ენის არსებობა და რეფერენციის თეორია

ენის არსებობა და რეფერენციის თეორია

ნინო შონია – ფილოსოფიის სტუდენტი (2017), ფილოლოგიის ბაკალავრი (2016), ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი.

სამყაროს აღქმის პრობლემა დასაბამიდან იჩენს თავს, იმდენად, რამდენადაც, ადამიანმა, როგორც გონითმა არსებამ, შეძლო ანალიზის, განსჯისა და სინთეზის უნარის ჩამოყალიბება. სამყაროს შესახებ წარმოდგენები აღიქმება სახელების, საზრისებისა და ნომინატების1 მეშვეობით. თუ როგორ მოგვეცემა სამყარო და რას წარმოადგენს საგნობრივი ვითარება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. სამყაროში ყველაფერი ურთიერთქმედებს, რეფერირებს ერთმანეთზე. რეფერენციის2 საშუალებით ჩვენ შეგვწევს უნარი დავინახოთ ენობრივი  საშუალებების ობიექტთან შესაბამისობა.

 

სტოიციზმიდან3 მოყოლებული დასავლურ სამყაროში არსებობდა ნიშანთა სისტემის სხვადასხვაგვარი სახეები, რომლის მეშვეობითაც სიტყვისა და საგნის რეფერირების საფუძველზე იკვლევდნენ  და აღიქვამდნენ სამყაროს, როგორც თავისთვის, ასევე ობიექტურად.  სტოელთა ლოგიკურ მოძღვრებაში არსებობდა ცნება „Lekton“,4 რომელიც ითარგმნება როგორც საზრისი. საზრისის მეშვეობით კი ყალიბდება სამყაროს ობიექტური ხედვა. როგორც ვხედავთ, სტოიციზმიდან მოყოლებული ვლინდება ენის ფილოსოფიაში არსებული პრობლემები, რომელიც საგნის, ნომინატისა და საზრისის ურთიერთმიმართებაში გამოიხატება. როგორც ვიცით, „სტოელები სამ რამეს განასხვავებენ ერთმანეთისგან : (1) აღმნიშვნელი, ანუ ნიშანი,5 (2) საზრისი და (3) ის, რაც არსებობს.“  (ცხადაძე. 2009. 1)

 

ენის შესახებ რეფლექსიებს ჩვენ ვხვდებით ანტიკურობაშივე. მე-20 საუკუნემდე ენა განიხილება იმდენად, რამდენადაც იგი უკავშირდება შემეცნების თეორიულ პრობლემატიკას, როგორიცაა – გნოსეოლოგია, ონტოლოგია და ცნობიერების ფილოსოფია. თუმცა, მე-20 საუკუნეში ხდება ლინგვისტური შემობრუნება, რომელიც მდგომარეობს ენის ფილოსოფიური ნაშრომის, ფილოსოფიური რეფლექსიის ცენტრში დგომაში, რის შედეგადაც, ენა ხდება ფილოსოფიის საგანი.

 

პირველი ავტორი, რომელიც გამოყოფს ენის პრობლემატიკას, არის პლატონი. პლატონი, თავის „კრატილოსში“ გამოყოფს ორ თეზას, რომლის მიხედვითაც (1) არსებობს აუცილებელი კავშირი სიტყვასა და საგანს შორის და ეს კავშირი წარმოადგენს მსგავსებას და (2) სიტყვისა და საგნის მიმართება კონვენციის, შეთანხმების შედეგია. პირველ თეზას, ანუ პისეის-თეზას პლატონი ამყარებს არგუმენტით – „არსებობს სიტყვების ბუნებრივი სისწორე. სიტყვის სისწორე მდგომარეობს იმაში, რომ ის აჩვენებს, თუ როგორ არის შექმნილი საგანი“ და მეორე თეზას, რომელიც თეზეის-თეზის სახელითაა აღნიშნული: – „არც ერთი სახელი არ ეკუთვნის საგანს მისი ბუნებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ იმათი დაწესებისა და ჩვეულების  შედეგად ვინც ამ სიტვას მოიხმარს.“  თუმცა, პლატონი არც ერთი პოზიციისკენ არ იხრება და საკითხს ღიად ტოვებს. პლატონისგან განსხვავებით, არისტოტელე თავის „წინადადების შესახებ“-ში გადმოსცემს რომ, არსებობს საზრისი და მნიშვნელობა, რომელსაც ის უწოდებს „სულში წარმოქმნილ წარმოდგენებს“. „არსებობს  ბგერები, რომლებიც ხმით წარმოიქმნება და რომლებიც არის სულში წარმოქმნილი წარმოდგენების ნიშნები და ნაწერი არის თავის მხრივ ნიშანი ბგერებისა“   სადაც, სულში წარმოქმნილი წარმოდგენა არის სიტყვა, ხოლო ნაწერი – წარმოთქმული ბგერა. სიტყვა არის ნიშანი, იმდენად, რამდენადაც, ის არის ჩვენს სულში წარმოდგენილი წარმოდგენების აღსანიშნავად შემოტანილი, ხოლო ნიშანი – სიტყვის აღსანიშნავად, რადგან ნიშანი მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს როგორც ნიშანი, როდესაც ის რაღაცის აღსანიშნად არის შემოტანილი, ვინაიდან, ენობრივ გამონათქვამებს იმიტომ აქვთ მნიშვნელობა, რომ ისინი რაღაცას აღნიშნავენ.  თავის მხრივ, ენობრივი მნიშვნელობების მეშვეობით ხდება სამყაროს რეპრეზენტირება ისე როგორც არის.

