიც შეიძლებოდა გვქონოდა მათგან დროისა და კონკურენტთა გათვალისწინებით. თუკი უფრო ადრეულ პერიოდს მივმართავთ, სადაც მხოლოდ ერთეული მცდელობები გვაქვს სახეზე, რამდენიმე მათგანს მართლაც დიდი წარმატებისთვის მიუღწევია. ბერძნები საფოს ყოველთვის თავის დიად პოეტთა შორის მიიჩნევდნენ. ასევე, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მირტიდა, რომელიც პინდარეს მასწვლებლად ითვლება, და კორინა, რომელმაც ხუთჯერ დაამარცხა ის პოეტურ ასპარეზობაში, სულ ცოტა, საკმარისი ღირსების მაინც უნდა ყოფილიყვნენ, რომ ამ დიად სახელთან შედარება დაემსახურებინათ. ასპასიას არ დაუტოვებია ფილოსოფიური მემკვიდრეობა, მაგრამ აღიარებულია ფაქტი, რომ სოკრატე მიმართავდა მას მითითებებისთვის და მათ მიღებას აღიარებდა. 

 

თუ თანამედროვე ქალთა ნაშრომებს გავითვალისწინებთ და მათ მამაკაცთა ქმნილებებს შევადარებთ, იქნება ეს ლიტერატურულ თუ ხელოვნების ასპარეზზე, არასრულფასოვნება, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ, ერთადერთზე დაიყვანება, თუმცა ის ყველაზე უფრო არსებითია: ორგინალურობის დეფიციტზე. იგულისხმება არა სრული დეფიციტი, რადგან გონების ყოველ პროდუქტს თვითმყოფი ღირებულება გააჩნია, გააჩნია თავისი ორიგინალურობა – ის არის თვით გონების კონცეფცია და არა რაიმეს ასლი. ორიგინალური აზრები იმ გაგებით, რომ ისინი ნასესხები არ არის – ანუ, ეფუძნება ავტორის საკუთარ დაკვირვებებსა და ინტელექტუალურ პროცესებს – ქალთა ნაწერებში უხვად გვხვდება. მაგრამ, მათ ჯერ კიდევ არ უშვიათ ის დიადი და მანათობელი ახალი იდეები, რომლებიც ეპოქას ქმნიან აზროვნებაში, და არც ხელოვნების ფუნდამენტური კონცეფციები შემოუთავაზებიათ, რომლებიც შესაძლოა ეფექტების პერსპექტივას ხსნიდნენ, რაზეც მანამდე არავის უფიქრია, და არც ახალი სკოლები დაუფუძნებიათ. მათი შემოქმედება უმეტესწილად აზრთა არსებულ ფონდს ეყრდნობა, ხოლო მათი ქმნილებები არსებული ტიპებისგან დიდად არ განსხვავდება. ამაშია არასრულფასოვნება, რომელსაც მათი ნაწარმოებები ამჟღავნებენ: რადგან, კომპოზიციის, აზრის დეტალური გამოყენებისა და სტილის სრულყოფილების თვალსაზრისით არასრულფასოვნებას ვერ ვხვდებით. ჩვენი საუკეთესო რომანისტები კომპოზიციისა და დეტალებზე ფოკუსირების თვალსაზრისით უმეტესწილად ქალები იყვნენ. თანამედროვე ლიტერატურაში არ მოიძებნება აზროვნების უფრო ენაწყლიანი სტილი, ვიდრე ეს მადამ დე სტალს ჰქონდა, ხოლო, წმინდად მხატვრული ოსტატობის ნიმუშის სახით, რაიმე, რაც ჟორჟ სანდის პროზაზე მაღლა დგას, რომლის სტილი ნერვულ სისტემაზე ისევე მოქმედებს, როგორც ჰაიდნის ან მოცარტის სიმფონია. როგორც უკვე ვთქვით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჩანაფიქრის ორიგინალურობა. ახლა კი გავარკვიოთ, შეგვიძლია თუ არა რაიმენაირად ამ ნაკლოვანების ახსნა.

 

