ნიცშეს „ანტიქრისტე“ და ორად გახლეჩილი ისტორია

ნიცშეს „ანტიქრისტე“ და ორად გახლეჩილი ისტორია

გიორგი თავაძე – ფილოსოფიის დოქტორი (2013 წ.), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით. მისი კვლევის სფეროებია მორალისა და პოლიტიკის ფილოსოფია, პოსტკოლონიური და პოსტტოტალიტარული კვლევები და ფილოსოფიური გეოგრაფია. გიორგი თავაძეს ქართულად თარგმნილი აქვს ფრიდრიხ ნიცშეს, ჯონ დიუის, თომას პეინის, კარლ შმიტის, იმანუელ კანტის და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომები.

 

სტატია აღებულია ფრიდრიხ ნიცშეს წიგნიდან – „ანტიქრისტე“.

 

წიგნის დეტალური დათვალიერება

 

1888 წლის დეკემბრის დასაწყისში, დანიელი კრიტიკოსის, გეორგ ბრანდესისადმი (1842-1927 წწ.) განკუთვნილი წერილის „შავ“ ვერსიაში ნიცშე წერდა: „ძვირფასო მეგობარო, საჭიროდ მიმაჩნია, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი გაგიზიაროთ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ისტორიას უკან მოვიტოვებთ. ჩვენ დიდ, სულაც უდიადეს პოლიტიკაში შევაბიჯეთ... მე ვამზადებ მოვლენას, რომელიც, ძალიან დიდი ალბათობით, ისტორიას ორ ნაწილად გახლეჩს. საქმე იქამდე მივა, რომ ჩვენ ახალი წელთაღრიცხვა გვექნება, რომელშიც 1888 წელი პირველ წლად მოგვევლინება. [...] სამ თვეში დავიწყებ ზრუნვას, რათა გამოქვეყნდეს ჩემი ხელნაწერი სათაურით „ანტიქრისტე. ყველა ღირებულების გადაფასება“.  ეს სრულიად საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ეს გამოცემა სააგიტაციო გამოცემა იქნება. მე მჭირდება თარგმანები ყველა ძირითად ევროპულ ენაზე. როდესაც ნაშრომი გამოქვეყნებისთვის მზად იქნება, პირველი გამოცემისთვის საჭირო იქნება მილიონი ეგზემპლარი თითოეულ ენაზე.“1

 

„ანტიქრისტე“, ალბათ, ნიცშეს ყველაზე უფრო მეტად სკანდალური ნაწარმოებია. სკანდალურია მისი დებულებები, მისი ტონი და მანერა. ავტორი თითქოს გაცოფებულია ქრისტიანობით,  მძვინვარებს იმის გამო, რომ ქრისტიანობა საერთოდ  არსებობს  და არ იშურებს  სალანძღავ  სიტყვებს და სარკასტულ შენიშვნებს მის მიმართ. უკვე ქვესათაური – „წყევლა ქრისტიანობას“ – ნაწარმოების უკიდურესად დაძაბულ ატმოსფეროს ამჟღავნებს. რამდენიმე ნაწყვეტის წაკითხვაც საკმარისია,  რათა მკითხველმა შოკი მიიღოს:

 

(18):2 „ღმერთის ქრისტიანული გაგება – ღმერთი როგორც დავრდომილთა ღმერთი, ღმერთი როგორც ობობა, ღმერთი როგორც სული – ერთ-ერთი ყველაზე შერყვნილი გაგებაა, რაც კი ოდესმე არსებულა დედამიწაზე. შესაძლოა, ის იმის საზომიც კი იყოს, სადამდე შეიძლება დაეშვას ღვთაების ტიპი მის დაღმავალ განვითარებაში. ღმერთი, რომელიც სიცოცხლის წინააღმდეგობად გადაგვარდა, ნაცვლად იმისა, რომ მისი შუქფენა და მარადიული დამკვიდრება ყოფილიყო!“

 

(21): „ქრისტიანობა – ეს არის გონების, სიამაყის, მამაცობის, თავისუფლების სიძულვილი; ესაა გონების გარყვნილება. ქრისტიანობა არის გრძნობების, გრძნობათა სიხარულის, ზოგადად სიხარულის სიძულვილი...“

 