 

ანტიკურობისგან განსხვავებით, შუა საუკუნეებში, ყოფნის ძირითადი სტრუქტურა სამყაროს საგნებშია რეალიზებული, ანუ ფორმა და მატერია რეალიზებულია საგნებში, ხოლო თავის მხრივ საგნები – ენის სტრუქტურაში. ენის სტრუქტურა კი წარმოადგენს იმას, რისი გაგებაც ადამიანს ძალუძს. ნომინალიზმი6 აყალიბებს წარმოდგენას, რის მიხედვითაც ეჭვქვეშ ყენდება სამყაროს ძირითადი სტრუქტურის გაგებადობა. ის, რისი გაგებაც სუბიექტს შეუძლია, არის მხოლოდ ის, რაც თავად შექმნა. სიტყვები შემოტანილია საგანთა მრავალგვარობის აღსანიშნავად, რადგან ენობრივ გამონათქვამებსა და საგნებს შორის აუცილებელი ურთიერთმიმართება არ არსებობს.

 

ანტიკურობისა და შუა საუკუნეებისგან განსხვავებით, ახალ დროში, რენე დეკარტე აყალიბებს სხვაგვარ ხედვას სუბიექტისა და სამყაროს ურთიერთქმედების შესახებ, რომელიც პირდაპირკავშირში მოდის ენასთან.  დეკარტეს მიხედვით, სამყაროს აღქმა ეფუძნება შემეცნებას, რომელიც მიმართულია არა ადამიანის გარეთ, არამედ შიგნით და ის იწყება უეჭველობით. ერთადერთი რამ, რაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე არსებობს, არის ის, რომ – ადამიანი აზროვნებს. „ვაზროვნებ, მაშასადამე  ვარსებობ“ ეს არის აუცილებელი და თან ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანმა დანამდვილებით იცის. თუმცა, მის გონში არსებული წარმოდგენები არის ენობრივი გამონათქვამების მნიშვნელობები, რომლის მეშვეობითაც ის ურთიერთკავშირში შედის სამყაროსთან. როგორც ლოკი ამბობს, – „ენა არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გრძნობადი შთაბეჭდილებები აღვნიშნოთ და სხვებს გავუზიაროთ.“

 