მოდით, დავიმახსოვროთ, რომ რაც უბრალოდ აზრს შეეხება, სამყაროს არსებობისა და მისი კულტურის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც დიადი და ნაყოფიერი ჭეშმარიტებების მიღწევა მხოლოდ გენიის ძალის წყალობით ხდებოდა, მცირედი წინასწარი შესწავლითა და დაგროვილი ცოდნით – მთელი ამ დროის განმავლობაში ქალები სრულებით არ იყვნენ დაკავებულნი განყენებული აზროვნებით. იპატიას დროიდან რეფორმაციამდე გამოჩენილი ელოიზა თითქმის ერთადერთი ქალი იყო, ვისთვისაც მსგავსი მიღწევა იყო შესაძლებელი, ჩვენთვის კი ცნობილი არ არის, მისი განყენებული აზროვნების რა მოცულობა დაიკარგა კაცობრიობისთვის მისი ცხოვრების უიღბლობათა გამო. მას შემდეგ, რაც ქალთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩაერთო სერიოზულ აზროვნებაში, ორიგინალურობის მიღწევა იოლად არასოდეს მომხდარა. თითქმის ყველა შეხედულება, რომელთა წარმოქმნა საწყისი უნარების ძალით ხდებოდა, დიდი ხანია არსებობს, ხოლო ორიგინალურობა, ამ სიტყვის უმაღლესი აზრით, დღესდღეობით იშვიათად მიიღწევა გონების მიერ, რომელიც მკაცრად დისციპლინირებული არ არის და ღრმად არ ერკვევა წინა ეპოქათა ნააზრევის შედეგებში. ჩემი აზრით, ბ-მა მორისმა შენიშნა ჩვენი საუკუნის შესახებ, რომ მისი ყველაზე ორიგინალური მოაზროვნეები ისინი არიან, ვინც ყველაზე საფუძვლიანად იცნობს მათ წინამორბედთა ნააზრევს. ამიერიდან, მუდამ ასე იქნება. ახლა ყოველი ახალი ქვა შენობაში იმდენი სხვა ქვის თავზე უნდა დაიდოს, რომ ცოცვისა და მასალის ზიდვის ხანგრძლივი პროცესი უნდა გაიაროს ყველამ, ვისაც სურს წილი დაიდოს განვითარების მიმდინარე სტადიაში. რამდენია ქალი, ვისაც ასეთი პროცესი გაუვლია? ქ-ნი სომერვილი შესაძლოა ერთადერთია ქალებს შორის, რომელიც იმგვარად არის გათვითცნობიერებული მათემატიკაში, როგორც დღესდღეობით მნიშვნელოვანი მათემატიკური აღმოჩენის გასაკეთებლად არის აუცილებელი: ნუთუ ქალთა არასრულფასოვნების ბრალია, რომ ის სიცოცხლის განმავლობაში იმ ორ თუ სამ პიროვნებას შორის არ მოხვდა, რომელთა სახელები რაიმე დიდ მეცნიერულ აღმოჩენასთან არის დაკავშირებული? მას შემდეგ, რაც პოლიტეკონომია მეცნიერებად იქცა, ორი ქალია ცნობილი, რომელიც საკმარისად იცნობდა საგანს, რათა სასარგებლო თხზულებები შეექმნა. რამდენია იმავე საგანზე აზრის გამომთქმელი ურიცხვ მამაკაცთა შორის, ვის შესახებ მეტის თქმა შეიძლება? თუკი დღემდე არც ერთი ქალი ყოფილა დიდი ისტორიკოსი, რომელ მათგანს გაააჩნდა აუცილებელი ერუდიცია? თუკი არც ერთი ქალი ყოფილა დიდი ფილოლოგი, რომელ მათგანს უსწავლია სანსკრიტი ან სლავური ენები, გოთური ულფილა ან ზენდავესტას სპარსული? ჩვენთვის ცნობილია, თუ პრაქტიკულ საკითხებშიც კი როგორია უსწავლელ გენიოსთა ორიგინალურობის ღირებულება. ეს ნიშნავს ხელახლა გამოგონებას თავისი რუდიმენტური ფორმით რაიმესი, რაც უკვეა გამოგონილი და გაუმჯობესებული თანმიმდევრულად მრავალი გამომგონებლის მიერ. როდესაც ქალები გაივლიან მომზადებას, რაც ყველა მამაკაცს სჭირდება, რათა ორიგინალური იყოს, დრო საკმარისი იქნება გამოცდილების მიხედვით იმის განსჯისთვის, აქვთ თუ არა მათ ორიგინალურობის უნარი.

 

ეჭვი არ არის, რომ პიროვნებას, რომელსაც გულდასმით და ღრმად არ შეუსწავლია სხვისი ნააზრევი, ბუნებრივი გამჭრიახობისა და ინტუიციის წყალობით შეუძლია მიაგნოს იღბლიან აზრს, მაგრამ ვერ დაამტკიცებს მას, რომელიც, თავის მხრივ, მომწიფების შემდეგ შესაძლოა მნიშვნელოვან დანამატად იქცეს ცოდნისთვის, მაგრამ მაშინაც კი, ის მანამ ვერ გახდება სამართლიანი, სანამ რომელიმე სხვა პიროვნება, რომელიც წინამორბედ მიღწევებს ეზიარა, მოჰკიდებს მას ხელს, შეამოწმებს, მიანიჭებს მეცნიერულ ან პრაქტიკულ ფორმას და თავის ადგილს მიუჩენს ფილოსოფიისა თუ მეცნიერების არსებულ ჭეშმარიტებათა შორის. ნუთუ უნდა დავუშვათ, რომ ასეთი იღბლიანი აზრები ქალებს არ მოსდით თავში? არა, ისინი ასობით ეწვევა ყველა გონიერ ქალს. მაგრამ, უმეტესწილად იკარგება ქმრის ან მეგობრის არარსებობის გამო, რომელსაც სხვა ცოდნა გააჩნია, რაც მათი სათანადოდ შეფასებისა და სამყაროსთვის შეთავაზების საშუალებას მისცემდა, ხოლო თუ ასეთი რამ ხდება, ეს აზრები მეუღლის ან მეგობრის კუთვნილებად საღდება, და არა რეალური ავტორისა. ვინ იტყვის, მამაკაცი მწერლების მიერ გამოთქმული რამდენი ორიგინალური აზრი ეკუთვნოდა თავდაპირველად ქალებს, როდესაც მამაკაცებმა მხოლოდ გადაამოწმეს და დაამუშავეს ისინი? თუკი პირადი გამოცდილებით ვიმსჯელებ – საკმაოდ დიდი ნაწილი.