(46): „ამაოდ ვეძებდი „ახალ აღთქმაში“ ერთ სიმპათიურ თვისებას მაინც: მასში არაფერია ისეთი, რასაც შეიძლება თავისუფალი, კეთილი, გულწრფელი, პატიოსანი ვუწოდოთ. ადამიანობა აქ არც კი გამოვლენილა, არ გვხვდება სისუფთავის ინსტინქტები... „ახალ აღთქმაში“ მხოლოდ უვარგისი ინსტინქტებია და არ ჰყოფნით სიმამაცე თავად ამ უვარგის ინსტინქტებთან მიმართებაშიც კი. სრული სიმხდალე, თვალების დახუჭვა და თვითმოტყუება – აი, რა არის მასში. ნებისმიერი წიგნი სუფთად მოგეჩვენებათ, თუკი მას „ახალი აღთქმის“ შემდეგ წაიკითხავთ.“

 

მკითხველის პირველ რეაქციას – შოკს – შესაძლოა, ბრაზი და გულისწყრომა მოჰყვეს. ამის შედეგი შესაძლოა იყოს ნიცშეს პიროვნების დემონიზება (რასაც ხელს უწყობს ნიცშეს მიერ საკუთარი თავის ანტიქრისტედ პოზიციონირება) და მთელი მისი შემოქმედების ხელაღებით უკუგდება. ისეთი პროვოკაციული ტექსტის შემთხვევაში, როგორიც  „ანტიქრისტეა“,  ამგვარი რამ გამორიცხული არც არის. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მიიჩნევდა ნიცშე ამ ნაშრომს მხოლოდ რჩეულებისთვის, ადამიანთა ძალიან მცირერიცხოვანი წრისთვის განკუთვნილად.3 თუმცა, უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი „ანტიქრისტეს“ ნიცშეს ფილოსოფიით დაინტერესებული ადამიანი პირველად კითხულობს, ეს ნაწარმოები, ალბათ, მისთვისაც მძიმე იქნება. „მძიმე“ იმ აზრით, რომ 1888 წელს დაწერილი „კერპების მწუხრისა“ და „Ecce homo“-სგან განსხვავებით, რომლებიც სტილისტურად ძალიან მრავალფეროვანი ნაწარმოებებია, „ანტიქრისტე“ მონოლითურ კრიტიკას წარმოადგენს. კრიტიკა მოდის ნიაღვრად, ღვარცოფად, მეწყერად: აზვირთებულ ბრალდებებს გესლიანი შენიშვნები (ვოლტერის ყაიდაზე)  ენაცვლება, რასაც კვლავ გამანადგურებელი  სიტყვების კორიანტელი  მოსდევს. მკითხველი განუწყვეტლივ იბომბება ანტიქრისტიანული ჭურვებით, მას  წუთიერი   შესვენების  საშუალებაც კი არა აქვს და იძულებულია, ბოლომდე შეიწოვოს ნიცშეს ზეკრიტიკული ნაკადი, რასაც, შესაძლოა, დამთრგუნველი ეფექტიც კი ჰქონდეს.

 

თუმცა, რა შეიძლება ითქვას რიგით მკითხველებზე, როდესაც „ანტიქრისტე“ თავად სპეციალისტებშიც კი შოკს იწვევდა. გერმანელი ფილოსოფოსი არტურ დრევსი (1865-1935 წწ.), რომელიც იესოს ისტორიულ არსებობას უარყოფდა, 1904 წელს წერდა, რომ „ანტიქრისტე“ კრიტიკა კი არაა, არამედ უშვერი ლანძღვა-გინება და რომ მთელი ნაწარმოები შეუკავებელი აფექტის შემოტევის შედეგადაა დაწერილი. აქ თავს იჩენს ტენდენცია, რომელიც „ანტიქრისტეს“ და ნიცშეს სხვა გვიანდელ ნაწარმოებებს ნიცშეს შეშლილობას უკავშირებს და უარყოფს მათ ფილოსოფიურ ღირებულებას.4

 

თუმცა, 1960-იანი წლების შემდგომ ნიცშეს ცნობილმა მკვლევარმა მაცინო მონტინარიმ (1928-1986 წწ.) თავისი გამოკვლევებით სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ნიცშეს შემოქმედების მეცნიერული შესწავლა. ნიცშეს არქივში არსებულ წერილობით წყაროებზე მითითებით მონტინარიმ დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ 1888 წელს ნიცშემ უკუაგდო თავისი გეგმა, დაეწერა ნაშრომი სათაურით  „ძალაუფლებისადმი ნება“,  რომელიც  ნიცშეს დის – ელიზაბეთ ფიორსტერ-ნიცშეს – მიერ გამოქვეყნებული გაყალბებული გამოცემების მეშვეობით ნიცშემცოდნეობაში დიდი ხნის განმავლობაში ნიცშეს საკუთრივ ნაშრომად მიიჩნეოდა.5