შემეცნება ხორციელდება ჩვენი ცოდნის აპრიორულ ფორმებში და ეს  მოიცემა ჩვენივე გონების სტრუქტურებში, შესაბამისად, ჩვენი ცოდნის აპრიორული ფორმები განსაზღვრავს სამყაროსთან გრძნობად და გონებისეულ მიმართებას. არისტოტელე აღნიშნავს, რომ ადამიანი არის ენის მქონე ცხოველი, ვინაიდან „Logos“ განიმარტება როგორც გონება, ასევე ენა, ხოლო „Animal Rationale“ შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც – „ადამიანი, ეს არის ენის მქონე ცხოველი“. ენა და გონება თავის მხრივ განსაზღვრავს სიცოცხლის ადამიანურ ფორმას, ვინაიდან, ენის მეშვეობით აღიქმება სამყარო, ხოლო სამყაროს აღქმნადობა განაპირობებს განსჯის უნარის ჩამოყალიბებას და იმად ყოფნას – რაც ვართ. გარდა ამისა, ადამიანი, ენობრივი გამონათქვამების საშუალებით გადმოსცემს მის სულიერ მდგომარეობას, გრძნობებსა და ემოციებს, რასაც მისი ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ენობრივი გამოხატულება არის ის, რაც ადამიანს აქცევს შემმეცნებელ არსებად, ვინაიდან, თუ ადამიანი არის ცხოველი, თუმცა ის ამავდროულად წარმოადგენს გონებრივ ცხოველს, მისთვის აუცილებელ ჭეშმარიტებად უნდა ჩაითვალოს ლოგოსი ანუ, გონება და ენა. ურთიერთობა, რომელსაც ადამიანი სამყაროსთან ამყარებს, რეფერირებით არის განპირობებული. სამყაროსთან ურთიერთკავშირის დასადგენად ოდითგანვე  ისმებოდა კითხვები, თუ რა   განაპირობებდა ამ კავშირს. მიშელ ფუკო თავის „სიტყვები და საგნებში“  აღნიშნავს რეფერენციის გამოვლინებებს ეპოქებს შორის. „ადრე საკითხი შემდეგნაირად იდგა: როგორ გაეგოთ, რომ ნიშანი მართლაც იმას აღნიშნავდა, რასაც ეს აღსანიშნავი ნიშნავდა?  XVII საუკუნიდან კი კითხულობდნენ:  როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს ნიშანი იმას, რასაც იგი აღნიშნავს? კითხვებს კლასიკური ეპოქა წარმოდგენის ანალიზურობით პასუხობს, ხოლო თანამედროვე აზროვნება – შინაარსისა და მნიშვნელობის ანალიზით“. (ფუკო.  2004. 78).

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამყარო აღიქმება სახელების, საზრისებისა და მათი მნიშვნელობების საშუალებით. ჯერ კიდევ ანტიკურობაში, სტოელთა ლოგიკურ მოძღვრებაში არსებობდა ცნება, რომელიც საბოლოოდ გამოხატავს საზრისს და მიიჩნევა ფრეგეს თეორიის წინამორბედად. ეს ცნება გახლავთ „Lekton“, რომელიც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. სტოიკოსებს ლექტონის ცნება არ აქვთ განხილული, ამიტომ მისი განსაზღვრა ანტიკურობაშივე გახდა პრობლემური, რასაც არისტოტელეს კომენტარებში ვაწყდებით.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტერმინი „Lekton“ ითარგმნება, როგორც საზრისი ანუ „ის, რასაც ნიშნავს“. „ლექტონი განსხვავდება გამოთქმისგან, ის არის იმის საზრისი, რაც გამოითქმება. ეს არაა უბრალო თქმა ან გამოთქმა, ეს არის ის, რაცაა გამოთქმადი“ (ცხადაძე. 2009. 4).

 

ლექტონის ცნება, ისევე როგორც საზრისი არის ობიექტური. ფრეგე განასხვავებს ნიშანს, საზრისსა და ნომინატს. სახელს შეიძლება გააჩნდეს ერთი ნომინატი, მაგრამ არა მხოლოდ ერთი საზრისი. მაგალითად, „მწუხრის ვარსკვლავი“ და  „ცისკრის ვარსკვლავი“, ორივე, მწუხრისა და ცისკრის ვარსკვლავი, როგორც ვიცით, არის პლანეტა ვენერა, რის შედეგადაც მათ ნომინატი ერთი აქვთ. რადგან,  მწუხრის ვარსკვლავსა და ცისკრის ვარსკვლავს მოცემის ერთი შესაძლებლობა აქვს, ისინი იგივეობრივია, თუმცა მათი საზრისები განსხვავდება. „ნიშანს (სახელს, შესიტყვებას, წერილობით ნიშანს) გარდა აღნიშნული საგნისა, რომელსაც შეიძლება ნიშნის ნომინატი ვუწოდოთ, ასევე უკავშირდება ის, რასაც მე ვუწოდებდი ნიშნის საზრისს და რაც მოიცავს საგნის მოცემის წესს“. (ცხადაძე. 2009. 186).