 

თუ წმინდა წყლის სპეკულაციიდან ლიტერატურაზე გადავალთ, ამ სიტყვის ყველაზე ვიწრო გაგებით, ისევე, როგორც სახვით ხელოვნებაზე, ცხად მიზეზს აღმოვაჩენთ, თუ რატომ არის ქალების ლიტერატურა თავისი ზოგადი კონცეფციითა და ძირითადი მახასიათებლებით მამაკაცთა ნაღვაწის იმიტირება. რატომ არის რომაული ლიტერატურა, როგორც ამას კრიტიკოსები ხშირად გვიმეორებენ, არა ორიგინალური, არამედ ბერძნულის მიბაძვა? უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ბერძნები უფრო ადრე იყვნენ. ქალებს რომ მამაკაცებისგან განსხვავებულ ქვეყანაში ეცხოვრათ და არასოდეს გაცნობოდნენ მათ ნაწერებს, მათაც საკუთარი ლიტერატურა ექნებოდათ. სინამდვილეში კი, მათ ახალი არ შეუქმნიათ, რადგან მაღალგანვითარებული ლიტერატურა უკვე შექმნილი იყო. ანტიკურობის ცოდნა რომ დროებით არ გამქრალიყო, ხოლო რენესანსი მანამდე დადმგარიყო, სანამ გოთურ  ტაძრებს ააგებდნენ, ისინი არასოდეს აშენდებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ საფრანგეთსა და იტალიაში ანტიკური ლიტერატურის მიბაძვამ შეაჩერა ადგილობრივი ლიტერატურის თვითმყოფადი განვითარება მას შემდეგაც კი, რაც ის დაიწყო. ყველა ქალი, რომელიც წერს, არის დიდი მამაკაცი მწერლის მოწაფე. ფერმწერის უახლესი ტილოები, თუნდაც ის რაფაელი იყოს, სტილის მიხედვით მისი ოსტატის ნამუშევრებისგან არ განსხვავდება. მოცარტიც კი ვერ უჩვენებს თავის მძლავრ ორიგინალურობას ადრეულ ქმნილებებში. ის, რაც ნიჭიერი ინდივიდისთვის წლებია, მასებისთვის მთელი საუკუნეა. თუკი ქალთა ლიტერატურის ხვედრია, რომ მამაკაცთაგან განსხვავებული კოლექტიური ხასიათი ჰქონდეს, რაც ბუნებრივ მიდრეკილებათა განსხვავებაზეა დამოკიდებული, იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე გავიდა, სანამ ის სრულად გათავისუფლდება აღიარებული მოდელების გავლენისგან და საკუთარ იმპულსებს დანებდება. მაგრამ, თუ, როგორც მე ვფიქრობ, არ არსებობს რაიმე ბუნებრივი მიდრეკილება, რაც საერთოა ქალებისთვის, და რაც განასხვავებს მათ გენიას მამაკაცებისგან, მათ შორის ყოველ ინდივიდუალურ მწერალს ექნება ინდივიდუალური მიდრეკილებები, რომლებიც დღემდე დათრგუნულია ადრეული პრეცედენტისა და მაგალითის გავლენით, და კიდევ უფრო მეტი თაობა იქნება საჭირო, სანამ მათი ინდივიდუალობა საკმარისად განვითარდება, რათა წინ აღუდგეს ასეთ გავლენას.

 