 

მონტინარის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ნიცშეს მიერ 1888 წელს გამოქვეყნებულ, ან გამოსაქვეყნებლად მომზადებულ ნაწარმოებებში თავს იჩენს არა შეშლილობის მომენტები, არამედ ახალი ფაზა გერმანელი ფილოსოფოსის შემოქმედებაში (რომელიც შემდეგში შეშლილობამ გადაფარა). „ანტიქრისტეს“ (ისევე როგორც „კერპების მწუხრის“ და „Ecce homo“-ს) ტექსტის წარმოშობის ისტორია ამას თვალნათლივ აჩვენებს.

 

1888 წლის აგვისტოს მიწურულს ნიცშემ შეადგინა თავისი მომავალი ნაშრომის მონახაზი. ეს უნდა ყოფილიყო ოთხტომიანი ნაშრომი საერთო სათაურით – „ძალაუფლებისადმი ნება. ყველა ღირებულების გადაფასების მცდელობა“. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1887 წელს გამოქვეყნებულ „მორალის გენეალოგიას“ თან ერთვოდა ნიცშეს გამოქვეყნებული და გამოქვეყნებისთვის მოსამზადებელი ნაშრომების სია. ამ უკანასკნელ კატეგორიაში შედიოდა სწორედ ოთხტომიანი „ძალაუფლებისადმი ნებაც“.6

 

1888 წლის სექტემბრის დასაწყისში ნიცშეს გეგმები შეიცვალა. ამჯერად, დაგეგმილი ნაშრომის საერთო სათაურია – „ყველა ღირებულების გადაფასება“, ხოლო პირველი წიგნის სათაურია: „ანტიქრისტე.  ქრისტიანობის კრიტიკის მცდელობა“.  იმავე პერიოდში იგი ინტენსიურად მუშაობს „ფსიქოლოგის უსაქმურობაზე“, რომლის საბოლოო სათაურიც „კერპების მწუხრი“ გახდა. „კერპების მწუხრში“ გამოუყენებელი მასალა ნიცშემ შემდგომში „ანტიქრისტეში“ გამოიყენა.7

 

„გადაფასების“ პირველ წიგნზე, ანუ „ანტიქრისტეზე“ მუშაობა ნიცშემ 30 სექტემბერს დაასრულა. ჯერ კიდევ 1888 წლის 14 სექტემბერს იგი წერს თავის მეგობარს ფრანც ოფერბეკს (1837-1905 წწ.): „ჩემდა გასაკვირად, უკვე საბოლოო სახე მივეცი ჩემი „ყველა ღირებულების გადაფასების“ პირველი წიგნის ნახევარს. მას ისეთი ენერგია და გამჭვირვალობა აქვს, რომელსაც, ალბათ, ჯერ ვერც ერთმა ფილოსოფოსმა ვერ მიაღწია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წერა ერთბაშად ვისწავლე. რაც შეეხება შინაარსსა და პრობლემის სიღრმეს, უნდა ითქვას, რომ ეს ნაშრომი ათასწლეულებს კვეთს. ჩვენს შორის დარჩეს და პირველ წიგნს „ანტიქრისტე“ ეწოდება. შემიძლია დავიფიცო, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ქრისტიანობის კრიტიკის ჭრილში იყო მოაზრებული  და ნათქვამი, მასთან  შედარებით უბრალო ბავშვურობაა.“8  ა. ურს-ზომერის აზრით, ამიერიდან „ყველა ღირებულების გადაფასება“ ნიცშეს მთავარი ამოცანა ხდება, ხოლო სხვა ყველაფერი ნიცშესთვის უკვე ამ დიადი ამოცანის შემზადებას, მის პრელუდიას წარმოადგენს.9

 

საინტერესოა ნიცშეს შემოქმედებით ლაბორატორიაზე თვალის მიდევნება. ოქტომბერში ოთხტომიანი „გადაფასების“ იდეა ისევ ძალაში რჩება. „ისინი ცალ-ცალკე უნდა გამოქვეყნდნენ“, – წერს ნიცშე ოფერბეკს 18 ოქტომბერს. 30 ოქტომბერს  ჰაინრიხ კიოზელიცისადმი მიწერილ წერილში ნიცშე უკვე „Ecce homo“-ს ახსენებს, რომლის დასრულებაზეც 13-14 ნოემბრით დათარიღებულ წერილებში საუბრობს.