 

ყველა საგანს აქვს იგივეობის ჭეშმარიტება (საკუთარი თვითიგივეობა), ამიტომაც ტოლობა ნიშნავს: (1) თვითიგივეობის მტკიცებას,  (2) იგივეობრივი მტკიცება (სახელების შესახებ). განსხვავება მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს, თუ ნიშნებს შორის განსხვავება შეესაბამება განსხვავებას იმ წესებს შორის, რომლებითაც მათ მიერ აღნიშნული საგნები მოიცემა.

 

ზემოთ აღნიშნული მაგალითი, – „ცისკრის ვარსკვლავი“ და „მწუხრის ვარსკვლავი“ არის საგნის სხვადასხვაგვარი წარმოდგენა, ამიტომაც ის გამოხატავს საზრისს, რომელიც გამოხატავს იმ ობიექტს, ვინაიდან, „აზრი არ შეიძლება იყოს წინადადების ნომინატი, სანაცვლოდ ის მის საზრისად უნდა მივიჩნიოთ“. (ცხადაძე. 2009. 192).

 

იმისათვის რომ გავიაზროთ, თუ როგორ აღიქმება სამყარო და როგორ რეფერირებს ობიექტი და სახელი, საჭიროა განისაზღვროს ნიშნის, ანუ სახელის,  ნომინატისა და აღნიშვნის ცნება.

 

წარმოდგენები, რომლის მეშვეობითაც შეცნობა ხდება – სუბიექტურია; მაგრამ საკითხავია, თუ როგორ შიძლება მას რაიმე სახელი დავარქვათ და გავხადოთ ობიექტური, თუ საგნის შესახებ წარმოდგენა სუბიექტურია?! როგორც ვიცით, სახელები ობიექტური მცნებებია და „მთვარე“ რომელსაც დედამიწის სხვა და სხვა კუთხეში მცხოვრები  ადამიანები აღნიშნავენ, მათ პირველ რიგში წარმოუდგებათ მთვარის ფიზიკური სხეული, მისი მეცნიერული აღწერილობა, რომელიც ამ სახელს უკავშირდება, ხოლო შემდეგ საგნის მიმართ სუბიექტური წარმოდგენები ვითარდება. როდესაც ობიექტს მიეწერება ესა თუ ის სახელი, ის აუცილებლად წარმოადგენს იმ ჭეშმარიტებას, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რამეთუ მისი საზრისი ობიექტურია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ობიექტის საზრისი ყოველთვის ობიექტურია, ხოლო წარმოდგენები მის შესახებ – სუბიექტური. ნიშანი, სახელი შეგვიძლია მივიჩნიოთ გამაშუალებლად საზრისსა და ობიექტს შორის. რამეთუ, სახელი სწორედ ის არის, რაც პირდაპირ რეფერირებს საზრისზე, მაშასადამე, საგანზეც. საზრისი არის საგნის მნიშვნელობის კონკრეტიზაცია. მისი სამეტყველო ან უშუალო მიმართებაში სიტყვების საგნობრივი ვითარების მნიშვნელობასთან. თავის მხრივ, საგნის მნიშვნელობა არის მისი ის ობიექტური ფუნქცია, რომელსაც იგი ასრულებს ადამიანთა მოღვაწეობაში და რომელიც ადამიანებს წარმოუდგება თვით ამ საგნით. ენის ფილოსოფიაში მნიშვნელობა, ანუ ნომინატი განიხილება, როგორც სიტყვის აზრობრივი შინაარსი. მაგალითად, „მწუხრის ვარსკვლავი“ და „ცისკრის ვარსკვლავი“ – ერთი და იგივე საგანი – პლანეტა ვენერაა, მაშინ, როდესაც მათი აზრობრივი შინაარსი სხვადასხვაა.  თანამედროვე ლოგიკაში მნიშვნელობისა და საზრისის განსხვავება ფრეგედან მომდინარეობს, რომლის ოპონენტი რასელია. რასელი ეწინააღმდეგება ფრეგეს და შემოაქვს აღნიშვნის ცნება. აღნიშვნით შეგვიძლია აღვნიშნოთ კონკრეტული საგანი, მაგალითად, „The საფრანგეთის მეფე მელოტია“. აღნიშვნის საშუალებით მოსაუბრე უშუალოდ რეფერირებს ობიექტზე, რომელსაც სახელი, წინადადება მიემართება, ჩვენს შემთხვევაში ეს არის „The საფრანგეთის მეფე, რომელიც მელოტია“ და სადაც კონკრეტულად იმ მეფეზე საუბრობენ, ვისაც ეს თვისობრივი ვითარება გააჩნია. აღნიშვნის შედეგად ხდება უშუალო მითითება ამა თუ იმ ობიექტზე, რის შედეგადაც  ყოველგვარი ბუნდოვნება იქარწყლება, რადგან რასელის მიხედვით, „სოკრატე, რომელმაც დაწერა მეტაფიზიკა“ და „The სოკრატე, რომელმაც დაწერა მეტაფიზიკა“ იდეურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან განსაზღვრული არტიკლის მეშვეობით უშუალოდ ვრეფერირებთ მასზე, ვინც დაწერა მეტაფიზიკა.