სწორედ ე.წ. სახვით ხელოვნებაში გვაქვს საბუთი იმისა, რომ ორიგინალურობის უკმარობა ქალებში primâ facie ყველაზე ძლიერად წარმოდგება, რადგან შეხედულება (შეიძლება ითქვას) არ უკრძალავს მათ ამას, უმალ წააქეზებს ამისკენ, ხოლო მათი განათლება არა თუ გვერდს არ უვლის ხელოვნებას, არამედ მდიდარ კლასებში მთლიანად მისგან შედგება. მიუხედავად ამისა, ამ მხრივ ისინი კიდევ უფრო ჩამორჩნენ მამაკაცების მიერ მიღწეულ უმაღლეს სრულყოფილებას. თუმცა, ეს ჩამორჩენა სხვა განმარტებას არ საჭიროებს, გარდა ცნობილი ფაქტისა, რომელიც სახვით ხელოვნებაში მეტად საყოველთაო ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ვიდრე სხვა სფეროში, რაც პროფესიონალთა უზარმაზარ უპირატესობაში მდგომარეობს დილეტანტებთან შედარებით. განათლებული კლასის თითქმის ყველა ქალს შეასწავლიან სახვითი ხელოვნების ამა თუ იმ დარგს მეტ-ნაკლებად, მაგრამ ისე არა, რომ ამით მათ ყოველდღიური სარჩო მოიპოვონ ან საზოგადოებრივ მდგომარეობას მიაღწიონ. ყველა ხელოვანი ქალი დილეტანტია. გამონაკლისები მხოლოდ ზოგად ჭეშმარიტებას ადასტურებენ. ქალებს ასწავლიან მუსიკას, მაგრამ არა მისი შექმნის მიზნით, არამედ მისი შესრულებისა, შესაბამისად კი, მამაკაცები მუსიკაში მხოლოდ, როგორც კომპოზიტორები აჭარბებენ ქალებს. ხელოვნების ერთადერთი დარგი, რომელსაც ქალები გარკვეული ხარისხით ეუფლებიან პროფესიისა და ცხოვრების საქმის სახით, სასცენოა, სადაც ისინი უდავოდ უტოლდებიან მამაკაცებს, თუ საერთოდ არ სჯაბნიან მათ. შედარება რომ სამართლიანი გამოვიდეს, ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ქალების ქმნილებები ხელოვნების ნებისმიერ დარგში და ნამუშევრები მამაკაცებისა, რომლებიც ამ დარგში პროფესიულად არ მოღვაწეობენ. მაგალითად, მუსიკალურ კომპოზიციაში ქალებმა უდავოდ დილეტანტ მამაკაცებზე არანაკლები ხარისხის ნაწარმოებები შექმნეს. დღეისათვის მცირე, უკიდურესად მცირეა რაოდენობა ქალებისა, რომლებსაც ფერწერა პროფესიად აქვთ არჩეული და რომლებიც უკვე ისეთ უნარებს ავლენენ, რისი მოლოდინიც შეიძლებოდა გვქონოდა. მამაკაც ფერმწერებსაც კი (მაგალითად, ბ-ნ რასკინს) კი არ შეუქმნიათ ამ საუკუნეში ერთობ გამორჩეული ტილოები, და კიდევ ბევრი დრო გავა, სანამ ისინი ამას შეძლებენ. მიზეზი იმისა, თუ რატომ აღემატებოდნენ ესოდენ ძველი დროის ფერმწერები თანამედროვეებს, იმაშია, რომ ადამიანთა ბევრად აღმატებული კლასი უძღვნიდა საკუთარ თავს ხელოვნებას. მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე საუკუნის იტალიელი ფერმწერები თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. მათგან უდიდესებს ენციკლოპედიური ცოდნა გააჩნდათ, მსგავსად საბერძნეთის დიადი ადამიანებისა. მაგრამ, მათ დროს სახვითი ხელოვნება ადამიანის გრძნობებისა და შეხედულებებისთვის იმ უდიდეს მოწოდებათა შორის მოიაზრებოდა, რომელშიც ადამიანს წარმატების მიღწევა შეეძლო და სწორედ ეს აქცევდა მათ მონარქების დაახლოვებულ პირებად და დიდგვაროვანთა თანასწორებად, ანუ ისეთ გამორჩეულ მდგომარეობას აღწევდნენ, რასაც ახლა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო განსხვავება იძლევა. ჩვენს ეპოქაში მსგავსი კალიბრის ადამიანები მეტად მნიშვნელოვან საქმეებს პოულობენ საკუთარი დიდებისა და თანამედროვე სამყაროს სასარგებლოდ, ვიდრე ფერწერაა, და მხოლოდ დროდადრო ხდება, რომ რომელიმე რეინოლდსი ან თარნერი (მსჯელობას გამორჩეულ ადამიანთა შორის მათი შეფარდებითი რანგის შესახებ მე თავს არ ვიდებ) საკუთარ თავს ხელოვებას უძღვნის. მუსიკა სხვა კატეგორიას  ეკუთვნის. ის გონების ასეთივე ზოგად ძალებს არ მოითხოვს, მაგრამ თითქოს მეტად არის დამოკიდებული ბუნებრივ ნიჭზე, შესაბამისად კი, უცნაურია, რომ არც ერთი დიდი კომპოზიტორი ქალი არ იყო. მაგრამ, ასეთი ბუნებრივი ნიჭიც კი, იმისათვის რომ დიადი ქმნილებები წარმოშვას, სწავლასა და საქმის პროფესიულ ერთგულებას საჭიროებს. ორად ორი ქვეყანა, რომელმაც უმაღლესი თანრიგის კომპოზიტორები შვა, თუნდაც მხოლოდ მამრობითი სქესისა, იტალია და გერმანიაა – ქვეყნები, რომლებშიც, როგორც ზოგადი, ისე სპეციალური განათლების თვალსაზრისით, ქალები გაცილებით ჩამორჩებიან საფრანგეთსა და ინგლისს, ზოგადად (გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას) უკიდურესად მწირ განათლებას ფლობენ, ხოლო გონების უმაღლესი უნარები თითქმის განუვითარებელი აქვთ. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მუსიკალური კომპოზიციის ანბანს გაცნობილ მამაკაცთა რაოდენობა ასობით ან, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ათასობით ითვლება, ორი ათეული ქალი თუ მოიძებნება. შესაბამისად, კვლავ საშუალოს დოქტრინის გამოყენებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ ორმოცდაათ გამორჩეულ მამაკაცზე ერთზე მეტ ქალს არ უნდა ველოდოთ, ხოლო უკანასკნელი სამი საუკუნის განმავლობაში გერმანიასა და იტალიას ორმოცდაათი გამორჩეული მამაკაცი კომპოზიტორიც კი არ გაუჩენიათ.