 

თუმცა, ნოემბერში ნიცშე გადაწყვეტს, რომ მას უკვე აღარ ესაჭიროება ოთხტომიანი  „გადაფასება“.  „გადაფასების“ პირველი წიგნი – „ანტიქრისტე“ – მთლიან „გადაფასებად“ იქცევა. ფორმულის სახით რომ გამოვხატოთ, 1888 წლის ნოემბრიდან „ანტიქრისტე“ = „ყველა ღირებულების გადაფასება“. „ყველა ღირებულების გადაფასება მზადაა“, – ატყობინებს იგი გეორგ ბრანდესს 1888 წლის 20 ნოემბერს. „ჩემი ყველა ღირებულების გადაფასება ძირითადი სათაურით ანტიქრისტე მზადაა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა ვიმოქმედო, რათა ნაშრომი შვიდ ენაზე ითარგმნოს. პირველი გამოცემა თითოეულ ენაზე დაახლოებით მილიონი ეგზემპლარი უნდა იყოს“,10 – წერდა ნიცშე თავისი ბავშვობის მეგობარს პაულ დოისენს (1845-1919 წწ.) 1888 წლის 26 ნოემბერს. გარდა ამისა, იგი დოისენს ატყობინებს, რომ დაასრულა მუშაობა „კერპების მწუხრსა“ და „Ecce homo“-ზე.

 

ნიცშეს წერილებიდან ირკვევა, რომ მას ჩაფიქრებული ჰქონდა „ანტიქრისტეს“ თარგმანების გამოქვეყნება. იგი ამის შესახებ „Ecce homo“-შიც საუბრობს: „მეხის დარტყმასავით ძლიერი გადაფასების გამოჩენამდე (რომელიც მთელ დედამიწას შეარყევს) ორი წლით ადრე, მსოფლიოს მივუძღვენი ვაგნერის საქმე.“11  ამასთან დაკავშირებით საინტერესო მინიშნება აქვს ა. ურს-ზომერს. როგორც იგი აღნიშნავს, ფრანგი მწერლის პოლ ბურჟეს (1852-1935 წწ.) რომანში „სიყვარულის დანაშაული“ (1886 წ.), რომელიც ნიცშესთვის ცნობილი იყო, ანტიქრისტეს მოვლინების წლად 1890 წელია გამოცხადებული. დიდი ალბათობით, ნიცშეს დაგეგმილი ჟესტი ამ ფაქტზე ალუზიასაც წარმოადგენდა.12

 

ნიცშეს სულიერი კატასტროფის შემდეგ, რა თქმა უნდა, ზედმეტი იყო საუბარი „ანტიქრისტეს“ იმ სახით გამოქვეყნებაზე, როგორც ეს გერმანელ ფილოსოფოსს სურდა. აღნიშნული ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1895 წელს ფრანც კოეგელის მიერ გამოცემული ნიცშეს თხზულებების ფარგლებში. თუმცა, ნიცშეს დის ჩარევის შედეგად, ამოღებულ იქნა მთელი რიგი პასაჟები, რომლებიც „საზოგადოებისთვის მიუღებლად“ იქნა ჩათვლილი. „ანტიქრისტეს“ პირველი მეცნიერულად შემოწმებული ტექსტი მხოლოდ 1969 წელს გამოქვეყნდა ჯიორჯიო კოლისა და მაცინო მონტინარის მიერ.

 

ის, რომ „ანტიქრისტეს“ თავის გვიანდელ პერიოდში ნიცშე გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, დასტურდება „Ecce homo“-ში გაბნეული „შემამზადებელი“ ფრაზებით. ზემოთ უკვე მოვიყვანეთ ერთი ასეთი ადგილი (Ecce homo, ვაგნერის საქმე, 4), სადაც ნიცშე მიანიშნებს „გადაფასების“ გამოცემის წელს. „ვაგნერის საქმე“ 1888 წელს გამოქვეყნდა. შესაბამისად, ნიცშე აუწყებს თავის მკითხველებს, რომ ორი წლის შემდეგ „დიდ სიურპრიზს“ უნდა ელოდონ.