 

ფრეგეს მიხედვით, რეფერენციის თეორია ვლინდება სხვადასხვა ენაზე საზრისის იგივეობაში. ამდენად, „ცისკრის ვარსკვლავი“ რეფერენტი არის პლანეტა ვენერასი, რადგან მათი საზრისი თვითიგივეობრივია, რამეთუ, „ცისკრის ვარსკვლავი“ და „პლანეტა ვენერა“ ერთი და იმავე ობიექტს წარმოადგენს, ისევე როგორც „მწუხრის  ვარსკვლავი“.

 

რასელის აზრით კი, კონკრეტული აღწერილობა არ არის ჭეშმარიტი, როგორც სახელები. იმის მიუხედავად რომ ისინი (სახელები) შეიცავენ ლოგიკურად ჭეშმარიტ და იგივეობრივ სახელებს. ამ თვალსაზრისით, ის რომ „ვენერა არის ცისკრის ვარსკვლავი“, რასელის მიხედვით ეს წინადადება არაიგივეობრივი, არამედ ინფორმაციულია. „ვენერა“ მხოლოდ რეფერირებს „ვენერაზე“ და „ცისკრის ვარსკვლავი“ – „ცისკრის ვარსკვლავზე“. რასელის მიხედვით, მხოლოდ სახელებია იგივეობრივი და არა საზრისები.  თუ ფრეგესთვის ყველა სახელს აქვს თავისი ნომინატი, რის შედეგადაც ის რეფერირებს სახელზე, რასელთან თავად სახელები რეფერირებენ მნიშვნელობის გარეშე. აქედან გამომდინარე, რასელისთვის ენისა და სამყაროს მიმართება, კავშირი, სახელების მეშვეობით ხორციელდება, ხოლო ფრეგესთვის ეს კავშირი ვლინდება ნომინატის მეშვეობით.

 

ფრეგესგან განსხვავებით, რასელს შემოაქვს განსაზღვრების დესკრიფციის თვისება, სადაც ის აყენებს უნომინატო დესკრიფციის პრობლემას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული დესკრიფცია თავად რეფერირებს სახელზე და თვითიგივეობრივია. მაგალითად, „ახლანდელი ინგლისის დედოფალი“ ან „The  საფრანგეთის მეფე მელოტია“, სადაც რეფერირება ხდება განსაზღვრული დესკრიფციით, ანუ „The საფრანგეთის მეფე მელოტია“. რასელის მიხედვით, მინიმუმ ერთ შესაძლო სამყაროში მაინც არის ეს წინადადება ჭეშმარიტი.

 

თუ, ფრეგე სახელებს განიხილავს „რავიცი მის შესახებ“-ის ანუ „საზრისის“ მეშვეობით,  რასელი სახელებს განიხილავს „ის რაც ჰქვია“ ანუ, თვითიგივეობისა და განსაზღვრული დესკრიფციის მიხედვით.  რასელისათვის ნებისმიერი სახელი არის ფარული განსაზღვრული დესკრიფცია. მაგალითად, „ჩარლზ მეორეს მამა სიკვდილით დასაჯეს“, ეს თავის მხრივ ამტკიცებს, რომ არსებობდა x, რომელიც იყო (the) ჩარლზ მეორის მამა და სიკვდილით დასაჯეს.  რასელის მიხედვით, განსაზღვრული არტიკლის გამოყენება გამოხატავს სახელის უნიკალურობას.