 

დასახელებულის გარდა სხვა მიზეზებიც არსებობს, რომლებიც იმის ახსნაში გვეხმარება, თუ რატომ არიან ქალები მამაკაცებზე უკან თუნდაც ისეთ საქმიანობაში, რომელიც ორივესთვის ხელმისაწვდომია. უპირველეს ყოვლისა, ქალების ერთობ მცირე რაოდენობას აქვს საამისო დრო. შესაძლოა პარადოქსად ჟღერდეს, მაგრამ ეს დამტკიცებული სოციალური ფაქტია. ყოველი ქალის დრო და აზრები პირველ რიგში პრაქტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. თავდაპირველად, ზრუნვა ოჯახზე და საშინაო ხარჯების კონტროლი, რასაც ყოველ ოჯახში ერთი ქალი მაინც სჭირდება, როგორც წესი, ზრდასრული ასაკისა და გამოცდილების მქონე, თუ ოჯახი საკმარისად მდიდარი არ არის იმისთვის, რომ ამოცანის შესრულება დაქირავებულ პირს გადასცეს, არ შეუშინდება რა ფლანგვასა და გაზრდილ ხარჯებს, რაც განუშორებელია მართვის ასეთი წესისგან. ოჯახზე ზრუნვა, თუნდაც სხვა მიმართებით არ იყოს შრომატევადი, ერთობ დამამძიმებელია აზრებისთვის. ის გამუდმებულ სიფხიზლეს მოითხოვს, თვალს, რომელსაც ერთი წვრილმანიც კი არ გამოეპარება, ასევე, მან უნდა წარმოადგინოს განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხები, გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი, რომელთაგან გათავისუფლება მათზე პასუხისმგებელმა პიროვნებამ რთულად რომ შეძლოს. თუ ქალი თავისი წოდებითა და მდგომარეობით ერთგვარად გათავისუფლებულია ასეთი ვალდებულებებისგან, მაინც მასზეა დაკისრებული მთელი ოჯახის მართვა სხვებთან ურთიერთობის კუთხით, იმასთან, რასაც საზოგადოებას უწოდებენ, ხოლო რაც უფრო ნაკლებად ეკისრება მას სამურნეო ვალდებულებები, მით უფრო ფართოვდება საერო: ვახშმები, კონცერტები, საღამოები, დილის ვიზიტები, წერილების წერა და სხვა ყველაფერი, რაც ამასთანაა კავშირში. ეს ყველაფერი ემატება ყოვლის მშთანმთქმელ ვალდებულებას, რომელსაც საზოგადოება მხოლოდ ქალს აკისრებს – იყოს მომხიბვლელი. მაღალი წოდების ჭკვიანი ქალი თითქმის ყოველთვის საკმარისად იყენებს თავის უნარს მანერების სინატიფესა და საუბრის ხელოვნებაში დაოსტატების მიმართულებით. თუკი საკითხის მხოლოდ გარეგან მხარეს განვიხილავთ, აზროვნების ღრმა და გამუდმებული წვრთნა, რასაც ყველა ქალი, რომელიც კარგად ჩაცმას რაიმე ღირებულებას ანიჭებს (არ ვგულისხმობ ძვირად, არამედ გემოვნებით და ბუნებრივი და ხელოვნური პირობითობის აღქმით), უნდა უთმობდეს თავის ტუალეტსა და, შესაძლოა, თავისი ქალიშვილის ტუალეტს, მათთვის საკმარისი იქნებოდა, საკუთარი გზა გაეკაფათ მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ ლიტერატურაში და მართლაც ამოწურავდნენ დროსა და გონებრივ შესაძლებლობებს, რაც ამისთვის უნდა დახარჯულიყო. ამ წვრილმანმა (რაც მათთვის სულაც არ არის წვრილმანი) პრაქტიკულმა ინტერესმა რომ მათ გარკვეული თავისუფალი დრო დაუტოვოს, ან მეტი ენერგია და გონების თავისუფლება, რის მიძღვნას ისინი ხელოვნებისა და განყენებული აზროვნებისთვის შეძლებდნენ, მათ აქტივობის გაცილებით უფრო დიდი მარაგი უნდა გააჩნდეთ, ვიდრე მამაკაცთა უმეტესობას. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. დამოუკიდებლად ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობისგან, რომელიც ქალს ეკისრება, მისგან მოითხოვება, რომ დრო და უნარები სხვის სამსახურად გამოიყენოს. თუ მამააკცს არ გააჩნია პროფესია, რომელიც მას ასეთი მოთხოვნებისგან ათავისუფლებს, მაინც, თუ ის რაიმე საქმიანობით არის დაკავებული, არავის გააღიზიანებს, თუ თავის დროს ამ საქმიანობას მიუძღვნის. საქმიანობა აღიქმება, როგორც საფუძვლიანი გამართლება იმ მოთხოვნების უპასუხოდ დატოვებისა, რომლებსაც მას წაუყენებენ. განხილულა ოდესმე ქალის საქმიანობა, განსაკუთრებით, მის მიერ ნებაყოფლობით არჩეული, როგორც გამართლება საზოგადოების ე.წ. მოთხოვნებისგან გათავისუფლებისა? გაჭირვებით აღიქმება ასეთ გამართლებად მისი მხოლოდ ყველაზე აუცილებელი და საზოგადოდ აღიარებული ვალდებულებები. ამისათვის საჭიროა ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან რაიმე უჩვეულო მოვლენა, რაც უფლებას მისცემდა მას, საკუთარი საქმისთვის მიენიჭებინა უპირატესობა სხვათა გართობასთან შედარებით. ის მუდამ სხვათა განკარგულებაში უნდა იყოს, ხშირად – ყველასი. თუ რაიმე მიზანი აქვს, მის მისაღწევად მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთები ექნება, რომელსაც შემთხვევიდან შემთხვევამდე უნდა ჩაავლოს ხელი. ერთი გამოჩენილი ქალბატონი თავის ნაშრომში, რომელიც, იმედი მაქვს, ოდესმე გამოქვეყნდება, სამართლიანად შენიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ქალი აკეთებს, აკეთებს სხვა საქმეთა შორის შუალედში. ამის შემდეგ, ნუთუ გასაკვირია, რომ ის უმაღლეს მწვერვალებს ვერ აღწევს საქმეებში, რომლებიც ცხოვრებისეული ინტერესის გამუდმებულ ყურადღებასა და კონცენტრაციას საჭიროებენ?! ასეთია ფილოსოფია და, კიდევ უფრო მეტად, ხელოვნება, რომელშიც აზრებისა და გრძნობების ერთგულების გარდა, ხელიც გამუდმებით უნდა ვარჯიშობდეს უმაღლესი ოსტატობის მისაღწევად. 