 

ამ პასაჟის გარდა პირდაპირ მინიშნებას გვაძლევს „Ecce homo“-ს წინასიტყვაობაც. პირველივე წინადადება ასეთია: „იმის გათვალისწინებით, რომ უმოკლეს დროში კაცობრიობას ისეთი უმძიმესი მოთხოვნა უნდა წავუყენო, რომლის მსგავსიც ჯერ არავის წაუყენებია მისთვის, აუცილებლად მიმაჩნია, ვთქვა, თუ ვინ ვარ მე.“13

 

„უმძიმეს მოთხოვნაში“ ნიცშე „ანტიქრისტეს“ (= ყველა ღირებულების გადაფასება) გულისხმობს. ქვეთავში „რატომ ვარ ბედისწერა“ (1-ელი პარაგრაფი) ნიცშე კვლავ უბრუნდება „გადაფასების“ საკითხს და წერს: „ყველა ღირებულების გადაფასება: ჩემი ეს ფორმულა კაცობრიობის თვითცნობიერების უზენაეს აქტს გამოხატავს, რომელმაც ჩემში შეისხა სისხლი და ხორცი.“14  ნიცშე საკუთარ თავს  „ყველა ღირებულების გადაფასების“  განმახორციელებლად გაიაზრებს, ხოლო თავად ნაწარმოების გამოქვეყნება, მისი აზრით,  დედამიწას  შეარყევს  და  ორად  გახლეჩს  ისტორიას.

 

Ecce homo, ფაქტიურად, ამზადებს მკითხველს ამ დიადი მოვლენისთვის და მას ნიცშეს ავტობიოგრაფიულ ხედვას სთავაზობს.15 რაც შეეხება „კერპების მწუხრს“, ის მოკლედ მოხაზავს ნიცშეს ფილოსოფიის ძირითად მომენტებს, მათ რეკაპიტულაციას ახდენს და ისევ და ისევ, გადამწყვეტი მომენტისთვის ამზადებს მკითხველს. ამრიგად, ნიცშეს შემოქმედების გვიანდელ ფაზაში „კერპების მწუხრი“ და „Ecce homo“ „ანტიქრისტეს“ შემამზადებელ საფეხურებად გვევლინებიან.

 