 

თუ, ფრეგესთვის მნიშვნელოვანია ნომინატი და ის აუცილებლად გადის პრედიკატზე, რასელისთვის – „აღნიშვნის თეორიით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ არარსებობს არარეალური ინდივიდები, ასე რომ, ცარიელი სიმრავლე არის სიმრავლე, რომელიც არცერთ ელემენტს არ შეიცავს და არასიმრავლე, რომელიც ელემენტებად შეიცავს არარეალურ ინდივიდებს“. (რასელი. 2019. 7). აქედან გამომდიმარე, რასელისათვის ერთ შესაძლო სამყაროში მაინც არის ამა თუ იმ წინადადების ჭეშმარიტება დაშვებული.

 

იგივეობის თეორია არის ის, რაშიც რასელი და ფრეგე თანხმდებიან.  თუ ფრეგე ამტკიცებს, რომ – „ცისკრის ვარსკვლავის“ „მწუხრის ვარსკვლავისა“ და „ვენერას“ იგივეობა გამოიხატება ნომინატის თვითიგივეობით, რასელისათვის  „x არის x“ არის იგივეობრივი.  რასელისათვის იგივეობის მტკიცება შემდეგნაირად ხდება:  – „იგივეობის მტკიცებები ხშირად სრულდება ისეთი ფორმით, როგორიცაა „სკოტი არის „უევერლის“ ავტორი“ ან „შენ ხარ ადამიანი“. ასეთი დებულებების მნიშვნელობა ვერ ჩამოყალიბდება იგივეობის ცნების გარეშე, მაგრამ ისინი არ არის უბრალოდ დებულებები, რომ სკოტი სხვა ტერმინის (the) „უევერლის“ ავტორის იგივეობრივია, ან რომ შენ იგივეობრივი ხარ სხვა ტერმინის, ადამიანის. დებულების „სკოტი არის „უევერლის“ ავტორი“ უმოკლესი ფორმულირება ასეთი უნდა იყოს: „სკოტმა დაწერა „უევერლი“; და ყოველთვის ჭეშმარიტია y-ისთვის, რომ თუ y-მა დაწერა „უევერლი“, y სკოტის იგივეობრივია“. სწორედ ამ სახით შემოდის იგივეობა დებულებაში „სკოტი არის „უევერლის“ ავტორი“; და სწორედ ასეთი გამოყენებების წყალობითაა იგივეობის მტკიცება ღირებული. (რასელი. 2019. 7).

 

როგორც ვნახეთ, რასელი განსაზღვრული დესკრიფციის მიხედვით ანიჭებს მნიშვნელობას სახელს, ხოლო ფრეგე გრძნობისა და სახელის ურთიერთქმედებიდან გამომდინარეობს, თუმცა კრიპკე საკითხს სხვაგვარად სვამს.  საკუთარი სახელები კრიპკეს მიხედვით ხისტი აღმნიშვნელი სახელებია, თუმცა არახისტი საკუთარი სახელები სხვადასხვა შესაძლო სამყაროში შესაძლოა სხვადასხვა იყოს. კრიპკესთვის დესკრიფცია რეფერენციისთვის გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა არა აუცილებელსა და საკმარისს. კრიპკეს მიხედვით, სახელის მოცემის საზრისი მდგომარეობს რეფერენტის დადგენაში. მაგალითად, არისტოტელეს განსაზღვრისას შესაძლოა ვიცოდეთ რომ, ის არის  „ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი“  მაგრამ, თავის მხრივ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენი ცოდნები რაიმე ობიექტისადმი აბსოლიტურ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, თუ აღმოჩნდება რომ ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი არ არის ის არისტოტელე, ვინც ჩვენ გვეგონა, ამით არისტოტელეს საზრისი ვერ შეიცვლება, რადგან ერთ შესაძლო სამყაროში მაინც იქნება წინადადება ჭეშმარიტი.  კრიპკე ხისტ აღმნიშვნელებთან დაკავშირებით ზოგად სახელებსაც იყენებს, მაგალითად „ოქრო“. შუა საუკუნეებში ოქროსადმი არსებული ცოდნა დღეისათვის მცდარია, თუმცა სიტყვა ოქრო აღნიშნავს იმ ბუნებრივ გვარს, რომელსაც ის ადრეც აღნიშნავდა თავისი სიმცდარის მიუხედავად. ამ ლოგიკით, შესაძლებელია ყველა ჩვენი დესკრიფცია მცდარი აღმოჩნდეს საგნისთვის, რომელზეც ვრეფერირებთ. ხოლო ის, თუ რა განსაზღვრავს საგნის აუცილებელ ან შემთხვევით თვისებებს, კრიპკეს პასუხი მეცნიერულ ცოდნაში მოიძებნება.  კრიპკეს მიხედვით – „ზოგიერთი შემთხვევითი ჭეშმარიტება შეიძლება აპრიორულად ვიცოდეთ, ხოლო ბევრი აუცილებელი ჭეშმარიტება აპოსტერიორულადაა შემეცნებადი“. (კრიპკე. 2014. 3).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეფერენციის თეორია უმნიშვნელოვანესია ჭეშმარიტების გაგებისთვის, ხოლო ჭეშმარიტების მყოფობა ენის საფუძველზე განისაზღვრება. ენა არის ის, რის შედეგადაც სამყარო არის ისეთი როგორადაც ის მოგვეწოდება.  „საგნები და სიტყვები ერთმანეთისგან განცალკევებულია. თვალის დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ დანახვაა, ყურისა – მხოლოდ მოსმენა, მეტყველებისა – იმის გამოთქმა, რაც უნდა გამოითქვას და არა იმაზე მეტი, რასაც იგი ამბობს“ (ფუკო. 2004. 79), ამდენად, სამყაროს შემეცნება, ქმნადობა და გამოხატვა არის ის, რაც ადამიანის უზენაეს გამოვლინებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