 

ამ  ყველაფერს კიდევ ერთი მოსაზრება უნდა დავუმატოთ. ხელოვნების განსხვავებულ სფეროებსა და გონებრივ საქმიანობაში შესაძლოა მიღწეულ იქნეს ოსტატობის საფეხური, რაც საკმარისია თავის გასატანად, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მაღალი საფეხური, რომლითაცაა განპირობებული სახელის უკვდავმყოფი დიადი ნაწარმოებები. პირველის მისაღწევად შესაბამისი მოტივი ყველას აქვს, ვინც მიზნისკენ პროფესიონალურად ისწრაფის; მეორის მიღწევა ერთობ რთულია იქ, სადაც არ არის ან ცხოვრების რომელიმე ეტაპზე არ არსებულა სახელისკენ მოპოვების მხურვალე სურვილი. ასეთი სურვილის გარდა არაფერი გამოდგება საკმარის საბაბად შავი სამუშაოს ხანგრძლივად და მოთმინებით შესრულებისთვის, რაც, ყველაზე დიდი ბუნებრივი ნიჭის პირობებშიც კი, აბსოლუტურად აუცილებელია გამორჩეული მიღწევებისთვის საქმეებში, რომლებშიც უკვე ვფლობთ უმაღლესი გენიის ერთობ მრავალ ძეგლს. ქალები, მიუხედავად იმისა, არის მიზეზი ბუნებრივი თუ ხელოვნური, იშვითად ავლენენ სახელის მოხვეჭის სურვილს. მათი ამბიციები ზოგადად შედარებით ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული. გავლენა, რომელსაც ისინი ეძებენ, მათზე ვრცელდება, ვინც უშუალოდ მათ გარშემო იმყოფება. მათი სურვილია, რომ ვინმეს უყვარდეთ, მოსწონდეთ ან ეთაყვანებოდეთ, ისეთებს, ვინც მათი მზერის ფარგლებშია, ხოლო მეცნიერებასა ან ხელოვნებაში ამისათვის საკმარისი გაწაფულობა მათ აკმაყოფილებთ. ეს არის ხასიათის თვისება, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ქალების შესახებ მსჯელობისას, როგორებიც ახლა არიან ისინი. მე სრულებით არ მწამს, რომ ეს თვისება თანდაყოლილია ქალებისთვის. ეს გარემოებათა ბუნებრივი შედეგია. დიდების სიყვარული მამაკაცებში განათლებითა და საზოგადოებრივი აზრით არის წაქეზებული: „სიამოვნების სიძულვილი და ცხოვრების შრომაში გალევა“ ამისათვის „კეთილშობილ გონებათა“ შემადგენელ ნაწილად ითვლება, თუნდაც „უკანასკნელი უძლურება“ მიეწერებოდეთ და იმით იყოს წაქეზებული, რომ დიდება ანიჭებს მის მფლობელს წვდომას ყველაფერზე, თვით ქალთა კეთილგანწყობაზე, როდესაც თვით ქალებისთვის ეს ყველაფერი აკრძალულია, ხოლო დიდების სურვილი გაბედულად და არაქალურად მიიჩნევა. გარდა ამისა, როგორ შეიძლება, რომ ქალის ინტერესი სრულად არ იყოს კონცენტრირებული შთაბეჭდილებაზე, რომელსაც ის მათზე ახდენს, ყოველდღიურად რომ მის ცხოვრებაში მყოფობენ, როდესაც საზოგადოებამ დაადგინა, რომ მისი ყველა ვალდებულება ამ პიროვნებებისკენ იყოს მიმართული და განსაზღვრა, რომ მისი კომფორტიც ამ ადამიანებზე უნდა იყოს დამოკიდებული? ჩვენი თანამოძმეებისგან პატივისცემის დამსახურების სურვილი ქალებში ისევე ძლიერია, როგორც მამაკაცებში, მაგრამ საზოგადოებამ ისე განსაზღვრა საგანთა წესრიგი, რომ ყველა ორდინარულ შემთხვევაში საჯარო პატივისცემა ქალისთვის მიღწევადია მხოლო მისი ქმრის ან სხვა მამაკაცის პატივისცემის გზით, როდესაც მისადმი პირადი პატივისცემის უფლება გაუქმებულია, როგორც კი ის ინდივიდუალურად ოდნავ გამორჩეული ხდება ან რაიმე სხვა სახით წარდგება, თუ არა მამაკაცის დანამატისა. ვისაც კი შესწევს უნარი, გონებაზე ოჯახის და საზოგადოებრივი მდგომარეობისა და მთლიანად ცხოვრების წესის გავლენის შეფასებისა, ასეთ გავლენაში მყისიერად ამოიცნობს ქალსა და მამაკაცს შორის თითქმის ყველა ცხადი განსხვავების სრულ განმარტებას, ყველა მათგანის ჩათვლით, რომელიც ნებისმიერ არასრულფასოვნებას გულისხმობს.