„ანტიქრისტეში“ ნიცშეს მიერ განხორციელებული ქრისტიანობის კრიტიკის ანალიზი წინამდებარე მცირე სტატიის მიზანს არ წარმოადგენს. ეს ცალკე, უფრო ვრცელი გამოკვლევის თემაა. ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა, რომ ეს ნაწარმოები ორგანულ ბმაშია ნიცშეს გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებთან. შეიძლება ითქვას,  რომ  ის ნიცშეს  შემოქმედების  უკანასკნელი ძახილის ნიშანია, მკვეთრი და ავბედითი ერთდროულად. თუმცა, ორიოდე სიტყვით მაინც შევეხები, თუ რისი თქმა სურდა ნიცშეს ამ ნაწარმოებით: ქრისტიანობას ნიცშე დეკადანსის, გადაგვარების ცნების ჭრილში განიხილავს. ზოგიერთი ავტორის აზრით, ქრისტიანობის ნიცშესეული კრიტიკა განუყრელ კავშირშია ნიცშეს  მიერ  დეკადანსის  დისკურსის  გამოყენებასთან.16 1-7-ე ქვეთავებში ნიცშე აკრიტიკებს დეკადენტურ ღირებულებებს უფრო ძლიერი, სიცოცხლის განმამტკიცებელი ღირებულებების პერსპექტივიდან. მე-8-14-ე ქვეთავებში კრიტიკის ობიექტი ხდება დასავლური ფილოსოფია, რომელსაც ნიცშე თეოლოგიის მიერ გადაგვარებულად  მიიჩნევს.  მე-15-ე  ქვეთავში ნიცშე  ამტკიცებს, რომ ქრისტიანობა სინამდვილეს უარყოფს წარმოსახვითის სასარგებლოდ, მე-16-19-ე ქვეთავები კი ღმერთის ქრისტიანული ცნების კრიტიკას ეთმობა. მე-20-23-ე ქვეთავებში ერთმანეთთანაა შედარებული ბუდიზმი და ქრისტიანობა. ამასთან, ნიცშე უპირატესობას ბუდიზმს ანიჭებს, რადგან ის ნაკლებადაა დაინტერესებული წარმოსახვითი სამყაროთი. 24-ე ქვეთავიდან იწყება ქრისტიანობის წარმოშობის, განვითარებისა და ზეგავლენის ანალიზი, რომელიც, მცირეოდენი გადახვევების მიუხედავად, ნაწარმოების დასასრულამდე გრძელდება.17 მე საგანგებოდ გამოვყოფდი ერთ მომენტს, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია: ნიცშე მკვეთრად უპირისპირებს ერთმანეთს იესოსა  და  პავლე  მოციქულის  ფიგურებს.  იგი  თვლის, რომ იესო, უპირველეს ყოვლისა,  პრაქტიკული მორალის მქადაგებელი და  ამ პრაქტიკის თავისი  სიცოცხლით განმახორციელებელი პიროვნება იყო: „მაცხოვრის ცხოვრება სხვა არაფერი იყო, თუ არა ეს პრაქტიკა. მისი სიკვდილიც ამ პრაქტიკის ჩარჩოებში ჯდება... მას არ სჭირდებოდა არანაირი ფორმულა და რიტუალი ღმერთთან ურთიერთობისთვის, ლოცვაც კი აღარ იყო მისთვის საჭირო. იგი სრულად განუდგა მონანიებისა და შერიგების იუდაურ მოძღვრებას. მისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ ცხოვრებისეული პრაქტიკის მეშვეობით შეგიძლია განიცადო საკუთარი „ღვთიურობა“, „ნეტარება“, „სახარებისეულობა“ (33). ასეთმა პასაჟებმა წარმოშვა მითი  ნიცშეს, როგორც „ღმერთს მოწყურებული უღმერთოს“ შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიცშე იყენებს ტერმინებს „მაცხოვარი“ და „ღმერთი“, ქრისტე მისთვის ღვთის ძე, სამების წევრი არაა. „არაფერია უფრო მეტად არაქრისტიანული, ვიდრე უხეში ეკლესიური ცნებები: ღმერთი, როგორც პიროვნება; „ღვთის სასუფეველი“, რომელიც დადგება; იმქვეყნიური „ზეციური სასუფეველი“, „ღვთის ძე“, როგორც სამების მეორე წევრი“ (34). იესოს პიროვნება და მისი მოღვაწეობა ნიცშესთვის მხოლოდ მიწიერ, ამქვეყნიურ ჭრილში აღიქმება. ნიცშეს თანახმად, ეს იყო პიროვნება, რომელიც ქადაგებდა და ცხოვრობდა ისე, როგორც ქადაგებდა. ნიცშეს ქრისტეს ფსიქოლოგიური ტიპაჟის დადგენა აინტერესებს: „რაც შემეხება მე, ჩემთვის მაცხოვრის ფსიქოლოგიური  ტიპია საინტერესო.  ის სახარებებშიც  კი შეიძლებოდა ყოფილიყო შენარჩუნებული, ისევ და ისევ ამ სახარებების მიუხედავად, რომლებიც ამახინჯებდნენ და უცხო თვისებებით ამკობდნენ მას. ასე იქნა ფრანცისკ ასიზელი შენარჩუნებული მის შესახებ ლეგენდებში, თავად ამ ლეგენდების საპირისპიროდ. ჩვენ არ გვაინტერესებს იმის გარკვევა, თუ რა გააკეთა მან სინამდვილეში, რა თქვა, როგორ მოკვდა; მნიშვნელოვანია კითხვა, შესაძლებელია თუ არა მისი ტიპის წარმოდგენა, გვაძლევს თუ არა „გადმოცემა“ საკმარის მასალას მის წარმოსადგენად“ (29).

 