 

 

 

შენიშვნები:

 

1. ნომინატი – (გერმ. Bedeutung) მნიშვნელობის სახეები.

2. რეფერენცია – (ინგ „to referto”) „შესაბამისობაში ყოფნას“, „შესატყვისობას“, „შეთანხმებას“ გულისხმობს. ენობრივი გამოსახულების შესატყვისობა შესაბამის ობიექტთან.

3. სტოიციზმი – სტოიკური სკოლა ათენში ზენონ კიტიოსელმა დააარსა. სტოიკოსთა უმთავრესი პრინციპის მიხედვით, სამყაროში ყოველივე რაციონალურად და აუცილებლობის კარნახით ხდება გარდაუვალი აუცილებელი განგების, ანუ ბედის ძალით.
უშფოთველობის შესანარჩუნებლად ადამიანმა საკუთარი ბუნების კარნახით უნდა იცხოვროს, ცხოვრება და მოვლენები ისე უნდა მიიღოს, როგორც არის. სტოიკოსები ამბობენ: „გაუძელი ყველაფერს, რაც თავს გადაგხდება: ყველაზე მტკივნეული და სამწუხარო მოვლენებიც კი ფატალური ხასიათისაა (ანუ ბედისწერასთანაა დაკავშირებული).

4. ლექტონი (ლათ) – საზრისი.

5. ნიშანი – 1. სტოელთა მიხედვით – ხმა, სიტყვის შინაარსი. 2. ფრეგეს მიხედვით – სახელი, სიტყვების კონბინაცია.

6. ნომინალიზმი – (ლათ.nominalis – სახელებთან დაკავშირებული, მომდინარეობს nomen-იდან – სახელი) – ფილოსოფიური სწავლება, რომლის თანახმადაც, სახელწოდება ისეთი ცნებებისა, როგორებიცაა „ცხოველი“, – „ემოცია“, – ეს არის არა მთლიანობის მქონე ობიექტების საკუთარი სახელები, არამედ ზოგადი სახელები (უნივერსალიები), ერთგვარი ცვლადები, რომელთა ჩანაცვლებაც შეგვიძლია კონკრეტული სახელებით.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. „აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა“ – ლერი მჭედლიშვილი. თამარ ცხადაძე. სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი. თბილისი. 2009.

2. „აღნიშვნის შესახებ“ – ბერტრან რასელი. თარგმანი – თამარ ცხადაძე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. 2019.

3. „სახელდება და აუცილებლობა“ – საულ ა. კრიპკე. თარგმანი – თამარ ცხადაძე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. 2014.

4. „სიტყვები და საგნები“ – მიშელ ფუკო. თარგმანი – დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია. დიოგენე. თბილისი. 2004.


კომენტარები