 

რაც შეეხება მორალურ განსხვავებებს, რომლებიც ინტელექტუალურისაგან განცალკევებულად განიხილება, ზოგადად უპირატესობა ყოველთვის ქალების მხარესაა. გვეუბნებიან, რომ ისინი მამაკაცებზე უკეთესები არიან – ეს არის ფუჭი კომპლიმენტი, რომელმაც ყველა გონიერი ქალის მწარე ღიმილი უნდა გამოიწვიოს, რადგან არ არსებობს სხვა ცხოვრებისეული სიტუაცია, სადაც წესად იყოს დადგენილი და ბუნებრივად და შესაფერისად ითვლებოდეს, რომ უკეთესი ემორჩილებოდეს უარესს. თუკი ასეთ უქმ საუბარს რაიმე სარგებელი მოაქვს, მხოლოდ როგორც მამაკაცთა აღიარებას ძალაუფლების გამხრწნელი გავლენის შესახებ, რადგან ეს უდავოდ ერთადერთი ჭეშმარიტებაა, რომელსაც ფაქტი, თუკი ის ფაქტია, ადასტურებს ან განმარტავს. ასევე სიმართლეა, რომ მონობა, გარდა შემთხვევისა, როდესაც ის ფაქტობრივადაა სასტიკი, თუმცა ორივეზე მოქმედებს, მორალურად ნაკლებად ხრწნის მონებს, ვიდრე პატრონებს. ადამიანის ბუნებისთვის უმჯობესია, რომ ლაგამამოდებულ იქნეს, თუნდაც თვითნებური ძალაუფლების მიერ, ვიდრე თვითნებური ძალაუფლება გამოიყენოს შეზღუდვის გარეშე. ამბობენ, რომ ქალები ნაკლებად ხვდებიან სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოქმედების ქვეშ, გაცილებით ნაკლები ქალია დამნაშავეთა სიაში, ვიდრე მამაკაცი. ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ იგივეს თქმა და ჭეშმარიტების იმავე ხარისხით შეიძლება ზანგი მონების შესახებ. ისინი, ვინც სხვათა კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, ხშირად ვერ სჩადიან დანაშაულს, თუ არა პატრონების ბრძანებითა და მათივე მიზნებიდან გამომდინარე. ჩემთვის უცნობია მეტად აშკარა მაგალითი სიბრმავისა, რომლითაც სამყარო, სწავლული მამაკაცების მასის ჩათვლით, უგულვებელყოფს და დუმილით ხვდება სოციალურ გარემოებათა ყველა გავლენას, ვიდრე ქალის ბუნების გონებრივი თვისებების ბრიყვული უგულვებელყოფა და მორალური ბუნების ასევე ბრიყვული ქება-დიდებაა.

 

საქებარი გამონათქვამი ქალის აღმატებული მორალური სათნოების შესახებ შეგვიძლია შევუწყვილოთ დამამცირებელ გამოძახილს გარეშე გავლენისადმი მათი თითქოსდა მეტი დაქვემდებარების შესახებ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქალებს არ ძალუძთ თავის პირად მიდრეკილებებთან გამკლავება, რომ მათი მსჯელობა სერიოზულ საქმეებში სიმპათია-ანტიპათიით არის დამახინჯებული. თუნდაც დავუშვათ, რომ ეს ასეა, ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, რომ ქალები უფრო ხშირად არიან შეცდომაში შეყვანილი თავისი გრძნობების მიერ, ვიდრე მამაკაცები – თავისი პირადი ინტერესით. ძირითადი განსხვავება ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს, რომ მამაკაცები ვალდებულებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გზიდან უხვევენ საკუთარი თავის სიყვარულიდან გამომდინარე, ქალები კი (რომლებსაც არ აქვთ უფლება, გააჩნდეთ საკუთარი ინტერესები) – სხვისადმი სიყვარულიდან. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ აღზრდა-განათლება, რომელსაც ქალები იღებენ საზოგადოებაში, უნერგავს მათ გრძნობას, რომ მათთან დაკავშირებული ადამიანები ერთადერთნი არიან, რომელთა წინაშე მათ რაიმე ვალდებულება გააჩნიათ, ერთადერთნი, ვის ინტერესზეც უნდა იზრუნონ, მაშინ, როდესაც, რაც განათლებას შეეხება, ისინი უცხოები არიან ყველაზე ელემენტარული იდეებისადმიც, რომელთა გარეშე შეუძლებელია გონივრული მონაწილეობა უმაღლეს ინტერესებსა ან უმაღლეს მორალურ მიზნებში. მათ წინააღმდეგ პრეტენზია მხოლოდ იმაზე დაიყვანება, რომ ისინი მეტისმეტად კეთილსინდისიერად ასრულებენ ერთადერთ ვალდებულებას, რომელიც მათ ასწავლეს, და თითქმის ერთადერთს, რომლის შესრულების ნებას რთავენ.