ხოლო ვინ არის პავლე მოციქული, ნიცშეს პერსპექტივის თანახმად? გერმანელი ფილოსოფოსი თვლის, რომ პავლემ დაამახინჯა იესოს მოძღვრება და ის საკუთარ ინტერესებს, ძალაუფლებისადმი საკუთარ ლტოლვას მოარგო. პავლე ნიცშესთვის მღვდლის პირველნიმუშია, რომელთა მიმართ ნიცშე უკიდურეს სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს. რატომ? იმიტომ, რომ ნიცშეს აზრით, პავლე (და ყველა შემდგომი მღვდელი თუ კლერიკალი) ქადაგებდა იმქვეყნიური სამყაროს პრიმატს (რომელიც, ნიცშესთვის, როგორც ათეისტისთვის, უბრალოდ არ არსებობს) და მორალურ ღირებულებებს (სუსტ, გადაგვარებულ ღირებულებებს ჯანსაღი ღირებულებების საპირისპიროდ), რომლებშიც შეფარული იყო ძალაუფლებისადმი, სხვების კონტროლისადმი მათი ნება. „პავლემ უბრალოდ იესოს მთელი არსებობის სიმძიმის ცენტრი ამ არსებობის მიღმა – „მკვდრეთით აღმდგარი“ იესოს შესახებ სიცრუეში – გადაიტანა. [...] მისი მოთხოვნილება ძალაუფლება იყო. პავლეს სახით მღვდელმა კიდევ ერთხელ ისურვა ძალაუფლება. მას მხოლოდ ცნებები, მოძღვრებები, სიმბოლოები სჭირდებოდა, რომლებითაც მასების ტირანიზებას ახდენენ და ნახირს ქმნიან. – რა იყო ის ერთადერთი რამ, რასაც მოგვიანებით მუჰამედი ქრისტიანობას დაესესხა? პავლეს გამოგონება, მღვდლების ტირანიისა და ნახირის ჩამოყალიბების მისეული ხერხი: უკვდავების რწმენა, ანუ  მოძღვრება  „განკითხვის დღის“  შესახებ...“18  (42) „მღვდლის“   ფსიქოლოგიური  ტიპი  ერთადერთი არაა, რომელსაც ნიცშე უპირისპირდება. მას წინამორბედი ჰყავს სოკრატეს სახით, რომელსაც ნიცშე „კერპების მწუხრში“ აკრიტიკებს.19 სწორედ სოკრატეა ძალაუფლებისაკენ შენიღბული ნების არქეტიპული, ანუ პირველადი გამოხატულება. სოკრატეს პლატონი ჰყავდა, იესოს – პავლე (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იესოს ფიგურას ნიცშე უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე სოკრატეს პიროვნებას). ორივე მათგანმა – პლატონმაც და პავლემაც – ნიცშეს აზრით, გამოგონილ სამყაროს, ანუ იმქვეყნიურობას, საიქიოს მიანიჭეს უპირატესობა ერთადერთ რეალურ, ამქვეყნიურ სამყაროსთან შედარებით.20 შესაბამისად, მათი მორალი არარეალობაზე, არაფერზე დაფუძნებული მორალია, რომლის ნამდვილი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მასებზე გაბატონებაა. ფილოსოფიის უდიდეს შეცდომად ნიცშე ამ ყალბი დიხოტომიის (ამქვეყნიური სამყარო – იმქვეყნიური სამყარო) აღიარებას და მასზე დამყარებით მთელი ონტოლოგიურ-ეთიკური სისტემების აგებას მიიჩნევს.

 

„ყველა ღირებულების გადაფასება“ სწორედ ამ სიყალბის გამოააშკარავებას ისახავს მიზნად. ნიცშე აღშფოთებულია იმით, რომ მთელი დასავლური აზროვნება (მისი შეფასებით) ამ  ყალბ  წანამძღვრებს   ემყარებოდა.21   საჭიროა   მორალის   საფუძველმდებარე ჭეშმარიტი მოტივების  (შურისძიების  გრძნობის,  ძალაუფლებისადმი ნების) გამოაშკარავება და დღის სინათლეზე გამოტანა. მორალის გენეალოგიის, ანუ მისი წარმოშობის ანალიზის პროექტი სწორედ ამას ისახავდა მიზნად. „ანტიქრისტე“, როგორც ყველა ღირებულების გადაფასება, ამ პროექტის კულმინაციაა. ნიცშეს აზრით, ამით ფარდა ეხდება დასავლური აზრის სამარცხვინო ისტორიას და ათასწლეულების სიყალბეს, ჭეშმარიტება პირველად ხდება საცნაური მთელი თავისი სიმძლავრითა და ელვარებით. აქედან კი ერთი ნაბიჯია ახალი ღირებულებების, ახალი ადამიანის, ზეადამიანის დამკვიდრების მცდელობამდე. იწყება ზარატუსტრა...

 

 

 

 

 

შენიშვნები:

 

1. იხ. An Georg Brandes in Kopenhagen (Entwurf). Anfang Dezember 1888. http://www.nietzschesource.org/#eKGWB/BVN-1888,1170 (წვდომა განხორციელდა: 12.12.2019)

2. აქ და ქვემოთ ფრჩხილებში მოყვანილი რიცხვი მიუთითებს „ანტიქრისტეს“ შესაბამის ქვეთავს.

3. იხ. წინასიტყვაობა: „ეს წიგნი მხოლოდ რჩეულებს ეკუთვნის.“

4. შდრ. A. Urs-Sommer, Kommentar zu Nietzsches „Der Antichrist“, „Ecce homo“, „Dionysos-Dithyramben“, „Nietzsche contra Wagner“, Berlin/Boston: Walter de Gruyter, 2013, გვ. 15.