 

პრივილეგირებულთა დათმობა არაპრივილეგირებულთადმი იმდენად იშვიათად არის გამოწვეული რაიმე კეთილშობილი მოტივით, ვიდრე არაპრივილეგირებულთა მიერ ძალით მისაკუთრებაა, რომ უმრავლესობა, სავარაუდოდ, ყურადღებას არ მიაპყრობს არგუმენტებს რომელიმე სქესის უპირატესობის წინააღმდეგობის შესახებ, სანამ იმის თქმას შეძლებენ, რომ თვით ქალები არ აცხადებენ პრეტენზიას. ეს ფაქტი აშკარად ანიჭებს მამაკაცებს საშუალებას, უსამართლო პრივილეგია კიდევ გარკვეული დროით შეინარჩუნონ, მაგრამ ამის გამო ეს პირივილეგია ნაკლებად უსამართლო არ ხდება. ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება ქალების შესახებ აღმოსავლეთის ჰარემში. ისინი არ აცხადებენ პრეტენზიას იმის გამო, რომ ევროპელი ქალის თავისუფლება არ გააჩნიათ. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქალები უკიდურესად გაბედულები და არაქალურები არიან. მამაკაცები ხომ უკიდურესად იშვიათად ჩივიან გაბატონებული საზოგადოებრივი წყობის გამო, ხოლო ასეთი პრეტენზია კიდევ უფრო იშვიათი იქნებოდა, მათთვის რომ სხვა ადგილებში არსებული წესრიგი არ იყოს ცნობილი. ქალები არ გამოთქვამენ პრეტენზიას ქალთა ზოგადი ხვედრის გამო ან, უმალ, გამოთქვამენ, რადგან შესაბრალისი ელეგიები ამ თემაზე დამახასიათებელია ქალთა ნაწარმოებებისთვის, და კიდევ უფრო მეტი იყო, სანამ ჩივილის რაიმე პრაქტიკული მიზანი შეუმჩნეველი გახლდათ. მათი პრეტენზიები იმ მამაკაცებისას ჰგავს, ადამიანის ცხოვრების ზოგადი ხვედრით რომ არიან უკმაყოფილონი. ისინი არც ბრალის დადებას გულისხმობენ და არც ცვლილებას მოითხოვენ. მაგრამ, თუმცა ქალები ზოგადად ქმრების ძალაუფლების შესახებ პრეტენზიებს არ გამოთქვამენ, ისინი ჩივიან საკუთარი ან მეგობრის ქმრის გამო. ასეთია ვითარება მონობის ყველა სხვა შემთხვევაში, სულ ცოტა, განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისში. ყმები თავდაპირველად არა თავისი ბატონების ძალაუფლების გამო გამოთქვამენ პრეტენზიას, არამედ მათი ტირანიისა. თემთა პალატა რამდენიმე მუნიციპალური პრივილეგიის მოთხოვნით იწყებდა საქმიანობას; შემდეგ მათ გამონაკლისი მოითხოვეს საკუთარი თავისთვის, არ ყოფილიყვნენ დაბეგრილი თანხმობის გარეშე, თუმცა იმ დროს მათ დიდ კადნიერებად მიაჩნდათ მეფის უზენაესი ძალაუფლების ნაწილის მოთხოვნა. ქალების შემთხვევა დღესდღეობით ერთადერთია, რომელშიც დამკვიდრებული წესებით აღშფოთებას ისევე უმზერენ, როგორც უწინ  მეფის წინააღმდეგ ქვეშევრდომთა ამბოხების უფლების პრეტენზია განიხილებოდა. ქალი, რომელიც რაიმე მოძრაობას უერთდება ქმრის აზრის საწინააღმდეგოდ, საკუთარ თავს მარტვილობისთვის სწირავს, იმის შესაძლებლობის გარეშე, რომ მოციქული იყოს, რადგან ქმარს კანონიერად შეუძლია სასრული დაუდოს მის მოციქულობას. არ უნდა ველოდოთ, რომ ქალები ემანსიპაციას მიუძღვნიან საკუთარ თავს, სანამ მამაკაცების დიდი რაოდენობა არ იქნება მზად, შეუერთდეს მათ ამ წამოწყებაში.  


კომენტარები