5. იხ. M. Montinari, „Nietzsches Nachlass von 1885 bis 1888 oder Textkritik und Wille zur Macht“, in: M. Montinari, Nietzsche lesen, Berlin/New-York: Walter de Gruyter, 1982, გვ. 92-119.

6. შდრ. A. Urs-Sommer, Kommentar zu Nietzsches „Der Antichrist“ [...], გვ. 4.

7. შდრ. გ. თავაძე, „ფრიდრიხ ნიცშე და მისი კერპების მწუხრი“. წიგნში: ფ. ნიცშე, „კერპების მწუხრი“, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით“, თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2018 წ., გვ. 5-6;  A. Urs-Sommer, Kommentar zu Nietzsches „Der Antichrist“ [...], გვ. 5. 

8. იხ. An Franz Overbeck in Basel. 14. September 1888. http://www.nietzschesource.org/#eKGWB/BVN-1888,1115 (წვდომა განხორციელდა: 12.12.2019).

9. იხ. A. Urs-Sommer, Kommentar zu Nietzsches „Der Antichrist“ [...], გვ. 5.

10. იხ. An Paul Deussen in Berlin. 26. November 1888. http://www.nietzschesource.org/#eKGWB/BVN-1888,1159 (წვდომა განხორციელდა: 12.12.2019).

11. იხ. ფ. ნიცშე, „Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“, თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 112. 

12. შდრ. A. Urs-Sommer, Kommentar zu Nietzsches „Der Antichrist“ [...], გვ. 7.

13. იხ. ფ. ნიცშე, „Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“, გვ. 17.

14. იქვე, გვ. 113 (თარგმანი შეცვლილია).

15. ამის შესახებ იხ. უფრო ვრცლად გ. თავაძე, „ადამიანი-დინამიტი. ფრიდრიხ ნიცშეს პიროვნება და მისი ამოცანა Ecce homo-ს მიხედვით“, წიგნში: ფ. ნიცშე, „Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“, თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 239 და შმდ.

16. იხ., მაგ., G. Moore, Nietzsche, „Degeneration, and the Critique of Christianity“, in: Journal of Nietzsche Studies, No. 19, Special Issue: Nietzsche and Religion (Spring 2000), გვ. 1-18.

17. შდრ. A. Urs-Sommer, Kommentar zu Nietzsches „Der Antichrist“ [...], გვ. 10-11.

18. მართალია, ქვემოთ ნიცშე, ქრისტიანობასთან შედარებით, ისლამს ანიჭებს უპირატესობას (59), თუმცა აღნიშნული პასაჟი ადასტურებს, რომ არსებითად, ყველა რელიგიის დამფუძნებლის მთავარ მამოძრავებელ მოტივად მას ძალაუფლებისადმი შენიღბული ნება მიაჩნდა.

19. იხ. ფ. ნიცშე, „კერპების მწუხრი“, ანუ როგორ ფილოსოფოსებენ ჩაქუჩით“, სოკრატეს პრობლემა, გვ. 41-48.

20. პლატონის და პავლესგან განსხვავებით, იესო, ნიცშეს მიხედვით, ამქვეყნიურ ცხოვრებაზე იყო ორიენტირებული: „ეს მახარებელი ისევე მოკვდა, როგორც ცხოვრობდა, როგორც ასწავლიდა - არა „ადამიანთა ხსნისთვის“, არამედ იმისთვის, რომ ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა ცხოვრება. ის, რაც მან მემკვიდრეობად დაუტოვა კაცობრიობას, ესაა პრაქტიკა [...]“ (35). სწორედ ამიტომ აღნიშნავდა ნიცშე: „არსებითად, იყო მხოლოდ ერთი ქრისტიანი და ისიც ჯვარზე აღესრულა“ (39).

21. დასავლური აზროვნების განვითარების ტრაექტორიის ნიცშესეული ხედვა შეკუმშული და ტევადი სახით მოცემულია „კერპების მწუხრში“, ქვეთავში, რომლის სათაურია „როგორ იქცა ჭეშმარიტი სამყარო ბოლოს და ბოლოს ზღაპრად“. იხ. ფ. ნიცშე, „კერპების მწუხრი“, ანუ როგორ ფილოსოფოსებენ ჩაქუჩით“, გვ. 55-56.


კომენტარები